logo_geo
მევლუდ მელაძე: ჩემი ცოლის ცხოვრებაში ორი ტრაგედია თითქმის ერთნაირად მოხდა
- +

12 მაისი. 2020. 17:54

 

 

,,ნიკუშასთან კომუნიკაციის ახალი ფორმა ვიპოვე. ყველაფერი ის, რაც მის სახელს, სიცოცხლის სიყვარულს, ენერგიას, სისულელეებს და სიგიჟეებს უკავშირდება, ამიერიდან მატერიალიზდება და მისი ასაკის ადამიანები შეძლებენ, ჩაიცვან. ეს იქნება საქმე, რომელშიც ჩავერთვებით მე და ნიკუშას მეგობრები და რასაც მოვახმარ მთელ ჩემს სიყვარულს და სიცოცხლის იმ წვეთებს, რომლებიც შემომრჩა”, – დაწერა სოციალურ ქსელში 2019 წლის აპრილში დაღუპული 16 წლის ბიჭის, ნიკუშა ჯორჯაძის დედამ, ჟურნალისტმა სალომე გველესიანმა.

 

 

ნიკუშა ჯორჯაძის გარდაცვალება დიდი განსჯის საგანი გახდა. ავტომანქანა, რომელიც საოცარი სისწრაფით მიქროდა და 13 წლის ბიჭი მართავდა, ხეს შეასკდა. ნიკუშა უკანა სავარძელზე, მარჯვნივ იჯდა. ეს ის ადგილია, რომელიც მანქანაში ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. ეს ნიკუშასაც ასწავლა მისმა მამობილმა, საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა და ტიტულოვანმა ავტომრბოლელმა, მევლუდ მელაძემ, მაგრამ სწორეს ეს ადგილი აღმოჩნდა ბიჭისთვის საბედისწერო. ნიკუშა ადგილზევე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომი 15 წლის მოზარდი რამდენიმე დღეში დაიღუპა, წინ მსხდომები, 13 და 14 წლის ბიჭები კი უვნებლები გადარჩნენ.

 

 

ნიკუშა ჯორჯაძე სალომეს შვილი პირველი ქორწინებიდან იყო. ბავშვის გაჩენიდან მალევე ქმარი ტრაგიკულად დაეღუპა. გარკვეული ხნის შემდეგ ავტომრბოლელთან ინტერვიუზე მივიდა და მის ცხოვრებაში ლამაზი რომანიც დაიწყო. მევლუდ მელაძეს და სალომე გველესიანს ერთი საერთო შვილი ჰყავთ – 7 წლის მაქსიმე. მევლუდ მელაძისთვისაც მეორე ქორწინებაა. პირველი ცოლისგან 23 წლის ლუკა და 19 წლის ლიკა ჰყავს.

 

 

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს ამ ტრაგედიის შემდეგ სანანებლად აქვს, რომ დროულად არ ატეხა განგაში თინეიჯერების მიერ ავტომობილით გართობის საშიშროებაზე. როგორც “სარკესთან” ამბობს, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები მოზარდებისთვისო.

 

 

სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას გაგრძელება მოჰყვა, რომელმაც საზოგადოება ისევ ჩააგდო შოკში. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მოზარდმა გოგონამ, ლენო გვარჯალაძემ, რომელიც ავარიაში ნიკუშასთან ერთად დაღუპული ბიჭის შეყვარებული იყო. ამის შესახებ ბატონი მევლუდისგან შევიტყვეთ.

 

 

– ბატონო მევლუდ, სალომეს წამოწყებულ ახალ საქმეზე მოგვიყევით. ნიკუშას სახელის უკვდავყოფას რითი და როგორ აპირებს?

 

 

– ნიკუშას კარგი ჩაცმა უყვარდა. ისე სამაგალითოდ იცვამდა, რომ თანატოლები მას ბაძავდნენ. შეეძლო, ისეთი შეხამება გაეკეთებინა, ყველას მოსწონებოდა. სალომემ გადაწყვიტა, თინეიჯერების შემოსვის კუთხით იმუშაოს ზუსტად ნიკუშას სახელზე.

 

 

ამ ასაკის მოზარდები მუდამ პრეტენზიულები არიან, რთულად არჩევენ, რა ჩაიცვან და თინეიჯერების ჩაცმის ხაზი ფაქტობრივად ღიაა, ვერავინ იღებს თავის თავზე. სალომემ მეგობრებიც ჩართო ამ პროექტში და ცდილობენ, თინეიჯერების თვალით შეხედონ და წარმოიდგინონ, რა მოეწონებათ მათ. ხაზავენ, ხატავენ, კოლექციებს ქმნიან.

 

 

ტრაგედია, რომელიც ჩვენ დაგვატყდა, თინეიჯერების უგუნურობამ მოიტანა და ფირმას კუსლდუთთ დაარქვა, რაც ქართულად უგუნურს ნიშნავს. საკმაოდ ბევრი მიეხმარა – დიზაინერები, მოდის ბიზნესში ჩართული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მუშაობენ. ფაბრიკებისა და ქარხნების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ლოგოს შექმნაზეც ბევრი იმუშავეს. ყველა ელემენტი ხაზს უსვამს თინეიჯერების ასაკს. გარკვეული კოლექცია უკვე აქვთ. სალომე სიღრმისეულად უყურებს ამ პროცესს და დღე და ღამე მუშაობს.

 

 

– საქმეზე ყურადღების კონცენტრირება ალბათ ტრაგედიის გადატანაშიც ეხმარება.

 

 

– ასეთ დროს ყოველი დღე რთულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ სამსახურს დაუბრუნდა. ხასიათი აქვს ასეთი, თუ რამეს აკეთებს, სიღრმისეულად უდგება და მთელი დღე ფაქტობრივად საფიქრალად ვერ იცლის. იქიდან მოსულს სხვა მომენტები ეწყებოდა – ფიქრის, ანალიზის, ტკივილის… ახლა კი, რაც ახალი საქმე გამოძებნა, ეს ფიქრები და ტკივილი შრომამ ჩაანაცვლა. ეს სალომესთვის ბიზნესი არ არის. ამ საკითხს უდგება ისე, თითქოს თავის შვილს უვლის.

 

 

– რამდენი წლის იყო ნიკუშა, როდესაც თქვენ და სალომე დაქორწინდით? როგორი ბიჭი იყო, გარდა იმისა, რომ ჩაცმა უყვარდა?

 

 

– 3 წლისაც არ იყო და ჩემი შვილებისგან არასოდეს ვასხვავებდი. პირიქით, უფრო მეტადაც ვაქცევდი ყურადღებას. არ მინდოდა, ოდნავი ხინჯი მაინც ჰქონოდა გულში, ამიტომ პირველი ნიკა იყო ჩვენს ოჯახში. თავადაც ძალიან კარგი ბიჭი იყო, როგორც ადამიანი. გარშემო არავინ ჰყავდა, ვინც შეიძლებოდა მასზე ოდნავ მაინც ყოფილიყო ნაწყენი.

 

 

ვეუბნებოდი, კაცი ხარ და თავდაცვის რაღაცებს გასწავლი, რომ ამ ეპოქაში ჩხუბის დროს თავი მაინც დაიცვა-მეთქი. არ უნდოდა ეს ჩხუბი და კონფლიქტი და ისე გახდა ამ ასაკის, რომ არც ერთხელ უჩხუბია. თუ კონფლიქტამდე მივიდოდა საქმე, ისე აგვარებდა ურთიერთობას.

 

 

ძალიან გონებამახვილი გახლდათ, მაგალითად, ბაბუასთან ისეთი იყო, როგორიც ბაბუას უნდოდა, დედასთან ისეთი, როგორიც დედას უნდოდა და ჩემთანაც ასევე. ისე ახერხებდა ამ ყველაფრის დაბალანსებას, რომ არც ერთს გვქონია განცდა, ჩემთან იქცევა ასე მხოლოდო. ყველასთან სხვადასხვაგვარად იქცეოდა და ახლა რომ ვმსჯელობთ, აშკარაა, რომ ცდილობდა, არავინ ყოფილიყო მასზე ნაწყენი, არც ოჯახში და არც სხვაგან.

 

 

არ არსებობდა შემთხვევა, ვინმესთვის რამე თხოვნაზე უარი ეთქვა. რომ გვეთქვა, მე-9 სართულიდან გადახტი-თქო, გადახტებოდა. ენებს სწავლობდა კარგად. გვეუბნებოდა, თქვენ ნუ დამისახავთ გეგმებს, მინდა, უბრალო ადამიანი ვიყოო. ჩვენც არაფერს ვაძალებდით. თავად ეძებდა იმ გზას, საითაც შეიძლებოდა წასულიყო. სალომე თვლის, რომ რა საქმესაც ახლა თვითონ აკეთებს, ნიკუშასთან ის საქმე ყველაზე ახლოს იქნებოდა.

 

 

– დიზაინერობა უნდოდა?

 

 

– ასე კონკრეტულად არ ვიცით, მაგრამ მომავალში ალბათ მაინც ამ სფეროში მოხვდებოდა. ხატვა ეხერხებოდა კარგად და ასევე კარგი ჩაცმა.

 

 

– ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, რა მოხდა და ვინ და როგორი შეცდომა დაუშვა იმ საბედისწერო დღეს?

 

 

– საჭესთან 13 წლის ბიჭი იჯდა, მის გვერდით 14 წლის და უკან – ნიკუშა და კიდევ 15 წლის ბიჭი, რომელიც ასევე გარდაიცვალა. 14 წლის ბიჭმა წამოიყვანა ოჯახიდან მანქანა და მერე მეორემ სთხოვა, მე დავჯდები საჭესთანო.

 

 

13 და 14 წლის ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაული ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათ ვერც კანონი შეეხება და ვერც სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ გვყავს ორი დაღუპული და არც ერთი დამნაშავე.

 

 

– ამ ბავშვების მშობლები რას ამბობენ, არც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა?

 

 

– ბავშვებმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანეს. არც ვუღრმავდებით ამ ამბავს. ვფიქრობ, სალომე ამ სიტუაციაში ყველაზე სწორად მოიქცა. არ ვიცი, როგორ მოახერხა, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდა და როგორ იპოვა ძალა, ეთქვა, შეიძლებოდა, პირიქით მომხდარიყო, ჩვენი შვილი ყოფილიყო ასეთივე დამნაშავეო. ბავშვებმა ერთად იცელქეს და მიიღეს შედეგი.

 

 

– ნიკამ მანქანის ტარება იცოდა?

 

 

– არა და არც აინტერესებდა. თურმე ამ ბავშვებს ორი დღის წინაც მოუპარავთ მანქანა. ამ ამბავს რომ სისტემატური ხასიათი ჰქონოდა, ალბათ მეც გავიგებდი და რამეს ვიღონებდი, რაღაცას მაინც ავუხსნიდი, როგორ მოქცეულიყო.

 

 

სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ეს სამეგობრო ერთად იყო შეკრებილი, როცა ვუთხარი, რადგან მანქანის მართვა გაინტერესებთ, წაგიყვანთ სპეციალურ მოედანზე და გასწავლით, კარგად რომ იცოდეთ-მეთქი.

 

 

პატარა ასაკში ყველას უნდა, მანქანის მართვა იცოდეს. შევპირდი, რომ ზაფხულში ბევრ რამეს ვასწავლიდი. ოთხივენი გადაბმული მეგობრები იყვნენ. ჩვენთანაც ხშირად რჩებოდნენ და ნიკუშაც მიდიოდა მათთან. ესეც იყო სალომეს ერთ-ერთი არგუმენტი, როცა გადაწყვიტა, რომ კატეგორიულები არ ვყოფილიყავით.

 

 

– ასე ხომ შეიძლება ნებისმიერმა არასრულწლოვანმა მოიპაროს მშობლის მანქანა და იცოდეს, რომ ამისთვის არ დაისჯება.

 

 

– ამ მხრივ, უსაფრთხოების პროექტზე მეგობრებთან ერთად ვმუშაობდი, რადგან ასეთი არასწორი კანონები შევამჩნიეთ და ამაზე გვქონდა კამათი არაერთ პიროვნებასთან, მათ შორის – სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევის შემდეგ უკვე ათმაგად მაქვს კანონის შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნილება. მაშინვე ვთქვი, რომ თუ 13 წლის ბავშვებმა გაიგეს, რომ არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, აბსოლუტურ განუკითხაობას მივიღებდით.

 

 

ამ კანონის მიღების შემდეგ სწორედ ამ ასაკის ბავშვები ხან მაღაზიას ტეხენ, ხან რას ჩადიან, რადგან იციან, არავინ შეეხებათ. ნიკუშას ამბავი ძალიან გახმაურებული იყო. დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა და ამის მერე უფრო გაიგო ბევრმა, რომ პასუხს არ აგებდნენ, ამიტომაც სასწრაფოდაა მოსაფიქრებელი ამ მხრივ რამე.

 

 

ნიკასთან ვსაუბრობდი ხშირად უსაფრთხოების საკითხებზე და იცოდა, რომ, როცა საფრთხეს შეიცავდა მანქანით მგზავრობა, უკანა მარჯვენა სავარძელი იყო ყველაზე საიმედო. იმ დღეს დიდი ალბათობით იცოდა, რომ მაღალი სიჩქარით წავიდოდნენ, დატესტავდნენ მანქანას – ვინ უფრო სწრაფად წავა, ვინ რამდენით წაიყვანს… ამიტომაც ამოარჩია ადგილი, რომელიც ყველაზე უსაფრთხოა. შეიძლება სხვები შემთხვევით დასხდნენ გარკვეულ ადგილებზე, მაგრამ ამან იცოდა, სადაც ჯდებოდა, წინასწარვე შეარჩია. როგორც ჩანს, თავის დაცვა სცადა, მაგრამ იმის გათვლა, რომ მართვას დაკარგავდა საჭესთან მჯდომი, შემოტრიალდებოდა მანქანა და ხეს დაეჯახებოდა… ახალგაზრდები არიან და რომელიმე ვერ იტყოდა, მეშინია და ჩქარა ნუ დადიხართო.

 

 

ავედი იმ ადგილზე და ვნახე, რა და როგორ მოხდა, როგორი კვალი იყო და რა სიჩქარით მიდიოდნენ. ზუსტად ვიცი, რომ 200 კილომეტრზე მაღალი იყო სიჩქარე. ლისის ტბიდან ზემოთ, წოდორეთის გზაზე სწორი გზაა თითქოს და საფრთხე არ გემუქრება, სანამ 200 კმ/სთ-ს არ გადააჭარბებ სიჩქარეს. ასეთ დროს პროფესიონალებისთვისაც კი რთულია მართვა, არამცთუ 13 წლის ბავშვისთვის.

 

 

მინდოდა, ნიკუშას კარგად სცოდნოდა ავტომობილის მართვა. ყველაზე კარგად რაც შემიძლია შვილებს ვასწავლო, სწორედ ავტომობილის უსაფრთხო მართვაა. არც ჩემს დანარჩენ შვილებს უყვართ და არც ვაძალებ.

 

 

– სალომეს უყვარს სიჩქარე?

 

 

– არა, სიჩქარე არ უყვარს, მაგრამ ავტომობილის მართვა გადასარევად იცის, რადგან თავიდანვე მე ვიყავი ჩართული სწავლებაში. კარგად იცის ყველა სიკეთე თუ სიბოროტე, რაც შეიძლება ავტომობილის მართვას მოჰყვეს. სალომეს ვერ შეატყობ, რომ საჭესთან ქალია და ეს მეტყველებს იმაზე, რომ კარგად იცის მართვა. პარკირების შემთხვევაშიც ასეა.

 

 

– როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

 

 

– ჩვენს ოჯახში სიხარულიც და ტკივილიც ავტომობილს უკავშირდება და, მათ შორის, ჩვენი გაცნობაც. სალომე ერთ-ერთ ჟურნალში მუშაობდა. რედაქტორს უნდოდა, ჟურნალისტი ჩვენს ფედერაციაში გამოეგზავნა ინტერვიუს ჩასაწერად. უკითხავს, ვინ იცის, პროტექტორი რა არისო. ყველა გაჩუმებულა და სალომეს უთქვამს, საბურავზე ნაჭდევები რომაა, ეგაა პროტექტორიო. მაშინ შენ წახვალ და ჩაწერ ინტერვიუსო, უთქვამს. მოვიდა ჩემთან და ასე გავიცანით ერთმანეთი.

 

 

– მაშინ ნიკუშა უკვე ჰყავდა?

 

 

– დიახ, ჰყავდა. ნიკუშას მამას მანქანა დაეჯახა. ქუჩაზე გადადიოდა და დაიღუპა. არც ის იყო დამნაშავე. თავს რომ მორეოდა, სალომემ მაშინაც სამსახურში გასვლა გადაწყვიტა. ქმრის გარდაცვალებიდან წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, სამსახურში რომ გავიდა და მერე ჩემთან მოიყვანა ბედმა ინტერვიუზე.

 

 

– ეტყობა, რომ ძალიან ძლიერი ადამიანია.

 

 

– სიძლიერე ალბათ შედარებითია. რთულია, ამ ყველაფერს დაეჯახო და მოერიო, მაგრამ აქვს პერიოდები, როდესაც არ უნდა, ძლიერი იყოს და ჩვენ ვაძალებთ, რომ იყოს ძლიერი. თან, განმეორებითობასავითაა – ავტომობილი-სიკვდილი, მერე კიდევ ავტომობილი-სიკვდილი… ნაღმიც კი არ ვარდება ერთსა და იმავე ადგილას და სალომეს შემთხვევაში ორი ტრაგედია თითქმის ერთნაირად მოხდა.

 

 

– ალბათ თქვენი პროფესიაც ანერვიულებს.

 

 

– დიახ და გაგონებაც არ უნდა რისკისა და შეჯიბრებების.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი