logo_geo
ასმათ შენგელაია: როცა პაციენტი გვიმძიმდება, მთელი განყოფილება ყალყზე დგას!
- +

12 აგვისტო. 2020. 19:52

 

 

სისხლის გათეთრება - ეს შემზარავი დიაგნოზი, რომელიც წლების წინათ გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა, დღეს 100-დან 70 შემთხვევაში უკან იხევს! რა უნდა ვიცოდეთ ლეიკემიის შესახებ, როგორია ამ ვერაგი დაავადების პირველადი სიმპტომები და რამდენად დიდია უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი საკვების როლი ლეიკემიის პრევენციის საქმეში? აღნიშნული საკითხის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ასმათ შენგელაია გვესაუბრება:

 

- ლეიკემია უმძიმესი ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბავშვებში. სტატისტიკურად საქართველოში 100 ათასი ბავშვიდან ყოველწლიურად 5 ავადდება და ეს მაჩვენებელი დაახლოებით ისეთივეა, როგორც ევროპულ ქვეყნებში.

 

- რამდენად ეფექტურია საქართველოში ლეიკემიის მკურნალობა და რამდენად სანდოა ჩვენთან დასმული დიაგნოზი?

 

- იაშვილის კლინიკაში ჩვენი დეპარტამენტი 1995 წელს შეიქმნა. ჰემატოლოგიის ინსტიტუტიდან ექიმები მრავალპროფილიან საავადმყოფოში გადმოვედით, რადგან ლეიკემიის მკურნალობის თანამედროვე მოთხოვნა სწორედ პაციენტის მრავალპროფილიან საავადმყოფოში მოთავსებაა. პაციენტი მკურნალობაში არცერთ თეთრს არ იხდის, ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა, ზოგჯერ მაინც ხდება, რომ მშობელს აქვს სურვილი, შვილი საზღვარგარეთ წაიყვანოს სამკურნალოდ. გავიხსენებ პაციენტის მონაყოლ მხოლოდ ერთ შემთხვევას და ეს იქნება ჩემი კომენტარი: ჩვენს ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც თურქეთში გარკვეული ვალი დაედო, კლინიკაში უთხრეს, რომ, თუკი სხვა პაციენტს ჩაიყვანდა სამკურნალოდ, გადასახადს აღარ მოსთხოვდნენ.

 

დღეისათვის თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენთან ლეიკემიის მკურნალობა და დიაგნოსტიკა უმაღლეს დონეზეა. ერთ-ერთი პრობლემა რაც ამ ეტაპზე არსებობს, საქართველოში არ გვაქვს ძვლის ტვინის გადანერგვის ცენტრი და სწორედ ამის გამო მიდიან ყველაზე ხშირად პაციენტები საზღვარგარეთ.

 

ყველა დაკარგულ პაციენტთან ერთად რამდენიმე წლის სიცოცხლეს ვკარგავთ! საბედნიეროდ, როგორც წესი, შემთხვევათა 70 პროცენტიდან გამარჯვებულები გამოვდივართ! სქემა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმკურნალობთ, არის გერმანელების შემუშავებული და სანამ 1995 წელს მკურნალობის აღნიშნული მეთოდი დაინერგებოდა, ლეიკემია თითქმის უნუგეშო დიაგნოზად ითვლებოდა და საქართველოში ლეიკემიით დაავადებული ყველა ბავშვი კვდებოდა!

 

- რამდენად მატულობს წლიდან წლამდე დაავადებულთა რაოდენობა?

 

- ბოლო წლების განმავლობაში ლეიკემიით დაავადებული პაციენტების განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება, განსხვავებით სხვა სახის სიმსივნეებისაგან. მაგალითად, საკმაოდ მოხშირდა თავის ტვინის სიმსივნეები, ნეირობლასტომები, რაბდომიოსარკომები. სოლიდური სიმსივნეების ზუსტ სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფლობს, მე კი დანამდვილებით შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ლეიკემიათა რაოდენობა დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზეა. წელიწადის განმავლობაში სტაბილურად ლეიკემიის 37-40 ახალი შემთხვევა ვლინდება.

 

- რა ფაქტორები იწვევს ლეიკემიას?

 

- მართალია, მსოფლიო მასშტაბით ამ საკითხზე წამყვანი ლაბორატორიები მუშაობენ და სერიოზული სამეცნიერო კვლევებიც ტარდება, დღემდე არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, თუ რა იწვევს ამ დაავადებას. ისე კი, გარდა ეკოლოგიური ფაქტორებისა, გასათვალისწინებელია კომპიუტერული ტექნიკის გამოსხივება, რომელსაც ბავშვები ძალიან დიდი დოზით იღებენ. სამწუხაროდ, უკვე დაავადებული და ქიმიოთერაპიაზე მყოფი ბავშვების მოწყვეტასაც კი ვერ ახერხებენ მშობლები ეკრანისგან!

 

- დაბინძურებული გარემოს ზეგავლენაზე რას იტყვით?

 

- რისკ-ფაქტორების ჩამონათვალში პირველ ადგილზე სწორედ დაბინძურებული გარემოა. ბენზინის გამონაბოლქვი, ტყვია თუ სხვა მძიმე მეტალები დიდი დოზით არის კონცენტრირებული ერთი მეტრის სიმაღლეზე. შესაბამისად, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს მანქანების გამართულობა და ბენზინის ხარისხი. თუკი სიმსივნეების პროფილაქტიკაზე დავიწყებთ ზრუნვას, პირველ რიგში, გარემო და ეკოლოგია უნდა გავაუმჯობესოთ. ასევე უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის კვებას. საკვები საღებავები, სტაბილიზატორები და ემულგატორები საკმაოდ დიდი რისკის შემცველია. სამწუხაროდ, ლამაზი ფერის საკვები იზიდავს ბავშვს, რაც საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას. ბოლო პერიოდში დიდი კონტროლი ხორციელდება სათამაშოებში ტყვიის შემცველობაზე, რაც მისასალმებელია.

 

- როგორ ვითარდება ლეიკემია და რა ცვლილებები ხდება ორგანიზმში ლეიკემიის დროს?

 

- ლეიკემია არის ძვლის ტვინის დაზიანებისა და არასწორი სისხლწარმოქმნის შედეგი. მუტაცია ხდება ღეროვანი უჯრედის დონეზე.

 

მწვავე ლეიკემიას არა აქვს სტადიები. ის თავიდანვე გენერალიზებულია და მისგან განკურნება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია.

 

- რა კატეგორიის ან ასაკობრივი ჯგუფები იმყოფებიან მწვავე ლეიკემიის რისკის ქვეშ?

 

- სამიდან ხუთ წლამდე ბავშვებში არის ლეიკემიით დაავადების პიკი, თუმცა, 14-15 წლის ასაკშიც არაერთი შემთხვევა ფიქსირდება. კარგი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, რასაკვირველია, ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს, თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ მწვავე ლეიკემიით დაავადებული ბავშვები რომელიმე სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან. სუფთა ჰაერი, რომელიც ნებისმიერი ბავშვისათვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს. რასაც ჩვენ ვსუნთქავთ, ჰაერი არ არის, რადგან ჯანსაღი ჰაერი არ უნდა შეიცავდეს ტყვიასა და მძიმე მეტალებს. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში შედიან მარიხუანისა და ალკოჰოლის მომხმარებელთა შვილები.

 

როგორც ექიმი, ვაცხადებ, რომ მარიხუანა ბევრი სერიოზული დაავადების და მათ შორის მომხმარებელთა შვილებში ლეიკემიის მიზეზი შეიძლება გახდეს! ალკოჰოლის ან ნარკოტიკული თრობის პერიოდში ჩასახულ ბავშვებში დიდია ლეიკემიით დაავადების  ალბათობა.

 

- როგორ ამოვიცნოთ ლეიკემია სისხლის ანალიზის მიხედვით?

 

- თუკი ბავშვი ავად გახდა, აუცილებლად საჭიროა სისხლის ანალიზის კონტროლი. ძალიან მიკვირს იმ ექიმების, ვინც მხოლოდ გასინჯვის საფუძველზე ნიშნავს მედიკამენტს. სისხლი არის ჯანმრთელობის მდგომარების სარკე. ექიმს, რომელსაც სისხლის ანალიზის კითხვა არ შეუძლია, წერა-კითხვის უცოდინარი ექიმია! ლეიკემიის დროს სისხლის ანალიზის სურათი არის ძალიან არეული. პირველი სიგნალია ლეიკოციტების მკვეთრი მატება ან კლება. ანემია, რომელიც არ ემორჩილება მკურნალობას, ლეიკემიაზე ეჭვის მიტანის საფუძველი უნდა გახდეს. მესამე ნიშანი, რომელსაც სისხლი გვაძლევს, ეს არის თრომბოციტების ნაკლებობა.

 

- რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

 

- მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, ხალისიანია თუ არა ბავშვი, ხომ არ ისვენებს ხშირად, ან ხომ არა აქვს მუდმივი დაღლილობა, სისუსტე, უმადობა, ცხელება... საყურადღებოა ფეხების ტკივილი, სხეულზე უმიზეზოდ სისხლჩაქცევებისა და დალურჯებების წარმოქმნა. ლიმფური კვანძების, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, პირის ღრუში წყლულების გაჩენა ასევე ლეიკემიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია. მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, პედიატრი და მშობელი იყვნენ ყურადღებით, რადგან თუკი ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი ლეიკემია მკურნალობას ადვილად ემორჩილება, დაგვიანებული შემთხვევები საკმაოდ ძნელი მისახედია.

 

- ლეიკემიის დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა თუ არა, ბავშვს  გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაემართოს ეს დაავადება?

 

- სამწუხაროდ, გამოჯანმრთელებულების 5 პროცენტში არსებობს რეციდივის შემთხვევები. დაავადების განმეორების შემთხვევაში მკურნალობის სხვა ტაქტიკა და სქემა გამოიყენება. რეციდივის მკურნალობა გაცილებით ეფექტურია და მოკლე პერიოდში ვიღებით დადებით შედეგებს.

 

- და მაინც, რაში მდგომარეობს გამოსავალი და რა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება გვმართებს?

 

- ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ კონტროლი მავნე ფაქტორებზე. ბრძოლა გამოვუცხადოთ ტყვიას, მძიმე მეტალებს, რადიოაქტიურ გამოსხივებას... როდესაც ხდება უჯრედის მუტაცია, ორგანიზმს უნდა ჰქონდეს უნარი, ეს გადაგვარებული უჯრედი იმუნიტეტის დახმარებით მოსპოს. ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რასაკვირველია, ძალიან უარყოფითად მოქმედებს პატარების იმუნიტეტზე და მუტირებული უჯრედები შეიძლება, თავისუფლად გადაგვარდნენ სიმსივნურ უჯრედებად. 1 წლის ბავშვი საერთოდ არ უნდა გაიყვანოთ ქუჩაში ხელჩაკიდებული და, მითუმეტეს, ეტლში ჩასმული არ უნდა ასეირნოთ ცენტრალურ ქუჩაზე. ერთი მეტრის სიმაღლეზე ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გროვდება გამონაბოლქვში არსებული მძიმე მეტალები და უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

 

- დაბოლოს, როგორ უძლებთ ასეთ ემოციურ დატვირთვას? სანამ თქვენს კაბინეტში შემოვიდოდი, დერეფანში პატარა პაციენტები შემხვდნენ. მათი ნაღვლიანი სახეები სულ თვალწინ მიდგას...

 

- თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი უდიდეს სტიმულს მაძლევს. ჩვენი განყოფილების ექიმები ვმუშაობთ გუნდური პრინციპით, ყველა შემთხვევას ვუყურებთ, როგორც გარდაუვალ გამარჯვებას სიმსივნეზე. ძნელია, აღწერო ის გრძნობა, როცა პაციენტი გვიმძიმდება —  ამ დროს მთელი განყოფილება ყალყზე დგას და ვცდილობთ, არ მივცეთ უფლება ამ ვერაგ სენს, რომ სიცოცხლეზე გაიმარჯვოს!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

big_banner
არქივი