logo_geo
დავით ოქიტაშვილი: რთულია, იყო კახი კავსაძის, ნანი ბრეგვაძის მინისტრი, თუ ამ ადამიანების კეთილგანწყობას არ იმსახურებ
- +

24 იანვარი. 2020. 17:51

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, კულტურის სფეროს გამოყოფასთან დაკავშირებით, მთავრობაში შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. უწყებების გაცალკევების პროცესი თებერვალში დაიწყება. კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის მოთხოვნით, ცოტა ხნის წინ ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მიმართეს. ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

რა პრობლემები შექმნა განათლებისა და კულტურის სფეროების გაერთიანებამ, უნდა არსებობდეს თუ არა კულტურის სამინისტრო, როგორც ცალკეული სტრუქტურა და ვის მოიაზრებს კულტურის მინისტრად, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი „ქართულ აზრთან“ საუბრობს. 

 

- ბატონო დავით, ცოტა ხნის წინ ხელოვნების მუშაკთა მიერ გავრცელებულ მიმართვას, სადაც ისინი კულტურის სფეროს განათლების სამინისტროსგან გამოყოფას მოითხოვდნენ, თქვენ ხელი არ მოაწერეთ, არადა, ერთ-ერთი მომხრე იყავით, როგორც ვიცი, ამ უწყებების გაცალკევების...

 

- მიმართვას ხელი არ მოვაწერე, რადგან, სახელმწიფო სტრუქტურად ვითვლებით და არ მინდოდა, „მხარე“ გამოვსულიყავი, თუმცა, პირველივე დღიდან ვიყავი სამინისტროების შეერთების წინააღმდეგი. არავის უნდა ეწყინოს, რომ საქართველოს თუ ვინმე იცნობს, იცნობს ქართული კულტურით და ჩვენ გვყავს ისეთი ადამიანები, ისეთი მოღვაწეები ამ სფეროში, რომლებმაც შექმნეს საქართველოს ისტორია.

 

რასაკვირველია, ყველა ქვეყანაში განათლება არის პრიორიტეტი და ასეც უნდა იყოს. ამიტომაც, „კულტურის“ შეერთებამ „განათლებასთან“, კულტურის დარგების დეგრადაცია გამოიწვია. აბსოლუტურად უკანა პლანზე გადავიდა და ჩაიკარგა ის პრობლემები და მიმართულებები, რაც კულტურაში იყო, დაიკარგა ურთიერთობები...

 

- ანუ, თვლით, რომ ამ შეერთებამ კულტურის სფერო, გარკვეულწილად, დააზარალა?!

 

- რასაკვირველია! კულტურა არის ქვეყნის სახე და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, დამლაგებლიდან დაწყებული, მინისტრით დამთავრებული. ყველაზე მეტს ქვედა რგოლები შრომობენ და მათ უნდა გავუფრთხილდეთ. სულ ვამბობ, რომ ჩემზე მეტ საქმეს შეიძლება ჩემი გუნდი აკეთებდეს, მაგრამ ჩანს მხოლოდ ხელმძღვანელი და ამიტომ, გუნდის მოთხოვნები და პრიორიტრეტები უნდა გავითვალისწინოთ. თუ ასეთი მიდგომა დაიკარგა, შედეგიც არ გვექნება სახარბიელო.

 

მიხარია, რომ ეს საკითხი გადაწყდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, ვინც მიიღო გადაწყვეტილება და იმ გამოჩენილი ადამიანების აზრი გაითვალისწინა, ვინც მიმართვას ხელს აწერდა. ამით ერთხელ და სამუდამოდ ყველამ ვაღიარეთ, რომ ეს შეერთება იყო ძალიან ცუდი, რითაც დაზარალდა ქართული კულტურა. ქართული კულტურა კი არ უნდა დაზარალდეს, მას უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც შეგვიძლია.

 

- საზოგადოება საუბრობს იმაზეც, რომ კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ სტრუქტურად არსებობა სულაც არ არის აუცილებელი. საკმარისია, არსებობდეს დეპარტამენტი, რომელიც საქმეს თავისუფლად გაართმევს თავს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

 

- სამინისტრო უნდა არსებობდეს თუ დეპატრამენტი, ჩემი გადასაწყვეტი არ არის და ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კულტურის სამინისტრო ამდენი საშტატო ერთეულით, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს წარმოდგენილი. ამხელა ბიუროკრატიული აპარატის შენარჩუნება ნამდვილად არ არის საჭირო. ცუდად არ მინდა გამიგონ, ნებისმიერი ადამიანის შრომას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ უნდა მოხდეს სამინისტროს რეორგანიზაცია და ის უნდა გახდეს მეტად მოქნილი და კომპაქტური სისტემა. გერმანიაში, ინგლისში თუ სხვა ქვეყნებში, კულტურის სამინისტროში დაახლოებით 40-60 ადამიანი მუშაობს და არა 100 და 150, ჩვენს ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ამდენი საშტატო ერთეული შეინახოს.

 

ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს რეგიონებში და ისინი ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩნენ. შეიძლება, რაღაც ისე გაკეთდეს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები იყოს და ნებისმიერს შეეძლოს, ემსახუროს თავის ქვეყანას იმ მიმართულებით, რასაც კულტურა ჰქვია.

 

ერთადერთი, რაც მიხარია, ისაა, რომ მიმართვა, რომელსაც ჩემმა მეგობრებმა, ხელოვანმა ადამიანებმა მოაწერეს ხელი, ხელისუფლებამ გაითვალისწინა. ნახავთ, ეს რამდენად საინტერესიო და ეფექტიანი იქნება სამომავლოდ.

 

- რეგიონები ახსენეთ, კულტურის მიმართულებით რა მდგომარეობაა რეგიონებში?

 

- რეგიონებში არის ძალიან დიდი და გამოუყენებელი პოტენციალი. მაგალითად, მე რეგიონში დავიწყე „ვარსკვლავების“ გახსნა. თქვენ არ იცით, იქ რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობია, როგორი ნიჭიერი თაობა მოდის, მუსიკის, თეატრის, ლიტერატურისა თუ მხატვრობის მიმართულებით. უნდა არსებობდეს ერთი ჯაჭვი - რეგიონი და დედაქალაქი უნდა გაერთიანდეს და მეტი ყურადღება რეგიონს უნდა დავუთმოთ. ნიჭიერ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ თავიანთი ნიჭის გამჟღავნების საშუალება. სულ ვამბობ, რომ დედაქალაქი ძლიერია იმ შემთხვევაში, როდესაც რეგიონებია ძლიერი. ეს უნდა გავითვალისწინოთ.

 

- ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გამოცემასთან, კულტურის მინისტრობის სასურველი კანდიდატიც დაასახელეთ. როგორ ფიქრობთ, ვის შეიძლება იყოს წარმატებული ხელმძღვანელი ამ პოსტზე? 

 

- რასაკვირველია, მყავს სასურველი კანდიდატი, რომელსაც მხარს ვუჭერ, მაგრამ არ მინდა, ახლა ეს ხმამაღლა ვთქვა. რადგან კულტურა ქვეყნის სახეა, მას უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, ვისაც უყვარს და პატივს სცემს ინტელიგენციას. ზოგს არ მოსწონს სიტყვა „ინტელიგენცია“, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ადამიანებმა ქართული სახელმწიფოს ისტორია შექმნეს, დაწერეს და ახლა მათ რომ დაუსვა მიუღებელი კანდიდატი, ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრ პრობლემას გამოიწვევს. დასახელებულთაგან რამდენიმე მართლაც ძლიერია და ყველას მინდა ვუსურვო წარმატება, ვინც ქართულ კულტურას მოემსახურება. ვინც ქართულ კულტურაში მოღვაწე ადამიანებისათვის იქნება მისაღები, მეც მხარს დავუჭერ. აზრი უნდა ვკითხოთ კულტურის მუშაკებს. ადამიანმა უნდა იმუშაოს მათთან და თუ მათ არ უნდიხარ, ვერ იმუშავებ, ძალიან რთულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ კულტურის მინისტრობის კანდიდატებმა თვითონ უნდა მოისურვონ შეხვედრა იმ ცნობილ ადამიანებთან, ვისი მეშვეობითაც სამინისტრო ისევ იბრუნებს თავის სახელს. ვფიქრობ, რომ კანდიდატი, ვისაც უნდა, იყოს კულტურის მინისტრი, უნდა შეხვდეს ამ ადამიანებს, ესაუბროს პირადად და არა ტელევიზიისა თუ პრესის მეშვეობით.

 

მოდი, „კულტურიდან“ დავიწყოთ, მოდი, კულტურის სამინისტრო იყოს ფლაგმანი იმისა, რომ სისტემას უხელმძღვანელოს ადამიანმა, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეებისთვის იქნება მისაღები. ხელმძღვანელი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, რომელიც დადებითად გადაწყვეტს არსებულ პრობლემებს და წინსვლაზე იქნება ორიენტირებული. კულტურის მინისტრის სამუშაო დღე უნდა იწყებოდეს თეატრიდან, მუზეუმიდან და არა კაბინეტიდან. კულტურის  სამინისტროს კაბინეტიდან მუშაობის სტილი არ უხდება. უნდა მოხდეს საჯარო განხილვა, დაე, პოზიცია თუ ოპოზიცია მოვიდეს და იმსჯელონ, ღირსია თუ არა ესა თუ ის ადამიანი, უწყებას უხელმძღვანელოს. რთულია, იყო მინისტრი კახი კავსაძის, ნანი ბრეგვაძის, მედეა ამირანაშვილის და კულტურის სხვა უამრავი მოამაგის... თუ ამ ადამიანების კეთილგანწყობას არ იმსახურებ. თუ არ გქონია შეხება მათთან და ქართული კულტურის ისტორიასთან, გაგიჭირდება მუშაობა. 

 

 

big_banner
არქივი