logo_geo
სალომე გოგიაშვილი: ძალიან მანებივრებს... მაგალითად, ბილეთებს დამახვედრებს და მეუბნება, - ხვალ მივფრინავთო!
- +

11 მარტი. 2017. 16:16




დიასახლისებს ოჯახისთვის დამხმარე ქალის შერჩევა ძალიან უჭირთ. შვილებისთვის ძიძის აყვანის საკითხთან დაკავშირებით, კიდევ უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენენ... სალომე გოგიაშვილს აქვს ის კომფორტი, რომ შვილების მოვლაში და სახლის მოწესრიგებაში სანდო ადამიანები ეხმარებიან.


- კერძების მომზადება ძალიან მიყვარს და კარგადაც გამომდის. ხშირად არა, მაგრამ როდესაც დიასახლისობას გადავწყვეტ, გემრიელ საჭმელს ვამზადებ. ამბობენ, რომ "კარგი ხელი" მაქვს. სახლის დალაგებას კერძების მომზადება მირჩევნია, რადგან დალაგება მიჭირს: სახლი დიდია და უამრავი ბავშვის ფონზე, როგორც უნდა დავალაგო, მაინც სულ დასალაგებელია. ამ საქმეში დამხმარე ქალი მეხმარება.

 

- რამდენი ხანია, რაც დამხმარე ქალი თქვენთან თანამშრომლობს?


- საერთოდ, სახლში უცხო ადამიანის შემოშვება და მისთვის პირადი სივრცის, ნივთების ნდობა ძალიან რთულია. ჩვენს შემთხვევაში, დამხმარე ქალი ახლობლის ოჯახიდან მოვიდა და უკვე დაახლოებით 3 წელია, ჩვენთან არის. ერთმანეთს პატივს ვცემთ და ძალიან გვიყვარს.


- დამხმარე ქალის გარდა, ძიძაც გყავს?


- კი, რა თქმა უნდა. ძიძები ძალიან რთულად ვიპოვე, რადგან ცხადია, ისეთი ადამიანი გინდა, ვისაც შვილს ანდობ. შეიძლება, სახლის დალაგებისას რაღაცებზე თვალი დახუჭო, მაგრამ ბავშვის მოვლა უმნიშვნელოვანესია - ძიძა ფრთხილად უნდა შეარჩიო. ამ შემთხვევაშიც ძალიან გამიმართლა: ახალგაზრდა ძიძა მყავს. სხვათა შორის, გასათხოვარია და შეგიძლიათ, ესეც დაწეროთ (იცინის)... ძალიან ლამაზია. აი, დიასახლისი ის არის: იმერელი გოგონაა და ისეთ საჭმელს გვახვედრებს ხოლმე და ბავშვს ისე უვლის, რომ ბევრს შეშურდება. მის გარდა, კიდევ ორი ძიძა მყავს. ისინი დანარჩენი ბავშვების მოვლაში მეხმარებიან. ძალიან გამიმართლა: ჩემი შვილებისთვის ბებიებივით არიან, ძიძებად ვერ აღვიქვამ. ყველას ოჯახის წევრად მივიჩნევ, ვინც ჩემთან მუშაობს.


- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?


- საერთოდ, სასოწარკვეთილი არანაირ სიტუაციაში არ ვარ. თუკი ვხვდები, რომ დეპრესიული განწყობილება ცოტათი შემომეპარა, ვცდილობ, ეს მაქსიმუმ, რამდენიმე საათს გაგრძელდეს. სასოწარკვეთილი ადამიანები არ მიყვარს და ბუნებრივია, ასეთს საკუთარ თავსაც ვერ ვიტან.


- ოდესმე ვინმეს გაუკრიტიკებიხარ, საკუთარ შვილებს თავად რატომ არ უვლიო?


- შინ რამდენი ქალიც უნდა იყოს, როცა სახლში ვარ, ბავშვების მოვლაში აბსოლუტურად ბოლომდე ჩართული ვარ.


- შვილების მოვლას დამოუკიდებლად შეძლებდი?


- უბრალოდ, სხვადასხვა ასაკის არიან. უფროსებს გაკვეთილები აქვთ, მასწავლებლებთან მათი წაყვანა-წამოყვანაა საჭირო, თორემ რატომაც არა? შევძლებდი.


- მეგობრული მშობელი უფრო ხარ თუ მკაცრი?


- მეგობრული ვარ, ყოველ შემთხვევაში, ამას ვცდილობ. თუმცა, ჩემმა შვილებმა ზუსტად იციან, რა არ უნდა გაბედონ. რა თქმა უნდა, შეცდომას ყველა ბავშვი უშვებს, მაგრამ ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ - სულ ვასწავლი... ვცდილობ, ბავშვებთან ვიურთიერთო, რომ რაღაც არ გამომეპაროს. ბევრი მშობელი ამბობს, - შვილი რამეს როგორ გამომაპარებს? შანსი არ არისო, მაგრამ მერე, სწორედ ასეთი მშობლები ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. ამიტომ შვილებთან მეგობრობას ვცდილობ, ოღონდ - ისე, რომ ზღვარს არ გავცდე.


- ბავშვების მიმართ, რა საკითხებთან დაკავშირებით იჩენ სიმკაცრეს?


- მაგალითად, არ მომწონს, როდესაც 14 წლის მოზარდი ქუჩაში მარტო სეირნობს. მშობლის გარეშე, ჩემს შვილს სასეირნოდ არ ვუშვებ. არც ის მომეწონება, რომ მოსაღამოებულზე კაფეში დაჯდეს... მის ჩაცმულობასთან დაკავშირებით სიმკაცრეს არ ვიჩენ, მაგრამ რჩევებს ვაძლევ - ისე არ მოიქცევა, როგორც მე არ მინდა, რადგან არსებობს რაღაცები, რაც ჯერ უნდა ისწავლოს...


- შვილების თანდასწრებით, თუნდაც გაბრაზებულ გულზე, უხამსი გამოთქმა გამოგიყენებია?


- კი, ხშირად. მშობლების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც საკუთარ შვილებს „რაღაცნაირად" აცხოვრებენ: ცუდ სიტყვებს არ აგონებენ, ცუდ ინფორმაციას არიდებენ, არარეალურ სამყაროში ჰყავთ... მერე ბავშვი იზრდება და უცებ, ყველაფერი ერთბაშად ატყდება თავს - ეს ჩემთვის მიუღებელია. ბავშვმა ცუდი სიტყვაც უნდა იცოდეს და ისიც, რომ ცხოვრებაში ცუდი რაღაცებიც ხდება. თავიდანვე რეალობასთან ადაპტირებული უნდა იყოს, რომ მერე, უცებ შოკი არ მიიღოს... უხამს სიტყვებს ხშირად ვამბობ, მაგრამ თავად ბავშვები არ ამბობენ, მით უმეტეს - საზოგადოებაში არ იტყვიან.


- ყოველდღიურობით დაღლილხარ?

 

- საღამოობით მუდმივად დაღლილი ვარ, რადგან სულ რომ არაფერი გააკეთო და უბრალოდ, ჩვენს სახლში დაჯდე, ხმაურისგან ჭკუიდან გადახვალ. მეგობრები ჩემი სახლიდან სულ დაღლილები მიდიან. ბავშვების გარდა, ჩვენთან მეგობრები სულ არიან. ხალხი ღამის 12 საათზე იძინებს, ჩვენთან კი სტუმრების მოსვლა ამ დროს იწყება. მათ სტუმრებად ვეღარც აღვიქვამ - ყველა ოჯახის წევრად მიმაჩნია, რადგან თითქმის ყოველდღე, გვიანობამდე ჩვენთან არიან...

 

- განტვირთვისთვის, დღის გასამრავალფეროვნებლად რას აკეთებ?


- მეგობრის სანახავად მივდივარ. შესაძლოა, საშოპინგოდ წავიდე - ჩემთვის ეს განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. პარასკევს, შაბათს და კვირას, როცა მეუღლე ისვენებს, ერთად მივდივართ მეგობრებთან, კლუბში, კაფე-ბარში... ჩემს მეუღლეს მოგზაურობა ძალიან უყვარს. შესაბამისად, მეც მასთან ერთად ვმოგზაურობ.


- რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოს, მოთმინების ფიალა აგივსოს?


- მხოლოდ თავხედობამ და უზრდელობამ, სხვა დანარჩენის მოთმენას მაქსიმალურად ვცდილობ. უზრდელ და თავხედ ადამიანებს ვერ ვიტან. ვხვდები, რომ ასეთ ხალხთან დიპლომატიური ენით არ უნდა ისაუბრო, საერთოდ არ უნდა იურთიერთო - ამას წლების განმავლობაში მივხვდი.

 

- დაქალთან თუ გიჩხუბია?


- არა, მაგრამ მიკამათია. შეიძლება, ცოტა ხნით ერთმანეთზე ნაწყენები ვყოფილვართ. ჩხუბისგან ღმერთმა დამიფაროს, რადგან თუ გაბრაზების მიზეზი მაქვს, გავბრაზდი და ვიჩხუბე, მერე ადამიანს ან საერთოდ არ ვურიგდები, ან - ვურიგდები, მაგრამ იმ ურთიერთობას აზრი აღარ აქვს.


- როდესაც კონფლიქტური სიტუაციის შექმნაში ნაწილობრივ, ორივე დამნაშავე ხართ, ბოდიშის მოხდა გიჭირს?


- თუ ვხვდები, რომ 50% ჩემი ბრალია და ურთიერთობა ჩემთვის ძვირფასია, ურთიერთობის გადარჩენას ვეცდები და შემიძლია, დანაშაული 100%-ით საკუთარ თავზე ავიღო - ბოდიშს თავად მოვიხდი, თუკი ურთიერთობა ამად მიღირს...


- დაქალებთან საუბარი ჭორაობაში გადაგზრდია?


- ხომ ძალიან უნდა მოვიტყუო, რომ ვთქვა, - არა-მეთქი? ძირითადად, ამიტომაც ვიკრიბებით - ერთმანეთს ჭორებს ვუყვებით... მივხვდი, როდესაც ადამიანს პირადი ცხოვრება საინტერესო მოვლენებით დატვირთული გაქვს, სხვების ცხოვრებით ნაკლებად ინტერესდები. ადრეულ ასაკში, გოგონები რომ შევიკრიბებოდით, ვამბობდით, - აბა, ვინ რა იცითო? ახლა ძირითადად, ერთმანეთის ამბებს განვიხილავთ, სხვა ადამიანების ცხოვრებით ნაკლებად ვინტერესდებით.


- მეუღლე რომანტიკულ სიურპრიზებს ახლაც გიწყობს?


- კი, ამით ძალიან მანებივრებს. მაგალითად, ბილეთებს დამახვედრებს და მეუბნება, - ხვალ მივფრინავთო! ამაზე ვგიჟდები! თან, ფრენის ცოტათი მეშინია, მაგრამ მეუღლესთან ერთად, ძალიან კომფორტულად ვარ... პატარ-პატარა სიურპრიზებს არ მიმზადებს - ერთს და კარგ სიურპრიზს მიწყობს ხოლმე. ამიტომ დღესასწაულებზე დიდი მოლოდინი მაქვს... ვალენტინობასაც სიურპრიზი გამიკეთა. სოციალურ ქსელში მხოლოდ ყვავილების თაიგულის ფოტო გამოვაქვეყნე, საჩუქრის - არა, რადგან მივხვდი, შურის თვალით ბევრი უყურებს. ამიტომ საჩუქრების საჯაროდ გამოქვეყნება არ მომწონს.


- მეუღლესთან ურთიერთობაში დაძაბული სიტუაცია შეგქმნია?


- როგორ არა! არ არსებობს ოჯახი, სადაც კონფლიქტი არ არის. როცა სხვადასხვა ოჯახში აღზრდილი ორი ადამიანი თანაცხოვრებას იწყებს, მათი ერთმანეთთან შეგუება რთულია. მით უმეტეს, ერთ ოჯახში აღზრდილებიც (მაგალითად - დედმამიშვილები) ჩხუბობენ. ჩვენ ოჯახი გააზრებულად შევქმენით. შესაბამისად, ჩვენ შორის კონფლიქტი იშვიათად ხდება, მაგრამ როცა ხდება, ვხვდები, როდის უნდა დავთმო და გავჩერდე. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან განსხვავებული ხასიათი გვაქვს. მას „აფეთქება" შეუძლია, მეორე წუთში კი არაფერი ახსოვს. მე უფრო ღვარძლიანი ვარ - თუ ვიჩხუბე, შეიძლება, სიკვდილამდე დავიმახსოვრო (იცინის). მერე ეს ამბავი სულ „მახრჩობს"... ამიტომ მე უფრო ვთმობ და ვჩერდები, რომ კამათი სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.


- დახმარებისთვის ფსიქოლოგთან მისულხართ?


- არასდროს. საკუთარი თავისთვის საუკეთესო ფსიქოლოგი ვარ: ჩემს ხასიათს, განწყობილებას, „წამოფრენებს" ვარეგულირებ და ჩემი ოჯახის წევრებამდე არ „მიმაქვს". ჩემს ქმარს რაც შეეხება, თუ მას რამე ფსიქოლოგიური პრობლემა ექნება, შევეცდები, მოვაგვარო. თუ უმართავი იქნება, მერე მივხედავთ, ჯერ კარგად ვართ (იცინის).




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი