logo_geo
პაატა ჭონიაშვილი: ყურზე შვიდსაათიანი ოპერაცია გამიკეთეს, რომ არ მოვმკვდარიყავი...
- +

27 მაისი. 2020. 13:19

 

 

„მასტერშეფის“ ახალი 20 წლის ვარსკვლავი – პაატა ჭონიაშვილი, იგივე პატრიკ ნოველსი, მაყურებელმა მესამე სეზონის დაწყებამდე შეიყვარა. მისმა ვიდეომ, რომელიც პოპულარული კულინარიული პროექტის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოაქვეყნა, უამრავმა ადამიანმა გააზიარა, მოიწონა და დააკომენტარა.

 

 

მხიარული, ენერგიული და პოზიტიური ადამიანის უკან საკმაოდ დიდი ჯანმრთელობის პრობლემა იმალება, რომელსაც თავად არავითარ შემთხვევაში არ უყურებს ნეგატიურ ჭრილში.

 

 

ზუსტად ერთი წლის წინ, პაატამ ყურზე შვიდსაათიანი ოპერაცია გადაიტანა, ცალ ყურში სმენა დაკარგული აქვს, მაგრამ გადაცემაში ამაზე თავად იხუმრა და როგორც აღნიშნავს, ცხოვრებაში ყველა პრობლემა სწორედ პოზიტიური განწყობით გადააქვს.

 

 

„მასტერშეფის“ ყველაზე კაშკაშა მონაწილესთან ექსკლუზივს გთავაზობთ.

 

 

ფართო საზოგადოებამ „მასტერშეფიდან“ გაგიცნო…

 

 

პაატა ჭონიაშვილი:

 

 

ფართო საზოგადოებამ მანამდეც გამიცნო, ერთ-ერთი კომპანიის გვერდიდან. „აიპლუსის“ პიარი და სახე ვიყავი, უამრავი ვიდეო ჩემი მონაწილეობით გაჰიტდა, თუმცა, რა თქმა უნდა, „მასტერშეფს“ არც ვადარებ.

 

 

„მასტერშეფი“ ბევრად მასშტაბურია. ელოდი ამდენ პოზიტიურ გამოხმაურებას?

 

 

იცით, რა არის? ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ  ხოლმე. ვიცოდი, რომ გამოხმაურება მოჰყვებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი ამხელა სიყვარულს ხალხის მხრიდან. ვფიქრობდი, უფრო ნეგატიური გამოხმაურება ექნებოდა, იმიტომ, რომ მანამდე ჩემს ვიდეოებს ჰქონია უარყოფითი კომენტარები. ახლა კი საზოგადოებამ შემიყვარა. არ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ ამას ველოდი.

 

 

„მასტერშეფამდე“ როგორ მიხვედი?

 

 

ორი სეზონია, ვუყურებ ამ პროექტს, რაც საქართველოში დაიწყო, თუმცა მანამდე მის უცხოურ ანალოგებს ვუყურებდი. აქ რომ დაიწყო, ძალიან გამიხარდა. პირველი სეზონი ძალიან მომეწონა, მეორე საერთოდ ფანტასტიკური იყო. ჩემმა მეგობარმა დამაძალა, გადიო. მზადება კარგად გამომდის. შეიძლება, კონკრეტული ტექნოლოგიები არ ვიცი და გამოცდილება არ მაქვს პროფესიულად, მაგრამ it’s ok, რატომაც არა, ვიფიქრე, ვცდი-მეთქი.

 

 

ყველაფერს ასე უდგები? წარუმატებლობის არ გეშინია?

 

 

უარს არაფერზე ვამბობ, თუკი პოტენციალს ვხედავ. თავად კარგი ინტუიცია მაქვს და ირგვლივაც ისეთი ადამიანები მყავს, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებიან, რაც ზოგჯერ ცოტა მიჭირს ხოლმე. საქართველოში ხომ იცით, როგორ არის, მეგონა, მხოლოდ ახლობლობით ხდებოდა რაღაცები, მაგრამ „მასტერშეფი“ გამონაკლისია, აქ ნეპოტიზმი არ მოქმედებს. ტურიდან ტურში გადადიხარ შენი შესაძლებლობების და არა იმის მიხედვით, ვისი დეიდაშვილი ხარ. ვცადე და კი გამოვიდა და კი შემიყვარა ხალხმა. უარის თქმის არ მეშინია, ზოგს ანგრევს უარი, მე სტრესს არ მაყენებს. ბევრ გასაუბრებაზე უთქვამთ ჩემთვის უარი… ხომ ხვდებით, რას ვამბობ.

 

 

 

ამ მომენტამდე რა მცდელობები გქონია?

 

 

20 წლის ვარ. უფრო დიდი ვჩანვარ? მგონი, 25-26 წლისას ვგავარ. 18 წლიდან, უნივერსიტეტის პარალელურად, დავიწყე მუშაობა. მანამდე ხელის გულზე მზრდიდნენ, ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა, მაგრამ პროტესტი გამიჩნდა, მინდოდა, თავად მეკეთებინა რამე. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის განხრით ვსწავლობ, მაგრამ ვაპირებ შევიცვალო პროფესია, რადგან ფსიქოლოგია დიდად ჩემი არ არის. შემდეგ ტექნიკის მაღაზიაში დავიწყე კონსულტანტად მუშაობა, მაგრამ შეამჩნიეს ჩემი მიდრეკილები პიარის მიმართულებით. ეს შემიძლია, ვგრძნობ და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რა გავაკეთო, რომ ეს იყოს რეიტინგული. პირველად დამავალეს გამოკითხვის გაკეთება, არ ვიცი, რატომ ამარჩიეს, მაგრამ მე გამიშვეს. ორ დღეში, ბუსტის გარეშე, ქუჩის ჩვეულებრივ გამოკითხვას 300000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.

 

 

ამის შემდეგ იყო ჩემი ოპერაცია. ჰგონიათ, რომ ვხუმრობ, მაგრამ ყურზე მართლა პრობლემა მაქვს და ცუდად მესმის…

 

 

რადგან თავად საუბრობ ამ თემაზე, გკითხავ, რამ გამოიწვია ეს პრობლემა?

 

 

ყურის შიგნით, ღრუში მქონდა სიმსივნური წანაზარდი. დამიზიანდა ყური… ერთი ყურიდან საერთოდ არ მესმოდა. ოპერაცია გამიკეთეს იმიტომ, რომ რეალურად სიცოცხლის საკითხი იდგა, ან გადავრჩებოდი, ან ვერა. ოპერაცია გამიკეთეს იმიტომ, რომ არ მოვმკვდარიყავი (იღიმის)…

 

 

 

 

რა მსუბუქად ჰყვები ამ ამბავს…

 

 

ეს და სხვა პრობლემებიც გადამატანინა იმან, რომ მათ ნეგატიურ ჭრილში არ ვუყურებ. ისევ it’s ok. შვიდსაათიანი ოპერაცია გადავიტანე ზუსტად ერთი წლის წინ, 5 მაისს. ყურში მესმის მხოლოდ 30%-ით, თუმცა მაინც მიჭირს გაგება. ახლოს უნდა მოხვიდე. ჟიურის წევრებს ეგონათ, რომ ვეღადავებოდი… ამ ამბავზე მეგობრები კარგად ვიცინით ხოლმე. ყველას უყვარს ამის მოყოლა. მეც სახალისოდ მახსენდება. ასე მოხდა. შეკვეთით ხომ არ ხდება. გადავიტანე კარგად… საავადმყოფო არ მიყვარს და მეორე დღესვე გამომწერეს. ამხელა ოპერაციის მერე ბინტაკრული მივედი სამსახურში. არჩევნების პერიოდი იყო და სამეგრელოში ქალს რომ გული წაუვიდა, მას გავაჯავრე. ოღონდ მართლა გული მიმდიოდა, მაგრამ კომპანიისთვის ვიდეო მაინც გადავიღე. ტელეფონი არ გაჩერებულა ერთი კვირა, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

მაშინ უკვე გქონდა სასცენო სახელი?

 

 

პატრიკ ნოველსი მანამდე ავიღე ფსევდონომად. იმდენად არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, იმდენად მეგონა, რომ პაატა ჭონიაშვილი არაფერს წარმოადგენდა და არაფერს ნიშნავდა, რომ დავირქვი პატრიკ ნოველსი. ექაუნთი არც მქონია, როგორც პაატა ჭონიაშვილს. ვფიქრობდი, როცა რამეს მივაღწევდი, შემდეგ მექნებოდა სოცქსელში ანგარიში ჩემი სახელით. გვარი ბიონსეს პატივსაცემად შევირჩიე, რადგან მისი დიდი ფანი ვარ.

 

 

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, პაატა ჭონიაშვილით დავრეგისტრირდი, თუმცა ყველა მაინც პატრიკით მიცნობდა და ეს სახელი შემრჩა.

 

 

პროფესიად პიარს აირჩევ?

 

 

ამ კუთხით პროფესიონალური განათლება არ მაქვს, უფრო საკუთარ თავს პიარკონსულტანტს ვუწოდებ.

 

 

მაგრამ საკუთარ თავს კარგი პიარი გაუწიე აშკარად…

 

 

ამაში დაგეთანხმებით.

 

 

ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პერსონაჟი ხარ, ჟიურის რომ უთხარი, მოვედი თქვენი პროექტის ვარსკვლავიო, იცოდი, რომ ამასაც აიტაცებდა ხალხი?

 

 

არ მინდა, თავხედურად და ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ ვარ ამ პროექტის ერთ-ერთი ვარსკვლავი და უფრო მეტიც. რეალურად რომ შევაფასოთ, ამ პროექტს რაც სჭირდება და ხალხი რასაც მოითხოვს, ვფიქრობ, მე ყველაზე მეტად მაქვს ეს ყველაფერი.

 

 

პიროვნულ თვისებებზე მიანიშნებ ალბათ, მაგრამ საბოლოოდ კონკურენცია ხომ მაინც სამზარეულოში მიდის. ამ მხრივ ხომ არ გეშინია?

 

 

ვერავინ მაჯობებს შოუს დადგმაში, მაგრამ სამზარეულოში, რა თქმა უნდა, ცოტა მეშინია. ვინც ცოტა გამოცდილია და იცის სამზარეულო, ის ამზადებს დოგმებით, იცის გრამაჟი, ტექნოლოგია. მე ვამზადებ ჩემი აზრითა და კრეატიულობით, მგონია, რომ ეს გამიყვანს შემდეგ ტურებში. კონკურენცია, თავისთავად, არის, მაინც არის დაძაბულობა.

 

 

ჟიურის წევრებთან შენი დიალოგი ძალიან სახალისო იყო… სამწუხაროდ, ოქროს წინსაფარი ვერ მოიპოვე.

 

 

რაც შეეხება ჟიურის, მე ისე არ დავძაბულვარ, როგორც სხვები, მაგრამ კონსტანტინესი შემეშინდა, რაღაცნაირი ენერგია გაქვს, ცოტა გძაბავს. ზუსტად ვიცოდი, რომ წინსაფარს ავიღებდი. ძალიან ცოტა პროცენტით მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ მანამდე ისეთი ადამიანები ვერ გავიდნენ, ვინც მეგონა, გადალახავდა ტურს. ამან ცოტა შემირყია თავდაჯერება, მაგრამ დიდად არ მინერვიულია, რადგან მე ხომ პროფესიით მზარეული არ ვარ. სახლში წამოსვლით კარიერა არ დამენგრეოდა. კონკურსია და ღელავ, მაგრამ დიდად არა.

 

 

შენი კაშკაშა იმიჯი ვისი დამსახურებაა?

 

 

ძალიან მიყვარს, როგორც გადაცემაშიც ვთქვი, გლითერები და რაღაცები. სიმართლე ვთქვა, დიდად არ მიფიქრია, რას ჩავიცვამდი. ჩემი მეგობრის ატელიეში ვერთობი ხოლმე და რაც მეცვა, ისიც ჩემი გაკეთებულია. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ ნიჭი მაქვს, დიდად არაფერი მესმის, უბრალოდ, ჩემი გემოვნებით ვიცვამ. მაღაზიაში ნაყიდი პერანგი მეცვა, რომელსაც შემდეგ ტყავები დავუმატე. თავად გამოვჭერი და თავად დავამაგრე საკერავი მანქანის წყალობით.

 

 

კიდევ გაქვს რაიმე დამალული ნიჭი?

 

 

დეკორატორობის ჰობი მაქვს, რომელიც ახალი წლის პერიოდში მერთვება. ნაძვის ხეს ჩემი ხელით გაკეთებული სათამაშოებით ვრთავ. წელს ბუხარი გავაკეთე და მონიტორი ჩავაყენე. ერთ-ერთი მსგავსი ვიდეო „ინსტაგრამზე“ ჯესი ჯეიმ მომიწონა, სხვათა შორის.

 

 

კიდევ ცეკვაც გამოგდის…

 

 

არა, არა, ცეკვა ჩემი არაა. მოქნილი კი ვარ, მაგრამ ვერ ვცეკვავ. ვგიჟდები კარაოკეზე. ჩემს ინგლისურს კი მოისმენდით გადაცემაში და ხომ ხვდებით, როგორია ჩემი კარაოკე?! მამშვიდებს სიმღერა, თავად ეს პროცესი, მიკროფონი რომ ხელში მიკავია. უნდა ნახოთ, სახლში როგორი სრული აღჭურვილობა მაქვს კარაოკესთვის, სცენა, კვამლის აპარატი და განათება, დიდი მონიტორი და პროექტორი. შეგიძლია, პატარა კონცერტი მოაწყო. შუებს ვდგამ ხოლმე, პერფორმანსებს.

 

 

მოკლედ, შოუ შენია… რას ელოდოს „მასტერშეფის“ მაყურებელი შენგან?

 

 

დარწმუნებული ვარ, ძალიან იხალისებთ შემდეგ გადაცემებში. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ისეთები ხდება ახალ სერიებში…

 

 

რას მოგცემს ამ პროექტში მონაწილეობა?

 

 

უკვე მომიტანა ხალხის სიყვარული… ასევე წამართვა რამდენიმე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, ეჭვიანობის გამო. მსგავს პროექტს ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ერთ დღეს სახლში მივედი, ტელეფონი გამეთიშა, საღამოს ხუთზე დავიძინე და მეორე დღეს გავიღვიძე. უნდა ნახოთ, რა ხდება ინბოქსში. რეალურად, ეს ყველაფერი ძალიან გფიტავს, ამდენ ადამიანთან ურთიერთობა, მით უმეტეს, მიუხედავად იმისა, რომ კამერასთან არ ვიძაბები და რაიმე კომპლექსი თუ მაქვს, ყველა მეხსნება კამერების ჩართვის შემდეგ… რაღაც მომენტში ვერ ვუპასუხე ახლობელ ადამიანებს. აქამდე ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო, ის ამის შემდეგაც ძვირფასი იქნება, მაგრამ ზოგს არ ესმის.

 

 

ამ ადამიანებს შორის მეგობარზე მეტი იყო ვინმე?

 

 

შეიძლება, მაგრამ ნუ გავუსვამთ ამას განსაკუთრებით ხაზს.

 

 

ოჯახის წევრებს მოსწონთ შენი ახალი გამოწვევა?

 

 

ჩემი ოჯახის წევრები, ძირითადად, სამედიცინო სფეროში მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ცოტა კონსერვატიულები არიან. ვფიქრობ, ჩამებარებინა სამედიცინოზე, რა მინდოდა ამ ხელოვნებაში, მაგრამ როცა შენი არ არის… ჩემი ოჯახის წევრებისთვის „მასტერშეფში“ მონაწილეობა უცხო ნამდვილად არაა, უარესები გამიკეთებია (იცინის), ძალიან დადებითად შეხვდნენ. იმდენად იცინიან ამაზე და იმდენად უკვირთ, რომ არ ვნერვიულობ… თავად ძალიან ნერვიულობენ. თითქოს ამბიცია არ მაქვს…

 

 

მაგრამ ყველა იმიტომ მონაწილეობს კონკურსში, რომ გაიმარჯვოს…

 

 

ჩემი ფარული განზრახვაც ესაა (იღიმის).

 

 

 

 

 

 

ნინო მურღულია

 

 

ფოტოები აღებულია ,,მასტერშეფის” ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი