logo_geo
ლევან ყოჩიაშვილი: ვერასოდეს გაიგებ, შენი მეუღლე რას გააკეთებს
- +

27 აგვისტო. 2020. 22:48

 

 

მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი 10 წელზე მეტია, რაც დათო გოცირიძის ოჯახით ცხოვრობს სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“. მისთვის ერთ როლზე ასე ხანგრძლივად მუშაობა მოსაწყენი და მოსაბეზრებელი სულაც არ არის. მოუთმენლად ელოდება ახალი სეზონის დაწყებას, როცა მაყურებელთან ერთად გაიგებს, რა ბედი ელით დათო გოცირიძესა და მის ცოლს, ნინას.

 

ლევანი თავისი პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავდება, ის არც წუწუნაა და არც ცოლ-ქმრულ ღალატს ამართლებს. ახლა ყოჩიაშვილების ოჯახში პრიორიტეტი უფროსი ქალიშვილის, კესოს, მომავალზე ზრუნვაა.

 

მიუხედაად იმისა, რომ მსახიობის გზა ბევრი სირთულით გამოირჩევა, ლევანის თქმით, თავისი გაჭირვებული ცხოვრებით ძალიან ბედნიერია.

 

– ლევან, კიდევ ერთი ტელესეზონი დაასრულეთ. 10 წელზე მეტია, რაც ამ სერიალზე მუშაობთ. ისევ ისეთი ენთუზიაზმით ხართ ჩართული? ცოტა ხომ არ მოგბეზრდათ დათო გოცირიძის როლი?

 

– დაგეგმილი იყო, რომ დიდი სეზონი უნდა გვქონოდა, მაგრამ ამ პანდემიამ რაღაცები შეცვალა. ისიც უნდა ითქვას, რომ კარანტინის დროს გადაღებულმა სერიებმაც თავისი სათქმელი თქვა.

 

ჩემი მხრიდან ამ სერიალში თამაშის სურვილი და მონდომება არ გამქრალა. ამდენი წლის მიუხედავად, მას აქვს თავისი მაგიური ძალა, რომელიც საშუალებას არ გაძლევს, მოგბეზრდეს. თანაც, როდესაც პოპულარული სერიალია და საზოგადოების ინტერესი მუდმივად იგრძნობა, ეს იმის სტიმულს გაძლევს, ფორმაში იყო და სულ ცდილობ, შენი გმირი დახვეწო.

 

– ბოლო სეზონის ფინალი ძალიან დრამატული იყო. ამართლებთ დათო გოცირიძის ცოლის, ნინას, სახლიდან წასვლას და საზოგადოების იმ ნაწილს ემხრობით, რომელიც თვლის, რომ სცენარისტებს ასეთი განაჩენი არ უნდა გამოეტანათ?

 

– ვერასოდეს გაიგებ, ქეთი დევდარიანი სცენარში რას და როგორ დაალაგებს. ვერ წარმოვიდგენდი, ეს სეზონი ასე თუ დამთავრდებოდა, მეც ისევე მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც თითოეულ მაყურებელს.

 

ქეთიმ გოცირიძეების სახლში სიტუაცია ისე გაართულა, რომ მარტივი გამოსავალი აღარ იქნება. ვფიქრობ, ცხოვრებისეული სიუჟეტი ძალიან სერიოზულად გადმოტანა სერიალში. ორმა ადამიანმა რაც უნდა წლები იცხოვროს ერთად, ვთვლი, რომ არის მომენტები, როდესაც არ იცი, შენი მეორე ნახევარი რას მოიმოქმედებს.

 

სცენარი რომ პირველად წავიკითხე, ცოტა გავოცდი. ეს უკვე „დაქალები“ აღარ იყო, მეგონა, სხვა ფილმის სცენარს ვკითხულობდი. მოვლენების ასე განვითარება საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.

 

– რა იქნებოდა რეალურ ცხოვრებაში, თქვენი მეორე ნახევარი რომ სახლიდან ისე წასულიყო, როგორც ეს ნინამ გააკეთა?

 

– ზუსტად ამას ვამბობ, რომ, როცა გვგონია, ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანს ვიცნობთ, სინამდვილეში ბოლომდე არავინ ვიცით, ვინ რისი გამკეთებელია.

 

– ძალიან საინტერესო იყო კარანტინის სერიები, სადაც ქორწინების სირთულეებზე მონოლოგი წაიკითხეთ. ამ ტექსტში რაღაც ნაწილი თქვენი სათქმელიც იყო?

 

– სცენარისტის შემდეგ მსახიობიც ყველა სიუჟეტში თავის რაღაცას დებს. ამ მონოლოგში არამხოლოდ ქორწინების სირთულეებზე იყო აქცენტი, არამედ ადამიანების ურთიერთობებზე, დაგროვილ სათქმელზე, ართქმულზე... ამიტომ ვთვლი, რომ ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები და სათქმელი არ უნდა დააგროვო, რადგან ის აუცილებლად ისეთ ადგილას და ისეთ დროს ამოხეთქავს, როდესაც მისი გადაჭრა უფრო რთული იქნება.

 

მონოლოგში ჩემი სათქმელიც ჩავდე და სხვებისაც. ჩემს ოჯახში სათქმელს ყოველთვის ვამბობ. ვცდილობ, უარყოფითი ემოციები არ დაგროვდეს. რაც მოგწონს და რაც არა, ოჯახში უნდა თქვა.

 

– რა არის თქვენი ოჯახური ცხოვრების რეცეპტი?

 

– საუბარი პრობლემებზე და შეთანხმება საკითხებზე. მეუღლესთან შეთანხმებას ყოველთვის უფრო კარგი შედეგი მოაქვს, ვიდრე საკუთარ თავში ჩაკეტვას და აბაზანაში ორთქლის გამოშვებას, როცა ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე განიცდიან და არ ლაპარაკობენ, ასეთი ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში ცუდად მთავრდება.

 

– ამ სერიალში ბევრი ოჯახი და ოჯახური ურთიერთობაა განხილული. თქვენი ოჯახი ყველაზე მეტად რომელს ჰგავს სერიალიდან?

 

– არა, ჩემი ოჯახი სხვანაირია, ის არავისას ჰგავს „ჩემი ცოლის დაქალებიდან“. ძნელია, ცხოვრებაში თუნდაც დათო გოცირიძისნაირ ოჯახს შეხვდე – ამდენი შვილით და ამდენი პრობლემით.

 

– თქვენს გმირს, დათოს, საზოგადოებამ ღალატი აპატია, მაგრამ სერიალში ქალების მხრიდან ღალატი ერთმნიშვნელოვნად დაგმეს. თავად როგორ თვლით, მამაკაცს ეპატიება ღალატი და სხვა ქალთან გაძრომა და ქალს – არა?

 

– ღალატი არავის ეპატიება.  მაგას ჯობია ადგე და ოჯახიდან წახვიდე. ღალატი ცუდია და ტყუილზე აგებული ურთიერთობაა. ამ საკითხში ძალიან მკაფიოდ ვარ ჩამოყალიბებული, რომ ღალატი ღალატია და ის არც ქალს ეპატიება და არც მამაკაცს.

 

– რა ეტაპია თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში ახლა, როცა შვილები უკვე წამოიზარდნენ?

 

– ახლა უფროს გოგოზე, კესოზე, ვართ გადართული, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი ძალიან კარგი შედეგებით დაასრულა. გვინდა, რომ სწორი მიმართულებით წავიდეს ცხოვრებაში. ვასო ჯერ 13 წლისაა და იმედია, დასავით მონდომებული და ბეჯითი იქნება.

 

– შვილებიდან არც ერთი დაინტერესდა მსახიობობით?

 

– ამ სფეროს მიმართ ინტერესი არასდროს გამოუჩენიათ. მოსწონთ ჩემი საქმე, პოპულარობა, ჩემს პროფესიას პატივს სცემენ, მაგრამ არ უნდათ, რომ თვითონაც მსახიობები იყვნენ.

 

– რა ეტაპი გაქვთ ახლა თქვენ და თქვენს ცოლს? როგორც ამბობენ, წყვილი შვილებს როცა წამოზრდის, მეტი დრო რჩება ერთმანეთისთვის.

 

– კი, ნამდვილად ასეა. შვილები როცა პატარები არიან, ცოლ-ქმრის ყურადღება მაქსიმალურად ბავშვებზეა გადატანილი. ახლა კი შეგვიძლია, ერთმანეთს მეტი დრო დავუთმოთ.

 

– როგორ აისახა პანდემიის რთული პერიოდი თქვენს ყოფაზე?

 

– იქიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია არ გაჩერებულა, არც მე მქონია პაუზა და სახლში გამოკეტვის ეტაპი. სერიალი თუ არ იყო, ფილმების გახმოვანებაში ვიყავი ჩართული. ამ პერიოდის გავლა რთული არ ყოფილა ჩემთვის.

 

– კმაყოფილი ხართ მიღწეულით თუ ბევრ რამეს ნანობთ, უკან რომ იხედებით?

 

– ნამდვილად საამაყოდ მაქვს საქმე, რადგან ამ სერიალში უკვე 10 წელზე მეტია, რაც ვარ. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ერთხელ გადაიღონ ასეთი მაგარი, პოპულარული და რეიტინგული სერიალი და, ბუნებრივია, მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ.

 

რა თქმა უნდა, „ჩემი ცოლის დაქალებმა“ ბევრი რამ წაიღო, ბევრ რამეზე უარის თქმა მომიწია, მაგრამ ერთი უარიც კი არასდროს მინანია. საქართველოში მსახიობის პროფესია ძალიან რთულია, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვთვლი, რომ ყველა მსახიობს გაგვიმართლა, ვინც ასეთ გრძელვადიან პროექტში აღმოვჩნდით.

 

– თქვენი პერსონაჟივით წუწუნა ადამიანი არ ჩანხართ.

 

– წუწუნი არ მიყვარს, რაც მაქვს ცხოვრებაში, ყველაფრისთვის მადლობას ვიხდი.

 

– საერთო ჯამში, ბედნიერი ხართ თქვენი შექმნილი ცხოვრებით?

 

– რა თქმა უნდა, ადამიანის ოცნებებს სრულად ასრულება არასდროს უწერია, მაგრამ ჩემი ცხოვრებით ბედნიერი ვარ. უფრო სწორი ნათქვამი იქნება, რომ ჩემი გაჭირვებული ცხოვრებითაც ბედნიერი ვარ.

 

 

ავთო ჩიტიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი