logo_geo
„ხანდახან „ჩაგძვრა ტრიკოსაც" მეძახიან“ - ვინ არის „კომედი შოუს“ ყველაზე პატარა მსახიობი
- +

10 თებერვალი. 2020. 16:23

 

 

 

10 წლის თიკო ბულია საზოგადოებამ გადაცემით „გააცინე და მოიგე“ გაიცნო, მერე კი კომედიური სკეტჩების ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, რომელიც გამოცდილ და ყველასთვის საყვარელ კომიკოსებს ტოლს არ უდებს და მართლაც მშვენივრად ართმევს თავს ყველა დავალებას.

თიკო მე-5 კლასშია და როგორც თავად ამბობს, სწავლა ძალიან უყვარს. თიკო და მისი დედა,  ქრისტინა ოკსენჩუკი წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრებიან:

 

ქრისტინა: - ვიდრე თიკო „გააცინე და მოიგეში“ გამოჩნდებოდა, სამი წელი „კომედი კიდსში“ დაგვყავდა. ბავშვთა დღესთან დაკავშირებით წერდნენ გადაცემას და მიიწვიეს.

 

 

 

თიკო: - თამამი და გამბედავი ბავშვები სჭირდებოდათ. მე ყველაზე პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაზე მეტი მოვიგე. მეორე დღეს, როცა სკოლიდან მოვდიოდი, დედა ძალიან გახარებული იყო და მითხრა, რომ კარგი ამბავი ჰქონდა. მე მეგონა, რაღაც საჩუქარი მიყიდა, მაგრამ რომ მითხრა, „კომედი შოუში“ გადაღებაზე მივდივართო, საჩუქარზე მეტად გამიხარდა, თვალები გამინათდა.

 

- როგორ აღმოაჩინეთ, რომ თქვენს შვილს მსახიობობის ნიჭი ჰქონდა?

- 4 წლის იყო, როცა სხვადასხვა პაროდიას აკეთებდა, მათ შორის „კომედი შოუს“ მსახიობების პაროდიას. სულ ამბობდა, რომ მსახიობობა უნდოდა. 5 წლის ასაკში „კომედი კიდსის“ კასტინგზე წავიყვანეთ, თუმცა 6 წლიდან იღებდნენ ბავშვებს და არ აიყვანეს.

 

თიკო: - მამა შემპირდა, როგორც კი პირველ კლასში შეხვალ, პირველივე დღეს კასტინგზე წაგიყვანო და ამიყვანეს.

 

- როგორ უთავსებს მსახიობობასა და სწავლას ერთმანეთს?

ქრისტინა: - ყველაფერს ვასწრებთ. სწავლა ძალიან უყვარს, კარგად სწავლობს, არ უყვარს უპასუხისმგებლობა და ყოველთვის მომზადებული მიდის სკოლაში.

 

თიკო: - ყოფილა ისეთი შემთხვევა, დილის შვიდ საათზე სპეციალურად გამიღვიძია, რომ დავალებები დამეწერა. დავალებების გარეშე არ წავალ სკოლაში, მირჩევნია, საერთოდ არ წავიდე.

 

- სახლშიც ისეთი ცელქია, როგორც ეკრანზე ჩანს?

- კი, სახლში კიდევ უფრო ცელქი და აქტიურია.

 

- კიდევ რა აქტივობებშია ჩართული?

- გიტარაზე დადის, სკოლასა და ჩაწერებზე.

 

 

 

თიკო: - რომც მინდოდეს, სხვა წრეზე ვერ ვივლი, დრო საერთოდ არ მაქვს.

 

- ქრისტინა, ელოდით თუ არა, რომ თიკოს ეკრანზე გამოჩენას ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა?

- არა, ნამდვილად არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. ყველაფერს თავისი ნიჭით მიაღწია. ვინც იცნობს თიკოს, ყველამ იცის, რომ ის ბუნებითაა ასეთი ბავშვი.

- თიკო, სკოლაში რას გეუბნებოდნენ კლასელები, მასწავლებლები, თავიდან ეკრანზე რომ გამოჩნდი?

- მასწავლებლები მაქებდნენ, გასტროლებზე რომ დავდივარ, წინასწარ ვეუბნები, რომ არ ვიქნები და სკოლაც ძალიან მიწყობს ხელს. კლასელებიც და პარალელური კლასელები მეუბნებიან ხოლმე, რეკლამაში და სკეტჩში გნახეთო. ხანდახან „ჩაგძვრა ტრიკოსაც" მეძახიან სკეტჩიდან.

 

- მომავალში მსახიობობას გააგრძელებ თუ სხვა პროფესიას აირჩევ?

- მსახიობობას ბოლომდე გავაგრძელებ. კინომსახიობობა მინდა ძალიან. ასევე, ჟურნალისტობაც მინდა.

 

- გადაღებების დროს არ ღელავ?

- თავიდან კი, მაგრამ უკვე რომ დაიწყება გადაღება, აღარ ვნერვიულობ.

 

- ყველაზე მეტად რა მოგწონს ამ პროფესიაში?

- ძალიან მიყვარს კურიოზები, რომ შეგვეშლება, ვხალისობ ხოლმე. მაგალითად „ჩაგძვრა ტრიკოზე“ 10 დუბლი გადავიღეთ. მაინც გვეცინებოდა. მიყვარს კამერასთან მუშაობა.

 

ქრისტინა: - ბუნებრივად თამაშობს, როგორიც სახლშია, ისეთია კამერების წინაც.

 

- რა სირთულეებს წააწყდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში?

თიკო: – ერთხელ კონცერტი მქონდა აბაშაში, 200-კაციანი დარბაზი იყო, მაგრამ 500 კაცი იყო მოსული. რომ დამთავრდა, მეორედ მოითხოვეს კონცერტი, იმიტომ, რომ ხალხი ვერ დაეტია. მერე 500 ადამიანი სცენაზე ამოვიდა და ყველას ცალ-ცალკე უნდოდა სურათის გადაღება. სუნთქვა შემეკრა და კინაღამ ცუდად გავხდი.

 

ქრისტინა: - მნიშვნელოვანი სირთულეები არ გვქონია, უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ ყველას თავისი აზრი აქვს. იმდენი უარყოფითი კომენტარი წავიკითხე თიკოს მისამართით, თავიდან ძალიან ვინერვიულე. მაგრამ მერე მეგობრებმაც მირჩიეს, რომ არ მიმექცია ყურადღება. მას მერე აღარ ვკითხულობ. მთავარია, ჩემმა შვილმა წარმატებას მიაღწიოს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თიკო ძალიან უბრალო და თავმდაბალი ბავშვია. თავში არაფერი ავარდნია და ამაზე სულ ვესაუბრები. მიუხედავად იმისა, რომ არ არის, მაინც ველაპარაკებით ამ თემაზე ოჯახის წევრები. ყოველთვის ითვალისწინებს და იცის, რომ ერთი ჩვეულებრივი ბავშვია. ცხოვრობს ბავშვური ცხოვრებით მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პოპულარულია.

 

- თიკო, რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

- ორი კლიპი მაქვს ჩაწერილი, ერთში მარტო ვმღერი, მეორეში - დუეტში. ბევრი ადგილი მოვინახულეთ ბათუმში, იახტაზეც ვიყავით და ძალიან მაგარი იყო.

 

- ქუჩაში რომ გცნობენ, მოგწონს?

- კი, ძალიან მომწონს.

 

 

 

ქრისტინა: - რაც უნდა ცუდ ხასიათზე ან დაღლილი იყოს, სურათის გადაღებას რომ სთხოვენ, მაშინვე სახეს შეიცვლის და გადაიღებს.

 

- თიკო, სკოლაში ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონს?

- ინფორმატიკა, ინგლისური, ქართული და მათემატიკა.

ქრისტინა: - მომზადება არაფერში სჭირდება, თავად მიჰყვება პროგრამას. ახლა მე-5 კლასშია, ერთი დღე არ ყოფილა ისეთი, რომ მეთქვას: „ადექი და იმეცადინე“, იცის თავისი დრო, დაჯდება და იმეცადინებს.

 

- დაბოლოს, თიკო, მოგწონს შენი შესრულებული როლები?

- ვერ დავიწყებ ჩემი თავის შექებას, არ მიმაჩნია სწორად. ეს ხალხმა უნდა შეაფასოს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი