logo_geo
მზია ორველაშვილი: ოთხი წელი ხდება, მე და ტატო ერთად ვართ და დედამისი არ მინახავს
- +

13 აპრილი. 2020. 22:15

 

 

 

 

მოცეკვავე მზია ორველაშვილი ორ შვილს ზრდის და პარალელურად, ძალიან ბევრი საქმისთვის ახერხებს თავის გართმევას.

 

 

  მზია ორველაშვილი: გეგმები მქონდა დაწყობილი, იტალიელ მეწყვილეს ველოდი, მაგრამ გადაიდო მისი ჩამოსვლა. ჩემს მეუღლეს, დედას, მამას – ყველას უნდა, რომ ცეკვა დავიწყო და მე – თავისთავად, მაგრამ არ მაცდის ეს კორონავირუსი (იცინის). თუმცა, პარალელურად, ბევრი სხვა საქმეც მაქვს – ჩემი სტუდიის ხუთი ფილიალი გავხსენი, ფესვები გავიდგი ქალაქში (იცინის). სულ ცოტა ხნის წინ სამკერვალოც გავაკეთე. ძალიან ძვირი ღირს ცეკვსთვის კაბების შეკერვა და მინდოდა ხელმისაწვდომი გამეხადა. გაგიკვირდებათ და მე თვითონაც ვკერავ, რაც საკმაოდ კარგად გამომდის.

 

 

– ბიზნესში დაწინაურებულხარ.

 

 

– ეკრანზე გამოჩენამდეც მინდოდა ამ ყველაფრის განხორციელება, მაგრამ მაშინ შესაბამისი რესურსები არ იყო, იმასაც ვფიქრობდი, მარტო რამდენად გავუძღვებოდი ამ საქმეს. ახლა უკვე ჩემი მოცეკვავეები წამოიზარდნენ და სტუდიებში მეხმარებიან. ძალიან ხშირად მირეკავდნენ და მთხოვდნენ, გაკვეთილებს ჩავატარებთო. ასე რომ, გავბედე ამ ნაბიჯის გადადგმა და მიხარია, რადგან ყველაფერი კარგად მიდის. ახლა, ამ ვირუსების გამო, ყველგან კრიზისია, მაგრამ საერთო ჯამში, საქმე კარგად მიდის და იმედია, ესეც მალე დამთავრდება.

 

 

– მეუღლე რამდენად დაგეხმარა ამ ყველაფრის განხორციელებაში?

 

 

– ძალიან მეხმარება ყველაფერში. თუმცა, თვითონაც ორ სამსახურში მუშაობს, ახლა კიდევ ქართული ცეკვის სტუდიას აკეთებს, მაგრამ ყოველთვის გვერდით მიდგას. ტატოს არ აქვს იმაზე გართულება, მთელი დღეები სახლში არ ხარ და ბავშვებს ვერ უვლიო. როდესაც სახლში ვარ, ძალიან კარგად ვუვლი. რომ არ ვიმუშაო, ორივესთვის ცუდი იქნება – ჩვენს ქვეყანაში მარტო ერთი ადამიანის ხელფასით ვერ ვიცხოვრებთ. როცა სახლში ვარ, ბევრ რამეს ვაკეთებ. ძიძაც მეხმარება და ტატოც. როცა ძალიან მჭირდება, თეფშიც გაურეცხავს და მოუგვია კიდეც. არაა აზიატი, ძალიან თანამედროვეა და სხვანაირი ადამიანია. ჩაცმაც რომ ავიღოთ, თუ ძალიან დახურული მაცვია, მეუბნება, ცოტა სხვანაირად ჩაიცვი, რა ბებერი ქალივით დადიხარო (იცინის). ყველა მეხმარება, მაგრამ როგორც ჩემი ქმარი ამბობს, ძალიან კარგი ოჯახის გოგო ვარ. ძალიან მიყვარს საჭმელების კეთება, მაგრამ  ვერ ვიტყვი, რომ სახლის დალაგებასა და ჭურჭლის რეცხვაზე ვგიჟდები. სისუფთავე მიყვარს, მაგრამ დედაჩემმა ისე გამზარდა, არაფერს მაკეთებინებდა. ახლა სტუმრად რომ მოდის და ხედავს, საჭმელს ვამზადებ, საქმეებს ვაკეთებ, ძალიან უხარია და ამბობს, არ მეგონა, თუ ჩემი შვილი ამდენს გააკეთებდაო. ახლა სამკერვალოც რომ გავაკეთე, გაოცდა, მეც მოგცემ შეკვეთებს ჩვენი სტუდიის ბავშებისთვისო. „დაჩაზე“ აქვთ  სტუდია. ბოლო პერიოდში ჩემი უფროსი ბიჭიც მათთან ერთად ცხოვრობს. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში ვეღარაფერს ვასწრებდი და დედამ მითხრა, ჩემთან გადმოიყვანე და სკოლაშიც აქ იაროსო. ასე რომ, სექტემბრამდე კაჭრეთში იქნება. რასაც ვაკეთებ, ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ, მინდა, რომ მათ არაფერი მოაკლდეთ. ჩემი უფროსი შვილი მეუბნება, ნეტა შენნაირი დედა ყველას ჰყავდესო.

 

 

– ტატო ამბობდა, მზია დამჯერი არ არის, ყველაფერი პირიქით ესმისო.

 

 

– ამას ამბობს ხოლმე, არის რაღაცები, რაზეც მე ვფიქრობ, რომ არასწორია, ის – პირიქით. მე ისე ვაკეთებ, როგორც მინდა და ბოლოს მე აღმოვჩნდები ხოლმე მართალი. ჰოდა, ჩემი პოზიცია რომ ამართლებს ხოლმე, ამაზე ბრაზდება (იცინის). სწყინს, მაგრამ აღიარებს, მართალი ყოფილხარ, ასე უნდა გაგვეკეთებინაო. ეს ყველაფერი უფრო ბიზნესის ამბებს ეხება, სტუდიებს. მე 16 წელია ამ სფეროში ვარ, ჩემი მშობლები კი – 30 და შესაბამისად, კარგად ვერკვევი, რა და როგორ უნდა გავაკეთო. თუმცა, ტატოს აზრსაც ყველაფერში ვითვალისწინებ, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ მე ვარ ქალიც, კაციც და ყველაფერი (იცინის). ვცდილობ, ყველაფერი გულიანად გავაკეთო, რასაც ხელს მოვკიდებ. რისკიანი ვარ. შემიძლია, ისეთი რამე წამოვიწყო, რისიც არ მჯერა, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. არ მიყვარს ისეთი რამის გაკეთება, რაზეც ვიცი, რომ ასი პროცენტით გამომივა. არ მინდა, ვინმემ იფიქროს,  თავში ავარდნილიაო, მაგრამ როცა საქმე ცეკვას ეხება, ძალიან თავდაჯერებული ვარ. პირველად კონკურსზე შვიდი წლის გავედი და მას შემდეგ, რომ მეკითხებოდნენ, როგორ ფიქრობ, რომელ ადგილს აიღებო, ვპასუხობდი, რა თქმა უნდა, მოვიგებ-მეთქი და 22 წლის განმავლობაში სულ ვიგებ, მხოლოდ სამი კონკურსი მაქვს წაგებული. თუმცა ცეკვის მიღმა, სხვა წამოწყებებში, წინასწარ არ ვიცი, რა შედეგი მექნება, მაგრამ მიყვარს ასეთი რისკი და ჯერჯერობით ამართლებს. იმედია, ასეც გაგრძელდება.

 

 

– როგორია შენი და დედამთილის და ტატოს და სიდედრის ურთიერთობა?

 

 

– დედაჩემს და ტატოს იდეალური ურთიერთობა აქვთ. დედაჩემი ყველა ჩემი მეგობრისთვის დედასავითაა, ძალიან მოსიყვარულეა. ჩემთვის ის იდეალური ქალია. ჩემი მშობლები ძალიან დიდ პატივს სცემენ ტატოს და ანალოგიურად, ტატო – მათ. რაც შემეხება მე და ჩემს დედამთილს, ეს ცოტა რთული თემაა. ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს, უფრო სწორად, ჩვენ დღემდე არ გვქონია ურთიერთობა. მეოთხე წელი ხდება, მე და ტატო ერთად ვართ და დედამისი არ მინახავს, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ვნახო. ბათუმში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში, ტელეფონით გავსაუბრებივარ, მაგრამ პირადად არა. როგორც ვიცი, ძალიან კარგი ადამიანია, ყველა აქებს, მეც მიყვარს, იმიტომ რომ ის ჩემი ქმრის დედაა. იმედი მაქვს, ძალიან მალე ახლოს გავიცნობ.

 

 

– აქამდე რატომ ვერ გაიცანით ერთმანეთი?

 

 

– ენას ძვალი არ აქვს. ადამიანი რომ ტელევიზორში გამოჩნდება, მასზე ძალიან ბევრს ჭორაობენ. მასთან ტყუილი ენის მიტანებმა, ეს შედეგი გამოიღო. მადლობა ღმერთს, ისეთ მშობლები და სამეგობრო მყავს, იციან, რისი გამკეთებელი ვარ და რისი – არა. მართლა ძალიან მინდა, ჩემი მეუღლის ოჯახთან კარგი ურთიერთობა მქონდეს.

 

 

– ტატოს რა რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე?

 

 

– ცუდი. ძალიან ნერვიულობს, განიცდის. დედამისზე გიჟდება, დედა მისთვის საფიცარია. დღე არ გავა, ის რომ არ ახსენოს. ამაზე ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ. გვინდა, ძალიან კარგი ურთიერთობები გვქონდეს ერთმანეთთან. ადრე თუ გვიან გავიგებ იმ ადამიანის ვინაობას, ვისი დამსახურებაცაა ეს და აუცილებლად მოვთხოვ პასუხს. არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ჩემზე ილაპარაკეს. იმედია, ეს მალე შეიცვლება. არ მიყვარს, როცა მეუბნებიან, რაც უფრო შორს ხარ, მით უკეთესიაო. მინდა, დედამთილთანაც კარგი ურთიერთობა მქონდეს და მამამთილთანაც.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი