logo_geo
„ჩემი დაბადების დღე არ მიყვარს, დეპრესია მიპყრობს” – გოგა პიპინაშვილი იუბილარია
- +

28 აგვისტო. 2020. 22:08

 

 

გოგა პიპინაშვილი იუბილარია. პირდაპირ ამბობს, რომ საკუთარი დაბადების დღე არ უყვარს. მსახიობი 62 წლის გახდა. 1982 წლიდან მოყოლებული მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. უკვე 24 წელია, რაც ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი “არტ ჰოლი” აქვს, სადაც ბავშვებს მსახიობის ოსტატობას, ცეკვა-სიმღერას, სასცენო მოძრაობას, ხელოვნების ისტორიას ასწავლიან.

 

როგორც იუბილარი “პრაიმტაიმთან” ამბობს, შინაგანად თავს 26 წლისად აღიქვამს.

 

გოგა პიპინაშვილი: – გადასარევ დღეს ვარ დაბადებული – მარიამობას, ეს დღე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი დაბადების დღე არ მიყვარს. საკეკლუცო არაფერია. დეპრესია მიპყრობს ხოლმე. რია-რია რომ ატყდება, არ მიყვარს, რა (იცინის). არქა, შევიკრიბოთ და გამოვიკრიბოთ, არ შემიძლია. წყნარად მიყვარს ცხოვრება.

 

– 62 წლის გახდით. როგორ გრძნობთ ასაკის მატებას?

 

– გადასარევად, ჯანმრთელად ვგრძნობ თავს. ამ ასაკს არ ვგრძნობ, ციფრი რომ შეატრიალოთ, ეგრე უფრო ვარ შინაგანად. ასე ვთვლი. ასაკი შინაგანი განწყობაა. 6-იანს ვერ ვიტან და ამდენი წელი წინ უნდა მეწეროს და არ მომწონს. მაგრამ ამ ციფრს რომ ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემი სამი წლის შვილიშვილის დამსახურებაა. საოცრებაა, მაგარი კაცია გიორგი, ძალიან მიყვარს.

 

იუბილარს “პრაიმტაიმის” მეშვეობით დაბადების დღეს ულოცავს ნანული სარაჯიშვილი, მისი ეკრანული ცოლი ფილმიდან “გარიგება”. “მარო” “მიტოზე” საუბარმა ძალიან გაახარა.

 

ნანული სარაჯიშვილი: – გოგა, ჩემო საყვარელო, ბათუმიდან გილოცავ დაბადების დღეს.

 

ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, უნიჭიერესი მსახიობი და ჩემი ქმარი, რა საკვირველია კინოში (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ გოგა ჩემზე უმცროსია, მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე და მადლიერი ვარ.

 

 

“გარიგების” გადაღებისას სულ შენიშვნებს მაძლევდა და გოგასი მეშინოდა. ვიფიქრე, რა არის, ეს წარამარა შენიშვნებს რომ მაძლევს-მეთქი. პირველად მწყინდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემთვის სასარგებლო იყო, სწორ შენიშვნებს მაძლევდა და ძალიან გამომადგა. მერე მეხუმრებოდა…

 

მინდა კარგად იყოს თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთან, გადასარევ შვილთან და თავის შვილშვილთან, რომელზეც ჭკუას კარგავს.

 

მინდა კიდევ ერთხელ დავუდასტუმრო ჩემი სიყვარული. ჯერ ყველაფერი წინ აქვს, ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. სიხარული და ჯანმრთელობა ჰქონოდეს. გკოცნის შენი ნანული, კუბოს კარამდე შენთან ერთად ვიქნები… მადლობა, რომ საშუალება მომეცით, უნიჭიერესი კაცისთვის დაბადების დღე მიმელოცა.

 

“პრაიმტაიმი” გოგას მეორე ეკრანულ ცოლსაც დაუკავშირდა ფილმიდან “მიდიოდა მატარებელი”. ქეთი ცხაკაიაც გააბედნიერა ზარმა.

 

ქეთი ცხაკაია: – გოგა ძალიან მიყვარს. ასეთი თავდადებული თავის პროფესიაში და ასეთი შეყვარებული საქმეში, ცოტა თუ არის. დღემდე ჩემი სამაგალითო პარტნიორია კინოდან.

 

სადაც არ მოვხვდები, ყველა ჩემი და გოგას სცენას იხსენებს ფილმიდან “მიდიოდა მატარებელი”. მახსოვს, მაშინ ვამაყობდი, რომ მე გოგა პიპინაშვილთან ერთად ვთამაშობდი ფილმში.

 

 

ამ ფილმამდე ჩვენ კინომსახიობთა თეატრიდან ვიცნობდით ერთმანეთს. მე მიშა თუმანიშვილის თეატრში მოვხვდი. ჩვენ ერთ სპექტაკლშიც ვთავამაშობდით, თუმცა პარტნიორები არ ვყოფილვართ.

 

ძალიან მიხარია, რომ მას ვიცნობ. მიხარია, რომ მიმალოცინეთ!

 

გოგა, გილოცავ, ძალიან მიყვარხარ!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი