logo_geo
ემიგრანტი: საქართველო უფროა ევროკავშირის წევრი, ვიდრე იტალია...
- +

15 მარტი. 2020. 23:51

 

 

ვარდი თვალაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის მიმართულებით დაამთავრა. შემდეგ სრული დაფინანსება მიიღო ლატვიის განათლების სამინისტროსგან და ერთი წელი სწავლა განაგრძო ლატვიის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. საქართველოში დაბრუნებული ასწავლიდა ქართულს საქართველოში მოღვაწე დიპლომატებს. 2012 წელს იტალიაში გათხოვდა და მას მერე იქ ცხოვრობს. ასწავლის ინგლისურ ენას, თანამშრომლობს სასამრთლო განყოფილებებთან და კრიმინალური სახის დოკუმენტებს თარგმნის. ასევე, ონლაინ ასწავლის უცხოელებს ქართულს. ის საკუთარი ოჯახისა და ამჟამად, იტალიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ გვიყვება:

 

 

- 4 წლის გოგონა გვყავს, მას ჯორჯა ჰქვია. თავისუფლად ლაპარაკობს სამ ენაზე. ვცხოვრობთ ბარიში, ვასწავლი ინგლისურ ენას, ვთანამშრომლობ სასამართლო განყოფილებებთან, ვთარგმნი დოკუმენტებს, ასევე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს საქართველოს საკონსულოსთან და ძალიან ბევრი კარგი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. იტალიაში წამოსვლამდე ქართულ ენას უცხოელ დიპლომატებს ვასწავლიდი, ახლა ამერიკელი სტუდენტებისთვის ონლაინ ვატარებ გაკვეთილებს.

                

 

 

- ახლა რა მდგომარეობაა იტალიაში?

 

 

- უნდა გამოვყო ემოციური და რეალური ფონი. იტალიელები ჩვენზე მეტად ემოციურები და დაუმორჩილებლები არიან. რეალური ფონი ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიაში, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. სამხრეთ ნაწილში გაცილებით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. ამის მიზეზად შეიძლება განვიხილოთ ის, რომ აქ, სამწუხაროდ, დასაქმების დიდი შანსი არ არის და სამხრეთელი იტალიელი უმეტესად ჩრდილოეთში მიდის ან საერთოდ ქყვეყნის გარეთ ეძებს სამუშაოს . ასევე, ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია ტურისტებისთვის უფრო მეტად მიმზიდველია და ამანაც გამოიწვია ვირუსის ამ მასშტაბით გავრცელება. კარანტინში სწორედ ამ ზონის ქალაქებია მოქცეული, სადაც სრულადაა სატრანსპორტო მიმოსვლა ჩაკეტილი. რაც შეეხება ბარის, ამ ეტაპზე შიდა სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა აკრძალული არ არის, დადის ავტობუსი, თუმცა გარკვეულ საათებში. ბარის მცხოვრებლებს სახლიდან გასვლა არ გვეკრძალება, თუმცა უნდა დავიცვათ გარკვეული ვადები და დამცავი ნიღბებისა და ხელთათმანების გარეშე არ უნდა გავიდეთ. დიდი ჰიპერმარკეტები, აფთიაქები და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ობიექტები ღიაა. ბარის კლინიკაში გარკვეული განყოფილებები შეცვალეს და სპეციალურად მოამზადეს, თუ შემთხვევების რიცხვი აქაც მოიმატებს. სამწუხაროდ, იტალიელები უფრო დაუმორჩილებლობას გამოხატავენ, ვიდრე ჩვენ, ქართველები. "მე არ დამემართება" განცდა აქვთ და არ ითვალისწინებენ ხშირად რეკომენდაციებს. მთავრობის მიერ გაცხადებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პროტესტი აქვთ. სავაჭრო ობიექტებში ბევრი დადის ხელთათმანებისა და ნიღბის გარეშე. ჩემი მეუღლე ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობს და სრული წესის დაცვით უფრთხილდება საკუთარ თავსაც და სხვასაც, მაგრამ მთელი რიგი ურჩი მომხმარებლები ჰყავს, რომლებიც ბანკში დღემდე ნიღბისგარეშე შედიან და არც დისტანციას იცავენ. ძალიან დიდ გულგრილობას და გაუფრთხილებლობას გამოხატავენ.

 

 

ქართული ანდაზის არ იყოს, "ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო". რა თქმა უნდა, უკან გახედვისას, ვხვდებით იმასაც, რამდენი შეცდომა დაუშვა იტალიის მთავრობამ. ჩემი მათდამი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ცოტა მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ და ძალიან ცივილურად და ლმობიერად მიუშვეს კონტროლი. არ მოათავსეს შესაძლო ინფიცირებულები კარანტინში, წინასწარ არ იზრუნეს ამაზე. დაეყრდნენ მხოლოდ თერმო მაჩვენებლებს მაშინ, როცა ძალიან ბევრ ადამიანს ვირუსი საინკუბაციო პერიოდში ჰქონდა, და თავისუფლად გაუშვეს ქვეყნის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ისეთი კლინიკაა, რომლებიც ნაცნობობით და მეგობრობითაა შექმნილი და ამ ნიშნით მუშაობენ ადამიანები, დაფინანსება კი მაღალი აქვთ. აქედან გამომდინარე, არც ჯანდაცვის ხარისხია მაღალი და ახლა ჩრდილოთ და ცენტრალურ იტალიაში გარკვეულ კლინიკებში, პაციენტების გადარჩევა უწევთ იმის გამო, რომ საკმარისი სივრცეები, აღჭურვილობა არ აქვთ. გამოჩნდა, რომ მოუმზადებლები არიან ამგვარი გლობალური პრობლემების წინაშე.

 

 

 

იტალიაში ვირუსის შემოტანის პირველი შემთხვევა 19 ან 23 იანვარს დაფიქსირდა. ეს გახლდათ გერმანელი, რომელსაც ჩინელ მეგობართან ჰქონდა კონტაქტი და მისგან გადაედო. პირველივე შემთხვევები დროულად ვერ მოიძიეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ მან ბევრ ადამიანს გადასდო.

 

 

- როგორ ფიქრობთ, რატომაა სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

 

 

- არავინ ელოდა, რომ ვირუსი ასე სწრაფად გავრცელდებოდა. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი პროფესორები და ვირუსოლოგები საუბრობდნენ შესაძლო საფრთხეებზე, მაგრამ საგულისხმოდ არავინ მიიღო. იტალია ძალიან ბიუროკრატიული ქვეყანაა და აქ ერთი დოკუმენტისთვის შეიძლება მთელი კორიდორი მოგატარონ, სხვადასხვა ბეჭედი დაგარტყმევინონ მაშინ, როცა საქართველოში უმარტივესად შეიძლება ამისგაკეთება. გარდა ამისა, იტალიის მოსახლეობის ¼-ს მოხუცი ადამიანები შეადგენენ. 80 წელს გადაცილებული ხალხი მხნედ გამოიყურება და ფანტასტიურ ფორმაში არიან, დადიან საკუთარი მანქანით, შეუძლიათ დამოუკიდებლად წავიდნენ კურორტებზე დასავენებლად, თავად დადიან მაღაზიებში. 87 წლის მამამთილი მყავს, ძალიან ხშირად მეხმარება საკუთარი მანქანით. კარგ ფორმაშია, მაგრამ ამ ასაკის ადამიანებს ხომ მაინც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვთ. ეს ვირუსი სწორედ მათთვისაა განსაკუთრებით სარისკო და საშიში. გარდაცვლილების უდიდესი ნაწილიც სწორედ მათზე მოდის.

 

 

- როგორ ახერხებთ პროდუქტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენას?

 

 

- გარკვეული საათები გვაქვს გამოყოფილი, რომელთა დაცვის შემთხვევაში, დიდ ჰიპერმარკეტებში წასვლა შეგვიძლია. პატარა მაღაზიები დაკეტილია, დახურულია ყველანაირი ბარი, კაფე და ასე შემდეგ. მუშაობს მხოლოდ აფთიაქი. ამ ეტაპზე ღიაა ბანკებიც და საფოსტო მომსახურებებიც, თუმცა შეზღუდულად მუშაობენ. უნდა ითქვას, რომ ჩვენთან დღემდე არ გადასულან ონლაინრეჟიმებზე, მაშინ, როცა ჩრდილოეთ იტალიაში ონლაინ რეჟიმით მიმდინარეობს სწავლა. სხვა ქვეყნებში, სადაც გავრცელების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა ნულის ტოლი, მრავალი კერძო თუ სახელმწიფო სექტორი ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. მაშინ, როცა იტალიის სამხრეთი ნაწილი ისევ ფიზიკურ შრომაზეა დარჩენილი. ჰიპერმარკეტები დაცარიელებული არ არის, თუმცა სადეზინფექციო საშუალებები და ხელის გელები სამ კვირაზე მეტია გამქრალია ქსელებიდან. იყიდება აბსოლუტურად ყველაფერი, ფასდაკლებებიცაა პროდუქტებზე. პანიკა არ შეინიშნება, თუმცა მყიდველთა ნაწილი ნიღბისა და ხელთათმანების გარეშე შემოდის. დახლებს შორის ორი მეტრია სხვაობა. ზოგიერთ ჰიპერმარკეტთან რიგია და ყველას ერთად არ უშვებენ. მე ძალიან მშვიდად მოვიმარაგე საჭირო პროდუქტები.

 

 

 

- ბავშვებთან დაკავშირებით უსაფრთხოების რაიმე გაძლიერებული ზომები ხომ არაა გატარებული?

 

 

 

- როგორც კი პირველივე შემთხვევები გამოჩნდა, ჩემი შვილი ბაღში აღარ გამიშვია. 5 დღეზე მეტი გაცდენის შემთხვევაში, ექიმის მიერ დაწერილ ცნობას ითხოვდნენ, ამიტომ, პერიოდულად ვუშვებდი ხოლმე, მაგრამ ჭამის პერიოდში გამომყავდა. სამწუხაროდ, ბაღში ბავშვებს ხელებს არ ბანენ. ჯგუფში 24 ბავშვია, რაც ძალიან ბევრია. მასწავლებლები ამით იმართლებენ თავს, რომ ყველას დაბანას ვერ ასწრებენ. არის სველი ხელსახოცები. ბავშვები მიშვებულები არიან თავის ნებაზე და ვინ როგორ იწმენდს ხელებს, ღმერთმა იცის. ჩემი კეთილი ნებით უფასოდ დავიწყე ინგლისურის გაკვეთილების ჩატარება და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ვერ იწმენდენ ბავშები ხელებს.

 

 

ცოტა ხნის წინ სკოლებიც დაიხურა. სკოლების დახურვაზეც ძალიან დააგვიანეს. ახლა 3 აპრილამდეა შეჩერებული პროცესი. არ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ბაღიდან ძალიან ახლოს ვცხოვრობ და, ამ დროის მანძილზე, არ დამინახავს, რომ დაესუფთავებინოთ. არც ერთ საინფორმაციო გამოშვებაში არ მომისმენია, რომ საგანგებოდ შევიდნენ და დაასუფთავეს რომელიმე დაწესებულება, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. პარალელისთვის რომ აღვნიშნო, პირველად რომ ჩამოვსულიყავი დედამიწაზე და ევროპა შემესწავლა, ჩავთვლიდი, რომ საქართველო უფროა ევროკავშირის წევრი, ვიდრე იტალია. მომზადების, წინასწარ გამოჩენილი სიფრთხილისა და ხალხის სიყვარულის გამო, იტალია, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ქაოტურია.

 

 

- რას იტყვით საქართველოში კორონავირუსთან მიმართებით განვითარებულ მოვლენებზე, რით განსხვავდება იტალიისაგან?

 

 

- უაღრესად ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ყოველთვის ვამაყობდი და ამ ჩემს სიყვარულს პროფესიით გამოვხატავ, როცა ვცდილობ, რომ უცხოელებს ქართული ენა და საქართველო შევაყვარო. ახლა ორმაგად ვამაყობ ზუსტად ამ ღონისძიებების სწორად გათვლისთვის, დაგეგმვისთვის და სწორი მენეჯმენტისთვის. თუნდაც ის, რომ მგზავრები საკარანტინო ზონაში გააჩერეს, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. ყოჩაღ, საქართველოს მთავრობას და თითოეულ ექიმსა და ექთანს. ყველა მათგანს, ჩემგან, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისგან, დიდი მადლობა, რომ ფანტასტიურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი