logo_geo
რატომ აქცია მედიამ მკვლელობები და უბედური შემთხვევები მაყურებელთა ნახვების დაგროვების საშუალებად
- +

11 აგვისტო. 2020. 19:48

 

 

ის, რომ ჩვენი საზოგადოება წრეგადასულად აგრესიულია, ხოლო ჩვენივე მედია, ძირითადად, ნეგატიური ამბების გაშუქებითაა დაკავებული, წლების განმავლობაში განმტკიცებული რეალობაა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მადა ჭამაში მოდის (უბედურებამ კი თრობა იცის და არანაკლები ნარკოტიკულზე), საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ლამის კრიმინალურ ქრონიკებად გადაქცეული მშობლიური ტელეარხების საინფორმაციო გამომშვებები ახლა უკვე პირდაპირ ეთერში გვაჩვენებენ სიკვდილის ამბის შეტყობინებისას დაღუპულის ოჯახის წევრების რეაქციას. მართალია, ჯერ კიედვ ვაჟა-ფშაველა წერდა: „სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას თუ კვლენ, ცქერა გვწადია“, მაგრამ ქართული მედია-სივრცე სულ უფრო და უფრო ტოვებს ფსიქიკური არაჯანსაღობის შთაბეჭდილებას. რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვიმსჯელებთ, რა კლინიკური ნიშნები შეინიშნება ამ პროცესში თუ ეს მხოლოდ თავის მოგიჟიანებაა კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

 

– კრიმინალური ქრონიკა კიდევ გასაგებია, პოლიტიკური მიზნებია საფუძველი, მაგრამ სიკვდილის ჩვენება პირდაპირ ეთერებში, იმიტომ, რომ ბევრი მაყურებელი ჰყავს, ეს შეიძლება ფსიქიკურ გადახრად მივიჩნიოთ, მაგრამ, ნეკროფილიად?

 

– ასე მარტივად გაგიჟება არ გამოვა და არც ნეკროფილობა. გავიხსენოთ, რაც ხდება აშშ-ში, იგიჟიანებენ თავს, თუ გიჟები არიან?! იქაც ხომ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია ეს?!

 

– ჰიტლერი თავს იგიჟიანებდა თუ გიჟი იყო? თუმცა ნეკროფილი ნამდვილად იყო.

 

– თავდაპირველად არ იყო გიჟი, მერე უკვე იგიჟიანებდა თავს, იმიტომ, რომ ეს მოსწონდა მის ამომრჩეველს. ნეკროფილია ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანს აღაგზნებს მიცვალებული.

 

– და მკვლელობის ყურება რომ აღაგზნებს, ეს რაა?

 

– მეტაფორად შეიძლება თქმა, მაგრამ კლასიკური ნეკროფილია მაინც არ არის.

 

– 10 მილიონ ადამიანს რომ აინტერესებს შვილმკვდარი მშობლის რეაქციის ნახვა, ეს რა ფენომენია?

 

– იმიტომაც იყენებენ ამ იარაღს, რომ 10 მილიონი ნახვა აქვს. ეს, უპირველესად, იმ ადამიანების პრობლემაა, რომლებიც ამას უყურებენ.

 

– თავად ადამიანს რატომ აქვს სიკვდილის, უბედურების ყურების სურვილი?

 

– ეს კითხვა ძალიან რთულია. თან, სიახლეც ხომ არ არის?! საუკუნეების განმავლობაში სიკვდილით საჯაროდ სჯიდნენ. ხალხი იკრიბებოდა, როგორც დღესასწაულზე, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და თან თვალს ადევნებდნენ, თუ როგორ აჭრიდნენ ადამიანებს თავს ან ჩამოახრჩობდნენ.

 

– რომში გლადიატორების ორთაბრძოლაც მსგავსი იყო.

 

– დიახ, რომში – გლადიატორები, ესპანეთში – კორიდა და ასე შემდეგ. ერთ–ერთი რთული თემაა, თუ საიდანაა ადამიანში აგრესიულობის იმპულსი, რომლის ახსნასაც რამდენიმე თეორია ცდილობს. ფროიდი ამბობს, რომ ადამიანი აგრესიულია იმიტომ, რომ ბავშვობაში ვიღაცამ გახადა აგრესიული, ლორენცი ამბობს, რომ აგრესიულობა გენეტიკურია და ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებს, ოღონდ ცხოველებისა და ფრინველების აგრესიას ფუნქცია აქვს. ცხოველი მეორეს კლავს იმიტომ, რომ დაიკმაყოფილოს შიმშილი. ამდენად, უზარმაზარი თემაა, რომლის ცოდნაც არაფერს ცვლის და არც არავის აქვს ამის 100-პროცენტიანი ცოდნა. ზოგადად თუ ვიტყვით, ფაქტია ერთი, გინდ თანდაყოლილი იყოს და გინდ – შეძენილი, შესაბამისი პირობების დროს ადამიანი ახერხებს, იყოს ჰუმანურიც. ასე რომ, აგრესიულობის მოგვარების საშუალებები არსებობს, ოღონდ სხვა საკითხია, არსებობს თუ არა ეს საშუალებები ჩვენს ქვეყანაში. საყურადღებოა, რომ დასჯა არ შეიძლება, ჩაითვალოს მძლავრ მოსაგვარებელ საშუალებად. კერძოდ, ის, რომ მკვლელი მოკლას სახელმწიფომ. აღმოჩნდა, რომ სიკვდილით დასჯით მკვლელობების რიცხვი არ მცირდება, ზოგჯერ პირიქითაც კი ხდება. შესაბამისად, სასჯელის შიში არ არის ის, რაც ამ აგრესიისგან განკურნავს ადამიანს. ყველაზე ეფექტიანია იდეოლოგია, კულტურა. კულტურაში, რომელშიც მიუღებელია აგრესიულობა, აგრესიულობა არც არის და კულტურაში, რომელშიც მიღებულია აგრესიულობა და ბევრია ძალადობაზე აწყობილი კულტურა, იქ აგრესიულობა მეტი იქნება.

 

– მაგრამ ხომ სწორედ, რომ მედია უწყობს ხელს აგრესიული კულტურის ჩამოყალიბებას?

 

– პრობლემაც ისაა, რომ ჯადოსნური წრე იკვრება: მედიას ჰყავს მომხმარებელი, ამიტომ ორიენტირებულია იმაზე, რომ მიიზიდოს მომხმარებელი, მომხმარებელს კი იზიდავს აგრესია.

 

– ანუ მედია აღვიძებს ადამიანის ყველაზე ბოგანო და მდარე ინსტინქტებს?

 

– რა თქმა უნდა, შეგვიძლია, დავამატოთ, ეს იგივეა, რომ ნარკოტიკები იყიდებოდეს თავისუფლად და არსებობდეს ნარკოტიკების წარმოება, რადგან მყიდველი ბევრია. ანუ თუ მოვხსნით მორალურ ბარიერს და საზოგადოების სიჯანსაღის თემას, მაშინ ნარკოტიკებიც გავრცელდეს და პორნოგრაფიაც. ძალადობაზე არანაკლები მაყურებელი ეყოლება პორნოგრაფიას. უცხოურ მედიაში სწორედ ამ ორ თემაზე – ძალადობასა და პორნოგრაფიაზე წესდება მორალური ცენზურა. და წესდება, სწორედ, იმიტომ, რომ შესაძლებელია, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ორივე გავრცელდეს. რადგან მედიისთვის ხელსაყრელია, რომ ჰყავდეს ბევრი კლიენტი, ანუ მაყურებელი, ამიტომ ხელს უწყობს ამ ყველაფერს. ამას ემატება ის, რომ ეს პოლიტიკოსებისთვისაა ხელსაყრელი.

 

– პოლიტიკოსებს – რატომ? გადარეული ამომრჩეველი ჯობია, დაალაგებს?

 

– პოლიტიკოსებისთვის ხელსაყრელი აგრესიულობის გავრცელება, იმიტომ, რომ აგრესიულობით დატვირთული საზოგადოება ყოველთვის უარს ამბობს იმ ხელისუფლებაზე, რომელიც მართავს ამ საზოგადოებას და იწყებს ხელისუფლების უარყოფას.

 

– იმას ამბობთ, რომ აგრესიული საზოგადოება ხელსაყრელია ნებისმიერი ხელისუფლების ოპოზიციისთვის?

 

– დიახ. ამდენად, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის აგრესიული ფონი ხელსაყრელია, მით უმეტეს, თუ ის ოპოზიციისთვის, რომელიც დისკრედიტირებული აღმოჩნდა თავისი საკუთარი დანაშაულის გამო – გირგვლიანის მკვლელობასა და ციხის სადრებს ვგულისხმობ და ახლა ცდილობენ, იგივე ემოცია, იგივე განწყობა შექმნან. მაშინ ხალხის პროტესტი მოჰყვა იმას, როგორ შეიძლება იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ხელისუფლება ასეთ რამეს სჩადის. იმავე ემოციის გამოწვევა უნდათ ახლაც და ამიტომ ისევ კრიმინალი და აგრესიაა მედიის მთავარი თემები.

 

– შევხვდი გლდანის ციხიდან გათავისუფლებულ პატიმარს, რომელიც სასჯელს იხდიდა მე-18 ციხის საავადმყოფოს დაწესებულებაში და ვკითხე ციხის სასადილოს მენიუ: დილით სამი სახეობის ფაფა, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ჩაი, კარაქი, თაფლი; შუადღეს – ორ-სამნაირი წვნიანი, ხორციანი და უხორცო, მეორე კერძად: თევზი, ხორცი, მაკარონი, კარტოფილი, ყველიანი ან ხორციანი და კომპოტი; საღამოს – მაწონი, წიწიბურა, ჩაი, ყავა, კარაქი და რძის ნაწარმი. დღესასწაულებზე არის ღომი და საცივიც. ვინც მიამბო, ის პატიმარი სასჯელს იხდიდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ საკანში, რაც გულისხმობდა საკნის დალაგებას.

 

– ეს კახი კახიშვილის რეფორმების შედეგია, ანუ ციხის პირობებზე ვერ მიედავებიან, მაგრამ გამოძიებას ხომ მიედავებიან?! ანუ სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულზე აქცენტია ხელსაყრელი მედიისთვის. ასე რომ, გაუგებარი ამ მედია და პოლიტიკურ სინამდვილეში არაფერია. სხვა საქმეა, არის თუ არა მორალურად მისაღები. მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ამათი ზნეობა-უზნეობის თემა, ზუსტად ასევე მოქმედებენ პოლიტიკური პარტიები და მედია უცხოეთში, რასაც დღეს ვუყურებთ. იგივე პრობლემა აქვს ისრაელს, ევროკავშირის ქვეყნებს. ეს პრობლემა დიდი ხნის წინანდელია. შარპმა, ამერიკელმა სოციოლოგმა, მოიფიქრა ხავერდოვანი რევოლუციების ტექნოლოგია. გასული საუკუნის 90-იან წლებში ის საბჭოეთში ჩამოიყვანეს და ლექციებს კითხულობდა, მათ შორის, ბალტიისპირელებისთვის. რაში გამოიყენა საბჭოთა კავშირმა ხავერდოვანი რევოლუციების ტექნოლოგია, ეს სხვა თემაა და გამოიყენა კიდეც, მაგრამ იქიდან მოყოლებული იყენებენ ხავერდოვანი რევოლუციების ტექნოლოგიებს მეტ-ნაკლები სიხშირით და ბოლო ხანებში სულ უფრო გახშირდა. ჩვენთანაც მოხდა, უკრაინაშიც, არაბულ ქვეყნებშიც, ამ ხავერდოვანის ინსტრუმენტი არის მედია და ხალხის უკმაყოფილება. ანუ თვითონ ამ ტექნოლოგიურ მექანიზმში დევს ის, რომ მედიამ უნდა იმოქმედოს ხალხზე, ააბობოქროს და ეს მედია არის თუ არა მართალი, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში აღარ უფრთხილდებიან და სხვადასხვა ქვეყნები წირავენ ამ ტექნოლოგიებით თავიანთ საზოგადოებებს იმისთვის, რომ ცხვრებივით გარეკონ ამა თუ იმ მიმართულებით, რაც დემოკრატიის იდეებსაც აუფასურებს. თუკი საზოგადოების დამოკიდებულების მანიპულაციას დაიწყებ, მერე მის დამოკიდებულებაზე დაყრდნობით არჩევნების ჩატარება უაზრობაა.

 

– საღი აზრი არ ექნება ასეთ საზოგადოებას.

 

– და გამოდის, რომ რაღაცის მანიპულაციის შედეგს იღებ არჩევნებით, ამიტომ ამ ტიპის თემატიკა დაულაგებელია მთელ მსოფლიოში და არავინ იცის, მოაგვარებენ, თუ ასე დატოვებენ. მაგრამ რა მიმართულებასაც აიღებს მსოფლიო, ჩვენთანაც ის მიმართულება გამეფდება. დღეს მსოფლიოში მიღებულია საზოგადოებისადმი დაუნდობლობის ტენდენცია, ძეგლებს ყრიან, ამერიკის, უზარმაზარი ქვეყნის, ისტორიულ ღირებულებებს ანგრევენ, ისრაელს, რომელიც ისლამურ ალყაშია, აყირავებენ.

 

– 500-მილიონიანი ალყაა.

 

– ასეთი დამოკიდებულებით სახელმწიფოს მიმართ აქაც მოქმედებენ პოლიტიკური ჯგუფები და ვიმეორებ, თუ მსოფლიო მოძებნის გადაწყვეტას, ხომ კარგი, თუ არადა, ვნახავთ, რა იქნება. ერთ-ერთი პირველი მერცხალი აღმოჩნდა საფრანგეთი, აკრძალეს ყალბი ამბები. შეიძლება, ეს იყოს იმის რესურსი, რმო საზოგადოებისადმი დამოკიდებულება გახდეს უფრო ადამიანური.

 

– ადამიანს აქვს მიდრეკილება ძალადობისკენ, ძალადობის ცქერისკენ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მკვლელობას შესწრებულ ადამიანს აქვს უნებლიე გულისრევა, ფიზიოლოგიური რეაქცია. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი მთლად ასეთი წყალწაღებული არსებაც არაა-მეთქი.

 

– არა, რა თქმა უნდა, ადამიანში ყველაფერია, ბოროტებაც, სიკეთეც, დაუნდობლობაც, შენდობაც, უბრალოდ, იმისდა მიხედვით, რა პრევალირებს, ხან ერთი მხარე წამოიწევს, ხან – მეორე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი