logo_geo
რას ჰყვება თენგიზ ცერცვაძეზე მისი სტუდენტი?
- +

19 აპრილი. 2020. 20:36

 

 

 

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ალიას“ ესაუბრება თენგიზ ცერცვაძის ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტი, მიკრობიოლოგი ლევან ჩხიკვაძე:

 

 

–  კაცობრიობა ისეთი ბუმის წინაშე აღმოჩნდა, რომლის დროსაც უხილავი მტერი გებრძვის და ამ მტერს უბრალოდ ვირუსი ჰქვია. მნიშვნელობა არა აქვს, კორონავირუსს დაარქმევ თუ სხვა სახელს. მსოფლიო ასეთი გამოწვევის წინაშე ნამდვილად არ ყოფილა. თანამედროვე სუპერტექნოლოგიების განვითარების ფონზე ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეყნებიც კი იმავე დღეში აღმოჩნდნენ, როგორც ნაკლებად განვითარებული ქვეყნები. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ რეალობაში მთავარი ის არის, როგორ გაუმკლავდება ამ გამოწვევას ესა თუ ის პატარა თუ დიდი ქვეყანა ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლას. საქართველო, ამ ეტაპზე, ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც გლობალურად ახდენს ამ პრობლემის გადაწყვეტას და მაგალითს აძლევს მთელ მსოფლიოს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ჯანდაცვის მუშაკები აზროვნებენ გლობალურად და მოქმედებენ ლოკალურად. ჩვენ ყველამ დავინახეთ, თუ რას ნიშნავს ჯანდაცვის ფუნქციის ახლებურად გააზრება ექიმთა ძველი გვარდიის მხრიდან. ამ ბრძოლაში ისინი ნამდვილი გმირები არიან. წინა ხაზზე გამოდიან, პირველ რიგში, მიკრობიოლოგები, ეპიდემიოლოგები, სამართალდამცავი სტრუქტურები და, რაღა თქმა უნდა, მთავრობა. გადაჭარბებული არ იქნება ვთქვა ის, რომ საქართველომ თავისი არსებობის ისტორიაში კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი სამედიცინო სკოლა უძველესი კოლხი მედეას დროიდან მოდის, როცა მედიცინის შესახებ სხვა ქვეყნების ხალხებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ და შემთხვევითი არაა ის, რომ ძველმა სკოლამ და ძველმა გვარდიამ ჩემი ლექტორის, ბ-ნ თენგიზ ცერცვაძისა და სხვათა ხელმძღვანელობით (არ მინდა ვინმე გამომრჩეს) თავდაუზოგავი შრომით და გამოცდილებით დიდი შედეგები დადეს მსოფლიოს წინაშე. ამ ექიმების კოჰორტამ უზარმაზარი სტიმული მისცა საქართველოს მთავრობას და ხალხს. ამიტომაც აღწევს წარმატებებს ჩვენი ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში, ძალიან განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. კაცი იფიქრებს, თითქოს წინასწარ იყვნენ მომზადებულიო, ისე ართმევენ თავს ამ პრობლემებს. ბატონი თენგიზი ჩემი ლექტორი იყო და მე ძალიან ამაყი ვარ დღეს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი აღზრდილები დღეს მის გვერდით დგანან. სწორედ ძველი გვარდიის ექიმებისა და მათი მოწაფეების ერთობლივი დამსახურებით მივაღწიეთ დღეს ასეთ წარმატებებს. მათ მისცეს მოტივაცია მთავრობას, რომ ერთიანი ძალით გავუმკლავდეთ ამ ურთულეს გამოწვევას და მაგალითი მივცეთ მთელ მსოფლიოს.

 

 

– რას გაიხსენებდით თქვენი სტუდენტობის წლებიდან, როცა ბატონი თენგიზ ცერცვაძე ლექციებს გიკითხავდათ?

 

 

– თენგიზ ცერცვაძე გამორჩეულად იშვიათი პროფესიონალია და ასევე გამორჩეული პიროვნება. ის თითოეულ სტუდენტს განიხილავდა როგორც მომავალ კოლეგას. ეს დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემაზე იყო დამოკიდებული. ჩვენ ის გაცილებით მეტ ცოდნას და განათლებას გვაძლევდა, ვიდრე ეს იყო სახელმძღვანელოებში. ამიტომ სწორედ ახლა მართებს საქართველოს ჭკუის მოკრება, რათა ყველა დარწმუნდეს იმაში, რომ ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებაში გამოცდილი პროფესიონალები არიან საჭირო და არა ისეთები, რომლებსაც პრაქტიკა და გამოცდილება არა აქვთ. ყველას კარგად გვახსოვს, სააკაშვილი 70-72 წლის გამოცდილ პროფესიონალებს ეუბნებოდა, სახლიდან არ გამოხვიდეთ, არ გვჭირდებითო და მასიურად სამსახურებიდან ყრიდა. ახლა ხომ ყველამ კარგად დავინახეთ, რა ფასი აქვს ამ გლობალური მასშტაბის პრობლემასთან ბრძოლაში თენგიზ ცერცვაძისნაირ პროფესიონალებსა და გამოცდილ ექიმებს. ბატონი თენგიზი ყველა სტუდენტს აძლევდა მოტივაციას, რომ გამხდარიყო არამარტო პროფესიონალი ექიმი, არამედ ღირსეული პიროვნებაც. ამიტომ უმკლავდება უშეცდომოდ საქართველო მსოფლიო ტიპის ამ გამოწვევას. ბატონ თენგიზს უამრავი გამოწვევა აქვს დამარცხებული, ნუ გვავიწყდება ცე ჰეპატიტი და შიდსი, ის შიდსის ცენტრის ხელმძღვანელია. სამწუხაროა ის, რომ ინფექციური საავადმყოფო დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ტერიტორიის მფლობელია კომპანია „ავერსი“ და მისი ხელმძღვანელი პაატა კურტანიძე, რომელმაც არ მისცა საშუალება ინფექციურ საავადმყოფოს განვითარებულიყო. მან უბრალო რემონტიც კი არ ჩაატარებინა საკუთარი სახსრებით თენგიზ ცერცვაძეს, ექიმებს არ უშვებდა საავადმყოფოში, ყველანაირად ავიწროებდა და ხელს უშლიდა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პაატა კურტანიძე ვანო მერაბიშვილის ხელის ბიჭია. მან აუყვავა ეს ბიზნესი, როცა არაფერი ებადა. როდესაც 2012 წელს არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ივანიშვილმა შეკრიბა ბიზნესმენები და პირდაპირ განუცხადა პაატა კურტანიძეს, შენ ბიზნესმენი არ ხარო. ბატონ თენგიზ ცერცვაძეს ასეთი ე.წ. ბიზნესმენები კი არა, ერი და ბერი უნდა გაუფრთხილდეს, ხოლო კურტანიძისნაირ ბიზნესმენებს სახელმწიფომ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი.

 

 

– თქვენ საქართველოში დისტანციური სწავლების დანერგვის პიონერი ხართ. ოღონდ სააკაშვილის ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფმა ამისთვის დაგსაჯათ. ამაზე წერდა „ალია“. ახლა რას იტყვით?

 

 

– გეთანხმებით. ადრეც მისაუბრია ამ თემაზე. ამ პროექტის გამო ნაცებმა ტყავი გამაძრეს, პროექტი წამართვეს, სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას გადაულოცეს და მე კი ციხეში გამამწესეს. დისტანციური ტექნოლოგიების შემოტანაზე და მის დანერგვაზე საქართველოში ჯერ კიდევ 2001 წლიდან დავიწყე ფიქრი. თუ როგორ წამართვა სააკაშვილმა და დედამისმა ეს ბიზნესი, ამის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის. ვინმეს უნდა თუ არ უნდა, ტექნოლოგიები წინ მიდის. რა თქმა უნდა, წამართვეს, მაგრამ თვითონ მაინც ვერ ისწავლეს და მიუხედავად იმისა, თუ ამ ის გამო რა დიდი ფიზიკური, მატერიალური თუ სულიერი ტკივილი მომაყენეს, მე მაინც ამაყი ვარ. ჩემი თანაკურსელი, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მისი მოადგილე ნუნუკა მიცკევიჩი წარმატებით გაუძღვნენ დისტანციური ტექნოლოგიების გამოყენებას, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა დიდ სამსახურს გაუწევდა განათლების სფეროს ეს ტექნოლოგიები, 20 წლის წინ ჩემთვის რომ არ წაერთმიათ. ის ხომ დღეს ბევრად უფრო დახვეწილი იქნებოდა. მე მქონდა დისტანციური ტექნოლოგიები ორმხრივი ხედვით, ანუ პედაგოგს, ლექტორს შეეძლო წაეკითხა ლექცია, ხოლო მოსწავლეს, სტუდენტს მოესმინა და პასუხიც გაეცა. ნაცების მოსამართლემ მაია ჯვარშეიშვილმა ჩემს შეკითხვაზე, რისთვის მსჯით-მეთქი, მიპასუხა, შენ არაფერი დაგიშავებია, მაგრამ კარგი განათლების გამო გსჯიო. კორონავირუსი საქართველოში, პრაქტიკულად, უკვე დამარცხებულია და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ეს „კორონაცები“ „ფრესკოები“, „ავერსები“ და ვაშაძისნაირი თაღლითდივერსანტები უნდა დასრულდეს, რომ ქვეყანა განვითარდეს!

 

 

ალია №12, ნანა სულავა

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი