logo_geo
საიდუმლო გადაწყვეტილება – სოხუმში ორი ობიექტის – „ა“ და „გ“-ს აშენების შესახებ!
- +

29 სექტემბერი. 2020. 21:26

 

 

 

საქართველოს გენერალიტეტის მემატიანე, მწერალი და ჟურნალისტი ლევან დოლიძე საბჭოთა ატომური ბომბის შექმნას იხსენებს და ამ უაღრესად პომპეზურ და ტრიუმფალურ ისტორიაში საქართველოსა და ქართველების დამსახურებას საგანგებოდ აღნიშნავს. მკვლევარის თქმით, ბერიას მიერ შექმნილმა საბჭოთა უშიშროების სისტემამ შეძლო ის, რომ ამერიკამ ვერაფერი შეიტყო იმ 7 ათასი ქარხნის შესახებ, სადაც პირველი საბჭოთა ატომური ბომბი შეიქმნა:

 

– 1945 წლის 23 მაისს მოსკოვში სტუმრად იმყოფებოდა უდიდესი ფრანგი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფრედერიკ ჟოლიო კიური, რომელიც საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიისადმი მიძღვნილ საიუბილეო სესიას ესწრებოდა. კიურიმ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ვლადიმერ კომაროვსა და ვიაჩესლავ მოლოტოვს გადასცა გენერალ დე გოლის შემონათვალი – საფრანგეთმა და საბჭოთა კავშირმა ატომური ბომბი ერთად გავაკეთოთო! ამავდროულად, მან ითხოვა სტალინთან შეხვედრაც...

 

სტალინი დიდ მეცნიერს არ შეხვდა, მაგრამ ვსევოლოდ მერკულოვთან და იგორ კურჩატოვთან ერთად დე კოლის შემონათვალი დეტალურად განიხილა. საბოლოო ჯამში ბელადი იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ საფრანგეთთან ერთად ატომური ბომბის შექმნაზე უარი თქვა. მას შემდეგ, რაც 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ამერიკელებმა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოყარეს, ამერიკის ატომური პროექტის სამხედრო ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ლესლი გროუვსმა სიამაყით განაცხადა– მსოფლიოს, სულ მცირე 15 წელი მაინც დასჭირდება, რათა ამერიკის ამ ფანტასტიკურ შედეგს დაეწიოს და ატომური ბომბი შექმნასო! ამერიკულ პრესაში თითქმის ყოველდღიურად იწერებოდა ამის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირს, არსებული მდგომარეობით, სულ მცირე, 22 წელი მაინც დასჭირდებოდა ატომური ბომბის შესაქმნელად.

 

ცხადია, ამ ყველაფრის შესახებ სტალინი საქმის კურსში იყო და გარეგნულად არაფერს იმჩნევდა, მაგრამ შინაგანად ძალიან ღელავდა. დიდი იყო სამხედრო კონფრონტაციის საფრთხე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც ჩერჩილი ესწრებოდა და პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს პირდაპირ აქეზებდა... ცხადია, მოსალოდნელ სამხედრო კონფლიქტში საბჭოთა კავშირის შანსები ნულის ტოლი იყო, რადგან ამერიკელების სამი ატომური ბომბიც კი აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ყველაფერი მეყსეულად დამთავრებულიყო და სტალინის ძლევამოსილ 12-მილიონიან არმიას მუხლებზე დაეჩოქა. სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად 1945 წლის 20 აგვისტოს სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტთან შეიქმნა სპეცკომიტეტი, რომელსაც ატომური ბომბის სასწრაფოდ შექმნა დაევალა. სტალინის პირადი ბრძანებით, ამ სპეცკომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა საბჭოთა კავშირის მარშალი და ყოვლისშემძლე „ენკავედეს“ მინისტრი ლავრენტი ბერია. არ დაგვავიწყდეს, რომ ბერია ენკავედეს მინისტრობიდან მხოლოდ საახალწლოდ გაათავისუფლეს.

 

– ბატონო ლევან, რას წარმოადგენდა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტთან არსებული სპეცკომიტეტი, რომლის ხელმძღვანელადაც ლავრენტი ბერია დაინიშნა?

 

– ხაზგასმით ვაცხადებ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ბერია სპეცკომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა პირადად სტალინის განკარგულებით! სპეცკომიტეტი გახლდათ ყოვლისშემძლე უწყება, ანუ ლავრენტი ბერიას ატომური ბომბის შესაქმნელად სტალინმა დაუქვემდებარა მთელი საბჭოთა კავშირის აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება – შეიარაღებული ძალები, უშიშროება, მილიცია, ფინანსები, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ტრანსპორტი და აბსოლუტურად ყველა სფერო! მოკლედ, ბერია სტალინის ნებართვით განაგებდა ყველაფერს... ახლა ვკითხულობ – მას შემდეგ, რაც ლავრენტი ბერია სტალინმა სიცოცხლეშივე გამოარჩია და, ფაქტობრივად, ყველაფერი ჩააბარა, ნუთუ აღარ უნდა დასრულდეს ლაყბობა და შხამიანი ლაპარაკი ბელადისა და ბერიას დაპირისპირების შესახებ? ერთ-ერთმა სახელოვანმა მეცნიერმა, რომელიც პირწავარდნილი სტალინისტი იყო, ერთხელ მითხრა – მგონი, ბერია სტალინზე მეტს მუშაობდაო! მართალიც იყო... ნებისმიერ დროს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ლავრენტი ბერია ფხიზლობდა, რადგან მისი გონება ერთადერთი მიმართულებით მუშაობდა – როგორმე სასწრაფოდ შეექმნათ ატომური ბომბი, რომელიც ამერიკას უკვე ჰქონდა! მაშიტნ ბერია 46 წლის იყო... ბერიას განკარგულებით ჩამოყალიბდა პირველი მთავარი სამმართველო, რომელიც სპეცკომიტეტს ექვემდებარებოდა. მის უფროსად დაინიშნა ლავრენტი ბერიას მარჯვენა ხელი, ებრაული წარმოშობის გენერალ-პოლკოვნიკი, სამგზის სოციალისტური შრომის გმირი, სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი ბორის ვანიკოვი, რომელმაც მოგვიანებით სერგო ბერიას მამობა გაუწია... ვანიკოვის მოადგილედ დანიშნეს ასევე ებრაული წარმოშობის აბრაამ ზავენიაგინი, რომელიც ასევე სამგზის სოციალისტური შრომის გმირი, სტალინური პრემიის ლაურეატი და გენერალ-პოლკოვნიკი იყო. სპეცკომიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა 43 წლის უნიჭიერესი აკადემიკოსი იგორ კურჩატოვი. საბჭოში შევიდნენ უდიდესი მეცნიერები – ალიხანოვი, ხარიტონი, კიკოინი, ალექსანდროვი, არციმოვიჩი და სხვ. 1945 წლის 30 აგვისტოს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო ზესაიდუმლო გადაწყვეტილება – "№9944.С.С. - ОСОБАЯ ПАПКА" – სოხუმში ორი ობიექტის – „ა“ და „გ“–ს აშენების შესახებ! ეს ობიექტები დაუქვემდებარეს „ენკავედეს“ მე-9 სამმართველოს. 1945 წლის 27 სექტემბერს „ენკავედეს“ საიდუმლო განყოფილებას, რომელსაც ასე ერქვა „С“ – სათავეში ჩაუყენეს თბილისელი სომეხი, ბახჩო ქობულოვის ძმა, გენერალ-ლეიტენანტი ამაიაკ ქობულოვი, რომელიც მანამდე უზბეკეთში უშიშროებას კურირებდა. ამაიაკ ქობულოვი ატომურ პროექტზე მუშაობდა და საიდუმლო ინფორმაციებს კრებდა...

 

– სხვათა შორის, ამაიაკ ქობულოვს ხრუშჩოვი ლანძღავდა და აგდებულად მოიხსენიებდა – უკრაინაში ყოფნის დროს „ენკავედეს“ უფროსად „უწიგნური ბიჭუშკა“ დამინიშნესო!

 

– „ბიჭუშკა“ და სულელი გახლდათ ხრუშჩოვი, ხოლო ამაიაკ ქობულოვი, ისევე, როგორც მისი ძმა ბახჩო, უნიჭიერესი კაცი იყო და „უწიგნური“ ამაიაკ ქობულოვი 1939 წელს პირადად სტალინმა, ბერიამ და ვიაჩესლავ მოლოტოვმა – საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა– გერმანიაში საბჭოთა კავშირის ელჩის მრჩევლად მიავლინეს; სინამდვილეში კი იგი ფაშისტურ გერმანიაში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი გახლდათ.

 

1940 წლის ივნისიდან ომის დაწყებამდე, როცა გერმანიაში საბჭოთა კავშირის ელჩად მეორე გამოცდილი ჩეკისტი, სტალინისა და ბერიას კადრი – ვლადიმერ დეკანოზიშვილი მუშაობდა, მან და ქობულოვმა უდიდესი ჯაშუშური საქმიანობა გასწიეს. რაიხსმარშალმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა სწორედ დეკანოზიშვილს გადასცა საომარი ნოტა... ბერიას შემდეგ ვლადიმერ დეკანოზიშვილი, ვარლამ კაკუჩაია, ამაიაკ და ბახჩო ქობულოვები უშიშროების ის გენერლები იყვნენ, რომლებსაც სტალინთან ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაკავშირება. ღამის 3 საათიც რომ ყოფილიყო, თუ ზემოხსენებული ადამიანები ბელადთან რეკავდნენ, დაცვა გაფრთხილებული იყო, რომ აუცილებლად გაეღვიძებინათ და ტელეფონის ყურმილი მიეწოდებინათ.

 

1941 წლის 20 ივლისს, როცა ამაიაკ ქობულოვი გერმანიიდან საბჭოთა კავშირში დაბრუნდა, უზბეკეთის უშიშროების უფროსად გადაიყვანეს, რადგან რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი ოქრო სწორედ უზბეკეთში იყო. ხოლო ომის დასრულების შემდეგ მას ჩააბარეს „ენკავედეს“ საიდუმლო განყოფილება – „С“,რომელსაც ატომური ბომბის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ევალებოდა. ეს შესაძლოა, ვერსად წაიკითხოთ, რადგან ამის შესახებ თითქმის არსად წერენ, მაგრამ საბჭოთა ჯარების მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ გერმანიაში სამხედრო მიმართულებით პირველი კაცი იყო მარშალი გიორგი ჟუკოვი, უშიშროების ხაზით ყველაფერს წყვეტდა გენერალი ივან სეროვი, ხოლო სინამდვილეში სტალინისა და ბერიას თვალ-ყური იქ გახლდათ „ენკავედეს“ ქართველი გენერალ-მაიორი ვარლამ კაკუჩაია. სწორედ ვარლამ კაკუჩაია და ამაიაკ ქობულოვი იყვნენ ის უნიჭიერესი ადამიანები, რომლებმაც ოკუპირებულ გერმანიაში უდიდესი სამუშაო გასწიეს და ყველა ის გერმანელი მეცნიერი მოიძიეს, რომლებსაც ატომურ კვლევებთან ოდესმე შეხება ჰქონდათ!

 

– ცნობილია, რომ ფაშისტური გერმანია ატომური ბომბის შექმნასთან ძალიან ახლოს იყო!

 

– რომ არა ებრაელების მიმართ ჰიტლერის ავადმყოფური პოლიტიკა, გერმანელები ატომურ ბომბს ყველაზე ადრე შექმნიდნენ და ჰიტლერის ოცნებასაც მსოფლიო ბატონობის შესახებ ფრთები შეესხმებოდა. 1945 წელს ამერიკამ გერმანიას წკიპზე დაასწრო ბომბის შექმნა და ომიც მალე დამთავრდა.

 

მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდო, რომ გერმანელებს ატომური ბომბის შექმნაში ბოლო მომენტამდე ხელს ბერია და მისი აგენტურა უშლიდნენ!

 

ფრედერიკ ჟოლიო კიური, ნილს ბორი, ენრიკო ფერმი, ალბერტ აინშტაინი და სხვა დიდი მეცნიერები მიხვდნენ, რომ ატომის გახლეჩის შედეგად წარმოიქმნებოდა უდიდესი ენერგია... 1940 წელს აინშტაინმა რუზველტს წერილი მისწერა დ აუდიენცია ითხოვა, რათა ამერიკის პრეზიდენტი ატომური ბომბის რაობის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა. სწორედ ამის შემეგ დაიწყო ამერიკის ატომური პროექტი სახელწოდებით „მანჰეტენი“.

 

ლავრენტი ბერიას უშუალო კურატორობით, ვარლამ კაკუჩაია, ვლადიმერ დეკანოზიშვილი, ამაიაკ ქობულოვი და სხვა უნიჭიერესი ჩეკისტები ოკუპირებულ გერმანიაში დაკავებული იყვნენ იმ დიდი გერმანელი მეცნიერების მოძიებითა და საბჭოთა კავშირში ჩამოყვანით, რომლებიც ატომურ ფიზიკაში მუშაობდნენ. გარდა ამისა, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ გერმანული ტექნოლოგიებისა და ატომური ბომბისთვის საჭირო სტრატეგიული დანიშნულების მასალების გერმანიიდან საბჭოთა კავშირში ჩამოსატანად. ასე, მაგალითად, 1945 წლის აპრილში ამერიკელებმა და ინგლისელებმა აღმოსავლეთ ბერლინში, რომელიც საბჭოთა საოკუპაციო ზონას ეკუთვნოდა, მიზანმიმართულად დაბომბეს სამხედრო ქარხანა, სადაც ატომური ბომბისთვის საჭირო ნედლეულს ამზადებდნენ. ვარლამ კაკუჩაიამ და ამაიაკ ქობულოვმა ამ ქარხნის ნანგრევებიდან 300 ტონა მინარევი წამოიღეს, საიდანაც შემდეგ ურანის ოქსიდი მიიღეს. 1945 წლის მაისიდან 1945 წლის ბოლომდე ვარლამ კაკუჩაიამ და ამაიაკ ქობულოვმა გერმანიიდან საბჭოთა კავშირში დაახლოებით 7 ათასი ფიზიკოსი, ქიმიკოსი და მათემატიკოსი ჩამოიყვანეს, რომელთაგანაც 300 კაცი უშუალოდ სოხუმში, „ა“ და „გ“ ობიექტებზე მუშაობდა, ხოლო 3 ათასი კაცი სარაკეტო პროგრამებზე დაასაქმეს. მართალია, ფონ ბრაუნი ამერიკელებმა მოიტაცეს და წაიყვანეს, მაგრამ საბჭოთა ჯარმაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები იგდო ხელთ, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ჰიტლერის სამხედრო მეცნიერები გასაოცარ საარტილერიო პროექტებზე მუშაობდნენ...

 

– სად მდებარეობდა „ა“ და „გ“ დაწესებულებები?

 

– ობიექტი „ა“ მდებარეობდა სოხუმში, ყოფილ სამთავრობო სანატორიუმ „სინოპში“, ხოლო ობიექტი „გ“ – აგუძერაში... პირველის დირექტორად დანიშნეს სახელოვანი გერმანელი პროფესორი მანფრედ ფონ არდენე, ხოლო აგუძერას ობიექტი ჩააბარეს ნობელის პრემიის ლაურეატ გუტავ ჰერცს, რომელიც 1925 წლიდან ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. გუსტავ ჰერცი უდიდესი გერმანელი მეცნიერის ჰენრიხ ჰერცის ძმისშვილი გახლდათ. ორივე ამ ობიექტს კურატორად დაუნიშნეს უშიშროების გენერალ-მაიორი, ულამაზესი და უგანათლებულესი 39 წლის ალექსანდრე კოჭლავაშვილი. ეს იყო ძალიან კომუნიკაბელური, ვაჟკაცური და ევროპული ენების მცოდნე ისტორიკოსი, რომელმაც გერმანელ მეცნიერებს იდეალური გარემო და სამუშაო პირობები შეუქმნა. გერმანელები დადიოდნენ ექსკურსიებზე. შემოიარეს მთელი საქართველო, მაგრამ მთელი ათი წლის განმავლობაში, რაც ისინი საქართველოში მუშაობდნენ, ერთ ინციდენტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

 

ამ დროს აფხაზეთის უშიშროების უფროსი იყო კიჭო გაგუა, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ხელმძღვანელობდა გრიგოლ კარანაძე, ხოლო ამიერკავკასიის დაზვერვის საიდუმლო სამსახურს – ვლადიმერ ზარელუა. გერმანელი მეცნიერები და მათი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილი იყვნენ აბსოლუტურად ყველაფრით... ქვეყანა შიმშილობდა, ხალხს საჭმელი და ტანსაცმელი არ ჰქონდა, მაგრამ სპეცმაღაზიებში, რომლებიც სოხუმში გერმანელი მეცნიერებისთვის გახსნეს, ყველაფერი იყიდებოდა – უძვირფასესი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საჭმელი, სასმელი... ამ ხალხს საკუთარი თავივით უფრთხილდებოდნენ, რადგან საბჭოთა კავშირს საკმარისი რაოდენობით ფიზიკოსები არ ჰყავდა!..

 

– მაინც რა სამეცნიერო პოტენციალს ფლობდა საბჭოთა კავშირი?

 

– გაგიზიარებთ საინტერესო სტატისტიკას: ამერიკაში ატომურ ბომბზე მუშაობა რომ დაიწყეს, პროექტში 1200 უმაღლესი დონის ფიზიკოსი ჩართეს, მაშინ, როცა 1945 წელს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაახლოებით 350 ფიზიკოსს თუ მოუყარეს თავი და აქედან მხლოდ 140 ახალგაზრდა მეცნიერი იყო ისეთი, რომელიც ატომურ ფიზიკაში მუშაობდა. მგონი, გასაგებია, თუ რა მწირი შესაძლებლობებით დაიწყო სტალინმა ატომურ პროექტზე მუშაობა, მაგრამ ბელადს გვერდით ედგა ლავრენტი ბერია და მისი ყოვლისშემძლე გუნდი – ვარლამ კაკუჩაია, ვლადიმერ დეკანოზიშვილი, ბახჩო და ამაიაკ ქობულოვები, პავლე სუდოპლატოვი და ა.შ.

 

სოხუმსა და აგუძერაში დასაქმებულ გერმანელ მეცნიერებს სისტემატურად აკითხავდა ლავრენტი ბერია, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა გერმანული. ის პირადად ესაუბრებოდა მათ, ისმენდა მათ პრობლემებს და ყველაფერს დაუყოვნებლივ აგვარებდა. სტალინიც ხშირად პირადად კითხულობდა მეცნიერების ამბებს. მოგეხსენებათ, ყოველ წელს თავისი შვებულების რაღაც მონაკვეთს ბელადი, როგორც წესი, აუცილებლად ატარებდა გაგრაში, იქ ბერიამ პირადად დააპროექტა თავისი მცირე აგარაკი, სადაც სერგო ბერია ხშირად ჩამდიოდა დედასთან ერთად. სწორედ გაგრაში ყოფნის დროს ბელადი პირადად ეკონტაქტებოდა გერმანელ მეცნიერებს და ამ ხალხისთვის არაფერს იშურებდა. მანფრედ ფონ არდენე ორჯერ გახდა სტალინური პრემიის ლაურეატი, ხოლო 1947 წლიდან, როცა „პობედა“ გამოვიდა, გერმანელ მეცნიერებსა და მათ ოჯახებს ამ ავტომანქანებსაც ურიგებდნენ შესანიშნავი მეცნიერი ნიკოლაუს რილი, რომელსაც დედა რუსი ჰყავდა და პეტერბურგში იყო დაბადებული, სოციალისტური შრომის გმირიც კი გახდა... დოქტორი რილი იმ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, სადაც სუფთა ურანი უნდა მიეღოთ!

 

სოხუმსა და აგუძერაში გერმანელ მეცნიერებს ხშირად სტუმრობდნენ სახელოვანი ქართველი მეცნიერები ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა და ელეფთერ ანდრონიკაშვილი. მათ ხელწერილი ჰქონდათ დადებული, რომ სოხუმისა და აგუძერას ლაბორატორიებში ნანახისა და გერმანელ მეცნიერებთან კონტაქტის შესახებ სიკვდილამდე არავისთვის არაფერი ეთქვათ! ელეფთერ ანდრონიკაშვილი და დიდი მეცნიერი ლევ ლანდაუ განუყრელი მეგობრები იყვნენ... უდიდესი გერმანელი მეცნიერის, ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორის მაქს ფოლნერის ხელმძღვანელობით, რომელიც სოხუმის ლაბორატორიაში მუშაობდა, 1945 წელს საბჭოთა კავშირში უკვე შექმნეს ატომური ბომბისთვის ესოდენ საჭირო მძიმე წყლის მისაღები დანადგარი. ქართველი მეცნიერების გერმანელ მეცნიერებთან ხშირმა კონტაქტმა ის შედეგი გამოიღო, რომ საქართველოს ფიზიკის ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში ერთ–ერთი საუკეთესო და მოწინავე იყო.

 

– გერმანელი მეცნიერები სამშობლოში როდის დააბრუნეს?

 

– მას შემდეგ, რაც ამერიკასა და მთელ დასავლეთში ერთი ამბავი ატყდა – საბჭოთა კავშირი სამხედრო ტყვეებს არ აბრუნებსო! 1955 წელს ხრუშჩოვმა ყველა გერმანელი მეცნიერი, 7 ათასი კაცი, თავიანთი ოჯახებით, გერმანიაში დააბრუნა გერმანიაში დაბრუნებული არდენე და ჰერცი უდიდეს უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს ჩაუდგნენ სათავეში. ლავრენტი ბერიასა და მისი ბრწყინვალე გუნდის უდიდესი ძალისხმევით, ასევე გერმანელი მეცნიერების დახმარებით პლუტონიუმისგან შეიქმნა პირველი საბჭოთა ატომური ბომბი, რომელიც 1949 წლის 29 აგვისტოს სემიპალატინსკში ააფეთქეს. როგორც ამბობენ, ღილაკს პირველად ხელი შეახო ლავრენტი ბერიამ, მერე – კირილ შჩოლკინმა, სერგო ბერიამ და სულ ბოლოს – იგორ კურჩატოვმა, კურჩატოვს ბერია ძალიან უყვარდა... ეს იყო ვაჟკაცი, რომელსაც, ანდრეი სახაროვისგან განსხვავებით, ხრუშჩოვმა ბერიაზე ცუდი ვერ დააცდენინა. ანდრეი სახაროვი თავიდანვე ვირთხა იყო... რომ არა ლავრენტიევი, რომელიც სწორედ ლავრენტი ბერიამ აღმოაჩინა, სახაროვი წყალბადის ბომბს ვერ ააფეთქებდა, თუმცა, ამაზე სხვა დროს.

 

მაშინდელ დიდ სახელმწიფოთა პირველ პირებს შორის ბერია ერთადერთი გახლდათ, რომელმაც ატომური ბომბის აფეთქება თავისი თვალით ნახა... არც სტალინს, არც ჰარი ტრუმენს, არც ჩერჩილს და არც ეტლის ეს არ უნახავთ, აფეთქებას არცერთი მათგანი არ დასწრებია.

 

ბერიას მიერ შექმნილმა საბჭოთა უშიშროების სისტემამ შეძლო ის, რომ ამერიკამ ვერაფერი შეიტყო იმ 7 ათასი ქარხნის შესახებ, სადაც პირველი საბჭოთა ატომური ბომბი შეიქმნა!

 

1951 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირმა უკვე მეორე ატომური ბომბიც ააფეთქა, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი მეცნიერების მიერ იყო შექმნილი, ხოლო 1953 წლის იანვარში ასაფეთქებლად მზად იყო წყალბადის ბომბიც!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი