logo_geo
ნუცა შანშიაშვილი: მე და ჩემს შვილს ვირუსი შეგვეყარა, ვკვდებოდი
- +

7 აპრილი. 2020. 02:27

 

 

ნუცა შანშიაშვილი კორონავირუსზე უამრავი ინფორმაციის მოძიება-გაცნობის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ვირუსი უსიყვარულობის შედეგია.

 

 

 

ეპიდემიამდე ცოტა ხნით ადრე, ნიუ-იორკში მცხოვრებმა მომღერალმა, დაწერა სევდიანი და აბსტრაქტული მუსიკალური თემა, ამით თითქოს ეს სიტუაცია ვიწინასწარმეტყველეო, ამბობს “პრაიმტაიმთან”.

 

 

 

„თითქოს ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ვიდექი ნახევრად დაცარიელებულ მეტროში, წვიმდა და მომინდა ვიდეოს გადაღება. ვიცოდი, რომ ჩემს მუსიკას მოუხდებოდა ეს კადრები და მართლაც მინიფილმივით გამომივიდა“ – ამბობს ნუცა.

 

 

 

მომღერალი ჩვენთან საუბარში ჰყვება, თუ რატომ ჰყავს ამერიკულ მეგაპოლისს ამდენი დაინფიცირებული.

 

 

 

ნუცა შანშიაშვილი: – ნიუ-იორკში რატომ არის ინფიცირების კულმინაცია, იცით? ჯერ ხომ მრავალი ეროვნების ადამიანის მეგაპოლისია. დადიან, დაბოდიალობენ შეუზღუდავად.

 

 

 

 

 

ბევრი პირბადის გარეშე დადის, არც ფიქრობს, რომ თავი უნდა დაიცვას. გუშინ ვიყავი გასული და ბევრი დადის უხელთათმანოდ და პირბადის გარეშე.

 

 

 

პოსტ საბჭოთა ქვეყნების ხალხს და ჩინელებს ნახავთ „ეკიპირებულს“, სხვებს – ნაკლებად. ქართველ ერს ტვინი და გონიერება გენეტიკურად მოგვყვება. ყველა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩვენი ტვინი ერთვება.

 

 

 

ყველა ხედავს, საქართველოს რა ღირსეულად უჭირავს ეპიდემიური სიტუაცია.

 

 

 

მე ბევრს ვკითხულობ სხვადასხვა ინფორმაციას კორონავირუსზე. გენიოსი მიხაილ ლაიტმანი გახლავთ ანთროპოლოგი, რომელმაც ძველი ინფორმაცია გახსნა.

 

 

 

მისი მეცნიერული დასკვნა გახლავთ შემდეგი: გრიპი ბაცილაა, ვირუსი ინფორმაციული წყაროა, რომელიც სამყაროში, ჰაერში დიდი რაოდენობითაა.

 

 

 

ეს ინფორმაციული ვირუსი იხსნება მაშინ, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანს ნეგატივით – ზიზღით, ეგოიზმით აინფიცირებს. მოვიდა ის პერიოდი, რომ დედამიწა უკვე ვეღარ იტანს ამდენ ნეგატივს.

 

 

 

მეცნიერული მოსაზრებაა, რომ ეს ვირუსი რომ არ აფეთქებულიყო, მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა, რომელიც გადაბუგავდა მთელ დედამიწას.

 

 

 

მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი გამოსწორებისთვის ამ ფორმით მოგვევლინა ვირუსი. ეს ბევრი ჭკვიანი ადამიანის მოსაზრებაა – ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების…

 

 

 

ადამიანის გადარჩენის კოდი სიკეთის გამარჯვებაშია. თავს უნდა შთაუნერგო და შემქმნელს თხოვო, რომ სიკეთემ გაიმარჯვოს შენში. ვიღაც რომ გამაბრაზებს და თავში ცუდი აზრები მომივა, ღმერთს ვთხოვ, ღმერთო, მომეცი ძალა და სიკეთემ და პოზიტიურმა ენერგიამ გაიმარჯვოს-მეთქი.

 

 

 

ადამიანებს, ვისაც ეს ენერგია აქვთ მოგროვილი, მათ კორონავირუსი არ შეეხებათ. ეს ვირუსი ადამიანებს გამოსწორებისკენ უბიძგებს. განწმენდის პროცესია.

 

 

 

ისინი, ვინც სულიერი ცივილიზაციის განვითარების საფეხურებზე არიან, ამ ეპიდემიის დროს ნაკლებად იქნებიან განწირულნი.

 

 

 

როცა ადამიანს კორონავირუსი ეყრება, ყველაზე სუსტი რაც აქვს, იმაზე აკეთებს ინფიცირებას, იმაზე არტყამს. ძლიერი იმუნიტეტით შეიარაღებული ორგანიზმი გამოდის ამ მდგომარეობიდან.

 

 

 

რატომ ერჩის მოხუცებს და პნევმონიით ახალგაზრდებს ნაკლებად კლავს? ხანდაზმულ ასაკში ფილტვები სუსტია. მოხუცს ეყრება თუ არა, ფილტვებზე ხდება ინფიცირება.

 

 

 

მე და ჩემი შვიდი წლის ვაჟს რაღაც ვირუსი შეგვხვდა, შეიძლება კორონაც გადავიტანეთ, რა ვიცი, რა გვჭირდა. ამბობენ, ნოემბრიდან დაიწყო ამ ვირუსმა გავრცელებაო.

 

 

 

მე ხუთი დღე ისე საშინლად ვიყავი, ვკვდებოდი. ნიკა ფლორიდაში მყავდა საავადმყოფოში, ათი ათასი დოლარის მარტო ტესტები გაუკეთეს და ზუსტად ვერ თქვეს, რა სჭირდა.

 

 

 

სავარაუდოდ ვირუსია და გაუვლისო. თებერვალში კორონავირუსის არც ტესტი ჰქონდათ და არც ამდენი ინფორმაცია იყო. დიდი იმედი მაქვს, გამოვიარეთ და გამოჯანმრთელებულები ვართ.

 

 

 

– საქართველოში ჩამოსვლა არ გინდოდათ?

 

 

 

– ღილაკს რომ ვაჭერდე და უცებ ვჩნდებოდე თბილისში, კი ბატონო. გზა არის საშიში. შეიძლება მართლა დაინფიცირდე.

 

 

 

– რა ზარალი მოგაყენათ ეპიდემიურმა სიტუაციამ? რა ღონისძიებების გაუქმება მოგიხდათ?

 

 

 

– მანჰეტენზე გამოფენა და “მასტერ თეატრში” კონცერტი უნდა მქონოდა. ახალი გატაცება მაქვს, ვხატავ კომპიუტერული გრაფიკით და ინსტალაციებით ჩემი პორტრეტების პოსტერები, ეკრანებით უნდა გამომეფინა.

 

 

 

Against Yourself – ასე ჰქვია გამოფენას. რაც შეეხება თეატრს, ის აღჭურვილობა აქვს, რაც მჭირდება – განათება, 3 D ეკრანი. პროგრამა – მიქსია, ძველი და ახალი სიმღერებით. ამ შოუს ძალიან ველოდებოდი. ნოემბრამდე გადაიდო, ჯერჯერობით.

 

 

 

– საკუთარი პორტრეტების ინსტალაციების გაკეთების ინსპირაცია რამ მოგიტანათ?

 

 

 

– ფლორიდაში ყოფნინსას მოვიდა ეს ინსპირაცია. ზღვას და ოკეანეს მოაქვს ახალი იდეები.

 

 

 

ჩემი საკონცერტო ვიზუალი, ხმა, სიმღერები და ნახატები წარმოვიდგინე. გამოფენის გაკეთების იდეაც მაშინ მომივიდა.

 

 

 

– რა ეტაპი გაქვთ?

 

 

 

– ასაკით მარადიული 20 წლის ვარ, ენერგია მერჩის, სულიერი განწყობით 5 ათასი წლის ვარ, საკმაოდ ბებერი. საკუთარ თავში ჩაღრმავების პერიოდი მაქვს.

 

 

 

ღმერთი ჩვენშია და ამ ენერგიასთან საუბარი საჭიროა. შიშს გიხსნის, ხელოვნებას გაზიარებს, რომელიც საინტერესოა. ადრე თუ მაყურებლისთვის მსურდა რამის კეთება, ახლა ჩემი თავისთვის მინდა.

 

 

 

ახლა კომპიუტერული გრაფიკით ხატვა მაინტერესებს. ხელოვნებაში მინიმალიზმისკენ მივდივარ, რომლის გადმოცემაც იმ მაქსიმალური სულიერი ძალით მსურს, რაც ჩვენშია. ვნახოთ, შედეგები, გაიაროს ამ ვირუსმა.

 

 

 

– “რა ვქნა, რომ მომენატრე” – ანრი ჯოხაძემ “ფეისბუქის” გვერდზე მოგწერათ და თქვენ ამ ფრაზით, საპასუხოდ, მეორე დუეტის დაწერა შეუკვეთეთ. პირველი მსმენელმა შეიყვარა, გსურთ ანრისთან მეორე დუეტის ჩაწერა?

 

 

 

– ულამაზესი სიმღერაა ჩვენი პირველი დუეტი. მომწონს. მაშინ ვუთხარი, მოდი, დაწერე სიმღერა-მეთქი.

 

 

 

ყოველდღე მივდიოდი და ვაძალებდი. ლამაზი პროცესი იყო. წკეპლით ვადექი, “პონჩიკებით” ვაკითხავდი (იცინის). ნიჭიერების ფეიერვერკი აქვს. იმედი მაქვს, ახალ სიმღერას დაწერს.

 

 

 

შვიდი წელია, რაც ნუცა ნიუ-იორკში ცხვრობს, თუმცა გაცილებით ადრე მიეჩვია ამ მეგაპოლისს. თავისი სულის ნაწილად მიიჩნევს. აი, როგორ ახასიათებს ნიუ-იორკს.

 

 

 

ნუცა: – ეს ის ქალაქია, რომელსაც ვგავარ და მგავს. მე აქ თავისუფლად ვსუნთქავ, მომწონს, მიყვარს ყველა კუნჭულით. ჩემთვის ყველაფერში მთავარია აღფრთოვანება. მე თუ არ შემეხო, არ მაინტერესებს.

 

 

 

ამ ქალაქით სულ აღფრთოვანებული ვარ. პირველად 1996 წელს ჩამოვედი, კონკურსზე და მას შემდეგ მივდი-მოვდივარ. ნიკას გაჩენის შემდეგ, 2013 წლიდან უკვე ვცხოვრობ ნიუ-იორკში.

 

 

 

სიტყვა ემიგრანტი ჩემთან მიმართებაში, არარსებული ფორმაა. სამი ქალაქია, სადაც სახლი და სამსახური მაქვს – თბილისი, მოსკოვი და ნიუ-იორკი. ემიგრანტი არც მოსკოვში ვარ, არც – ნიუ-იორკში.

 

 

 

ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა გაწყვეტილი მაქვს. წართმეულ ტერიტორიებს თუ დაგვიბრუნებენ, მერე მეც აღვადგენ ურთიერთობას და იქ დატოვებულ ძველ კოსტიუმებსაც.

 

 

 

მოსკოვი ის პლასტი იყო, სადაც კარიერა დავიწყე. გული ტკივა ამ ხიდჩატეხილობაზე.

 

 

 

– თბილისში როდის იყავით ბოლოს და რა გენატრებათ?

 

 

 

– შარშან ზაფხულში ვიყავი და გიორგი ჯაფარიძემ შვიდ ფილმში გადამიღო. ნიჭიერი და თავდადებული რეჟისორია. მიყვარს მასთან მუშაობა, თავისუფლებას გაძლევს.

 

 

მენატრება ხედი ჩემი სახლიდან, ვერაზე. მთელი თბილისი ხელისგულზე ჩანს. ღამით აკაშკაშებული სამება შემოდის სახლში, ულამაზესი სანახაობაა.

 

 

 

მამის სახელოსნო-მუზეუმი მენატრება, ასევე ვერის სასაფლაო, სადაც ახლობლებია დაკრძალული.

 

 

 

წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია მენატრება, სადაც ისეთი სიმყუდროვეა, ვგიჟდები იქ ყოფნაზე…

 

 

 

მცხეთის გზა მენატრება, ჯვრის მონასტერს რომ გახედავ. ჭაჭა მენატრება, ახლა უნდა სვათ, ხომ იცით, სასარგებლოა…

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი