logo_geo
გზა სტამბოლიდან კარანტინში – ქართველი გოგონას ისტორია
- +

10 მაისი. 2020. 21:32

 

 

 

საქართველოში საყოველთაო კარანტინის ამოქმედების დღიდან, უცხოეთიდან ჩამოსული, სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროებში მოთავსებული ადამიანები იქაურ პირობებზე ბევრს წერდნენ და წერენ. მათი ნაწილი საკვების არასაკმარის რაოდენობაზე, იზოლაციის წესების დარღვევასა და ხელსახოცების არქონაზეც კი საუბრობდა. მეორე ნაწილი კი ყველაფრით კმაყოფილია.

 

 

“ჯგალი ნიუსი” ბათუმის საკარანტინო ზონაში მოთავსებულ ჯგალელ გოგონას, თეონა კვარაცხელიას დაუკავშირდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ 26 ქართველთან ერთად, სტამბოლიდან ჩამოვიდა.

 

 

“6 მაისს სტამბოლიდან ავტობუსით ჩამოვედი საქართველოში. 27 მგზავრი ვიყავით. იქამდე ბევრი პროცედურა გავიარეთ. ადრე თუ ბილეთს 200 ლირად ვყიდულობდით, ახლა 350 ლირად შევიძინეთ, რადგან მგზავრთა რაოდენობა არ იყო ბევრი. რომ არა საქართველოს საკონსულოს ჩართულობა, შესაძლოა, ვერც წამოვსულიყავით. წესით, 5 მაისს დილით უნდა გადმოვსულიყავით, მაგრამ გამგზავრების ნებართვაზე ლოდინი რამდენიმე საათი მოგვიწია და საბოლოოდ, შუადღით გადმოვედით. გზადაგზა თურქი პოლიციელები გვაჩერებდნენ და ამოწმებდნენ – იყო თუ არა ავტობუსში დისტანცია დაცული, გვეკეთა თუ არა პირბადე და ხელთათმანები.

 

 

საქართველოს საზღვარზე ექიმები დაგვხვდნენ, შეგვამოწმეს, პირადი მონაცემები ჩაიწერეს და შემდეგ სპეციალური ავტობუსებით გადაგვიყვანეს 14 დღიან სავალდებულო კარანტინში – ბათუმის სასტუმრო “სპუტნიკში”.

                                                                                                  

 

 

– თეონა, პირველ რიგში გვითხარი, თავს როგორ გრძნობ?

 

 

– ერთ ოთახში ყოფნა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო. მითუმეტეს, ყურადღებას გვაქცევენ, კარგი მომსახურებაა, ისეთი კარგი ხედიც მაქვს ოთახიდან, რომ ნელ ნელა ვეჩვევი. წინ კიდევ 10 დღეა.

 

 

 

 

 

 

 

– როგორი პირობებია სასტუმროში?

 

 

– ოთახში ყველანაირი კომფორტი მაქვს. რაც მთავარია, სისუფთავეა. მაქვს ინტერნეტი და ტელევიზორი. არის ტელეფონი, რითიც დღეში სამჯერ გვიკავშირდება ექიმი და კითხულობს, ხომ არ გვაქვს სიცხე. ამას გარდა, ექიმები ამოდიან ხოლმე და დისტანციურად გვეკითხებიან, რამე ჩივილები ხომ არ გვაქვს.

 

 

– როგორია კვება?

 

 

– სამჯერადი კვებაა. ყოველდღე კართან პარკით გვიტოვებენ საჭმელს. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის სხვადასხვა საჭმელი დევს კონტეინერში. ანუ საკვების მრავალფეროვნებას არ ვუჩივი. მომსახურებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგჯერ იმდენი საჭმელი მოაქვთ, უკან ვაბრუნებ. ყოველ ორ დღეში ერთხელ წყლის, ჩაისა და ყავის მარაგი ივსება. ოთახში პატარს მაცივარიც კი არის. ერთი სიტყვით, ​გვაქვს ყველაფერი ის, რაც შეიძლება ადამიანს დასჭირდეს.

 

 

 

 

 

– როგორ გაგყავს დრო?

 

 

– როცა ინტერნეტია, დრო მალე გადის. თან, დღეში 5-10 წუთით ოთახის კარების გაღება შეიძლება. აივანზე ყოფნა და იქიდან მეზობლებთან კონტაქტი არ გვეკრძალება, ამიტომ აივნიდან ვჭორაობთ ხოლმე გოგოები. კიდევ Tik-Tok-ში ვიღებ სახალისო ვიდეოებს.

 

 

მთავარია, ადამიანებმა გაიგონ, რომ ეს ყველაფერი მათ საკეთილდღეოდ კეთდება. მე ერთი წუთითაც კი არ გამიპროტესტებია კარანტინში გადაყვანა, რადგან ვიცი, აქ დაცულად ვარ როგორც მე, ისე რამე რომ იყოს, ჩემი ოჯახის წევრები. მერწმუნეთ, აქ ისეთი ადგილი არაა 2 კვირა რომ ვერ გაძლო. პირიქით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნო.

 

 

 

 

 

https://jgalinews.wordpress.com

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი