logo_geo
კარუგდებელი - სალოცავი საქართველოში, რომელსაც კარი არ აქვს - ლეგენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე
- +

7 მაისი. 2020. 18:13

 

 

 

23 ნოემბერს ქრისტიანულმა სამყარომ წმინდა გიორგის წამების დღე აღნიშნა.

 

 

ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ამ დღესასწაულს გამორჩეულად იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგნში, წმინდა გიორგის სახელობის სალოცავ "კარუგდებელში" აღნიშნავენ. ყოველ გიორგობას ტაძარში მრევლი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩადის.

 

 

თერჯოლა-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან სალოცავამდე 4 კილომეტრამდეა. გზა, რომელსაც ტაძრამდე მიჰყავხარ, კეთილმოწყობილია. ყოველ 6 მაისს და 23 ნოემბერს ამ გზაზე მომლოცველთა უწყვეტი ჯაჭვი მიედინება. 6 მაისს მორწმუნეები წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში სათხოვნელად მიდიან, 23 ნოემბერს კი - მადლობის სათქმელად.

 

 

ეს ადგილი არა მხოლოდ სილამაზითაა გამორჩეული, სალოცავი დიდი მადლის მატარებელიც ყოფილა. როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. იმასაც ამბობენ, რომ სალოცავს კარი რამდენჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ მას "კარუგდებელი" უწოდეს.

 

 

23 ნოემბერს თავად გახლდით გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოსალოცად. მომლოცველების უმრავლესობას შესაწირად ბატკანი ან მამალი მიჰყავდა. ამ გზაზე, მოწყალების მთხოვნელიც ბლომად იყო და გამცემიც.

 

 

თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხისთავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ, მარიამ დედოფალმა გოგნში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ააგო და დააფუძნა მონასტერი. სოფლის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები.

 

 

ამჟამად კი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი შენდება, რომელიც ქართული ჩუქურთმებით უნიკალური იქნება საქართველოში. მამათა მონასტერთან ბერებისთვის შენდება კელიებიც.

 

 

მონასტრის წინამძღოლი, დეკანოზი იოანე რევიშვილი:

 

 

- წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი VII საუკუნეში აუშენებიათ. იყო პერიოდი, როცა გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა. აქ არის ძველი მონასტერი, რომელსაც ნასაყდრალს ეძახიან და განდეგილი ბერების საცხოვრებელი ადგილი იყო. ამბობენ, რომ ამ სალოცავში წმინდა გიორგის თავის ქალა იყო დაბრძანებული. დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის პერიოდში შემოემატა წმინდანის მენჯის ძვალი. აქ წირვა წლების განმავლობაში აღევლინებოდა. მორწმუნეებმა წინაპრებიდან გადმოცემით იცოდნენ ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. აქ უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს ხშირად შეხვდებით. სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ძველი ურთხმელია, გარკვეულწილად ესეც ამ სალოცავის სიძველეზე მიანიშნებს. იშვიათია, ურთხმელის ტყე ასეთი სახით სადმე იყოს შემორჩენილი, რადგან ურთხმელის მასალა ძვირად ღირებულია. ამ ტერიტორიას ვერ ეხებოდნენ.

 

 

- ტაძარს "კარუგდებელი" როგორ დაერქვა?

 

 

- სოფლის მცხოვრებლებმა მოინდომეს, ტაძრისთვის კარი დაეკიდათ, წვიმის დროს ტაძარში პირუტყვი თავშესაფარებლად რომ არ შესულიყო. კარი შეაბეს, მიუხედავად იმისა, იცოდნენ მას "კარუგდებელს" უწოდებდნენ. ერთხელ დაკიდეს, ჩამოვარდა, შემდეგ იგივე გამეორდა. დაუდარაჯდნენ, იქნებ კარს ვინმე აგდებსო, დაღლილებს წამიერად წასთვლიმათ. უეცრად, ხმა გაიგონეს, დაინახეს საყდარს კარი ჩამოვარდნოდა, გარშემო ყველგან დაიარეს და უცხო ვერავინ შენიშნეს. მოგეხსენებათ, საღამოს ლოცვის შემდეგ, ეკლესიები იკეტება. ამ სალოცავში ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს, წმინდა გიორგის შესთხოვოს მოილოცოს და გული მოიოხოს. "კარუგდებელის" დანიშნულება ეს არის.

 

 

- საქართველოში სხვა ტაძარი თუ არსებობს, რომელსაც კარი არა აქვს?

 

 

- როგორც ვიცი, არ არსებობს. ეპარქიაში გვაქვს 9-კარიანი მაცხოვრის ტაძარი. ეს არის გოდოგანში. ერთი 9-კარიანი ტაძარი აქ არის და მეორე - ტაო-კლარჯეთშია. თბილისში ერთ-ერთ მუზეუმში ინახება მოჩუქურთმებული ქვები, რომლებზეც ხალხი ლოცულობდა. თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ ბაგრატის ტაძრიდან იყო ის ქვები წაღებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეკლესიიდანაა.

 

 

- რომელ ქვებს გულისხმობთ?

 

 

- ძველი ტაძარი რომ დაინგრა, მისი ქვები დარჩა და მორწმუნეები მასზე ლოცულობდნენ.

 

 

- სალოცავის სახურავზე მამლების შესმა, ხეებზე ფერადი ლენტების შებმის ტრადიცია როდიდან დამკვიდრდა?

 

 

- ეს მაინც წარმართულია. კომუნისტების დროს, ამ მხრივ სრული გაუგებრობა იყო. თავადაც ხედავთ, აქვე ახალ ტაძარს ვაშენებთ, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის იქნება. მასზე დაახლოებით ისეთი ჩუქურთმებია, როგორიც ბარაკონსა და ნიკორწმინდაში. ეს ორი ტაძარი ჩუქურთმებით გამორჩეულია. გარდა ამისა, ამ მონასტრის კედლებზე ყველა ის ქართული ჩუქურთმა იქნება დატანილი, რომლებიც მოვიძიეთ. ტაძარი ბაგრატის ტაძარზე მაღალი გამოდის. პირველი სართულის 9 მეტრი მიწაშია, სადაც საბარძიმე ღვინოების მარნის მოწყობას ვგეგმავთ. ტაძარი უმეტესად შემოწირულობებით შენდება. მთავრობაც აქტიურადაა ჩართული, ტაძრამდე მოსასვლელი გზა გაგვიკეთეს.

 

ალექსანდრე სვინტრაძე სოფელ ჭოგნარიდანაა, 7-კაციანი ჯგუფთან და 8 მოჩუქურთმესთან ერთად ტაძრის მშენებლობაზე მუშაობს.

 

 

- ისტორიულ წყაროებში გოგნი მოხსენიებულია IV საუკუნიდან. გადმოცემის თანახმად, ამ სოფელში 2 000 მებრძოლი ბერი ცხოვრობდა და 4 სალოცავი და ციხე იყო. დღეს ზოგიერთის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ამ სოფელში მცხოვრები ბერების დამსახურება იყო, მეფე სოლომონმა ხრესილის ომი რომ მოიგო. გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავს დიდი ძალა აქვს მსწრაფლშემსმენელია. უმეტესად, დავრდომილი ადამიანები და ის ახალგაზრდები მოდიან, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ. წმინდა გიორგი სათხოვარს ბევრს უსრულებს. მოხდა ასეთი შემთხვევაც, კაცი ყავარჯნებით ამოვიდა, ილოცა და უკან ხელჯოხით გაბრუნდა. ტაძარს ბევრი მორწმუნე ცხვარსა და მამალს სწირავს, რომლებიც სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ისე დადიან, ნადირიც კი არ ჭამს. ამ დროს, სოფლის მცხოვრებლებს პირუტყვი ღამე გარეთ რომ დარჩეს, დილით ნადირისგან დაგლეჯილი დახვდება. სალოცავის გვერდით დიდი ჯვარია აღმართული. იმ ჯვრის ძირში რამდენიმე ქვაა. სოფელში ერთი დავრდომილი ბიჭი ცხოვრობდა, გვარად რობაქიძე იყო, წლების განმავლობაში ვერ დადიოდა. მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, ამ ადგილზე ტაძარი უნდა აიგოსო. პირველი ლოდი თავად ამ დავრდომილმა ბიჭმა ამოიტანა. მან გავლა შეძლო.

 

 

- მშენებარე ტაძრის შესახებ რას გვეტყვით?

 

 

- პატრიარქის მოთხოვნით, ამ ტაძარზე ყველა ჩუქურთმა VIII საუკუნემდე პერიოდისაა. სამშენებლო სამუშაოებს ზურაბ ბუცხრიკიძე (თერჯოლის რაიონის ყოფილი დეპუტატი) ხელმძღვანელობს. ჩუქურთმების ზოგიერთი ნიმუში ჩამოტანილია ოშკიდან და საზღვრებს გარეთ არსებული ქართული მონასტრებიდან. გუმბათში თამარის ჯვარია გამოსახული. გარე ფასადზე გამოისახება ყველა წმინდა ქართველი მეფე და ყველა წმინდა ანგელოზი. შიდა კედელზე წმინდა გიორგის ბორბალზე გაკვრისა და წამების სცენა იქნება გამოსახული. ტაძრის მშენებლობაზე ვინც ვმუშაობთ, უმეტესობა ერთი სოფლიდან, ჭოგნარიდან ვართ. ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ერთი ასაკისანი ვართ. ზოგიერთისთვის ეს მესამე ტაძარია, რომელზეც მუშაობს, ზოგიერთისთვის - მეოთხე. ჩვენთანაა მოჩუქურთმე, გია ბასილაძე. მას დიდი გამოცდილება აქვს, სვეტიცხოვლის სამრეკლო მისი აგებულია.

 

 

თამუნა კვინიკაძე

წყარო : wyaro
big_banner
არქივი