logo_geo
დეკანოზი დავით ქვლივიძე: ეკლესიის წინააღმდეგ ჯანყისთვის დაისჯებიან! ვის უჯანყდებიან, სამყაროს შემოქმედს?!
- +

12 მარტი. 2020. 12:36

 

 

კორონავირუსის გავრცელება საქართველოში ეკლესიასთან ფსევდოლიბერალურ-ბოლშევიკური ჯგუფების დაპირისპირების კიდევ ერთ საბაბად იქცა. რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც წმინდა ზიარება ერთჯერადი კოვზით უნდა შესრულდეს, საპატრიარქომ უარყო. სასულიერო პირების  უმრავლესობა ზიარების წესის შეცვლას არც კი განიხილავს. საქმე იმაშია, რომ  საღმრთო ლიტურგიის საკვანძო რიტუალის „მოდერნიზებით“ თავდაყირა დგება მოძღვრება, რომელზედაც 2.000 წელია სამოციქულო ეკლესია დგას. ქრისტიანული სწავლებით, წმ. ბარძიმში პურის და ღვინის ნაცვლად  ქრისტეს ნამდვილი სისხლი და ხორცია, რომლის მიღება მონანულს განწმენდს და კურნავს. დაინფიცირების შიშით, არსებული წესის თუნდაც დროებით დარღვევა ევქარისტიის, ანუ, პურის და ღვინის ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქმნის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ზიარების უაღრესად საკრალური რიტუალის შეცვლა და უარყოფა თავისი მნიშვნელობით ქრისტეს გმობას უტოლდება.

 

„ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Black on White-ს დეკანოზი დავით  ქვლივიძე ესაუბრება.

 

- მამა დავით, ახალ ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. რას ფიქრობთ თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით?

 

- ჩემი და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის აზრით, აჟიოტაჟი  ხელოვნურად შექმნილი და გაზვიადებულია. ჩინეთში დაახლოებით მილიარდნახევარი კაცი ცხოვრობს, 3 000 დაიღუპა, რაც 0,0000005 %-ია.  ამაზე გაცილებით მეტი ადამიანი კვდება ყოველდღე მენინგიტით, ნარკოტიკით, ვენერიული დაავადებებით. მიუხედავად ამისა, არც მრუშობას ეშვებიან და არც ნარკოტიკების მიღებაზე იკავებენ თავს. ეს ყველაფერი შეგნებულად არის გაკეთებული, მე ასე ვფიქრობ.

 

- რისთვის, მამაო?

 

– ჩინეთს დიდი წინსვლები აქვს ეკონომიკაში, არიან ქვეყნები, ვისაც ეს არ მოსწონს. ვის არ მოსწონს ჩინეთი და ირანი, მათი გასარჩევია, თავიანთი პოლიტიკური ანგარიშსწორებები აქვთ. იოანეს გამოცხადებაში წერია, ბოლო ჟამს ცოდვების გამო ისეთი ავადმყოფობები გაჩნდება, ადამიანები სიკვდილს ინატრებენ და სიკვდილი მათ გაექცევა. ვირუსი ხელოვნურად შექმნეს თუ თავისთავად გავრცელდა, მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, ეს ყველაფერი ჩვენი ცოდვების გამრავლების გამო ხდება. „მიგეტევოს შენი ცოდვები“, - ეუბნებოდა მაცხოვარი სნეულებს და ადამიანები სულიერად იკურნებოდნენ, რასაც  ფიზიკური განკურნებაც მოჰყვებოდა. ახლაც ასეა, არაფერი შეცვლილა, ავადმყოფობების გავრცელების მიზეზი ძირითადად ცოდვებია.

 

– საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ლიბერალურმა პოლიტიკურ-საზოგადოებრივმა ჯგუფებმა ეკლესიას ზიარების წესის შეცვლისკენ მოუწოდა, რაზედაც საპატრიარქომ უარი განაცხადა. რატომ არ შეიძლება წმინდა ზიარებისას გამოსაყენებელი კოვზის ერთჯერადი კოვზით შეცლა?

 

- ყველაზე მძიმე მოსასმენი არის ეკლესიის წინააღმდეგ აჯანყება. თურმე ეკლესიაში არ უნდა მივიდეთ, ერთი კოვზით არ უნდა ვეზიაროთ, ხატებს არ ვემთხვიოთ. ამას ამბობს ხალხი, რომელმაც პირჯვრის წერა არ იცის. მეტსაც გეტყვით, ეს  ადამიანები ეკლესიას შეგნებულად ებრძვიან და  ბრძოლის ჟინს არც მალავენ. რამდენი პროცენტია მათი რეიტინგი, ვინც ამდენს ყვირის, კორძაიას და მისთანების? ნულოვანი რეიტინგები აქვთ! მათ მინდა შევახსენო, ქრისტიანები კი გავამხნევო, რომ წმინდა ზიარება ქრისტეს სისხლი და ხორცია არა სიმბოლურად, არამედ ნამდვილად! „ეს არის ჭეშმარიტი სისხლი ჩემი“,- ამბობს ქრისტე იოანეს სახარებაში. წარმოიდგინეთ, როდესაც მღვდელი წყალს აკურთხებს, წყალი არ იხრწნება და წლობით ინახება, ეს არის ხილული მაგალითი. საღმრთო ლიტურგიის დროს გაცილებით უფრო სულიერი ლოცვები იკითხება, რომლის დროსაც ღვინო ქრისტეს სისხლად გარდაიქმნება და პური-ქრისტეს ხორცად. ეს სამყაროს შემომქმედის ხორცი და სისხლია. ამ სიწმინდეს ვინც უხეშად მიიღებს, ის აუცილებლად დაისჯება. პავლე მოციქული ამბობს, რომ უღირსად მაზიარებელთაგან მრავალნი არიან დაავადებულნი და ბევრი მათგანი მოკვდაო. თუ კაცი რაიმე მძიმე ცოდვაშია,  მრუშობს,  ყაჩაღობს ან მორფინისტობს და ამ სიწმინდეს სინანულის გარეშე მიეახლება, მოკვდება. ხოლო, როდესაც ადამიანი თავმდაბლობით იღებს, მაშინ ქრისტეს სისხლი და ხორცი გამწმენდი და გადამრჩენია. უამრავი შემთხვევაა, როდესაც სასიკვდილოდ გადადებულები ზიარების შემდეგ ფეხზე წამომდგარან. ადრეულ საუკუნეებში შავი ჭირის, ქოლერის, ჭლექის ეპიდემიის დროს ხალხი უფრო მეტად ეზიარებოდა და იკურნებოდა. ბასილი დიდი, უდიდესი წმინდა მამა, კეთროვნების კუნძულზე გადადიოდა, აზიარებდა  და უკან ბრუნდებოდა, შემდეგ ამ სიწმინდეს თვითონ იღებდა, ასეა წესი.

 

ერთმა შესანიშნავმა ჟურნალისტმა კარგი შედარება მოიყვანა. 2008 წელს, როდესაც პატრიარქს და სამღვდელოებას ცხინვალის ბრძოლაში დაღუპული ბიჭები გამოჰყავდათ, მაშინ რატომ არ ზრუნავდნენ მღვდლების უსაფრთხოებაზეო? ნაციონალებმა ჩვენი ბიჭები აგვისტოს პაპანაქება სიცხეში ყვავ-ყორნების საჯიჯგნად მიატოვეს და ეკლესიამ უპატრონა, ხელისუფლება კი წითელ ხიდზე გარბოდა.

 

- დარეჯან მეფარიშვილია ეს ჟურნალისტი…

 

- ძალიან კარგი ადამიანია, მინდა, მადლობა გადავუხადო, ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს! ასეც იქნება, ღმერთი დალოცავს და აკურთხებს კიდევაც.

 

ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ აჯანყებული ხალხის ხავილი! გინახავთ ალბათ, წარმართები ცეცხლის გარეშემო რიტუალურ ცეკვებს რომ ასრულებენ და ხელებს არაბუნებრივად იქნევენ, ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება რჩება! ღმერთმა უშველოთ, მართლა მეცოდება ეს ხალხი. ეკლესიის წინააღმდეგ  ჯანყისთვის დაისჯებიან, ვის უჯანყდებიან, სამყაროს შემოქმედს?!

 

- ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა რატომ გამძაფრდა, როგორ ფიქრობთ?

 

- ეს არის დიდი განდგომილების პერიოდი, ეს ხალხი ყიჟინას სცემს. იუდამ რატომ გაყიდა უფალი? ქრისტე ხომ მის თვალწინ ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს აცოცხლებდა, მშიერს აპურებდა, ბრმებს თვალს უხელდა, მაგრამ  30 ვერცხლზე გაცვალა. ნახეთ, ვინც ღმერთის წინააღმდეგ იბრძოდა, როგორ დაამთავრა არსებობა. საბჭოთა რევოლუციის დროს მირონცხებული მეფე ჩამოაგდეს, ეკლესიას ბრძოლა გამოუცხადეს, 500 ეპისკოპოსი, 50 000 მღვდელი და ბერ-მონაზონი დახვრიტეს, 2 მლნ ადამიანი რელიგიურ ნიადაგზე მოკლეს, უღმრთოთა კავშირი ჩამოაყალიბეს, ტაძრებიდან ჯვრები ჩამოყარეს. გვინახავს ეს შემზარავი კადრები და რა ფასი დაუჯდა წითელ ტერორს ეს ყველაფერი?! 10 მლნ კაცი სამოქალაქო ომს და რეპრესიებს შეეწირა. სინანული არც ამის მერე მოვიდა და ღმერთმა სასჯელად ფაშისტური გერმანია მოუვლინა. 180 დივიზიით შემოვიდა ჰიტლერი საბჭოთა კავშირში, აივსო ქვეყანა დაჭრილებით, დახოცილებით, უხელო, უფეხო, დასახიჩრებული ადამიანებით. ამ ყველაფერს 25 მილიონი კაცი შეეწირა. აი, რა ფასი დაუჯდა წითელ ბოლშევიკებს ღმერთთან ომი. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ნერონმა, იულიანე განდგომილმა, ლენინმა და სხვებმა ტრაგიკულად დაამთავრეს სიცოცხლე. თუ მსოფლიო პოლიტიკოსებს ასე ტრაგიკული აღსასრული ჰქონდათ, ამათ რა ელით და ჩვენს ქვეყანას რა ბედი უწერია?! საშინელება, სასჯელი ღვთისგან!

 

- ზოგიერთი სასულიერო პირი და თეოლოგი თვლის, რომ  ერთჯერადი კოვზით ზიარებას რწმენასთან კავშირი არა აქვს და დასაშვებია…

 

- ღვთისმეტყველები ჩვენ ვიცით სამი: იოანე, გრიგოლი და სვიმეონ ახალი. ესენი რის ღვთისმეტყველები და თეოლოგები  არიან? მოდერნიზმის? ლიბერალიზმის? როცა თეოლოგი ვერ ერკვევა, მართლმადიდებლობასა და ლათინოპაპიზმს შორის რა სხვაობაა, რაზეა ლაპარაკი.

 

იესო ქრისტე მთაზე მთელი ღამე ლოცულობდა, იქიდან ჩამოსულმა თავის თორმეტ მოციქულს უთხრა, რომ ერთ-ერთი მათგანი გაყიდდა. ანუ, უფალმა დასაწყისშივე განსაზღვრა, რომ მის  მიმდევრებში ერთი იუდა იქნებოდა. ადამიანი, რომელიც ქრისტეს სისხლზე და ხორცზე იტყვის, რომ სიმბოლოა, ყველაფერი გასაგებია.

 

- თქვენ ყოველდღიური კონტაქტი გაქვთ მრევლთან, რას ხედავთ, ერიდება ხალხი შიშის გამო ტაძარში მისვლას, ხატებზე მთხვევას და ზიარებას?

 

- რა შიში? 40 კაცამდე მხოლოდ პირველშეწირულის წირვაზე ვაზიარე, კვირას მოდით და ნახეთ, რა ხდება ტაძარში. ორი-სამი ბარძიმით ვაზიარებთ ხალხს, მადლობა ღმერთს! ქრისტე როდესაც მოვიდა, ზოგი მასთან ერთად იყო და ზოგი „ჯვარს აცვი“-ს ყვიროდა. ქრისტეს მტრებმა თავისი მიიღეს და ახლაც იქ არიან, სადაც დაიმსახურეს, ხოლო ვინც  მასთან დარჩა, სასუფევლის მკვიდრი გახდა. ადამიანს განაჩენი თავისი თავისთვის თვითონვე გამოაქვს.

 

სამღვდელო კონდაკში პირდაპირ წერია ასეთი რამ: წირვისას, როდესაც მღვდელი პურს და ღვინოს აკურთხებს, თუ ბარძიმში მართლა სისხლი და ხორცი დაინახა, იცოდეს, რომ ღმერთმა ეს მისი ურწმუნობის გამო დაუშვა. ამიტომ,  არ ეზიაროს, ბარძიმს დააფაროს, მუხლი მოიყაროს და ღმერთს გულმხურვალედ ევედროს, რომ ჩვენება გაქრეს. შემდეგ ახადოს და თუ ისევ სისხლი და ხორცი დაინახა, ისევ დააფაროს, იცოდეს, რომ ღმერთი მისი ურწმუნოებას ამხელს

 

ადრეულ საუკუნეებში  სეფისკვერი და ღვინო ეკლესიაში სახლიდან მოჰქონდათ. წმინდა მამამ, გრიგოლ ღვთისმეტყველმა წირვისას,  ერთ-ერთი ქალის მიერ მოტანილი პური და ღვინო აკურთხა, ბარძიმი გამოიტანა და ჩვეულებისამებრ თქვა მაცხოვრის სიტყვები: „მიიღეთ და სჭამეთ“.  ამ დროს ქალმა, რომელმაც პური და ღვინო მოიტანა, გულში გაიფიქრა, რა სისხლი და ხორცი, ჩემი გამომცხვარი სეფისკვერიაო. წმ. გრიგოლმა ეს გულისხმაყო და ღმერთს სთხოვა  სასწაული ეჩვენებინა. როდესაც ქალი საზიარებლად მიუახლოვდა, წმ. გრიგოლმა მას ბარძიმში ჩაახედა. ქალმა  ადამიანის სისხლის და ხორცის ნაგლეჯები დაინახა, გული წაუვიდა და დაეცა. როცა მოსულიერდა, გრიგოლმა უთხრა, ღმერთი თავის სისხლს და ხორცს პურის და ღვინის სახით გვაწვდის, რათა ადვილი მისაღები იყოსო. უამრავი ასეთი მაგალითია.

 

- არსებობს საქართველოს ეკლესიებში ალბათობა იმისა, რომ ზიარების რიტუალი შეიცვალოს?

 

- არა, რას ლაპარაკობთ, ღმერთმა დაიფაროს. ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მასებზე ზემოქმედება, სანამდე შეიძლება პროპაგანდამ საქმე მიიყვანოს.

 

იმაზე ისაუბრონ, ნარკოტიკით, შიდსით, ვენერიული დაავადებებით რამდენი კვდება. უბრალო გრიპით 600 000 კაცი კვდება წელიწადში. წარმოიდგინეთ, რას გვიზამდნენ, სამღვდელოებას რომ გამოეცხადებინა, შიდსიანებს ან ჭლექიანებს არ ვაზიარებთო. რამდენჯერ  შევსულვარ ციხეში და ჭლექიანი, სასიკვდილოდ გადადებული ადამიანები მიზიარებია, მაგრამ ცოცხალი ვარ. სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა, მანამდე ათასი ინფექციური ავადმყოფობა არსებობდა და  მღვდლები დახოცილები უნდა ვიყოთ.

 

ეს ის ხალხია, რომელიც იძახის, ღმერთის ნუ გეშინიათო. ნახეთ, რა ხდება? ახლა მათ ერთუჯრედიანი მიკრობების ეშინიათ, როგორ სასაცილო და სავალალო მდგომარეობაში არიან.

 

ქრისტე ამბობს, „ეკლესია არის ლოდი თავკიდული, ვინც ამ ლოდს დაეცემა - დაიმტვრევა და ვისაც ეს ლოდი დაეცემა-გასრესს“. ვინც ეკლესიას დაუპირისპირდება ისე დაასრულებს, როგორც იულიანე განდგომილმა, ნერონმა, ვლადიმერ ულიანოვმა, ტროცკიმ და სხვებმა დაასრულეს!

წყარო : wyaro
big_banner
არქივი