logo_geo
ვინ იყო WHO-ს პირველი ქართველი ეპიდემიოლოგი, რომელიც ქოლერას და სხვა საშიშ ვირუსებს ებრძოდა
- +

12 აპრილი. 2020. 23:37

 

 

საზღვარგარეთ მუშაობა და წარმატება დღეს უკვე აღარავის უკვირს, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს საზღვრებს გარეთ გასვლა იშვიათი მოვლენა გახლდათ.

 

 

„პრაიმტაიმი“ ქართველი ექიმის გიორგი ნადარაიას შესახებ გიამბობთ, რომელიც პირველი ეპიდემიოლოგი იყო, ვინც გაეროს მიწვევით მსოფლიოს ცხელ წერტილებში ქოლერას და სხვა საშიშ ვირუსებს ებრძოდა.

 

 

გიორგი ნადარაიას შესახებ, მისი ქალიშვილი ლიკა ნადარაია გვესაუბრა.

 

 

– მამაჩემი გახლდათ ექიმი-ეპიდემიოლოგი. დედამისმა ცნობილი ვირუსის „ესპანკას“ გავრცელების დროს სამი შვილი დაკარგა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მან ამ პროფესიაზე გაეკეთებინა არჩევანი. თავდადებული ეპიდემიოლოგი გახლდათ, მისი პროფესიისადმი სიყვარულს ოჯახური ტრაგედიაც უწყობდა ხელს. 60-იან წლებში, ის გაეროს ექსპერტებმა შეარჩიეს და სამუშაოდ მიიწვიეს. მამამ მხოლოდ გერმანული იცოდა, მაგრამ იმდენად მოეწონათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაშინდელმა წარმომადგენლებმა ინგლისში გაუშვეს ენის სასწავლებლად ოქსფორდის უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ კი ნიგერიაში წავიდა სამუშაოდ, დასავლეთ აფრიკას კურირებდა გაეროს მიწვევით. ოპერატიულ სამუშაოებს ასრულებდა უშუალოდ იმ ადგილებში, სადაც დაავადებებისცხელი კერები იყო. ქოლერას ეპიდემიის აფეთქების დროს, შუა აზიაში მუშაობდა და ამისთვის არაერთი სიგელი აქვს მიღებული.

 

 

 

– ცნობილია, რომ მაშინ რთული იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გასვლა, რა რეაქცია მოჰყვა ამას?

 

 

– ეს იყო ურთულესი პროცესი. მამაჩემის მშობლები 1937 წელს გადაასახლეს, საბჭოთა მანქანამ სწორედ ეს ფაქტი აამუშავა მისი ბიოგრაფიიდან და ამბობდნენ, ის ხალხის მტრის შვილიაო. თუ სწორად მახსოვს, მაშინ მამა ედუარდ შევარდნაძესთან შევიდა და უთხრა, პარტიულ ბილეთს დავტოვებ, ჩემს ვალდებულებებზე უარს ვიტყვი და სამსახურიდან წავალ თუ ამ ნიშნით დამბლოკავთო. გაჭრა ამ ბრძოლამ და მამა გაუშვეს სამუშაოდ. მთელი საბჭოთა კავშირიდან გაერომ 2-3 პროფესიონალი შეარჩია, მათგან ერთ-ერთი მამა იყო და ღირდა ეს ბრძოლა.

 

 

– როგორ შეიტყვეს გაეროს წარმომადგენლებმა მის შესახებ…

 

 

– საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა გაეროსთან ურთიერთობა. უკვე 60-იანი წლები, ე.წ. დათბობის პერიოდი იყო. ამ ჩაკეტილ სისტემასაც ჰქონდა თავისი ვალდებულებები, წარმომადგენლობა ჰყოლოდა ყველა სისტემაში – მათ შორის გაეროში. ამიტომ გაეროს ექსპერტები ჩამოვიდნენ, ადგილობრივი ექსპერტების შესარჩევად და მამაჩემზე გააკეთეს არჩევანი. საოცარი კონტროლი იყო სანამ წავიდოდა. თავდაპირველად მარტო წავიდა, როცა დამკვიდრდდა ჩვენც წაგვიყვანა. იქაც კონტროლდებოდა ჩვენი გადაადგილება, მაგრამ გაეროს პასპორტი უფრო თავისუფლად ყოფნის საშუალებას გვაძლევდა. თუმცა როცა ევროპის ცენტრალურ ქალაქებში ვიყავით, მაგალითად ჟენევაში საელჩო იმასაც გვიმოწმებდა, რა ოდენობის პროდუქტი გვქონდა მაცივარში.

 

 

გაეროს მიერ დანიშნული ხელფასის მეოთხედს იღებდა მამა, დანარჩენი საბჭოთა კავშირს მიჰქონდა. რთული პერიოდი იყო, მაგრამ საინტერესო. აკადემიური მედიცინა საბჭოთა კავშირში მაღალ დონეზე იყო განვითარებული. შემდეგ დიდი წყვეტა მოხდა, უმაღლესი ხარისხის ექიმები გავიდნენ ქვეყნიდან, რადგან აქ არ ჰქონდათ შესაძლებლობები. მეც სამედიცინო სფეროში ვიყავი, მაგრამ იძულებული გავხდი შემეწყვიტა შრომა, რადგან სისტემა დაინგრა, დაიკეტა ყველაფერი. 2006 წლამდე 35 ლარი იყო ექიმების ანაზღაურება.

 

 

 

 

 

– რატომ ეძახდნენ ნუგეშას მამათქვენს?

 

 

– ნუგეშა ნადარაიას ეძახდნენ ქალაქში, მისი სახელი ესპანკას უკავშირდება, როდესაც ბებიაჩემს დაეღუა 3 შვილი ვერაგი დაავადებით, შემდეგ გაჩნდა მამაჩემი. ბებიაჩემი ასე მიმართავდა სულ ჩემი ნუგეში, ჩემი ნუგეში და სწორედ ეს სახელი დარჩა ნუგეშა ნადარაია.

 

 

 

 

-როგორ გზრდიდათ?

 

 

– ძირითადად მაღალი რისკის ქვეყნებში ვცხოვრობდით, ამიტომ დისტანცირება გამჯდარი მაქვს სისხლში. მთელ რიგ ინსტრუქციებს მაძლევდა, როგორ გავრეცხო პროდუქტი, პომიდორს გული როგორ უნდა ამოაჭრა, როგორ დაიბანო ხელი და ა.შ.

 

 

– მის კვლევებში რას წერდა საინტერესოს, ხომ არაფერი აქვს ნაწინასწარმეტყველები დღეს უკვე ცნობილ ვირუსებზე?

 

 

– მისი სადოქტორო დისერტაცია იყო ეპიდემიების განვითარების დინამიკა. წერდა, რომ ეპიდემიები კორელაციებშია ერთმანეთთან, ანუ როცა ერთი ეპიდემია მიაღწევს ზღვარს, სხვა ეპიდემიები განერიდებიან არსებულს.

 

 

 

 

 

– სიცოცხლის ბოლო წლებში რატომ დაბრუნდა საქართველოში და არ დარჩა უცხოეთში?

 

 

– პატრიოტული ადამიანი იყო, ძალიან პრინციპული. ქალაქელი კაცი გახლდათ, უკრავდა და მღეროდა არაჩვეულებრივად. მისი სოფლიდან ჩამოსულ ყველა ნათესავს კარს უღებდა, მგონი ნადარაიების მთელი დინასტია აქ გაიზარდა. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამჯდარი ჰქონდა სისხლში, ემსახურებოდა მის ქვეყანას და ერს. 17 წლის იყო, როდესაც მისი დედ-მამა გადაასახლეს, მარტო დარჩა უფროს დასთან და 14 წლის ძმასთან ერთად, მარტო შექმნა საკუთარი თავი და მუდმივად მის ხალხს ემსახურებოდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი