logo_geo
ისინი ერთ დღეს, ერთსა და იმავე საათზე წავიდნენ იმქვეყნად
- +

12 აგვისტო. 2020. 20:01

 

 

„სანდროს კლინიკაში გადასვლაზე უარი უთქვამს და ჩაჩუმებულა. მაშინ ექიმს მაჯაზე ხელი მოუკიდია და უთქვამს, აღარაფერია საჭირო, გარდაიცვალაო. მანანა, რომელიც იქვე იდგა, ამის გაგონებაზე უცებ ჩაიკეცა – მას გული გაუსკდა...“

 

არსებობს თუ არა მარადიული სიყვარული? – ამ კითხვის პასუხი განურჩევლად ასაკისა და სქესისა ნებისმიერ ჩვენგანს აინტერესებს. ყველას, ვისაც სიყვარულში გაგვიმართლა, ან არ გაგვიმართლა; ვინც სიყვარულს ელოდება ან უკვე უყვარს და ეშინია არ დაკარგოს; ვინც ფიქრობს, რომ სიყვარულმა სამუდამოდ ჩაიარა და აღარ დაბრუნდება... ეს იმიტომ, რომ მხოლოდ სიყვარული ავსებს უსაშველო ტვირთით დამძიმებულ ქვეყნიერებას ასევე უსაშველო სიმსუბუქით და მაშინაც კი გაბედნიერებს, როცა მოგონებად იქცევა. თუმცა ისეთი სიყვარულიც არსებობს, რომლის მოგონებად გადაქცევა შეუძლებელია, და რომელიც მთელი სიცოცხლე თან დაგდევს. ჩვენ კი ყოველთვის ვერ ვხვდებით, რომ ეს სწორედ ის სიყვარულია, მარადიულობა რომ ჰქვია. ასეთი იყო თეატრის რეჟისორის სანდრო მრევლიშვილისა და მისი მეუღლის, მანანა ჭელიძის სიყვარული. გადიოდა წლები, იწურებოდა სიცოცხლე, ისინი კი, ისინი ისევ ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში, ისევე უმეორებდნენ ერთმანეთს, უშენოდ ვერ ვიცოცხლებო, როგორც მაშინ, როცა ერთმანეთი შეუყვარდათ.

 

სანდრო 78 წლის იყო, მანანა კი 75-ის, ისინი ერთ დღეს, ერთსა და იმავე საათზე წავიდნენ იმ ქვეყნად. ასე მოინდომეს, „უბრალოდ“, კაცმა ქალს მხოლოდ 10 წუთით გაასწრო – ალბათ, იმქვეყნიური გზის მოსამზადებლად. ეს სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ორის გვერდით მუდამ იყვნენ, მარადიული სიყვარულის რწმენა დაუტოვეს. მათ შორის სოფო მეძმარიაშვილსაც – ქართული სცენის ერთ-ერთ უმშვენიერეს მსახიობს. სოფო მეძმარიაშვილი მათი სიყვარულის სევდიან ამბავს მოგვითხრობს.

 

– სანდრო მხოლოდ ჩვენი თეატრის ხელმძღვანელი არ იყო, ის კარგი მეგობარიც გახლდათ. მან ჩვენი თეატრი „რუსთაველის 19“ ზუსტად ისევე შექმნა, როგორც, მაგალითად, მოზარდმაყურებელთა თეატრი. როცა ამ თეატრების ნებისმიერი მსხაიობი სანდროს დასში მოხვდებოდა, სანდრო იმხელა ნდობას უცხადებდა, რომ თავისთავად იქცეოდნენ მეგობრებად. ჩვენ ასეთივე მეგობრობას და ჰარმონიას ვხედავდით მის ოჯახშიც, ქალბატონი მანანა ქმრის გვერდით სულ ბრწყინავდა, სანდროსთვის მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ასევე მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვისაც – თუ მანანა იტყოდა, სპექტაკლი კარგიაო, ესე იგი, ნამდვილად კარგი იყო, რადგან მერე ამასვე ამბობდა მაყურებელიც. მანანა ამაყობდა სანდროთი. გვეუბნებოდა, რეპეტიციაზე არასოდეს მოვალ, რადგანაც სანდროს იმის სწავლება არ სჭირდება, სპექტაკლი როგორ გააკეთოსო. ქალი რომ ქმრით ამაყობს, ის ბედნიერია.

 

როცა სანდროს მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ხშირად მივდიოდით მასთან და ვხედავდით, როგორ მშვიდდებოდა მანანას დანახვაზე. მანანა ოთახში ისეთი ღიმილით შემოდიოდა, ისე დაელაპარაკებოდა, ისე უცინოდა სახე, თითქოს არაფერი ხდებოდა. არადა, ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ სანდროს უმძიმესი სენი ჰქონდა, იმდენად მძიმე, რომ მისი სიცოცხლე დღეებზე იყო დამოკიდებული. მანანა ისე იქცეოდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. დღესაც მაოცებს, სად ჰქონდა ამხელა ძალა. როგორც კი ჩვენთან განმარტოვდებოდა, მაშინვე ევსებოდა თვალები ცრემლით, რა გავაკეთო, სანდროს რომ რამე დაემართოს, ერთ წუთსაც ვერ ვიცოცხლებო... სანდროს მანანა იმხელა ძალას აძლევდა, გაოგნებული ვიყავით. ყოველი ცუდად გახდომის, ყოველი დაუძლურების შემდეგ უცებ მოიკეთებდა და ისევ ახალ სპექტაკლზე მუშაობდა. ისე იბრძოდა, ისეთი ძალით ეჭიდებოდა სიცოცხლეს, ყველამ დავიჯერეთ, რომ ჩვენს სანდროს არაფერი დაემართებოდა.

 

– მანანა ამბობდა, სანდროს რომ რაიმე დაემართოს, აუცილებლად მოვკვდებიო? შესაძლოა მართლაც გრძნობდა, რაც მოხდებოდა.

 

– სანდროს დაკარგვა მისთვის საკუთარი სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავდა. ასეც მოხდა, სანდროს კლინიკაში დაწოლა სჭირდებდა, მაგრამ სულ უარობდა. თურმე იმ დღესაც ასე ყოფილა, მაგრამ მანანას სასწრაფო დახმარება მაინც გამოუძახებია. როცა ექიმები მისულან, სანდროს კვლავ უარი უთქვამს კლინიკაში გადასვლაზე, მაგრამ მაშინვე ჩაჩუმებულა. მაშინ ექიმს მაჯაზე ხელი მოუკიდია და უთქვამს, აღარაფერია საჭირო, გარდაიცვალაო. მანანა, რომელიც იქვე იდგა, ამის გაგონებაზე უცებ ჩაიკეცა – მას გული გაუსკდა... ათი წუთიც არ იყო გასული, მანანაც აღარ იყო ამქვეყნად...

 

– სულისშემძვრელი სიყვარულია. როგორც ჩანს, გული დაავადებული ჰქონდა, მაგრამ მანამდე გაძლო, სანამ ქმარს სჭირდებოდა. სწორედ ეს არის მარადიული სიყვარული.

 

– დიახ, და ის არსებობს. ამაში ამ ორმა საოცარმა ადამიანმა დამარწმუნა, ნამდვილი სიყვარული არ კვდება, ის არსებობს და ეს ბედნიერებაა. ეს ორნი, რომელიც ამქვეყნად ერთ სულ და ერთ ხორც იყვნენ, იმ ქვეყნადაც ერთად წავიდნენ. სევდიანი ამბავია, მაგრამ ლამაზი. ასეთი სილამაზისთვის ნამდვილად ღირს ამქვეყნად მოსვლა.

 

ესაუბრა ეთერ ერაძე

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი