logo_geo
ქართველი მხატვრის საოცრად რეალისტური ნახატები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს
- +

23 ივნისი. 2020. 19:51

 

 

ბავშვობიდან ხატავს. სწავლის გაგრძელებას სამხატვრო აკადემიაშიც აპირებდა, რისთვისაც პედაგოგებთან მეცადინეობდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სხვა სფეროში აღმოჩნდა და აკადემიაში, პროფესიონალურად არ უსწავლია.

 

ხატვა კი გააგრძელა, მაგრამ არც ისე აქტიურად. ამ ბოლო დროს კი მის შემოქმედებაში ჰიპერრეალისტურმა ნამუშევრებმა იმატა, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს.

 

დავით თელია AMBEBI.GE-ს რესპონდენტია და მკითხველს საკუთარი შემოქმედების შესახებ უამბობს:

 

- აკადემიაში არ მისწავლია, შესაბამისად, მხატვრის დიპლომიც არ მაქვს, ამიტომაც არაპროფესიონალი, თვითნასწავლი მხატვარი მქვია. სხვადასხვა ჟანრში მიმუშავია, მაგრამ ბოლო დროს ფოტორეალისტურმა და ჰიპერრეალისტურმა მიმართულებამ გამიტაცა...

 

ნახატს ფოტოს რომ დაამსაგავსებ, ეს ჩვეულებრივი ფერწერა და გრაფიკაა, მაგრამ ნამუშევარი ნამდვილთან რაც უფრო მიახლოებულია, მეტად დახვეწილი გამოდის, მისი შემქმნელი კი ჰიპერრეალისტი მხატვარი გამოდიხარ. ამ ჟანრში მუშაობას თავის წესები აქვს. ჰიპერრეალისტად რომ გაღიარონ, 5 წლის განმავლობაში ჩატარებული უნდა გქონდეს გამოფენები, ნახატები შეფასებული უნდა ჰქონდეთ ხელოვნებათმცოდნეებს, განსაზღვრული უნდა იყოს, რას და როგორი ტექნიკით ქმნი და აღიარება მერე მოდის. ასე რომ, ჯერ დამწყები ვარ ამ საქმეში...

 

 

 

- როგორც არ უნდა იყოს საქმე, ეს არის ნამუშევრები, რომლებიც ყურადღებას იქცევს. რა დროს ანდომებთ ერთ ნამუშევარს?

 

- ხატვის პროცესს ვინიშნავ და გამოდის, რომ დაახლოებით 40-60 საათამდე ვუთმობ. რაც შეეხება იდეას, ყველაფერი ჩემი ხედვიდანაა გამომდინარე, რაც მომეწონება და რასაც საჭიროდ ჩავთვლი, ვხატავ. გინდა - ფოტოდან იყოს და გინდაც - ნატურიდან. მე თვითონაც ამიგია კომპოზიციები... უამრავი ნამუშევარია, უმრავლესობა ფოტოდანაა გადახატული. ზოგიერთი ფოტო ჩვეულებრივია, არის მხატვრული ფოტოები, რომლის დახატვაც შეიძლება. რომელიც მომეწონება და ჩავთვლი, რომ ეს მხატვრულია, მუშაობას ვიწყებ.

 

- საოცრად რეალისტურია თქვენი ნამუშევრები. ასეთი სიზუსტით ხატვას როგორ ახერხებთ?

 

- შემიძლია შტრიხებით დავხატო, რომელიც აკადემიურია, ულამაზესია, მხატვრულია, მაგრამ ბოლომდე ვამუშავებ, სანამ არ მივიყვან იმ დონემდე, რომ მომეწონება...

 

ბევრი სკეპტიკოსიც გამოჩნდა, მაგრამ არ ვაქცევ მათ ყურადღებას, რადგანაც ჩემი ხედვა მაქვს, სკეპტიკოსებს რომ ავყვე, ისეთი ხალხია, შეიძლება ფანქარი გადამაგდებინონ, ხატვას მომაშორონ. მოკლედ, არ ვყვები, ჩემებურად ვხატავ. მათ საქმეში არ ვერევი და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში! როგორც მინდა და რანაირადაც, ისე ვხატავ...

 

ამ მიმდინარეობისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა სხეულის, სახატავი ობიექტის ერთი შეხედვით, თვალით უხილავი ნაწილები დაამსგავსო ნამდვილს. კანის ზედაპირი, სტრუქტურა, სახეზე ნაოჭი, ბეწვი, ძარღვები, თვალის სიღრმე - ეს უკვე ჰიპერრეალიზმია...

 

 

- სად, როგორ და რა მასალით ქმნით ნახატებს?

 

- სახლში ვმუშაობ, ხან ერთ ოთხში გავდივარ, ხან - მეორეში. არც სახელოსნო მაქვს, არც შესაბამისი ტექნიკა, რაც ამ მხატვრობისთვისაა საჭირო. არც ვიდეოკამერა და ფოტოაპარატი მაქვს ისეთი, რომელიც ამ ნამუშევრებს გადაიღებს... მოკლედ, ჩემი შემოქმედებითი გზა ახლა იწყება და ახლა იწყება ყველაფერი, ბევრი იდეა მაქვს და ბევრი საქმე.

 

რაც შეეხება მასალას, ვხატავ „ვატმანის“ ფორმატზე, რაც უფრო სქელია, ნახატი უფრო კარგი ხარისხისაა. ვიყენებ ფანქარს, ნახშირს, ფერად ფანქრებსაც და რა თქმა უნდა, საშლელს.

 

- ხატვისას რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

 

- მუსიკა, რომელიც ყურსასმენებში ხატვისას სასიამოვნოდ უნდა მესმოდეს. რაც შეეხება ჩემს ტექნიკას, ამ ჟანრის „მხეც“ მხატვრებთან შედარებით ჯერ დაბალ დონეზე ვარ. მსოფლიოს მასშტაბით უმაგრეს და უდიდეს ნახატებს ქმნიან, რომლებიც მილიონები ღირს... მაღალი დონე-მეთქი რომ ვამბობ, ეს ყველაფერი გამოცდილებაში იხვეწება და მოდის, ჯერ ახალბედა ვარ, გასული წლის დეკემბერში, საახალწლოდ დავიწყე... რაღაცები დავხატე, მოეწონათ და მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერდე.

 

პროფესიონალ მხატვრებთანაც მაქვს კონტაქტი, მირჩევენ, მარიგებენ, შეცდომებს მისწორებენ. გრაფიკაში ბევრი ნიუანსია, რაც ადრე გავლილი მაქვს, მაგრამ აღარ მახსოვს... ჩემს ტექნიკას დიდი ყურადღება მიაქციეს. თუმცა, ზოგს ეს ადვილი საქმე ჰგონია. არადა, ფოტოდან გადახატვა ურთულესი რამაა. ბევრს შეუძლია - კონტური მოხაზოს, ჩრდილები გაუკეთოს, მაგრამ გააჩნია, იმ ჩრდილებს როგორ გააკეთებს, რანაირად გამოსახავს და რა სულს ჩაუდგამს თვითონ ნახატს. არის ფოტო, არის ნახატი, მაგრამ ბევრი ნახატი ფოტოს სჯობია!

 

- თქვენი „ბებია“ ძალიან შთამბეჭდავია...

 

- "ბებიას" სანამ დავხატავდი, ფოტო მომეწონა და შემდეგ ნახატი შევქმენი... ნამუშევრებს საერთოდ დიდ ფორმატებზე ვქმნი, დაახლოები 75/90 სმ-ზე. პატარებზე ეფექტური არ გამოდის...

 

- მსახიობმა ხათუნა იოსელიანმა იცის, რომ დახატეთ?

 

- როგორ არ იცის. ეს ნახატი მისი საკუთრებაა, ვაჩუქე. მის ოჯახთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ფოტო, საიდანაც ნახატი შევქმენი, იური მეჩითოვის გადაღებულია, რომელსაც მხატვრული ღირებულება აქვს.

 

დამიხატავს ზეთშიც, აკვარელშიც, ისინიც კარგი ნამუშევრებია, მაგრამ შედევრები არ არის. მოკლედ, ახლა ეს ჟანრი მიტაცებს და უნდა მივყვე ბოლომდე...

 

გამოფენას აუცილებლად ვაპირებ, ოღონდ, ჯერ არა. ყველა ნამუშევარს შევკრებ, ამოვარჩევ, თანაც, სხვა ბევრი რაღაცაა საჭირო, რომ გამოფენა ჩაატარო. ჯერ უნდა მოვემზადო.

 

 

- აკადემია რომ არ დაამთავრეთ და სხვა მიმართულებით მუშაობდით, არ გაქვთ სინანულის შეგრძნება?

 

- როგორ არ მქონდა და ამაზე განსაკუთრებით წუხდა ჩემი და, რომელიც ყოველთვის მირჩევდა, ხატვას მივყოლოდი... მოკლედ, გავიდა დრო და მხოლოდ ახლა დავიწყე ის, რაც ყოველთვის მინდოდა, რისკენაც გული მიმიწევდა. მეგობრები ხელოვნების სფეროდანაც მყავდა და მათთან უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია მქონდა - ადამიანს მინდოდა მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ რაღაცების გამო ვერ ვიყავი, ახლა უკვე მათთან ერთად ვარ და ვიქნები ბოლომდე.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი