logo_geo
„ციანიდის საქმის“ სკანდალური გაგრძელება – სად შეიძინა ეჭვმიტანილმა ციანიდი?
- +

13 მარტი. 2017. 14:30



„ციანიდის საქმის" ირგვლივ სკანდალი გრძელდება. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჩანაწერებმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ამ სტატიაში შევეცადეთ, გაგვერკვია ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიებში ჩაკარგული რეალობა და პასუხი გაგვეცა კითხვისთვის - აპირებდა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას? „პრაიმტაიმი" ესაუბრა როგორც საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს, ისე ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს მიხეილ რამიშვილს.


მაშ ასე, ახალი ურთიერთბრალდებები პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ჩანაწერების შემდეგ... „ციანიდის საქმეში" არსებული იარაღის ეპიზოდი მთავარი მოწმისა და ბრალდებულის ადვოკატის მორიგი დაპირისპირების საფუძველი ხდება. რატომ არის დარწმუნებული ირაკლი მამალაძე, რომ დეკანოზი ციანიდს მართლაც მკვლელობის მიზნით ეძებდა?

 

- ირაკლი, გარდა იმ ფრაზებისა, რომ „შორენა დასაბრედია" და „მარილზე უნდა გავუშვათ", სხვა რა მიუთითებს იმაზე, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობას ამზადებდა?


- რესტორან „მეფეთა უბანში" გაკეთებული ფარული ჩანაწერით ცხადი გახდა, რომ ის ამ ყველაფერს იერარქიული წინსვლის კონტექსტში განიხილავდა. ის ამბობს, რომ დაიკავებს ან შორენას, ან მიქაელ ბოტკოველის, ან დავით ჭინჭარაულის ადგილს. ეს სამივე პიროვნება არის მისი უწმინდესობის უახლოესი გარემოცვა. წლებია, ისინი პატრიარქთან ერთად მოდიან და ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირები არიან. თქვენ როგორ ფიქრობთ, პატრიარქი რომელიმე მათგანს გაუშვებდა და მათ ადგილას გიორგი მამალაძეს დანიშნავდა?! ეს ხომ აბსურდია. დეკანოზ გიორგი მამალაძის კარიერული წინსვლა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ახალი პატრიარქის პირობებში. გარდა ამისა, ის ითხოვდა ციანიდის სასიკვდილო დოზას და დაინტერესებული იყო, შევიდოდა თუ არა რეაქციაში. იქვე საუბრობს ადამიანზე, რომელიც ტკბილეულს არ ჭამს და ამას ამბობს სწორედ ციანიდთან კონცენტრაციის კუთხით. ახლა ვისაც უნდა, რომ თვალი დაიბრმაოს, კი ბატონო, არაა პრობლემა. ზოგს მკვლელობის ამსახველი კადრებიც რომ დაუდო წინ, შეიძლება არ დაიჯეროს. ეს ჩემი პრობლემა არ არის. მე ჩემს სინდისთან მართალი ვარ და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ამაში დარწმუნებულია, მით უმეტეს, ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ. ეს ადამიანი ამ ნივთიერებით აპირებდა პატრიარქთან გამგზავრებას და იქ პატრიარქის მიმართ გამოიყენებდა საწამლავს, შორენას მოკლავდა თუ მთელ ამალას ამოხოცავდა, ამის წინასწარ გათვლა ძნელია, თუმცა, ის, რომ ეს ნივთიერება ნამდვილად მკვლელობისთვის უნდოდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩემი შთაბეჭდილებით, ეს იყო პირადად პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული, თუმცა, გამოძიებას თავისი სტანდარტები აქვს და როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არსებული უტყუარი მტკიცებულებებით შორენას მკვლელობის მომზადება დადასტურებულად მიიჩნიეს, თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, პოტენციურ მსხვერპლთა წრე, ისევე როგორც ეჭვმიტანილთა წრე, გაფართოვდეს. საუბარი იმაზე, რომ თითქოს გიორგი მამალაძე ციანიდს არ ეძებდა და ეს ყველაფერი მიმართული არ იყო ადამიანის მკვლელობისთვის, არის სრული აბსურდი.


- საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე რამდენად ხშირი ურთიერთობა გქონდა მამა გიორგისთან?


- საკმაოდ ხშირი. ამ თემებზე ჩვენ გვქონდა საუბრები, რომლებიც არ არის ჩაწერილი და ძალიან კარგად ვიცოდი მათი განწყობები.


- „მათში" ვის გულისხმობ?


- ადამიანებს, რომელთა ჯგუფშიც მოიაზრებოდა გიორგი მამალაძე. მე ვიცოდი, რომ ამ ადამიანებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ და ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები.

 

- რატომ?


- იმიტომ რომ ისინი რადიკალურად იყვნენ დაპირისპირებულნი მთელ რიგ სასულიერო პირებთან, მათ შორის პატრიარქის უშუალო გარემოცვასთან. მათ ისინი განიხილავდნენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს. მაღალი იერარქიის კონკრეტულ პირებზე ისინი კულუარულად ავრცელებდნენ ინფორმაციებს და ამ კონტექსტში თანამშრომლობდნენ ჩემთანაც, როგორც ჟურნალისტთან. მას შემდეგ, რაც სინოდის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რაც სურდათ, დაიგეგმა დანაშაულებრივი გეგმა. ცხადია, ეს უკვე აღარ იყო ანტიპიარი და მე მათ ამ გეგმაში ვერ გავყვებოდი. ამიტომაც მივმართე ნაცნობ ადვოკატს და ვთხოვე, გაეფრთხილებინა საპატრიარქოს კონკრეტული იერარქები დაგეგმილი დანაშაულის შესახებ. შემდეგ იურისტებმა მირჩიეს, რომ განცხადება შემეტანა პროკურატურაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, პირადად მეც შემქმნოდა სამართლებრივი პრობლემები, თუნდაც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ასეთ სენსიტიურ თემაზე. პროკურატურამ ჩემი მიმართვის შემდეგ დაგეგმა მთელი რიგი ოპერატიული ღონისძიებები, რის ფარგლებშიც მომიწია, დამატებით მეწარმოებინა ფარული ვიდე-აუდიოგადაღება. სწორედ ამ ჩანაწერებით კიდევ უფრო ცხადია გახდა ამ ადამიანის რეალური ზრახვები და მე ამას ნამდვილად არ ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დაუმსახურებელ ლანძღვასა და ტალახის სროლას აქვს ადგილი. მე მოვიქეცი ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი კანონმორჩილი ადამიანი. გერმანიაში გამგზავრებამდე ეს ჯგუფი მაქსიმალურად ცდილობდა პატრიარქის იზოლირებას, გაუმზადეს სპეციალური ოთახიც, სადაც უნდა გადაეყვანათ მისი უწმინდესობა და თავად გაეკონტროლებინათ სიტუაცია. მაგრამ მას შემდეგ, რაც გერმანიაში წასვლა გადაწყდა და ცხადი გახდა, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდებოდა, დაიგეგმა ეს ყველაფერი, თუმცა, ციანიდს მანამდეც ეძებდნენ. საპატრიარქოში პატარა იზოლირებული სამედიცინო ოთხის მოწყობა რატომ უნდა გადაეწყვიტა სოსო ოხანაშვილს, ან მამა გიორგის, როცა პატრიარქს ჰყავს უამრავი მეგობარი სამედიცინო სფეროდან, იქნება ეს გულიკო ჩაფიძე, ფრიდონ თოდუა და სხვები.


- ანუ ფიქრობ, რომ სოსო ოხანაშვილი არის პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი?


- ოხანაშვილი დაკავშირებულია ამ საქმესთან.


- ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა კითხვა: იმ პერიოდში, როცა პროკურატურას გიორგი მამალაძე ფარულ კონტროლზე ჰყავდა აყვანილი, როგორ მოახერხა მან ან ფულის შოვნა, ან ციანიდის შეძენა?


- ციანიდი არის ამოღებული, ეს ნივთმტკიცება ამოიღეს გიორგი მამალაძის ადვოკატის თანდასწრებით. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ნივთიერება მას ვინმემ ჩაუდო. რაც შეეხება მის სამდღიან გაუჩინარებას, ეჭვი მაქვს, რომ რადგან მე ვერ მივაწოდე თავის დროზე ეს ნივთიერება, მან ამ პერიოდში გამონახა ალტერნატიული წყარო, საიდანაც შეძლებდა მის შოვნას. მეუბნებოდა, რომ შენ გელოდები, ამის გამო ვერ მივდივარ გერმანიაში, სასწრაფოდ მჭირდებაო.


- სად გაუჩინარდა ის ამ სამი დღის განმავლობაში? ანუ 6-დან 9 თებერვლამდე პერიოდში?


- შემიძლია გითხრათ, რომ ის ნამდვილად არ ყოფილა სახლში. თვალთვალი მიმდინარეობდა. დარწმუნებული ვარ, მისი გადაადგილების მარშრუტი დადგენილია, მაგრამ ასე ხელაღებით ხელს ვინმეს ხომ არ დაადებენ. ყველა შეხვედრაზე, სახლებსა თუ სხვადასხვა ობიექტებზე პროკურატურის წარმომადგენელი ხომ ვერ მოახერხებდა დაშვებას. ეს უკვე მამა გიორგიმ უნდა განმარტოს, სად და ვისთან რა მიზნით გადაადგილდებოდა ამ პერიოდში.


- შენ ახსენე გადაადგილების მარშრუტი... გეოგრაფიული თვალსაზრისით, სად იმყოფებოდა ამ დროს გიორგი მამალაძე, თბილისში თუ რომელიმე რეგიონში?


- როგორც ვიცი, ამ სამი დღის განმავლობაში რეგიონებში მან ძალიან ბევრი შეხვედრა გამართა. ჩემი ინფორმაციით, ის ძირითადად დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდა.


- რაც შეეხება დეკანოზის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღს... ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ეს იარაღი გიორგი მამალაძეს შენ მიაბარე და უთხარი, რომ სამართალდამცავებთან გქონდა რაღაც პრობლემა...


- ეს არის სრული აბსურდი. ალბათ, გიორგი მამალაძეს ვინმემ ურჩია, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ასეთი სისულელეები მოიგონოს. და მე პირდაპირ გეტყვით, ვინ ურჩია. ეს არის მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, საქმეში მეუფე პეტრეს ინიციატივით ჩაერთო. თავიდან ადვოკატები ამბობდნენ, რომ ეს იარაღიც ჩადებული იყო, მაგრამ საქმეში მიხეილ რამიშვილის ჩართვის შემდეგ მოიფიქრეს ვერსია, რომ კი არ ჩაუდეს, თურმე მე მიმიბარებია. ჯერ ერთი, 21-ე საუკუნეში არსებობს ექსპერტიზა, იქნება ეს სახელმწიფო თუ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, და ნებისმიერ დროს შესაძლებელია იმის დადგენა, მქონდა თუ არა შეხება ამ იარაღთან. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არათუ ამ კონკრეტულ იარაღთან, არამედ ცხოვრებაში არანაირ იარაღთან არ მქონია შეხება და ამას დაადასტურებს ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი მიცნობს. მე არ მქონია არანაირი პრობლემა სამართალდამცავებთანაც, განსხვავებით ადვოკატ მიხეილ რამიშვილისგან.


- რას გულისხმობ? მიხეილ რამიშვილს ჰქონდა პრობლემა სამართალდამცავებთან?


- კარგად გაიხსენოს ბატონმა ადვოკატმა, რა მოხდა 2011 წლის 19 ივნისს ტაშკენტის ქუჩაზე და ჩემს პრობლემებზე მერე ისაუბროს.


- რა მოხდა, შენ გვითხარი?


- მე ვიცი მისი კოლეგებისგან, რომ მაშინ ბატონი რამიშვილი ფაქტზე დააკავეს სამართალდამცავებმა. მას ჰქონდა ორი იარაღი - ავტომატი და პისტოლეტი. გასროლა განახორციელა კონკრეტული პირების მისამართით. დაიჭირეს, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ გირაოთი გაათავისუფლა, 2013 წელს კი ამნისტიის საფუძველზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა. ეს კარგად იცის ყველა ადვოკატმა, რომელსაც მასთან ჰქონია შეხება და მესმის, რომ ისინი, კოლეგიალურობის პრინციპიდან გამომდინარე, ამაზე ღიად არ საუბრობენ. არც მე ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. აშკარაა, რომ უკანონო იარაღთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს მიხეილ რამიშვილს და ამიტომაც ცდილობს ასეთ სიბინძურესთან ჩემს დაკავშირებას. ეს ადამიანი დაქირავებულია იმიტომ, რომ მამა გიორგიმ არ დაასახელოს ჯგუფის წევრები. ის „ციანიდის საქმეში" სწორედ ამ ხაზს უზრუნველყოფს.


ირაკლი მამალაძის ამ ბრალდებებზე და, ასევე, „ციანიდის საქმეში" არსებულ საეჭვო გარემოებებზე „პრაიმტაიმი" ადვოკატ მიხეილ რამიშვილს დაუკავშირდა. აი, რას ამბობს დეკანოზის ინტერესების დამცველი.


- ბატონო მიხეილ, თქვენ ეკა კვესიტაძის გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოთქვით ეჭვი, რომ იარაღი დეკანოზს ირაკლი მამალაძემ მისცა შესანახად, თუმცა, უფრო ადრე, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვით, რომ ეს ინფორმაცია უშუალოდ მამა გიორგისგან გაქვთ... ანუ მაინტერესებს - ის, რომ იარაღი ირაკლი მამალაძეს ეკუთვნოდა, არის თქვენი ვარაუდი თუ მამა გიორგის მიერ დადასტურებული ინფორმაცია?


- ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს მამა გიორგისგან. ჩემს მიერ კვესიტაძის გადაცემაში გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

 

- ჩვენ ვესაუბრეთ ირაკლი მამალაძესაც... მან თქვენი მისამართით გააჟღერა საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია და მინდა ამ ინფორმაციის თქვენთან გადამოწმება. ის ამბობს, რომ წარსულში არათუ მას, არამედ თქვენ გქონდათ პრობლემები სამართალდამცავებთან სწორედ იარაღის უკანონო ტარების გამო და თითქოს ამის გამო გასამართლებულიც კი იყავით... მართალია?


- ვინც ამას ამბობს, კარგად გაიხსენონ, სანდრო გირგვლიანის პროცესი რომ მიმყავდა, და ეს საქმე მე ბოლომდე მივიყვანე. თუ ვინმეს დაავიწყდა, რა უნდოდათ ჩემგან და რა პრობლემები უნდა შეექმნათ ჩემთვის, კარგად გადახედონ არქივს. თუნდაც „კავკასიის" ეთერში შალვა შავგულიძის განცხადებას, სადაც თქვა, რომ სტრასბურგში გირგვლიანის საქმის მოგება სწორედ მიშიკო რამიშვილის მუშაობის შედეგიაო. მე კრიმინალური პრობლემა არასდროს არ მქონია. ერთი დოკუმენტი დადონ ამაზე. 13 წელია, ადვოკატი ვარ. რომელ იარაღზე მელაპარაკება ირაკლი მამალაძე? მე სიცოცხლესთან მქონდა პრობლემა, როდესაც გირგვლიანის საქმე მიმყავდა. თუ აქამდე ხმას რომ არ ვიღებდი, ირაკლი მამალაძის სალაპარაკო გავხდი?! ვინმეს ნანახი აქვს ჩემი ნასამართლობის საბუთი?! ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. კი ბატონო, პრობლემები მქონდა და გითხარით, რატომაც - ეს უკავშირდებოდა სანდრო გირგვლიანის საქმეში ჩემს ჩართულობას. ცოტა გონს მოეგოს ირაკლი მამალაძე და გაარკვიოს, ვისზე რა უნდა იტლიკინოს. იცით, რომ მაშინ მე დაცვის აყვანასაც კი მთხოვდნენ, მაგრამ მაგისგან განსხვავებით, დაცვით არასდროს მისარგებლია. რაიმე მსგავსი რომ ყოფილიყო, სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს ვინმე გამაჩერებდა გარეთ „ნაციონალების" დროს? ეს ხომ აბსურდია.


- გასაგებია. რაც შეეხება უშუალოდ დეკანოზის საქმეს... თქვენ განაცხადეთ, რომ შორენა თეთრუაშვილის დავალებით ეძებდა ციანიდს მამა გიორგი, მაგრამ ფარულ ჩანაწერებში არის რამდენიმე დეტალი, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის ამ ვერსიასთან... მაგალითად, გიორგი მამალაძის ფრაზა - „ჭიქაში რომ დარჩეს, მერე რა, ვინ დაადგენ, რო? ექსპერტიზა?"... აი, ეს ფრაზა როგორ ჯდება თქვენ მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში, რომ დეკანოზი ციანიდს შორენა თეთრუაშვილის დავალებით ნაცნობი ოქრომჭედლისთვის ეძებდა?


- მე მაგიტომაც ვამბობ, რომ მაგას ვერავინ ვერაფერს ვერ დაუკავშირებს. სანამ ჩანაწერი სრულყოფილად არ იქნება ნაჩვენები და გაანალიზებული, ვინ როგორ ცდილობს მამა გიორგის დაბნევას, რაღაც თემების შეგდებას და ა.შ. მანამდე ეს კითხვა და კონკრეტული ფრაზა იქნება ღია და პასუხგაუცემელი. მე ვამბობ, რომ საუბრის შინაარსზე წარმოდგენა უნდა გვქონდეს თავიდან ბოლომდე და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვარიანტზე.

 

- დიახ, მაგრამ თქვენ ხომ გაქვთ ნანახი სრული ჩანაწერი და რით ხსნით ამ ფრაზას - „დარჩეს ჭიქაში მერე, ვინ დაადგენს რო? ექსპერტიზა?"... გასაგებია, რომ შესაძლოა, ფრაზებს „დასაბრედია ეგ შობელძაღლი" და „შორენა მარილზე უნდა გავუშვათ" ხუმრობით, ან ზოგადად იყოს ნათქვამი, მაგრამ ციანიდის ჭიქაში დარჩენასა და ექსპერტიზის მიერ დადგენაზე საუბარი, პროკურატურის ვერსიას ხომ არ ამყარებს?


- ეს არის ორი ადამიანის ლაპარაკი. ფრაზა - ვერავინ ვერაფერს ვერ დაადგენს - ეს არის პრივატული საუბარი, რომელიც აბსოლუტურად სხვა რაკურსით უნდა იყოს შეფასებული.


- ამავე ჩანაწერში მამა გიორგი ინტერესდება ნატრიუმის ციანიდის მოქმედებით და ამბობს, - „რეაქციაში რომ არ შევიდეს?!" ეს რითი აიხსნება?


- კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო პრივატული საუბარი. თქვენ არ გქონიათ ადამიანთან, მით უმეტეს მეგობართან რამე ისეთი საუბარი, რომ რაღაც კითხვები გაგჩენიათ?!


- ამ ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს, რომ შორენა თეთრუაშვილსა და მამა გიორგის მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ ერთმანეთთან... რატომ დაავალებდა თეთრუაშვილი მას ციანიდის შოვნას ოქრომჭედლისთვის და რატომ იქნებოდა მამა გიორგი ასეთი მოწადინებული შორენას დავალების შესასრულებლად?


- ძალიან კარგი იქნება, პროკურატურამ სატელეფონო საუბრებიც გაასაჯაროოს და მერე მიხვდებით, რაზეა ეს ყველაფერი დაყრდნობილი.


- რას გულისხმობთ? სატელეფონო საუბრებში რა ხდება ისეთი, რამაც შესაძლოა, თქვენი პოზიცია გაამყაროს?


- აბსოლუტურად განსხვავებული საუბრები მიმდინარეობს მამა გიორგისა და სხვა პირებს შორის. მე არ მაქვს უფლება, მამა გიორგის ნებართვის გარეშე ამ საკითხზე ვისაუბრო, მაგრამ იმედია, ეს ჩანაწერებიც გასაჯაროვდება.


- დაბოლოს, მინდა გკითხოთ... ამავე ჩანაწერებში მამა გიორგი საუბრობს თავის კარიერულ წინსვლაზე. „მე წავალ ან ბოტკოველის ადგილზე, ან შორენას ადგილზე, ან დავით ჭინჭარაულის ადგილზე", - ამბობს ის. რა გზით იყო შესაძლებელი მისი ეს კარიერული წინსვლა საპატრიარქოში?


- როგორ შეიძლება ასეთ წინსვლაზე იყოს საუბარი ადამიანის მოკვლის შემდეგ?! ამ ლოგიკით, გამოდის, რომ მამა გიორგი მიდიოდა გერმანიაში, იქ უნდა ამოეხოცა მთელი სასულიერო პირები და მერე თავად აეღო ხელში ძალაუფლება?! ეს ხომ ალოგიკურია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. კარიერულ წინსვლაზე ლაპარაკიც სწორედ ამ დროის კონტექსტში მიდის, იქნებ ადამიანი პენსიაზეა გასასვლელი ხომ? ხომ შეიძლება ის ამ კონტექსტში განიხილავდა საკუთარ მომავალს?!





ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი