logo_geo
ცისანა სეფიაშვილი: თავში „ბომბი“ მიდევს...
- +

20 აგვისტო. 2020. 20:14

 

 

მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა და ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს. მართალია, ანევრიზმის დიაგნოზის დასმისას შოკი გადაიტანა, თუმცა, სტრესს მარტო გაუმკლავდა, ეს ამბავი მშობლებს დაუმალა და საოპერაციოში იმ განცდით შევიდა, რომ წინ ბევრი ბედნიერი დღე ელოდა. ვინც ცისანას იცნობს, იცის მისი პოზიტიური და ხალისიანი ბუნება და ის, რომ არასდროს უყვარს საკუთარ ჯანმრთელობაზე, წარუმატებლობასა თუ ტკივილზე საუბარი. მას ცხოვრება უხარია, ყველაფერს ბრჭყვიალა ფერებში აღიქვამს და სჯერა, რომ სიკეთე არსად იკარგება და ადამიანს ბუმერანგივით უბრუნდება.

 

ცისანა სეფიაშვილი:

 

- ლაღი, მხიარული, ბრჭყვიალა და ლამაზი ბავშვობა მქონდა და არა მარტო ბავშვობა. ახლაც ლაღი და ბედნიერი ვარ და მჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახლაც ყველაფერი ისე იბრჭყვიალებს, როგორც ადრე ბრჭყვიალებდა. ზოგადად, მზესაც აქვს მუქი ლაქები და ცხოვრება არც ისე მარტივია, როგორც ბავშვობაში წარმოგვიდგენია. რასაკვირველია, ჩემს ცხოვრებაშიც იყო ძალიან ბევრი ტკივილი, განცდა, ცრემლი, წარმატება-წარუმატებლობა, იღბლიანი და უიღბლო დღეები, თუმცა, ვცდილობ, დიდხანს არ ვინერვიულო და ვიდარდო რაღაც-რაღაცებზე, ცუდი და ნეგატიური ახლოს არ მოვუშვა. ხანდახან ვხუმრობ: ერთი, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავზე, თორემ სხვა ყველაფერი გადავიტანე-მეთქი.

 

- იმდენად არ გემჩნევა ეს ყველაფერი, რომ ვინც არ გიცნობს, ვერც წარმოიდგენს.

 

- გეთანხმებით და მირჩევნია, ვინც არ მიცნობს, იცოდეს და სჯეროდეს, რომ ეს ასე არ იყო და დღემდე მხოლოდ ბედნიერი დღეებით მოვედი. კიდევ ვამბობ, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი შვილებით, მშობლებით, მეგობრებით, საქმეში - წარმატებული, და შევდექი, როგორც პიროვნება, როგორც ქალი, როგორც შვილი და ყოველი დღე, ჩემთვის პოზიტივით იწყება. მე ცხოვრებას იმით ვიმარტივებ, რომ შური და ბოღმა არ მიდევს გულში. მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც იმ აზრით იღვიძებს, ვისი რა ავნოს და გაუფუჭოს. მე ყველა ადამიანი მეცოდება, ვინც ტყუილებშია `გახლართული. ასე რომ, მარტივად, სადად, ბედნიერად ვცხოვრობ და ამით ვარ ბედნიერი, ლაღი და ურთიერთობებში - სუფთა. ეს მაბედნიერებს. რასაკვირველია, ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა ძალიან ბევრი რამის გადაფასება, ბევრი ადამიანი საცერში გაიფანტა, მაგრამ დარჩა ნამდვილი და სუფთა. აღარ ვურთიერთობ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც მხოლოდ ნეგატივი მოაქვთ. რთულია, როცა უარყოფითი აურა მოდის, გეწუწუნება და ნეგატივით გძაბავს, ყველას ჩვენ-ჩვენი სადარდებელი გვაქვს და კიდევ მეტის დამატებას, ხომ სჯობს, ერთმანეთს ცხოვრება გავუმარტივოთ და არა გავურთულოთ.

 

- ახლახან, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოგიწია ნერვიულობა, ოპერაციაც გაიკეთე. ახლა როგორ ხარ?

 

- სრულიად ჯანმრთელი ვარ, არ მოველოდი და ეს სერიოზული „დარტყმა“ იყო. ბოლო ორი თვე თავის ტკივილმა და თავბრუსხვევამ შემაწუხა და გადავწყვიტე, ექიმთან წავსულიყავი, ხუთი წლის წინ მქონდა ტომოგრამა გადაღებული, თავი მაშინ გადაამოწმეს, თუმცა, არაფერი აღმოჩნდა. ახლაც მხიარულად შევედი ტომოგრაფიის გადასაღებად, დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემა არ მქონდა და აღმოჩნდა ანევრიზმა. ეს სერიოზული შოკი იყო ჩემთვის. ორი დღე გამიჭირდა, შოკში ვიყავი და ამ დროში ძალიან ბევრი რამ გადავაფასე. მთელი ცხოვრება დატრიალდა. მშობლებს არ ვუთხარი. 6 ივლისს გავიგე და 13 ივლისს უკვე საოპერაციოში შემიყვანეს. ნარკოზით გამიკეთეს. სისხლძარღვიდან შევიდნენ თავში, ნახეს რა ადგილას არის და როგორ. აღმოჩნდა, რომ ჯერ პატარაა და ექვს თვეში ერთხელ უნდა გადავიღო ტომოგრაფია, დავაკვირდე და თუ გაიზარდა, შემდეგ მოხდება ჩარევა. თუმცა, არც ესაა პრობლემა. მადლობა ღმერთს, რომ დროულად აღმოვაჩინე და თავის ტკივილი და თავბრუსხვევა ანევრიზმასთან არაფერ შუაში ყოფილა. უბრალოდ, სრულიად შემთხვევით დაემთხვა და დროულად მივედი ექიმთან. ვხუმრობ: თავში მიდევს ბომბი-მეთქი, მაგრამ მარტივად ვუყურებ, რომ ახლობლები არ შევაშინო. უბრალოდ, უნდა დავაკვირდე და გავითვალისწინო რეკომენდაციები, მოკლედ, გამიმართლა.

 

- როდის გაიგეს შენმა მშობლებმა ამ პრობლემის შესახებ?

 

- ოპერაციის შემდეგ ვუთხარი, როცა უკვე ყველა დასკვნა მქონდა, რომ საშიში არ იყო. მეგობარი მახლდა საავადმყოფოში, მას ჰქონდა ჩემი ტელეფონი და მითხრა: იმდენჯერ დარეკეს შენებმა, დავიბენი, ვეღარ მივხვდი რა მექნაო. 9 წლის ვიყავით, ეკას, ჩემს მეგობარს რომ მამა გარდაეცვალა და მას მერე, მამაჩემი, ჯემალი, მეორე მამასავით უვლიდა. ბავშვობიდან დასავით მყავს და საოპერაციოში რომ მივყავდი საგორიალო საწოლით, ეკამ ფეხზე მაკოცა და ისე ამიჩუყდა გული, ცრემლი მომადგა.

 

- ახლა, როგორ ხარ?

 

- გადასარევად. ოპერაციამდე ბაკურიანში გახლდით, კახეთშიც დავისვენე. ახლაც ვგეგმავ დასასვენებლად წასვლას, კიდევ ვამბობ, რომ გავიგე, ორი დღე მომსახურების ზონიდან ვიყავი გასული. მერე მივხვდი, რომ მე თუ არ შემოვუძახე თავს, ისე არაფერი გამოვა, გადავკეტე ნეგატივი და გავეთიშე სამყაროს. ჩემმა მეგობრებმა ყველაფერი ორ დღეში მოაგვარეს და ოპერაციაც დამიგეგმეს. მანამდე კი კახეთში წავედი მეგობრებთან ერთად და გავაფრთხილე: ცუდზე არ მელაპარაკოთ, ყველაფერი კარგადაა-მეთქი. გადარეულები იყვნენ: ჩვენ ვკვდებით ნერვიულობით და შენ აქეთ გვამშვიდებ, რა ადამიანი ხარო (იცინის). ყველაზე მეტად დედ-მამის მოტყუება გამიჭირდა. ორი კვირა ვუმალავდი, ვემალებოდი და ოპერაციის მერე რომ ვნახე, ჯერ კიდევ ვკოჭლობდი. აი, ეს ორი კვირა ტყუილებში ცხოვრება გამიჭირდა და რომ გაიგეს, უკვე ყველაფერი ჩავლილი იყო. გადაირივნენ: სულ ხაზზე იყავი, მხიარულ განწყობაზე და როგორ არ გვითხარიო. კი ინერვიულეს და შოკში ჩავარდნენ, მაგრამ მერე დაირაზმნენ, მოსკოვში, გერმანიაში, ისრაელშიც გავაგზავნეთ მონაცემები და მოვიდა პასუხი, რომ არაფერია საშიში, უბრალოდ, დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყო. მეც ასეთი განწყობა მქონდა და ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბავშვებსაც სულ ამას ვეუბნები: ნუ ფიქრობთ ცუდზე, იფიქრეთ კარგზე, სულ პოზიტივზე - ცხოვრება ბუმერანგია და მას აუცილებლად უკან დაგიბრუნებთ. მეც ასე პოზიტიურად შევედი საოპერაციოში, თუმცა ერთადერთი, გამიჭირდა და ამეტირა, ბორბლიანი საწოლით რომ გამიყვანეს პალატიდან. ვთხოვე, ამით ნუ წამიყვანთ-მეთქი, თუმცა არ შეიძლებოდა საოპერაციოში ვთხოვე, ამით ნუ წამიყვანთ-მეთქი, თუმცა არ შეიძლებოდა. საოპერაციოში ვთხოვე, :როზე დამაძინეთ, რომ ოპერაციისთვის მზადების პროცესს არ ვუყურო-მეთქი.

 

- ერთი წამით მაინც არ გიფიქრია ცუდ შედეგზე?

 

- დამიჯერეთ, არა. ძალიან ძლიერი ვარ. ოპერაციამდე, ბევრ რამეზე ვიფიქრე, გარდა ცუდი შედეგისა. ამაზე ფიქრის უფლება არ მქონდა. უფრო სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი _ ჩემი ტკივილები გამახსენდა და ეს მეტკინა. კიდევ ერთხელ ყველას ვაპატიე და გადავწყვიტე, აღარ ვიყო ის ცისანა და თავის დროზე ყველას გავცე პასუხი. მოკლედ, ეს იყო ცხოვრებისეული `დარტყმა~, ბევრი რამ გადავაფასე, ბევრ რამეზე დავფიქრდი და ზუსტად ვიცი, წინ ბევრი ბედნიერი დღე მელის. თუმცა, იმ განცდას, რაც გადავიტანე და რაც იმ დღეები თავში ამომიტივტივდა, არსად და არასოდეს მოვყვები. ნარკოზიდან რომ გამოვედი, არ ჩერდებოდა ტელეფონის ზარები, საჩუქრებით, ბუშტებითა და ყვავილებით იყო პალატა სავსე და მადლობა ამისთვის ჩემს მეგობრებს ნამდვილი „ამქვეყნიური სამოთხე“ და სიბრჭყვიალე შემიქმნეს. მეუბნებოდნენ: შენ ჩვენი გადარეული, პოზიტივი გოგო ხარო. ძალიან მაგარი მეგობრები მყავს, ამ სითბოსა და სიყვარულის გამო უნდა ვიყო კარგად და დიდი მადლობა კლინიკა „ევექსს“ და ნათია ნუცუბიძეს, რომელიც არა მარტო ექიმი, ჩემი მეგობარია და ის მძიმე დღეები ნერვიულობის გარეშე გადამატანინა.

 

- ახლა, როცა ეს ყველაფერი უკან მოიტოვე, ცხოვრების როგორი ეტაპი დაიწყო?

 

- ახლა, როცა ეს ყველაფერი უკან მოვიტოვე, კიდევ უფრო მეტად ვტკბები ცხოვრებით. ბედნიერებას ვხედავ და ვაფასებ ყველაფერში - მზეში, ღრუბელში, წვიმაში... მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მიყვარხართ!

 

ნონა დათეშიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი