logo_geo
ჯიმი აბესაძე: ჩემი ცოლი იუმორზე აცრილია… შოუში იმერული ტვინი მეხმარება
- +

3 მაისი. 2020. 19:44

 

უმორისტი ჯიმი აბესაძე ,,გიორგი გაბუნიას შოუში” სხვადასხვა როლს ირგებს, იმის მიხედვით, შოუში სტუმრად ვინ ჰყავთ და მერე ამ სტუმართან იუმორისტულ დიალოგს მართავს, იმერულად მოსწრებულად ხუმრობს. როცა პირველად შეუშვეს შოუში, არ ეგონა, მისი ეს როლი ხალხში ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა, არც მის გაგრძელებაზე ფიქრობდა, მაგრამ რეიტინგებმა აჩვენა, რომ შოუში უნდა დარჩენილიყო.

 

 

ჯიმის დედულეთი ბაღდათშია. საუკეთესო წლები ამ ქალაქში გაატარა და ცხოვრების თანამგზავრადაც ბაღდათელი გოგონა აირჩია. მათ ორი შვილი ჰყავთ – ქალ-ვაჟი. როგორ აღმოჩნდა ეკრანზე, რა გზა გაიარა იუმორისტულ შოუმდე, ამის შესახებ ჯიმი “სარკეს” უყვება.

 

 

– ჯიმი, ბაღდათელი კაცი როგორ მოხვდით ,,გიორგი გაბუნიას ღამის შოუში”?

 

 

– ამ კითხვაზე ვრცლად რომ გიპასუხოთ, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება, ამიტომ შევეცდები, მოკლედ გითხრათ. თავიდან მხიარულთა და საზრიანთა კლუბში ვიყავი, “მანსანკანს” რომ ეძახიან, შემდეგ “ღამის შოუს” სტუდიაში ვმუშაობდი, იყო სხვა სამსახურებიც.

 

 

,,გიორგი გაბუნიას შოუში” თავიდან სცენარისტად დავიწყე მუშაობა. მერე ზვიად ბლიაძემ მითხრა, მოდი, შოუში შედიო. პირველად დეპუტატ ემზარ კვიციანთან შევედი. ამ შესვლას სერიოზულად არ ვუყურებდი. იმდენი რამ გაკეთებულა იუმორის სფეროში, იმდენი შესვლა და გამოსვლა ყოფილა ჩემზე ბევრად ნიჭიერი მსახიობების, რომ მეგონა, არაფერი გამოვიდოდა. ვთქვი კიდეც, ეს იქნება პირველი და უკანასკნელი-მეთქი. სოციალურ ქსელში კი ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არ მეგონა, ეს როლი ხალხს ასე თუ შეუყვარდებოდა.

 

 

– ამ შოუში თქვენი როლი, ფუნქცია რა არის, თავად როგორ ფიქრობთ?

                                                   

 

– ხან მშენებელი ვარ, ხან – ელექტრიკოსი და ხან – მერის მოადგილე. შოუში ორი სტუმარი გვყავს ხოლმე და თუ ვფიქრობთ, რომ რომელიმეს გაძლიერება სჭირდება, შევდივარ. გადაცემაზე სცენარისტების ჯგუფი მუშაობს, მათ შორის – ჩემს ტექსტებზეც. ვისმენ მათ დაწერილ ხუმრობებს და, საერთო ჯამში, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა ჯობია, რომ ვთქვა.

 

 

– სცენარს თუ გასცდენიხართ, თქვენი ექსპრომტი თუ ჩაგიმატებიათ იუმორში?

 

 

– ექსპრომტი იუმორიც არის ხოლმე, რაშიც იმერული ტვინი მეხმარება. ბევრს უთქვამს, მივხვდი, იქვე რა დაამატეო. არიან სტუმრები, რომლებიც ძალიან წყნარები არიან და შენც კომპლექსდები, ვერ იხსნები. მომღერალ თემურ წიკლაურის ყველაზე მეტად მეშინოდა, მთელი მსოფლიო არწივად იცნობს და განვიცდიდი, მაგრამ ძალიან მაგარი გამოვიდა.

 

 

სტუმრის პარტნიორობაზე ბევრია დამოკიდებული. კულისებში ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ, იქ რომ გავდივარ და დივანზე ვჯდები, ვმშვიდდები.

 

 

– ყოფილა შემთხვევები, როცა სტუმართან დიალოგი ვერ აგიწყვიათ და უკმაყოფილო დარჩენილხარ?

 

 

– ორ შვილს გეფიცებით, არასოდეს ვარ კმაყოფილი! ცალკე არც არასოდეს მიყურებია ჩემი თავისთვის. ზოგმა რომ იცის, ჩაუჯდება, უყურებს და მერე საკუთარ თავს შენიშვნებს აძლევს… ეს თეატრი არ არის, რაც თავში მოგივა, უნდა შეუბერო და უკეთესი გამოდის.

 

 

– პარასკევ საღამოს საქართველოს ტელეეკრანებზე პირდაპირ იუმორისტების ომი იმართება. ,,რუსთავი 2″-ზე ,,ნიკა არაბიძის შოუ” გადის, ,,მთავარ არხზე” – ,,ვანოს შოუ”, ,,იმედზე” – ,,გიორგი გაბუნიას შოუ”. როგორი რეიტინგი გაქვთ ასეთი კონკურენციის ფონზე?

 

 

– შესაშური რეიტინგი გვაქვს. ნიკა არაბიძესაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვანო ჯავახიშვილსაც. ჩემზე ბევრად მაგრები და გამოცდილები არიან, მაგრამ, ხმამაღალი ნათქვამი თუ არ გამოგვივა, “გიორგი გაბუნიას შოუ” ბოლო 9 თვის განმავლობაში უპირობო ლიდერია. მეორე ადგილზე ვანო ჯავახიშვილია.

 

 

– გამოდის, რომ მიგიღოთ თბილისმა იმერელი იუმორისტი.

 

 

– იმერლები არსად ვიკარგებით. თუ არ მიმიღო, ჩავალაგებ გუდა-ნაბადს და დავბრუნდები ჩემს ბაღდათში, მაგრამ, მგონი, ასე არ არის, რადგან აქ ძალიან დიდი სამეგობრო მყავს.

 

 

– როგორ მოხვდით ბაღდათიდან თბილისში?

 

 

– როცა სკოლაში ვსწავლობდი, ჩვენი ოჯახი თერჯოლაში ცხოვრობდა. შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. მერე მშობლები რუსეთში წავიდნენ ემიგრაციაში. მე და ჩემი უმცროსი და თბილისში ვერ გავჩერდებოდით და ბაღდათში, დედულეთში გადავედით. მე-10 და მე-11 კლასები იქ დავამთავრე. ბაღდათზე ვგიჟდები, ეს ქალაქი სამყაროს მირჩევნია!

 

 

სკოლის დამთავრების მერე ჩავაბარე ეკონომიკის ფაკულტეტზე და ისევ თბილისში დავბრუნდი. პირველივე კურსიდან გამოვიტანე საბუთები, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. დედაჩემი წინააღმდეგი იყო, მაგრამ მამამ მხარი დამიჭირა – რაც თვითონ უნდა, ის გააკეთოსო.

 

 

რბილი ,,ლ” მქონდა, ვერ გამოვასწორე და პირველ წელს ვერ ჩავაბარე, მეორე წელს კი თეატრალურში მოვხვდი დავით ანდღულაძის ჯგუფში. პარალელურად მხიარულთა და საზრიანთა კლუბში ვთამაშობდი. ეს ჩამოსული კაცი ყველაფერს ვიყავი მოდებული და, მგონი, დავმკვიდრდი თბილისში.

 

 

– თეატრალებს და ზოგადად სტუდენტურ ცხოვრებას ბოჰემაც ახლავს ხოლმე. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ალკოჰოლთან?

 

 

– რაც ტელეეკრანზე გამოვჩნდი, თამადობა მიწევს. მე თვითონ დასალევ “პონტს” არ ვეძებ, მაგრამ არის სიტუაციები, როცა თამადობაზე უარს ვერ ვამბობ. ეს მომწონს კიდეც, ქართულ ტრადიციებს დიდ ყურადღებას ვაქცევ.

 

 

– ყოფილა შემთხვევა, როცა იმდენი დაგილევიათ, მეორე დღეს არაფერი გახსოვდათ?

 

 

– კი, ყოფილა, მაგრამ წლების წინ. გოგოსთან პაემანი მქონდა და შეხვედრამდე იმდენი დავლიე, აღარ მახსოვს, ამ გოგოს შევხვდი თუ არა. როგორც მეგობრები მეუბნებიან, შევხვდი, მაგრამ, ვაი, იმ შეხვედრას. მერე გამიცილებია კიდეც და იმ დღეს ჩემი კვალი დაიკარგა.

 

 

– მოგვიყევით თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე, ცოლ-შვილზე, როგორ შეხვდით ცხოვრების თანამგზავრს…

 

 

– მყავს მეუღლე და ორი შვილი – 11 წლის ქალიშვილი და 8 თვის ბიჭი. ტკბილად ვცხოვრობთ. მეუღლე იმერელი მყავს. ბაღდათში კლასელები ვიყავით, მაგრამ მაშინ ერთმანეთის მიმართ გრძნობა არ გვქონია. მერე მე თბილისში ვსწავლობდი, ის – ქუთაისში. ერთმანეთს ვხედავდით ხოლმე და ჩვენი სიყვარულის ამბავი ნელ-ნელა დაიწყო. ისე არ ყოფილა, რომ ვარდებით მერბინა დიდი ხანი და ცეცხლით გულები მენთო. ვუთხარი, რომ მიყვარდა და მისგანაც ანალოგიური პასუხი მივიღე.

 

 

– თქვენს ცოლს როგორი დამოკიდებულება აქვს იუმორთან?

 

 

– ზოდიაქოთი მორიელია და იუმორთან მწყრალი დამოკიდებულება აქვს, აცრილია იუმორზე. ამის მიუხედავად, მაინც ვეკითხები, ჩემი გამოსვლა როგორი იყო-მეთქი, მაგრამ ისე არ არის, რომ ჩემი იუმორით აღფრთოვანებული იყოს.

 

 

– ყურადღებიანი მამა ხართ?

 

 

– ფიქრობ, რომ ძალიან კარგი მამა ვარ. დილით ბავშვი სკოლაში მე მიმყავს. შაბათ-კვირას ოჯახს ვეკუთვნი. მუდმივად ოჯახთან ვარ. რაც უნდა დაღლილი მივიდე სახლში, ვცდილობ, ხალისიანი ვიყო. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და ჰარმონია ოჯახშია და არ ვიცი, ეს ასაკს დავაბრალო თუ ხასიათს. ასევე ძალიან გვიყვარს ტაძარში ერთად წასვლა და ესეც სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი