logo_geo
მსოფლიოში აღიარებული ქართველი კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, 81 წლისაა
- +

1 ივლისი. 2020. 13:19

 

 

მსოფლიოში აღიარებული ქართველი კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, 81 წლისაა, თუმცა, ცხოვრების სტილით და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით, ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითია.

 

81 წლის ქირურგი დღის განმავლობაში, დაახლოებით 5 ოპერაციას აკეთებს, არის რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი და გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ნაციონალური სამედიცინო კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი. სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ბოკერია იმ ჩვევებზე საუბრობს, რომლებიც ადამიანს ჯანმრთელობას შეუნარჩუნებს და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

 

„ტყუილად არ ამბობენ, რომ სიცოცხლე მოძრაობაშია. უკვე მრავალჯერ იქნა დამტკიცებული, რომ ადამიანის გაჯანსაღების ყველაზე ეფექტური მეთოდი, ფეხით სიარულია. ადამიანი, რომელიც კვირაში ორ საათს მაინც დადის ფეხით, არა სირბილით, არამედ მშვიდი, ნელი ნაბიჯებით, 6-7 წლით მეტს ცოცხლობს“, - ამბობს ბოკერია.

 

- ცოტა ხნის წინ გავეცანი კვლევას - სეულის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დღეში სამჯერ კბილების ხეხვას შეუძლია შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. ეს ნამდვილად ასეა?

 

- დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ჰიგიენის პრობლემა უფრო მწვავედ იდგა, კბილის ჯაგრისს საპნითა და ცხელი წყლით რეცხავდნენ, რადგან მიიჩნეოდა, რომ წყლის გადავლებით ბაქტერიების მოშორება ვერ ხდებოდა. დღეს ეს პრობლემა შეგვიძლია მოვაგვაროთ ჯაგრისის ხშირი გამოცვლით და პირის ღრუს სპეციალური სავლებით, კბილების გამოხეხვის შემდეგ.

 

პირის ღრუს ფლორის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ პირიდან შეიძლება მოხვდეს მიკრობები სისხლსა და ორგანიზმში.

 

 

- რა ჩვევები გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში?

 

- პირველი ჩვევა - კარგ ხასიათზე ყოფნაა, პოზიტიური განწყობა ცხოვრებისადმი. ჩემი ღრმა რწმენით, ამის გარეშე არაფერი გამოვა. მაგალითად, მე, როდესაც დილას ვდგები, რაღაცას ისეთს ვაკეთებ, რომ ჩემი მეუღლე გავახალისო - ვყვები ანეკდოტს, ვაცინებ. მეორე - ჩემი აზრით, ადამიანს საინტერესო საქმე უნდა ჰქონდეს, რომ რამეს ქმნიდეს და აკეთებდეს, განვითარების საშუალება ჰქონდეს.

 

შემდეგი ელემენტია - ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელშიც შედის სწორი ძილი, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობები.

 

ადამიანის ორგანიზმი საათივითაა - მას ჭირდება ენერგიის წყარო, რაც ამ შემთხვევაში კარგი ძილია. ღრმა ძილი, პრეპარატების დახმარების გარეშე. ამასთან, სასურველი არ არის ზედმეტად დანაყრება და კარგია, თუ ადამიანი დაკავებულია რაიმე სახის ფიზიკური აქტივობით.

 

რამდენი საათი უნდა გვეძინოს? ამ შეკითხვაში მნიშვნელოვანია არა დრო, არამედ რეჟიმი - მაგალითად, მე დილის 07:45 საათზე უკვე საოპერაციოში ვარ, ამიტომ ვდგები დილის 6 საათზე და მძინავს 6 საათი. ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვიძინებ და ვიღვიძებ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი