logo_geo
მზია ორველაშვილმა საკუთარ თავს სიყვარული აუკრძალა- ვის გაუხარდა მისი განქორწინება
- +

20 სექტემბერი. 2020. 02:06

 

 

 მზია ორველაშვილი მეუღლეს გაშორდა. ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილმა ოფიციალურად განქორწინება გადაწყვიტა. რა გახდა ამის მიზეზი, მზიასგან შევიტყობთ.

  მზია ორველაშვილი: ოჯახური ზაფხული მქონდა. მშობლებთან ერთად ვიყავი მთელი კარანტინის განმავლობაში და შემდეგაც. ძალიან საინტერესო ყოფილა სოფლის მეურნეობაში მუშაობა. ყველაფერი დავთესე, დაწყებული პომიდვრით და დამთავრებული ბადრიჯნით. კაჭრეთში გვაქვს „დაჩა“ და იქ ვიყავი. ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, კარტოფილიც კი ამოვიღე. ორი ბიჭის შემდეგ ერთი გოგო გავჩნდი ოჯახში და ყველას ძალიან გათამამებული ვყავდი. ყველაფრის გაკეთებას ვცდილობდი, მაგრამ სახლში თეფშსაც არ მარეცხინებდნენ ხოლმე. ამიტომ, მამას არ ეგონა, თუ ამ ყველაფერს შევძლებდი. შენ როგორ უნდა დაბარო ან დათოხნოო, მეუბნებოდა. მაგრამ ისე კარგად გავაკეთე, მასაც გაუკვირდა.

 

ოჯახს რაც შეეხება, მეუღლეს დაშორდი.

– ბოლოს უკვე რაღაც-რაღაცებში ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს და გადავწყვიტეთ ის მისთვის ყოფილიყო, მე – ჩემთვის. იყო კონფლიქტები, ალბათ, ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ და გვქონდა ჩავარდნები, გაჭირვების დროს უფრო იჩენს ადამიანი თავს. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო. იმისიც მრცხვენია, რომ ამბობენ, „მზია ორველაშვილი გაშორდა მეუღლეს“, უკვე მერამდენედ იწერება ასეთი სტატია და ამის გამო დიდ დისკომფორტს განვიცდი. ბევრი მეუბნება, არ მიაქციო ყურადღება, ვინ რას იტყვისო, მაგრამ ძალაუნებურად ვაქცევ და ძალიან განვიცდი. არ ვარ ისეთი პიროვნება, როგორიც ვიღაცას შეიძლება, ამის გამო ვეგონო. საერთოდ არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ „გასკდა ამბავი“ და როდემდე უნდა მოიტყუო?! ალბათ, ღმერთს ასე უნდოდა. ახლა მეც კარგად ვარ და ისიც. თუმცა, ძალიან რთულია განშორების გადატანა. წონაში ისე დავიკელი, სულ სხვა ადამიანი ვარ. მანაც ძალიან ბევრი დაიკლო, იმიტომ, რომ ორივემ ბევრი ვინერვიულეთ. შვილი გვყავს და ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა ასე გაგრძელებას. ბევრ რამეს ვიტყოდი, მაგრამ ვერ ვამბობ.

მახსოვს, დედამთილის შენდამი არასასიამოვნო დამოკიდებულება.

– ეგ არის ამ ყველაფრის ყველაზე დიდი მიზეზი. არ მინდა, რომ ცუდად გამომივიდეს. ალბათ, გაიხარა იმ ადამიანმა, ვინც ეს გააკეთა და ვისაც უნდოდა ასე მომხდარიყო – გამგები გაიგებს. მე ძალიან ცუდად ვიყავი. ადამიანთან ოთხწლიანი თანაცხოვრება ცოტა არ არის. თან, როცა იდეალური ურთიერთობა გაქვს, მაგრამ ცდილობდნენ, რომ მათ შვილს არ გაეხარა ჩემთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ყველას თან ვყვებოდი. არავის არაფერს ვაყვედრი. ღმერთმა მომცეს იმდენი შესაძლებლობა, რომ ყველას თან გადავყვე, არავისთვის დამენანება, ანალოგიურს აკეთებდა ჩემი ყოფილი მეუღლე ჩემთვის. მაგრამ იმდენი რამ მოხდა, დაგროვდა, დაგროვდა და ბოლოს უკვე ფეთქდები ადამიანი, ურთიერთობაც ფუჭდება. ადამიანი გიყვარს, შვილი გყავთ და ბედნიერი ხარ, მაგრამ მესამე პირი ერთვება და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ურთიერთობაზე. ოფიციალურად განვქორწინდით. დაბრუნების შანსი აღარაა, ჩვენ აღარ შევრიგდებით, ორივეს ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს. უკვე ყველაფერს შევეგუე. ვაფასებ, რადგან ჩემი შვილის მამაა და ერთმანეთს ყოველთვის გვერდში დავუდგებით, მაგრამ მეგობრული ფორმით. შევჯერდით იმაზე, რომ ნორმალური ურთიერთობა გვექნება.

ბავშვთან დაკავშირებით რა გადაწყვიტეთ?

– ჩემს შვილს ისე უყვარს მამა, გიჟდება, ასეთი არაფერი მინახავს. ამიტომ სულ ვეუბნები, მოდი, ნახე-მეთქი. მასთან ვტოვებ ხოლმე, ასეირნებს, ღამეც იტოვებს, იცის, როგორ უნდა მოუაროს და თან ჰყვება. ძალიან კარგი მამაა და როცა შვილის წაყვანა უნდა, მე პრობლემას არ ვქმნი. იმედია, ყოველთვის ასე გაგრძელდება.

ადრე გითქვამს, რომ ძალიან ტრადიციული ოჯახი გაქვს. როგორ შეხვდენენ მშობლები თქვენს გადაწყვეტილებას?

– ჩემმა მშობლებმა რომ უყურეს ამ ყველაფერს, ჩემი კარგად გაიგეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეკლესიურად ცხოვრობენ, ჩემს მდგომარეობას რომ ხედავდნენ, მაქსიმალურად მედგნენ მხარში და დღემდე ასეა. მათ იციან, მე რისი გამკეთებელი ვარ და რისი – არა, ამიტომ მენდობიან. ისე არ ვდგამ ნაბიჯს, რომ მათ არ ვუთხრა, თუნდაც, მეგობართან რომ მივდიოდე. შეიძლება, 30 წლის ასაკში ეს ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მე საჭიროდ ვთვლი, რომ ჩემმა მშობლებმა უნდა იცოდნენ, მე რას ვაკეთებ და ვისთან ერთად ვარ.

რადგან პირველად არ დაგეგნგრა ოჯახი, ბევრმა შეიძლება, ჩათვალოს, რომ შენ იყავი დამნაშავე.

– ვიცი, რომ ამას იტყვიან. მაგრამ ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, მათ კარგად იციან, რომ ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო. ვინც არ დაიჯერებს, მათი საქმეა. თავს არასდროს ვიმართლებ. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება. მთელი ცხოვრება ასე ვერ გაგრძელდებოდა. როდესაც ოჯახში ვიღაცა ვიღაცას არ ელაპარაკება, ეს ჩემთვის დიდი ტრაგედიაა. მით უმეტეს, როდესაც ჩემზე არიან ნაწყენები და ვერ ვიგებ, რის გამო. იმიტომ, რომ ცოლად გავყევი მის შვილს? ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. მას უზომოდ უყვარს დედამისი, გიჟდება მასზე და ეს სიტუაცია ძალიან მოქმედებდა, სხვანაირი გახდა. უკვე ვეღარ ვუყურებდი ამ ყველაფერს – ან მიმიღოს, ან არა-მეთქი. მეც მიყვარს ტრადიციები, მაგრამ ეს მენტალიტეტი საქართველოში, ალბათ, უნდა გაქრეს. ის, რომ ქალი შვილიანი თხოვდება, არ ნიშნავს, რომ სხვა კატეგორიას ეკუთვნის. შეიძლება, მე რაღაც მომენტში ცხოვრებაში არ გამიმართლა, მეუღლეს დავშორდი და რადგან შვილი მყავს, უფლება აღარ მაქვს, შევიყვარო და გვერდით საყვარელი ადამიანი მყავდეს?! თუმცა, ახლა ყველაფერი ავიკრძალე. აღარ მინდა ფიქრი, რომ შეიძლება, ოდესმე გვერდით ვინმე მყავდეს. ამ ემოციების კიდევ ერთხელ გადატანა ძალიან გამიჭირდება. მერე იტყვიან, კარგი რა, არ გეყოო.

მისთვისაც რთული იქნებოდა, ალბათ, საყვარელ ქალსა და დედას შორის იყო გახლეჩილი.

– ძალიან რთული იყო და ამიტომაც აღარ შემეძლო ამის ყურება, აღარც მას შეეძლო ამ სიტუაციის ატანა. ყველაფერი ტყუილი ენის მიტანების გამო მოხდა. მე შემიძლია, იდეალური მეუღლე ვიყო და ვიყავი კიდეც. ვინც მიცნობს, ამას ყველა აღიარებს, ამიტომ ყველას ერთი კითხვა აქვს – რატომ ხდება ჩემს თავს ეს ყველაფერი?! ვისაც უნდა, განმსაჯოს, ვისაც უნდა – არა, მათი გადასაწყვეტია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი