logo_geo
ნანკა ქოქიაშვილი: თავშეკავებული, დაღვინებული მამაკაცები მომწონს, მაგრამ არა - უჟმურები
- +

26 თებერვალი. 2020. 19:29

 

 

ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო

 

 

პროფესიით ჟურნალისტი ნანკა ქოქიაშვილი "არ დაიდარდოს" წამყვანია, უძღვება სხვადასხვა ღონისძიებასა და კორპორაციულ საღამოს და ბოლო რამდენიმე თვეა, "ტაქსაობს" კიდეც. დამოუკიდებელი და ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, არის ძალიან უშუალო და მხიარული, თუმცა, როგორც თვითონვე ამბობს, ბუტიაა და კიდევ - გამოუსწორებელი ოპტიმისტი.

 

 

 

- დამთავრებული მაქვს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მესამე კლასიდან მინდოდა ჟურნალისტობა, მას შემდეგ არ შემიცვლია გადაწყვეტილება. ბავშვობიდანვე მტკიცე ხასიათი მაქვს - ერთხელ რასაც ვამბობ, იმას აღარ შევცვლი. ამჟამად ვმუშაობ ჩემთვის საყვარელ ადგილას - "არ დაიდარდოში". კარს რომ დავხურავ, ჩემი სამყაროა. მანამდე ბევრ რადიოში მიმუშავია. რეგიონული ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორიც ვიყავი, უდიდესი გამოცდილება მივიღე - ოპერატორიც გახლდით და მემონტაჟეც, ყველაფერს თავად ვაკეთებდი. მინდა, საინფორმაციო გადაცემა წავიყვანო, არასდროს მიცდია. იმედი მაქვს, ამის დროც მოვა.

 

 

- ნანკა, "ტაქსისტობა" რატომ გადაწყვიტე?

 

- სიმართლე გითხრა, ტაქსის მძღოლობაზე არასდროს მიოცნებია. იქიდან გამომდინარე, რომ "მოუსვენარი" გრაფიკი მქონდა და რეგიონებშიც ხშირად მიწევდა წასვლა, ძალიან ვწვალობდი. ბევრ შემოთავაზებაზე უარსაც ვამბობდი, რადგან სამარშრუტოთი წასვლა-მოსვლა ჩემთვის დამღლელი იყო. საჭიროება გაჩნდა, რომ მანქანა მყოლოდა და ვიყიდე, ავტომობილს კი შენახვა სჭირდებოდა და ვიფიქრე, "ტაქსაობა" ამ პრობლემას გამიმარტივებდა. თავიდან გამიჭირდა, მეშინოდა კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, ცხოვრებაში ყველა წინააღმდეგობის გადალახვა უნდა შეგეძლოს. შრომა არც მეთაკილება და არც მეზარება. თავიდან ტაქსის კომპანიის გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, ძალიან დიდია კონკურენცია და თან, არც ისე დიდი შემოსავალი მომცა ამ საქმიანობამ, როგორც მეგონა.

 

- საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს, როდისღა ახერხებ ტაქსაობას?

 

- როდესაც რადიოში არ ვარ - დილის ეთერს რომ დავასრულებ ან მერე, გვიან. ყოფილა შემთხვევა, დღის განმავლობაში 110 ლარიც გამომიმუშავებია, ოღონდ ეს იშვიათად ხდება და თან, ავტომობილის გაფუჭების ხარჯზე. ჩემი ავტომობილი სპორტულია და სატაქსაოდ კომფორტული არ არის. საწვავისა და ყოველდღიური ჯიბის ფული რომ მქონდეს, ამაში ნამდვილად მეხმარება.

 

- მეშინოდა, მაგრამ მაინც გავბედეო, აღნიშნე.

 

- განსაკუთრებით გოგონებს უხარიათ ჩემი დანახვა, - თქვენ არ იცით, რა ბედნიერები ვართ, ქალი რომ დავინახეთ საჭესთანო. თქვენზე ბედნიერი მე ვარ-მეთქი, ვპასუხობ. ძირითადად ხომ ღამის საათებში მივდივარ გამოძახებაზე და მხვდება ზომაზე მეტად ნასვამი კაცი. რა გინდა, რომ გააკეთო? ვარკეთილში ტაქსის მძღოლი რომ მოკლეს, 2 დღე ვერ ვმუშაობდი, მეშინოდა. მაქსიმალურად ვერიდები მგზავრებთან კამათს. როდესაც თანხა აკლდებათ, არასდროს ზედმეტს არ ვაკადრებ. ბევრჯერ მითქვამს, ჩაბრძანდით, არა უშავს-მეთქი და ის თანხაც არ ამიღია. მოწესრიგებული მძღოლი ვარ და ვცდილობ, ყოველთვის მქონდეს ხურდა. ხშირად არც მართმევენ. კანონმორჩილიც ვარ, თუმცა ჩვენს გზებზე ცოტა რთულია, მოძრაობის წესები არ დაარღვიო.

 

- 28 წლის ხარ და ჯერ არჩევანი არ გაგიკეთებია, ოჯახის შექმნას ვგულისხმობ, წუნია ხარ?

 

- ცოტა არ იყოს, მაშინებს გარშემო მყოფთა გამოცდილება, ოჯახების ხშირი ნგრევა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა ყოფილიყო და ის არავის არ უნდა ჩაენაცვლებინა. არც ის მინდა, მე რომ ჩამანაცვლოს ვინმემ მის ცხოვრებაში. ერთგული ვარ. შეიძლება, ვიზუალურად მისაღები არ იყოს სხვებისთვის, მაგრამ არავის აზრი არ მაინტერესებს, როდესაც ჩემი გული ვინმეს ეკუთვნის. თუ რამე არ მომწონს, ვცდილობ, ფრთხილად დავხვეწო, გავალამაზო. სადაც სიყვარულია, ეს ძალიან მარტივია და იმას არ ნიშნავს, რომ მე მას ვზრდი ან ვცვლი. წყვილმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ურთიერთობა იდეალური თუ არა, იდეალურთან მიახლოებული მაინც გახადოს.

 

- და შენი აზრით, როგორია იდეალურთან მიახლოებული ურთიერთობა?

 

- ადრე რომ ვიტყოდი, ვიღაც მომეწონა-მეთქი, ჩემი მეგობრები ამბობდნენ, - ვაიმე, უეჭველი 200 წლის იქნებაო (იცინის). ერთი სიტყვით, ასაკით უფროსები მომწონდა. ჩემი გადმოსახედიდან, ზრდასრული ადამიანები სხვანაირად ცდილობენ ქალის გულის მოგებას. რაც ასაკი მომემატა, ეს დამოკიდებულება შეიცვალა. თავშეკავებული, დაღვინებული მამაკაცები მომწონს, მაგრამ არა - უჟმურები. მე ვარ ძალიან ენერგიული და ხალისიანი, შეიძლება, გადარეულიც და გიჟიც, ცანცარაც და არ მინდა მითხრას, კარგი ახლა, დაწყნარდი, ნუ ცანცარებო; ეს განწყობა მისთვის მისაღები უნდა იყოს, უნდა ახალისებდეს. მოკლედ, იუმორს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და კიდევ, გულწრფელობა მთავარია ჩემთვის.

 

 

- ესე იგი, სიმდიდრე უმნიშვნელოა?

- არასდროს ვყოფილვარ სიმდიდრეზე გაგიჟებული. საკმარისია, იყოს მშრომელი და შანსიანი. იმის შიში არ უნდა მქონდეს, ხვალ უსამსახუროდ თუ დავრჩით, რა გვეშველება-მეთქი. უნდა ვიცოდე, რომ არის ძლიერი და ყველაფერს გაუმკლავდება; ფეხბურთის საყურებლად კი არ წამოწვება სახლში, არამედ იმაზე იფიქრებს, რა გააკეთოს. ცუდი არ არის, მდიდარი თუ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ცხოვრებას ინტერესი მაშინ აქვს, როცა თვითონ მიაღწევ წარმატებებს.

 

- რამდენად ყოჩაღი ხარ, როგორც დიასახლისი?

 

- ვერ ვიტყვი, რომ სასწაული ვარ, ვერავის შევპირდები ნაირ-ნაირ სადილს, მაგრამ მცდელობა მაქვს, ყველაფრის სწავლა შეიძლება. დედაჩემისა და ჩემი დის წყალობით არ დამჭირვებია ყოველდღე სადილების კეთება, ძირითადად, ისინი ამზადებენ.

 

- რისი მომზადება გიყვარს?

 

- ყველაზე გემრიელი გამომდის მჭადი. მიყვარს და არასდროს მეზარება მჭადების დაცხობა.

 

- რისი გამოსწორება გინდა, რა არ მოგწონს შენში?

 

- ყველაზე მეტად არ მომწონს, რომ ადამიანს უარს ვერ ვეუბნები დახმარებაზე, მაშინაც კი, როცა ჩემგან ამას არ იმსახურებს. ამან ბევრჯერ წამაგებინა, მაგრამ გამწვრთნა კიდეც და მასწავლა, ვინ არის ჩემიანი და ვინ - არა. გამოსასწორებელს ვერ ვიტყვი, უფრო "დასავარცხნს" დავარქმევდი - ეგოისტი ვარ და ამას გამოვასწორებდი. თუმცა საყვარელი ადამიანის გამო შემიძლია, ბევრ რამეზე უარი ვთქვა.

 

- მავნე ჩვევები?

 

- სმა არ მიყვარს, ისედაც კარგად მოვილხენ. ჩემს ცუდ განწყობას არასდროს არავის გადავდებ, პრობლემებს არავის მოვახვევ თავს. ბევრჯერ მეგობრებსაც არ ვეუბნები და მსაყვედურობენ... გამახსენდა, დაგვიანება მიყვარს. შეიძლება დილით 10 საათზე ავდგე, მაგრამ ბოდიალ-ბოდიალში მაინც დამაგვიანდეს შეხვედრაზე, რომელიც 5 საათზე მაქვს ჩანიშნული.

 

 

- გაპრანჭვა გიყვარს?

 

 

- მიყვარს, როდესაც კარგ ფორმაში ვარ. თავისუფლად ვგრძნობ თავს, როდესაც მაკიაჟი არ მაქვს და სპორტულად მაცვია.

 

- თაყვანისმცემლებზე რას იტყვი?

 

- არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ არ მაწუხებენ, მათი მოგერიება არ მჭირდება. პატივს სცემენ ჩემს შეხედულებებს და მეც პატივს ვცემ მათ.

 

- ბუტია ხარ?

 

- აი, რა ცუდი თვისება მაქვს. ვაიმე, ისეთი ბუტია ვარ, ვერ წარმოიდგენ. შეიძლება, ერთი სიტყვის გამოც გავიბუტო, ზოგჯერ ისეთი სულელური რაღაცები მწყინს, რომ მრცხვენია ხმამაღლა თქმა. მამაკაცისთვის რთულია ყოველ წუთში დაძაბული იყოს იმის შიშით, რამე არ წამომცდესო. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ წყენა ადვილად მავიწყდება და შეუძლია, მარტივად მოიგოს ჩემი გული, მაგალითად, თბილი სიტყვით.

 

- გაბრაზებული როგორი ხარ?

 

- ნეტავ, არ მნახოს არავინ. დიდხანს არ ვიღებ ხმას, მაგრამ თუ გავბრაზდი... ზოგჯერ ურთიერთობებს ისე ვწყვეტ, მიზეზებსაც არ ვხსნი. როდესაც ადამიანი ვერ ხვდება, რა არ მომწონს და არც ცდილობს გამოსწორებას, მაშინ აზრი არ აქვს ერთად ყოფნას.

 

- ახლა შეყვარებული ხარ?

 

- ექსკლუზივი გაქვთ (იცინის), გატაცებული ვარ. საერთოდ, რთულად ვუშვებ ჩემამდე ადამიანებს. იცით, როგორი პერიოდი მაქვს? - პეპლები რომ დაფრინავენ, ჩემ გარშემო ყველაფერი ფერადია. დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, მაგრამ ამ ეტაპზე კარგად ვგრძნობ თავს. საერთოდ, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ 2020-ში ყველაფერი უკეთ იქნება...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი