logo_geo
თამუნა მუსერიძე: ისევ გოგოს ველოდებით და ისევ თავს იკლავს ჩემი ქმარი
- +

24 სექტემბერი. 2020. 00:53

 

 

 

რუსთაველის თეატრის მსახიობი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და ყოფილი ტელე-რადიოწამყვანი, თამუნა მუსერიძე, მეორე საერთო შვილს ელოდებიან. პირველი ქორწინებიდან სანდროს გოგონა ჰყავს, თამუნას – ბიჭი. ახლა კი ოჯახს კიდევ ერთი გოგონა შეემატება.

 

თამუნასთვის ბოლო თვეები განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. პანდემიას მისი ტოქსიკური ორსულობა დაემთხვა და სახლში გამოკეტილს სანერვიულო დაემატა. რთულ პერიოდში სანდრომ უჩვეულო სიმშვიდე გამოავლინა და ცოლს ყველანაირად გვერდში დაუდგა, საოჯახო საქმეებიც კი საკუთარ თავზე აიღო. ახლა თანდათან ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. თამუნა უკვე სამსახურში გასვლაზეც ფიქრობს – ის ერთ-ერთ კარაოკე ბარში მუშაობს (ინტერვიუ ჩაწერილია ივნისში).

 

– თამუნა, პანდემია თქვენს ორსულობას დაემთხვა. ალბათ ეს ორმაგად სანერვიულო იქნებოდა თქვენთვის. როგორ გაატარეთ კარანტინის პერიოდი?

 

– როგორც ყველამ, კარანტინი ჩვენც ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობდით და უცებ რომ გამოვეთიშეთ ყველაფერს, ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ჩვენი სახლის კარი არ იკეტება, სულ მეგობრები მოდიან, სულ ხალისი და მხიარულებაა. იმ დროს კი ვეღარც მეგობრები მოდიოდნენ და ჩვენც სულ სახლში ვიყავით ჩაკეტილი. პირველი ტრიმესტრი ცუდი ფეხმძიმობა მქონდა. ძალიან გაგვიჭირდა.

 

– ბავშვის სქესი როცა გაიგეთ, რა რეაქციით შეხვდით ამ ამბავს?

 

– ისევ გოგოა და ისევ თავს იკლავს ჩემი ქმარი, თუმცა ახლა თავს იმშვიდებს, ყველას კი არ ჰყავს სამი გოგო, სამი სიძე მეყოლებაო. მოკლედ, გულს იმაგრებს.

 

– ვინ გეხმარებათ პატარების გაზრდაში?

 

– ქმარი და ძიძა. ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ჩვენი ძიძა ერთი კვირით წავიდა თურქეთში, მაგრამ საზღვარი ჩაიკეტა და ვეღარ მოდის. იქიდან რეკავს და ტირის. ერთი კვირით წასული ადამიანი 3 თვით ჩარჩა თურქეთში. მისი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ასეთი ძიძა ჰყავდეს. ფანტასტიკური ადამიანია და ასე უცებ ძიძის გარეშე დავრჩი.

 

– ბავშვების სახლში გაჩერება მარტივი საქმე არ არის. არ გაუჭირდათ პატარებს?

 

– ბავშვებს ეზოში მაინც ვუშვებდი. რაც უნდათ, ის იფიქრონ ჩემზე, მაგრამ სიმართლე ეს არის. წარმოუდგენელი იყო ბავშვების სახლში გაჩერება, უკვე კედლებზე გადიოდნენ. პირბადით, მაგრამ ცოტა ხნით მაინც ვუშვებდი ეზოში.

 

– ბოლო თვეები თბილისში გაატარეთ თუ ქალაქგარეთ გახვედით?

 

– არსად წავსულვართ. თბილისში, ბინაში ვიყავით გამოკეტილი. გავსუქდით. ჩემმა ქმარმა 11 კილო მოიმატა. მთელი ცხოვრება ძალიან გამხდარი იყო და იმდენი მოიმატა, ტანსაცმელი აღარ აქვს. თან ვერც გავდიოდით, ახალს ვერც ვყიდულობდით.

 

ასეთ დღეში ვართ, მაგრამ ამ წუთში ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. მთავარია, როგორმე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და ფინანსურად დავლაგდეთ.

 

– ერთია ემოციური მხარე და მეორე – ფინანსური. ძალიან ბევრ ოჯახს გაუჭირდა. თქვენ რითი გაგქონდათ თავი?

 

– ოჯახში ხელფასი მარტო ჩემს მეუღლეს ერიცხებოდა. ძალიან რთული აღმოჩნდა მხოლოდ ქმრის ხელფასით სამი ბავშვის, ფეხმძიმე ცოლისა და კიდევ ორი ადამიანის რჩენა. ოჯახიც გვეხმარებოდა და ასე, შეზღუდული ფინანსებით ვცხოვრობდით.

 

– თქვენ რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

 

– ონლაინ გაკვეთილები. ბავშვი დილის 10 საათიდან 2 საათამდე კომპიუტერთან უნდა იყოს მიჯაჭვული. როგორც გითხარით, 3 თვე ძალიან ცუდი ორსულობა მქონდა და ფეხზე ვერ ვდგებოდი. ვერც ვაკონტროლებდი, ხან არ შედიოდა, ხან მასწავლებელი დაბლოკეს, ხან ეძინა გაკვეთილის მსვლელობისას. კიდევ კარგი, ონლაინ გაკვეთილები მალე მთავრდება.

 

ამასობაში გაჩნდა ჩემი პირველი ძმისშვილი, რომელიც 2 თვე ვერ ვნახე. მოკლედ, ეს პანდემია ძალიან მძიმედ გადავიტანე.

 

– კაცებს სახლში გაჩერება განსაკუთრებულად უჭირთ. სანდრომ როგორ გადაიტანა ეს პერიოდი?

 

– ნამდვილად არ მეგონა, ამ სიტუაციას ასე თუ შეეგუებოდა. არ ვიცი, რა დაემართა. ძალიან მშვიდად და წყნარად იყო. სახლში ყველანაირად მეხმარებოდა. ძირითადად სანდრო რეცხავდა და ალაგებდა ყველაფერს.

 

– ისევ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებთ თუ დეკრეტული შვებულების აღებას აპირებთ?

 

– რა თქმა უნდა, ჩვეულ რეჟიმში ვიმუშავებ. მეორე შვილზე რომ ვიყავი ორსულად, ერთი კვირით ადრე გავედი დეკრეტში, ვიმშობიარე და ერთ კვირაში დავბრუნდი სამსახურში.

 

– თქვენს ოჯახურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ოფიციალურად ხომ არ დაქორწინდით?

 

– ოფიციალურად ხელი არ გვაქვს მოწერილი, ეს დღის წესრიგში არ დამდგარა. გვინდოდა, ბავშვის ნათლობაზე ჯვარი დაგვეწერა, მაგრამ მერე ეს რიტუალი გადაიდო – მეორეც გაჩნდეს, ერთად მოვნათლოთ და ჯვარიც მაშინ დავიწეროთ-თქო. მოკლედ, იქამდე ვერ მივედით.

 

– თქვენს სოციალურ ქსელს თვალს ვადევნებ და პოსტებიდან ჩანს, რომ ბიოლოგიურ დედას ისევ ეძებთ. რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ ამ მხრივ?

 

– სამწუხაროდ, არანაირი სიახლე არ არის. ველაპარაკე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართული, ან გარეული, ან ჰქონიათ რაიმე შეხება. ვინც კი შეიძლებოდა, დამხმარებოდა, დამეხმარნენ, ყველა სტრუქტურა იყო ჩართული, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს.

 

ერთადერთი გამოიკვეთა ის, რომ ბიოლოგიურ დედას უთხრეს, ბავშვი მოკვდაო. დაბადების დღე რომ ვიცოდე, რაღაცას მაინც ვნახავდი, მაგრამ დღეც შეცვლილია, თვეც. სამშობიაროში ეს ყველაფერი ძალიან ჩახლართეს.

 

ახლა გავარკვიე, რომ ახალდაბადებულ ბავშვს კოჭთან ჰქონდა ტრავმა. რამდენიმე ხნის მერე მე მართლა აღმომაჩნდა ფეხზე ტრავმა და მიკეთებდნენ მასაჟებს, ვარჯიშებს. ესეც რაღაც ხელჩასაჭიდი ფაქტია. ტრავმით ბევრი ბავშვი ხომ არ დაიბადებოდა. ჯერჯერობით ამას ვიძიებ.

 

ლელა დევდარიანი

წყარო : wyaro
big_banner
არქივი