logo_geo
მამა ვიტალის სიკვდილის წინ ღვთისმშობელი გამოეცხადა – როგორ ცხოვრობდა ბერი, რომლის საფლავზეც დღემდე სასწაულები აღესრულება
- +

12 მაისი. 2020. 17:36

 

 

,,როცა მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და, როგორც ცოცხალს, ისე მომიყევით ყველაფერი. მე დაგეხმარებით!” – ეს გახლდათ მამა ვიტალი სიდორენკოს დაპირება ხალხისადმი. ის თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული და მის საფლავთან ყოველდღე მრავალი მომლოცველი მიდის. სანთლებს ანთებენ და თავიანთ გასაჭირს უყვებიან.

 

 

ვის არ შეხვდებით მის საფლავთან – ბავშვს, ახალგაზრდას, ასაკოვანს… თითოეულს სწამს, რომ წმინდა მამა მათ თხოვნას შეასრულებს, გულმხურვალედ ლოცულობენ და მეოხებას სთხოვენ.

 

 

– ჩემს შვილს ბრმანაწლავის ოპერაცია გავუკეთე. ზედმეტი ნარკოზი მოუვიდათ და პრობლემები შეექმნა. აქ მოვედი, ვილოცე და ჩემი შვილიც გამოჯანმრთელდა, – გვითხრა ქალმა, რომელიც მამა ვიტალის საფლავის მოსალოცად იყო მისული.

 

 

– ჩემი ნათესავის ქალიშვილს, 15 წლის გოგონას, თვალების პრობლემა ჰქონდა. ხშირად უწევდა რაიონიდან ჩამოსვლა და თვალის კლინიკაში სამკურნალო პროცედურების ჩატარება. ერთხელაც დედამისმა მამა ვიტალის საფლავზე მოიყვანა. დედა-შვილმა დიდხანს ილოცეს, სანთლები დაანთეს. დედამ შვილს თვალებზე მამა ვიტალის კანდელის ზეთი წაუსვა. სასწაული მოხდა და ბავშვი განიკურნა, მხედველობა სრულად აღუდგა. მე ფინასური პრობლემები მაქვს და დღეს იმიტომ მოვედი, – გვითხრა ახალგაზრდა ქალმა.

 

 

– უკვე მესამედ მოვდივარ და სულიერადაც გავჯანსაღდი და ფიზიკურადაც. ფინანსური მდგომარეობაც გამომისწორდა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, დანარჩენი პირადულია, – გვიამბო ახალგაზრდა მამაკაცმა.

 

 

– ავარიის შემდეგ ფეხებისა და სახსრების ტკივილი დამრჩა. სად არ ვიმკურნალე, მაგრამ უშედეგოდ. აქ დავიწყე სიარული და ვგრძნობ, რომ ტკივილმა მიკლო. იმედია, მალე სულ გამივლის, – გვითხრა მოსალოცად მისულმა შუახნის ქალმა.

 

 

ამბობენ, რომ მამა ვიტალი თბილისის მფარველთა, წმინდა აბო თბილელისა და წმინდა დავით გარეჯელის ღვაწლთა გასამრავლებლად და დედაქალაქის მზრუნველ მამად აღიარეს.

 

 

ვინც კი მამა ვიტალის იცნობდა და მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, ყველა აღნიშნავს, რომ ბერის გასაოცარი რწმენა, უკიდეგანო სიყვარული, სამაგალითო მორჩილება და დავმდაბლობა ადამიანებს საოცარ ატმოსფეროს უქმნიდა.

 

 

მამა ვიტალიმ თავისი სასულიერო ცხოვრების დიდი ნაწილი აფხაზეთის მთებსა და თბილისში გაატარა. 20 წელი იმსახურა თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში. ბერის საფლავს ქალბატონი ნადეჟდა უვლის, მან მამა ვიტალის ცხოვრებაზე გვიამბო:

 

 

– 10 წელია, რაც მამა ვიტალის საფლავს ვუვლი. როდესაც აქ მოვედი, ის უკვე გარდაცვლილი იყო. მის შესახებ ყველაფერი გადმოცემით ვიცი. რთული გზა გაიარა – დევნიდნენ, ავიწროებდნენ, სცემდნენ, ამცირებდნენ, მაგრამ ყველას სიკეთით პასუხობდა, ყველაზე ლოცულობდა და ღმერთს მათ კარგად ყოფნას შესთხოვდა.

 

 

სასულიერო პირებმა მამა ვიტალი თბილისის მფარველი წმინდანების, აბო თბილელისა და დავით გარეჯელის ღვაწლთა გასამრავლებლად დედაქალაქისთვის მზრუნველ წმინდა მამად აღიარეს. მამა ვიტალი დიდ მადლს ატარებდა. თუ გაიგებდა, ვინმე ავად იყო, ღმერთს შესთხოვდა, ავადმყოფობა მისთვის მიეცა და ის ადამიანი გამოჯანმრთელებულიყო. კურნავდა სულით ავადმყოფებს, ეშმაკით შეპყრობილებს… ბევრი დამცირება და ტანჯვა გადაიტანა, მაგრამ ცუდს არავისზე ამბობდა.

 

 

– როგორი იყო მისი ბავშვობა და მოზარდობა, სად გაატარა ეს წლები?

 

 

– როცა დედამისი ვიტალიზე იყო ფეხმძიმედ, ღმერთს სთხოვდა, ისეთი ბავშვი მომეცი, შენც რომ გამოგადგეს და ხალხსაცო. ლოცვის შემდეგ ორი კაშკაშა მზე დაესიზმრა და ხმა ჩაესმა, ერთი მზე შენს წიაღშიაო. 1928 წლის 5 მაისს სოფელ ეკატერინოვკაში, კრასნოდარის მხარეში, დაიბადა ბავშვი, რომელსაც ვიტალი დაარქვეს. ღარიბი გლეხისთვის, ნიკოლაი სიდორენკოსთვის და მისი ცოლისთვის, ალექსანდრასთვის, ვიტალი მეორე შვილი იყო. უფროსი ქალიშვილი ჰყავდათ – ვალენტინა.

 

 

8 დღის ვიტალის რომ ნათლავდნენ, ჩვილი სულ იცინოდა, ემბაზში კი ფეხზე იდგა. 40 დღისა დედამ ეკლესიაში წაიყვანა, რომ ღმერთისთვის წარედგინა. მოძღვარმა ყრმა საკურთხეველში შეიყვანა და იგრძნო, რომ ჩვილისგან საოცარი მადლი გადმოვიდა. მოძღვარმა წმინდა ტრაპეზზე დააწვინა და მშობელს უთხრა, ეს დიდი ადამიანი გახდებაო.

 

 

ამბობენ, რომ დედამისს ჩვილის აკვანთან ანგელოზების გალობა ესმოდა. ბავშვი უფლის რჩეული გახლდათ. ამის გამო მამას, დას და ბებიას პატარა ვიტალი არ უყვარდათ და მისი სიკვდილი სურდათ. ვიტალის დედას სამუშაოდან სახლში არ უშვებდნენ, რომ შვილი გამოეკვება, ამიტომ ბავშვი მთელი დღე მშიერი იყო. ჩვილი არ ტიროდა, რაც ოჯახის წევრებს უარესად აღიზიანებდათ. ბებია იატაკზე აგდებდა, მაგრამ ვიტალი მაინც არ ტიროდა.

 

 

მამა ვიტალი მშობლებს დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენიებდა. 1937 წელს მამამისი დააპატიმირეს, 1941 წელს გაათავისუფლეს და მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა, იქ დაიღუპა.

 

 

5 წლის ვიტალიმ მარხვა დაიწყო, ხორცს საერთოდ არ ჭამდა. ოთხშაბათს და პარასკევს რძესაც არ სვამდა. 8 წლის ასაკში სკოლაში შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ სახლში არ მეცადინეობდა, რადგან საოჯახო საქმეებს ავალებდნენ, მაინც კარგ მოსწავლედ ითვლებოდა. სკოლაში სახარება მიჰქონდა და ბავშვებს უკითხავდა. სახარებას სხვებსაც უკითხავდა, რის გამოც სახლში დროზე ვერ მიდიოდა, დედა კი დაგვიანებისთვის მკაცრად სჯიდა.

 

 

პატარა ვიტალი დილით სახლის საქმეებს აკეთებდა, ღამით წმინდა წიგნებს კითხულობდა. ზაფხულობით ხან ყანაში ლოცულობდა, ხან მდინარესთან, დიდ ქვაზე, რომ დედას ადვილად ეპოვა, თუკი დასჭირდებოდა.

 

 

– ავტობიოგრაფიულ წიგნში წერია მისი პირველი სასწაულის შესახებ?

 

 

– დიახ. პირველი სასწაული 9 წლის ასაკში მოახდინა. მას კოლმეურნეობის ნახირის მწყემსვა დაავალეს. საქონელი საძოვარზე გარეკა, თავად კი სახარების კითხვას შეუდგა. უყურადღებოდ დარჩენილმა ძროხებმა ზომაზე მეტი ბალახი შეჭამეს და ძირს დაცვივდნენ. ბრიგადირმა დავარდნილი საქონელი რომ დაინახა, ხალხს დასახმარებად დაუძახა. ვიტალიმ ყვირილზე სახარების კითხვას თავი დაანება, თითოეულ ძროხას ჯვარი გადასახა და საქონელი ფეხზე წამოაყენა.

 

 

მეშვიდე კლასში რომ იყო, მასწავლებელმა ნეკრასოვის ლექსის “რკინიგზის” წაკითხვა დაავალა. ბავშვმა ლექსი ასე წაიკითხა – სამყაროში არის მეფე და ეს მეფე დაუნდობელი სტალინიაო. ამის გამო სკოლიდან გააგდეს.

 

 

16 წლის ასაკში უკვე სურდა, ღმერთის მხედარი ყოფილიყო და თავისი პასპორტი დახია, რის გამოც საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან დევნილი გახდა. 1948 წელს გადაწყვიტა, ღვთის სამსახურში ჩამდგარიყო და სერგის ლავრაში გაემგზავრა, მერე გლინის უდაბნოში, სადაც ბერები მოღვაწეობდნენ, წინამძღვარი კი სქემარქიმანდრიტი სერაფიმ ამელინი იყო. იქ ასევე მოღვაწეობდნენ – სქემიღუმენი ანდრონიკე ლუკაში და სქემმონაზონი სერაფიმ რომანცოვი, რომელიც მამა ვიტალის სულიერი მამა და მოძღვარი გახდა. მან ამ სამი ბერისგან ისწავლა თავმდაბლობა, მორჩილება და ღვთისა და მოყვასის სიყვარული.

 

 

მონასტერში მამა ვიტალი ყველაფერს აკეთებდა, დარაჯიც იყო და სატრაპეზოშიც მუშაობდა. ერთხელ წინამძღვარმა შეშის გადაზიდვა უბრძანა. როცა ეს დავალება შეასრულა, მამა ადრონიკემ უთხრა, რომ შეშა ძველ ადგილზე დაებრუნებინა. მამა ვიტალიმ მისი ბრძანებაც უხმოდ შეასრულა.

 

 

სატრაპეზოში როცა მუშაობდა, გულში იმეორებდა, მიიღეთ, ძმებო, ჩემი უღირსი მსახურებაო და სულიერ ძმებს თავს უხრიდა.

 

 

– ცნობილია, რომ მამა ვიტალიმ რუსეთის ბევრი სიწმინდე მოილოცა. გვიამბეთ ამის შესახებ.

 

 

– მან ფეხით მოილოცა სიწმინდეები. გზაში იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთ-ერთ ქალაქში დაიჭირეს და საკანში შეაგდეს, სადაც სხვა პატიმრებიც ისხდნენ. საკანში თამბაქოს კვამლისგან არაფერი ჩანდა. პატიმრებმა მამა ვიტალი ძალიან სცემეს. ის ცივ იატაკზე იწვა და ლოცულობდა.

 

 

უფლის წყალობით, თამბაქოს კვამლი საკმევლის სურნელით შეიცვალა. ეს რომ პატიმრებმა დაინახეს, სთხოვეს, მათთან ესაუბრა. მართლაც, მამა ვიტალიმ საუბარი გაუბა და პატიმრები ატირდნენ, ცოდვები მოინანიეს. თურმე ამ ყველაფერს საკნის კარის ჭუჭრუტანიდან ციხის ზედამხედველები უყურებდნენ. მეორე დღეს, როდესაც მამა ვიტალი გაათავისუფლეს, ციხის ზედამხედველებმა პატიმრებთან ასეთი საუბრისთვის სცემეს და ისე გამოუშვეს.

 

 

ქალაქ ტაგანროგში (როსტოვის ოლქი) მილიციამ ისე სცემა, რომ ეგონათ, შემოაკვდათ და მორგში დააგდეს. ექიმს შეეცოდა, მილიციას უსაყვედურა, ასე რატომ გაიმეტეთო. ღამის 12 საათზე მორიგე ექთანმა გალობა გაიგონა. მორგში რომ შევიდა, დაინახა, მამა ვიტალი გალობდა. გახარებული ექთანი ექიმის მოსაყვანად გაიქცა. როდესაც ოთახში ექიმი შევიდა, დაინახა, რომ მამა ვიტალი მკვდრებს შორის იჯდა და გალობდა.

 

 

მამა ვიტალი ხშირად ღამეს ხის ძირში ათევდა. სწორედ მაშინ გაცივდა და ტუბერკულოზით დაავადდა. საავადმყოფოში თავის ულუფას და წამლებს სხვას უნაწილებდა, ღამღამობით ფეხზე დგებოდა და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა. ექიმებს არ ეგონათ, რომ გადარჩებოდა, მაგრამ გადარჩა.

 

 

საავადმყოფოდან გამოსული მამა ვიტალი გლინის უდაბნოში დაბრუნდა, იქ ბერად აღიკვეცა და სახელად ბენედიქტი უწოდეს.

 

 

1958 წელს მონასტრის ბერებმა ის სოხუმში გამოუშვეს, რადგან მონასტერს დახურვა ემუქრებოდა. სოხუმში მან ყველას თავი შეაყვარა. ყველაფერს გასცემდა, რაც კი ებადა.

 

 

1969 წელს თბილისში ჩამოვიდა და ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწყო მოღვაწეობა, რომლის წინამძღვარი მეუფე ზინობი (მაჟუგა) იყო.

 

 

1979 წელს მამა ვიტალი სამკურნალოდ რუსეთში გაემგზავრა, ოპერაცია გაუკეთეს და კუჭის ორი მესამედი ამოაჭრეს. საავადმყოფოში ისევ სხვებს ეხმარებოდა, მათთვის ლოცულობდა და თავის საკვებსა და წამლებს უნაწილებდა. ამბობდა, წამლებით კი არ გამოვჯანმრთელდები, არამედ მადლის გაცემითო. მერე კვლავ თბილისში დაბრუნდა. 20 წელი იმსახურა თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში.

 

 

1991 წელს, როდესაც ძმათამკვლელი ომი დაიწყო საქართველოში, მამა ვიტალიმ დუმილის უფლება აიღო და მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა, ხანდახან კი ამაზეც უარს ამბობდა. სანამ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, იწინასწარმეტყველა, რომ დედამიწაზე საშინელება მოხდებოდა, ძმათა სისხლი დაიღვრებოდა, იქნებოდა შიმშილი და ძალადობა, ხალხი სხვა ქვეყნებში დაიწყებდა თავშესაფრის ძებნას. მართლაც ასე მოხდა. ადამიანებს, რომლებიც ომის პერიოდში თბილისს ტოვებდნენ, ეუბნებოდა, არ წახვიდეთ, ღმერთს მიენდეთ და ის დაგეხმარებათო.

 

 

– მოგვიყევით მისი სასწაულების, ხალხთან ურთიერთობების შესახებ.

 

 

– ერთმა მონაზონმა ჰკითხა, რომ დავინახო, სხვა ცუდად იქცევა, გავკიცხო თუ არაო. მოძღვარმა მიუგო, შენ ვინ ხარ, რომ გაკიცხო, ღმერთი ითმენს და შენ მისი განსჯა გინდა, ის მოინანიებს და ზეცაში ავა, შენ კი მისი განსჯისთვის ჯოჯოხეთში ჩახვალ, თუ იმ ადამიანისთვის კარგი გინდა, მისთვის ილოცეო.

 

 

მამა ვიტალი როცა გაიგებდა, რომ სადღაც კატასტროფა მოხდა, დაღუპული ადამიანების რიცხვს იწერდა და ყველას სათითაოდ სანთელს უნთებდა, მათი სულებისთვის ლოცულობდა. შეიძლება დაღუპულებს შორის მუსლიმიც ყოფილიყო, მაგრამ სანთელს მაინც უნთებდა.

 

 

ყველას არიგებდა, რომ მშობლებისთვის პატივი ეცათ და მათთვის ხელზე ხშირად ეკოცნათ. ერთხელ მამა ვიტალისთან ქალი მივიდა და ხელზე ეამბორა. მოძღვარმა ჰკითხა, დედაშენს ხელზე თუ კოცნიო. ქალმა მიუგო, არაო. მაშინ ჩემდამი შენი სიყვარული თვალთმაქცობააო, უპასუხა.

 

 

ერთ დღეს მასთან ქალი მივიდა და უთხრა, რომ სიზმარში ხშირად ხედავდა გარდაცვლილი ქალიშვილის კუბოს, რომელიც მის სახლთან იდგა. აღმოჩნდა, რომ ამ ქალის შვილი ისე გარდაიცვალა, დედასთან ნაჩხუბარი იყო. მამა ვიტალიმ დაარიგა, შვილის საფლავზე წადი და ხმამაღლა თქვი, რომ პატიობ ყველა მის წყევლას, წყენას და ჩხუბს, წარმოთქვი: “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა” და საფლავს პირჯვარი გარდასახეო. ქალი ასე მოიქცა და მას შემდეგ ასეთი სიზმარი აღარ უნახავს.

 

 

მამა ვიტალის სულიერი შვილი იხსენებდა, რომ ის 23 წლის განმავლობაში ცდილობდა, მიეტოვებინა ურწმუნო ქმარი, მაგრამ ბერი ამის ნებას არ აძლევდა. შთააგონებდა, რომ ვინც თავის ჯვარს ბოლომდე ზიდავდა, ზეცაში გვირგვინი ელოდებოდა.

 

 

სქემარქიმანდრიტი ვიტალი თვლიდა, რომ ადამიანი ანგელოზია და ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრას ანგელოზთან შეხვედრად აღიქვამდა, ამიტომ ყველას, თითოეულ შემხვედრს მიწამდე უხრიდა თავს და ისე ესალმებოდა.

 

 

მამა ვიტალის ცხოველები საოცრად უყვარდა. როდესაც კატა თაგვს დაიჭერდა, მის გასათავისუფლებლად კატას სხვა საჭმელს სთავაზობდა, კრაზანებს კი თაფლწასმული საზამთროთი უმასპინძლდებოდა.

 

 

ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ, როდესაც მამა ვიტალის უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ, მასთან გამოსამშვიდობებლად დიდუბის ყველა უპატრონო კატა მივიდა (მამა ვიტალი დიდუბეში ცხოვრობდა).

 

 

მამა ვიტალი ყველას სთხოვდა, ზედმეტი რაც ჰქონდათ, გაეცათ, მაგრამ არ მოსწონდა დაუდევარი დამოკიდებულება საკვებისა თუ ნებისმიერი საგნის მიმართ. მის გარშემო წესრიგი სუფევდა. არ უყვარდა ფუჭი საუბარი, მისთვის სიტყვას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. სულიერ შვილებს სთხოვდა, ყველა ადამიანზე კარგი ეთქვათ, საკუთარი თავი კი დაეკნინებინათ. სწორედ ამაში ხედავდა დიდ თავმდაბლობას.

 

 

– როგორი იყო მისი უკანასკნელი დღეები?

 

 

– თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. ბოლო 6 თვე პურს აღარ ჭამდა. ფეხზე დგომა რომ აღარ შეეძლო, აღსარებას დამჯდარი იბარებდა. სიკვდილის წინ სულიერ შვილებს, მონაზვნებს უთხრა, რომ 3 დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ერთი დღით ადრე მონაზონს სთხოვა ფარდის გაწევა. როდესაც მონაზონმა ჰკითხა, ვის ხედავო, მამა ვიტალი ატირდა და ხელი ღვთისმშობლის ხატისკენ გაიშვირა. მას სიკვდილის წინ ღვთისმშობელი გამოეცხადა.

 

 

1992 წლის პირველ დეკემბერს, საღამოს 7 საათისთვის, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. წესი საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ აუგო. ვინც კი მამა ვიტალის ცხედარს შუბლზე ეამბორა, ყველამ აღნიშნა, რომ ცივი არ იყო. როდესაც მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ შეკრა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი