logo_geo
“ეს დღე ზეიკოს მეგობრებთან ერთად უნდა აღმენიშნა, მაგრამ…” – “მონანიების” ქეთი ბარათელი არავის გახსენებია
- +

13 აგვისტო. 2020. 20:02

 

 

 

დღეს მსახიობი ზეინაბ ბოცვაძე 76 წლის გახდებოდა.

 

“უნდა მეთავებინა და ეს დღე ზეიკოს მეგობრებთან ერთად უნდა აღმენიშნა, მაგრამ არ შემიძლია, ფეხი მაწუხებს. საფლავზე ილიკო ფერაძესთან ერთად ვიყავი. “საქართველოს რადიოშიც” არ უხსენებიათ, ვუსმენდი. არც მე შემიხსენებია. თქვენ მადლობა ყურადღებისთვის” – “პრაიმტაიმს” განუცხადა ცისანა ბოცვაძემ, მსახიობის უფროსმა დამ.

 

ქალბატონმა ცისანამ ორი თვის წინ ბევრი საინტერესო ფაქტი გვიამბო სევდიანი და მარტოსული ზეიკოს ცხოვრების შესახებ.

 

13 რიცხვში დაბადებულს თარსი რიცხვის უიღბლობა დაჰყვა. როლები იმდენი არ უთამაშია, რაც მისი შარმისა და ნიჭის მსახიობს უნდა ეთამაშა, სიყვარულშიც უიღბლო იყო. რეალურ ცხოვრებაში „მონანიების” ქეთი ბარათელი იყო – ტრაგიზმით, სევდით, შეპარული ცინიზმით და ამას თვითონაც აღიარებდა. ხასიათის ის შტრიხები, რაც ამ ფილმში მის გმირს აქვს, ზეიკოს გამოხატავს: თეთრ კაბაში გამოწყობილი, თეთრი შლაპით, ამაყად თავაწეული ქეთევან ბარათელი მოხდენილად რომ შემოაბიჯებს დარბაზში და მერე, ვიწრო საკანში განმარტოებული საკუთარ თავს ჩაღრმავებული, ღრმა გულგატეხილობას, ნაღველსა და მარტოობას რომ ამჟღავნებს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ გარემოცული ვარ მეგობრების სიყვარულით და ძალიან გათამამებული მათი ყურადღებით, ვთვლი, რომ მარტოხელა მგელს ვგავარ. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ პატიება არ შემიძლია. მიჭირს, რადგან მიმაჩნია, რომ რაც მაკადრეს, იმის ღირსი არ ვიყავი. ეტყობა ესეც არის იმის მიზეზი, რომ თავს მარტოხელა მგლად აღვიქვამ.

 

ბევრ რამეს შევცვლიდი. თუ ყველაფერი შედარებითია, მაშინ მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ სიყვარული მაქვს განცდილი, ძალიან მიყვარდა… დაგასწრებთ და გიპასუხებთ კითხვაზე – მაშინ რატომ არ შეიქმნა ოჯახი? – საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო…

 

ჩვენი ცოლ-ქმრობა ალბათ დაკარგავდა იმ ფერებს, რაც ამ გრძნობაში იყო. ყოფა ისე ცუდად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. მართლა მეცოდება ის ქალი, რომელმაც უნდა გააკეთოს სადილი, გადაანაწილოს ფული და მაინც შეინარჩუნოს უნარი, რომ იყოს მშვენიერი, მშვიდი და მოსიყვარულე. მე თავისუფლება ვერ დავთმე” – ამბობდა ზეიკო ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

ცისანა ბოცვაძე:  გულჩათხრობილი იყო, არც ინტერვიუებს იძლეოდა. იმ დროს არც იყო ამდენი ჟურნალ-გაზეთი. რომც ყოფილიყო, ზეიკოს არ უყვარდა თავის რომანებზე საჯაროდ საუბარი.

 

რატომღაც ყოველთვის უიღბლო სიყვარული ჰქონდა. ძალიან მართალი იყო. კაცები ხომ იცით, როგორები არიან. ისე იღებენ, თითქოს იმსახურებენ. ზეიკო ალალი და კეთილი იყო. როცა უყვარდა, უნდოდა ესიამოვნებინა, რასაც უკუღმა იღებდნენ მამაკაცები. თვლიდნენ, რომ კიდევ ეკუთვნოდათ.

 

სამი თვე ჰყავდა ქმარი. ხუმრობდა, კაცს სამი თვის მერე წიხლი უნდა ჰკრა და გააგდოო. ბევრი მეგობარი ჰყავდა. ხშირად ეტრფოდნენ. ჰქონდა რომანები, გატაცებები…

 

ერთი ცნობილი კომპოზიტორი უყვარდა. უპირველესად მის ნიჭს სცემდა პატივს. თვითონ ნიჭიერი იყო და სხვის ნიჭსაც აფასებდა. მისთვის გარეგნობას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მასთან თავს კარგად გრძნობდა. მერე დაშორდნენ. სერგო ფარაჯანოვსაც მოსწონდა, ბორია ხმელნიცკისაც. ბევრს მოსწონდა ზეიკო.

 

ქორწინება აღარ უნდოდა, ამაზე არც ჰქონია პრეტენზია. შვილი კი უნდოდა, მაგრამ რახან დიაბეტი ჰქონდა, ექიმმა უთხრა, შენთვის შვილის გაჩენა არ შეიძლებაო. მამა რომ გარდაიცვალა 14 წლის იყო ზეინაბი, დედა რომ გარდაიცვალა – 21-ის. ინერვიულა და დიაბეტი გაუჩნდა. 300 ჰქონდა სისხლში შაქარი.

 

ზეინაბ ბოცვაძის სახლი მისსავე სახელობის პატარა ქუჩაზეა, ზემელზე. კართან მის სიმბოლოდ ქცეული თეთრი შლაპის ბარელიეფიანი მემორიალური დაფა გხვდებათ წარწერით – ამ სახლში დაბადებიდან 1994 წლის 6 ივლისამდე ცხოვრობდა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ზეინაბ ბოცვაძე.

 

ბნელი და ცივი 90-იანების თბილისის ელიტის ნახევარი მის პატარა და ჩიტის ბუდესავით გადმოკიდებულ სახლში იკრიბებოდა და იმ ზეიმის მონაწილე იყო, რასაც ზეიკო მუდმივად უწყობდა მეგობრებს. ჰყავდა საძმო-სამეგობრო, რომლებიც ზამთრის სუსხიან საღამოებს, ზემელის მოყინულ აღმართზე, ზეიკოს სიყვარულით ამოდიოდა. აი, ამ თბილისურ შუშაბანდებიან სახლში გადაიღო თენგიზ აბულაძემ თავის შედევრში. ეს „მონანიების” სახლია, სინანულით სავსე ქეთი ბარათელის სახლი.

 

მანამდე კი ოთხი სპეციალურად შერჩეული სახლი მოატარა რეჟისორმა ზეიკოს. „არა, ზეიკო, ეს არ არის შენი სახლი” – ეტყოდა თენგიზი.

 

„და თუ თქვენ ამ სახლში ჩემი სული იგრძენით, ესე იგი სწორად ვცხოვრობ. მქონდა უძნელესი პერიოდი, ათი წელი ფილმში არ მითამაშია. ვკერავდი და თავს კერვით ვირჩენდი, ისე, როგორც ქეთევან ბარათელი ირჩენს თავს ტორტების ცხობით.

 

ახალგაზრდა ვიყავი, თამაში მინდოდა, მე კი არავის ვჭირდებოდი… გული მტკიოდა. იმ დროს ჩემ სახლში იკრიბებოდნენ ჩემი მეგობრები. ყოველი შეხვედრა სპექტაკლივით იყო. მე ეს ათი წელიწადი მარტოობა არ მიგრძვნია. ერთმანეთს ვჩუქნიდით რაღაცას, რაც ღიმილს იწვევდა.

 

ეს სახლი მე ნამდვილად მეხმარება. ჩემი ხელოვნება ამ სახლში დასახლდა. მე ვიყავი რეჟისორიც და მსახიობიც… შინაგანად სულ მქონდა იმის განცდა, რომ ერთ დღესაც დადგებოდა ის ჩემი დღე, საათი, წუთი. გამუდმებით ვიმუხტებოდი და თითქმის არასდროს ვიხარჯებოდი. გინახავთ ბეტონიდან ამოხეთქილი ბალახი, რომელსაც მზის დანახვის ისეთი სურვილი აქვს, რომ ბეტონსაც ხეთქავს. ამაზე ფიქრი მაიმედებდა…” – ამბობდა ზეიკო.

 

ილიკო ფერაძემ, მსახიობ გია ფერაძის ძმამ, ზეიკოს სახლის იმ ოთახს, სადაც თითქმის თვე არ ჩაივლიდა ქეიფისა და მოლხენის გარეშე, „ზეიკოს ბუნკერი” დაარქვა. ბუნკერი გერმანულად თავშესაფარს ნიშნავს. როგორც ის წერს მოგონებებში, უგემრიელესი კერძების მომზადება იცოდა.

 

„ხუმრობით ვამბობდი, შემოდგომაზე ჩამოცვენილ ჩვეულებრივ ფოთოლსაც ისე შეაზავებდა მაიონეზითა და ნიგვზით, ვერაფრით მიხვდებოდი, რისგან იყო დამზადებული-მეთქი” – წერს ილიკო.

 

ნანული სარაჯიშვილი:  ზეიკოს ბუხარი ცნობილი იყო. ზეიმს მოაწყობდა და თან კოსტიუმირებულს, ვიცვლიდით იმ დღის თუ დღესასწაულის შესაფერის კოსტიუმს და სპექტაკლებს ვდგამდით.

 

შემოქმედებითად პასიურ პერიოდში კერავდა. ეს არ ეთაკილებოდა. ამით უნდა გადავრჩეო, ამბობდა.

 

ილიკო ფერაძე:  ზეიკოსთან კაბის შეკერვა მთელი რიტუალი იყო. საწყალი ზეიკო. ერთია, რომ მას კაბის თარგზე უნდა ეფიქრა და მასთან ერთად უნდა მოესმინა ყველას გასაჭირი, მიეცა რჩევა-დარიგება. ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო ზეიკოს რჩევა.

 

 

 

მისი დებიუტი ნანა მჭედლიძის ფილმში შედგა, სადაც 15 წლის იყო. „ჩქარი მატარებელი” ასე ერქვა პირველ ფილმს და ცხოვრებამაც ასე ჩაუქროლა. პატარაობიდან არტისტული გოგონასგან თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება, ოჯახში სიურპრიზი არ ყოფილა.

 

„მონანიება”

 

მისტიკა იყო მისი ამ ფილმში მოხვედრა. ბარათელის როლში თენგიზ არჩვაძე უნდა გადაეღოთ. გადაღების წინ თენგიზ აბულაძემ სიზმარი ნახა – ვიღაცამ უთხრა, ბარათელის როლში ქალი უნდა გადაიღო და თანაც – ზეინაბ ბოცვაძეო. ნანა ჯანელიძეც, რომელიც ფილმის თანარეჟისორია (თენგიზის რძალია), მომხრე იყო, რომ ამ როლში კაცი უნდა ყოფილიყო. ის იხსენებს, როგორი ლამაზი ჩავიდა ბათუმში ზეიკო, ბეწვით, ბეჭდებით… „ისეთი მშვენიერი და ამაღლებული იყო, სუნთქვაშეკრული ვუყურებდით. თენგიზს უთქვამს, მე კი მინდა გადაგიღო, მაგრამ ნანა ქალის ამ როლში გადაღების წინააღმდეგიაო. მზეთუნახავი იყო. სასტუმროს ნომერში დავლიეთ. ასეთი საოცარი ქალი ჩემს ნომერში ისე გარდაისახა, რომ მივხვდი, რომ ის საფლავს ამოთხრიდა” – იხსენებს ნანა ჯანელიძე.

 

 

მონანიება“ – ფილმი, რომლის ...

 

თვითონ კი ასე ახასიათებს თავის გმირს.

 

„ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ქეთევანთან. ოდნავი ცინიზმი, სიმართლის თქმა, სევდა. მერე ბევრი რამ ვითამაშე, მაგრამ გამიჭირდა ქეთევანისგან გათავისუფლება. ქუჩაში მაჩერებდნენ არა როგორც ზეინაბ ბოცვაძეს, არამედ როგორც ქეთი ბარათელს. საზღვარგარეთაც ასე მხვდებოდნენ. მაშინ მივხვდი, რა გადაუტანია ხალხს. ქეთევანმა მათი სათქმელი თქვა.

 

მე ჩემი 37 წელი მქონდა, ათი უსახო და უგულო წელიწადი. ჩემი ტკივილი მქონდა, რომელსაც ვერავის ვუმხელდი. შენი საწუხარით სხვას არ უნდა მოაბეზრო თავი. მე ჩემს ჩაკეტილ სამყაროს ვქნი და იქ ვარ ჩემთვის. ჩემ “ოცდაჩვიდმეტ წლებში” აშკარად დავინახე უსამართლობა და ამ უსამართლობის ავტორები. ცხოვრებაში გვხდებიან ადამიანები, რომლებსაც უნდა შეებრძოლო, მაგრამ მე ვერ ვებრძვი, მე უბრალოდ მივდივარ… არ ვარ სახალხო არტისტი, არ მაქვს ჯილდოები, მაგრამ მომწონს, რომ ახალგაზრდები სიხარულითაც და მწუხარებითაც ჩემთან მორბიან.”

 

ცისანა:  თენგიზმა ამ როლით ახსნა ზეინაბის ბუნება. ეს როლი ზუსტად ზეინაბის ხასიათში იჯდა. თენგიზ აბულაძის მსგავს ხელოვანებს ხომ მესამე თვალი აქვთ, გონების თვალი.

 

მხოლოდ ერთხელ ითანამშრომლეს. მერე კიდევ უნდოდა თენგიზს ზეინაბის გადაღება, მაგრამ ავად გახდა და რომ გარდაიცვალა, ზეინაბმა მამას წასვლა რომ განიცადა, ისე განიცადა მისიც.

 

 

 

Art Palace | ხელოვნების სასახლე

 

ცისანა ბოცვაძე: მისი თვალით ვუყურებ ყველაფერს. რაღაცას რომ დავიწუწუნებდი, ასე გამიკეთეს-მეთქი, მტუქსავდა, ეს იმის პრობლემაა, მადლობა თქვი, რომ შენ ასეთი არ ხარო. ხომ ასეთი მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ერთს არ დაიწუწუნებდა.

 

მეუბნებოდა, დღესაც რომ გარდავიცვალო, არ ვინანებ. ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა, აბა, შენ რა გაქვს ნეტა მოსაგონარიო? ძალიან მაკლია, სულ გვერდით მყავს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი