logo_geo
ხათო ნაჭყებია: ღმერთამდე აღწევდა მისი მეუღლის განწირული ღრიალი და გლოვა
- +

22 მარტი. 2020. 23:22

 

 

 

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. გარდაცვლილი ქალის მული ამბობს, რომ ესპანეთში საგანგებოდ კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების თანახმად, ვირუსით გარდაცვლილის გვამს კრემაცია უნდა ჩაუტარდეს, ან ესპანეთში დაიკრძალოს და მხოლოდ 5-6 წლის გასვლის შემდეგ იქნება ნებადართული გარდაცვლილის ექსგუმაცია და გადასვენება.

 

 

AMBEBI.GE გარდაცვლილის მულს, ხათო ნაჭყებიას ესაუბრა.

 

 

- როგორ აღმოჩნდით ესპანეთში და როდის დაუდგინდა კორონავირუსი თქვენს რძალს?

 

 

- პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენც და ყველას, ვინც ჩვენი ამბით დაინტერესდა და გულთან მიიტანა. ჩემი მიზანია, რომ ჩვენი ტრაგედია საქართველოს ხელისუფლების და პირადად გიორგი გახარიას ყურამდე მივიდეს. მე ესპანეთში ორი წელია ვცხოვრობ და ვმუშაობ. ცირას საქართველოში დაუდგინეს საშოს ავთვისებიანი სიმსივნე. ამიტომ დიდი წვალებით, ვინ არ დაგვემხმარა, შევაგროვეთ თანხა და წამოვიყვანეთ ესპანეთში. აქ 2 მარტს ჩამოფრინდა მეუღლესთან ერთად, ჩამოსვლისთანავე დახვდნენ კეთილი ქართველები და მიიყვანეს საავადმყოფოში. იქ გასინჯეს და გაუშვეს თავშესაფარში.

 

 

სამი დღე იყო თავშესაფარში. მესამე დღეს დაეწყო კანკალი და საშინლად ცუდათ გახდა. ქალბატონი ლალი ჭილაიას დახმარებით საავადმყოფოში დავაწვინეთ. ექიმებმა თქვეს, სეფსისი აქვსო და სასწრაფოდ უნდა გავწმინდოთ ორგანიზმიო. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, ორგანიზმი გასუფთავდა და პირველი ქიმია გაუკეთეს. ქიმიის გაკეთებიდან მეორე დღეს ექიმებმა თქვეს, კორონავირუსის სიმპტომები აქვსო და სასწრაფოდ გადაიყვანეს იზოლირებულად, დაუწყეს მკურნალობა და ხუთ დღეში გვითხრეს, კორონა ვირუსისგან განიკურნა და მეორე ქიმია უნდა დავიწყოთო. მეორე ქიმია რომ გაუკეთდა, დაკარგა მხედველობა, წაერთვა ხელ-ფეხის მგრძნობელობა, მაგრამ ისევ დაუბრუნდა მეორე დღეს. მესამე დღეს კი დაგვირეკეს გამთენიისას და გვითხრეს, პაციენტი დავკარგეთო. ვერ აღვწერ ამ ტკივილს.

 

 

- გარდაცვალების მიზეზად რა დაგისახელეს? სიმსივნე თუ კორონავირუსი?

 

 

-გარდაცვალების მთავარ მიზეზად კორონავირუსი დასახელდა. გვეუბნებიან, მეტასტაზმი ჰქონდა ფილტვზე და კორონავირუსი რომ დაემატა დააჩქარაო. როგორც გითხარით, საქართველოში უთხრეს მელანომა, საშოს კობო, რაც ესპანეთში არ დადატურდა. აქ კორიკარცილომა, ანუ კანის კიბო დაუდგინეს. საქართველოშს არ ამოაჭრეს სიმსივნე, რომელიც გარეთ ჰქონდა გამოსული და ამის გამო განვითარდა სეფსისი, სულზე ჩამოასწარითო თორემ სეფსისი მოკლავდაო - აქ გვითხრეს.

 

 

კორონავირუსით საავადმყოფოში დაინფიცირდა. მუხლმოდრეკილი გევედრებით ყველას. განსაკუთრებით ბატონ გიორგი გახარიას, რომ ჩვენი მიცვალებული სამშობლოში ჩამოვასვენოთ. ესპანეთი არ გვაძლევს უფლებას, გვეუბნება უნდა მოხდეს გვამის კრემაცია, ან ესპანეთში დაკრძალვა 5 -6 წლით.

 

 

გევედრებით, სთხოვეთ ესპანეთის ხელისუფლებას დაუშვან გამონაკლისი და ჩვენი მიცვალებული გაგვატანონ რომ დავკკრძალოდ წესისამებრ. გამწარებულმა დედამ შვილი დაიტიროს და შვილებმა კი - დედა. გემუდარებით, დაგვეხმარეთ. ისედაც დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, დაუშვით გამონაკლისი იმ ხუთი შვილის ხათრით ცირამ რომ დაუტოვა სამშობლოს.

 

 

 

- საქართველოს საელჩოში დარეკეთ? რას გეუბნებიან საკონსულოში?

 

 

- აქ დავუკავშირდი საელჩოს და მითხრეს, რამდებიმე დღეა შეიცვალა კანონი ესპანეთშიო. ეხლა ამ პანდემიის დროს ან დაწვავენ სხეულს, ან დაკრძალავენ აქ და 5-6 წლოს შემდეგ წაიღებთო. საელჩო გვერდით გვედგა, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა.

 

 

- მის მეუღლეს, ან თქვენ თუ გქონდათ შეხება გარდაცვლილთან და თვითიზოლაციაში იმყოფებით?

 

 

- მისი მეუღლეც აქ არის. ჩემი ძმა თვითიზოლაციაშია და აკვირდებიან, რადგან შეხება ჰქონდა ცირასთან. კორონავირუსზე შიშობენ. ჩემი ძმა გუშინ დაჭრილი დათვივით ღრიალებდა. ღმერთამდე აღწევდა მისი განწირული ღრიალი და გლოვა. მეც მქონდა შეხება. წუთით არ მოვშორებივარ პალატიდან, სულ გვერდით ვეჯექი. პალატაში მთელი ღამე მის გვერდით გავატარე და ერთი წამითაც არ ვნანობ, ნეტავ, კიდევ მეტი დრო გამეტარებინა. ის ჩემი ანგელოზი იყო. ძალიან მიყვარდა. ახლა მეც თვითიზოლაციაში ვარ,მაგრამ წუთითაც არ ვნანობ რომ ვნახე.

 

 

ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია და ცირას ავადმყოფობამ დამავიწყა ყველაფერი და ხალხს ერთ ლარს ვთხოვდი.ოღონდ გადარჩენილიყო და მზად ვიყავი შეუძლებელიც შესაძლებელი გამეხადა. ცირა იყო საუკეთესო გოგო, საუკეთესო რძალი, უსაყვარლესი ცოლი და გმირი დედა. ხუთი შვილი დაუტოვა სამშობლოს. არ მავიწყდება, პალატაში რომ ვიყავი მასთან, ჩავეხუტე, გადმომხედა და მითხრა, ხათო იცი რა მაინტერესებს, ექიმს ჰკითხე ხვალ სახლიდან გავიკეთებ ქიმიებსო. შენც აქ ხარ, გავისეორნოთ სადმეო.

 

 

როგორი იმედი ჰქონდა, რომ შევძლებდი მასთან ერთად სეირნობას. როგორი იმედი მქონდა, რომ ჩემი გოგო მის ქმარს ხელს არასდროს გაუშვებდა. წარმოუდგენლად უყვარდათ ერთმანეთი. ვერ ვუძლებ. გამწარებული დედა ელოდება თავის შვილს და ხუთი შვილი კი დედას. უკანასკნელ გზაზე გაცილების საშუალება მისცენ, ისედაც ძალიან დაიტანჯა ეს გოგო. იქნებ რისი დაბარება უნდოდა თავისი შვილებისთვის, ქმრისთვის, იქნებ რა უნდოდა ეთქვა. ვთხოვ ჩვენს მთავრობას, იქნებ დააშვებინონ ეს ერთი გამონაკლისი, რომ ეს ახალგაზრდა, ისედაც ნატანჯი გოგო თავის უბედურ დედას და შვილებს დაატირებინონ".

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, უწყება მუდმივ კონტაქტზეა ოჯახთან, თუმცა მათ ვერაფრით ანუგეშებს, რადგან ჯანმო-ს პროტოკოლის გათვალისწინებით, ახლა არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რითაც შესაძლებელი გახდება გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენება. ხვთისიაშვილის თქმით, ჰქონდათ მოლაპარაკების რამდენიმე მცდელობა ესპანელ კოლეგებთან, თუმცა ამ სიტუაციაში ესპანეთის და საქართველოს მთავრობაც ვალდებულია დაწესებული პროტოკოლით იხელმძღვანელოს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი