logo_geo
კახა საბახტარიშვილი: ლენინს ათაშანგი ნადეჟდა კრუპსკაიამ გადასდო, ხოლო კრუპსკაიას ეს საშინელი სენი „კამომ“ აჰკიდა!
- +

29 სექტემბერი. 2020. 21:12

 

 

 

ათაშანგი გამორჩეულად საშიში ვენერიული დაავადებაა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზმში ფარულად ღვივდება და აბსოლუტურად ყველაფერს ანგრევს – ძვალს, კბილს, ხორცს, მხედველობას, სმენას, ტვინს... ქართველი მეცნიერი და ჰომეოპათი, ექიმი კახა საბახტარიშვილი მიიჩნევს, რომ ბევრი ათაშანგისგან ისე იღუპება, რომ ამის შესახებ არც კი იცის:

 

– ათაშანგი, ანუ იგივე სიფილისი პენიცილინისა და სხვა ანტიბიოტიკების გამოგონების შემდეგ განკურნებადი გახდა, მაგრამ იყო დრო, როცა ის მოურჩენელ სენად ითვლებოდა და ადამიანებს მუსრს ავლებდა. მე–16-17 საუკუნეებში, სხვადასხვა მონაცემებით, ათაშანგმა 5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაგიკვირდებათ, მაგრამ დაახლოებით 12 მილიონზე მეტი ადამიანი დღესაც იღუპება ათაშანგისგან, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ სტადიებზე ამ საშიში დაავადების დამარცხება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. დიდი ალბათობით, მსოფლიოში ათაშანგით გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ბევრი გამოცდილი ექიმიც კი შეიძლება დააბნიოს ათაშანგის ნიშნებმა და სულ სხვა დაავადებაზე მიიტანოს ეჭვი!

 

– მაინც რა გამოვლინება აქვს ათაშანგს და საიდან ჩნდება ეს ვენერიული დაავადება?

 

– სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ ათაშანგს სიბინძურე ან მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები იწვევს. გვიანდელი შუა საუკუნეების ევროპაში სიფილისი სწორედ უმაღლეს სოციალურ ფენაში გახლდათ გავრცელებული, სადაც მატერიალურ სიდუხჭირეს, ჭუჭყს, სიბინძურესა და ანტისანიტარიას ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი. ამასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ფაქტს გავიხსენებ: მე–15 საუკუნეში ესპანეთის სამეფო კარზე გავრცელდა და მერე მთელ საფრანგეთსა და ევროპას მოედო მაღალი საყელოების ტარება, რომელიც როგორც მამაკაცის, ისე ქალის ყელ-კისერს მთლიანად ფარავდა. ამის მიზეზი სწორედ ათაშანგის პანდემია გახლდათ, რომელიც სამეფო კარს და უმაღლეს არისტოკრატიას უტევდა. საქმე ის გახლავთ, რომ ათაშანგის საწყის სტადიაში კისრის არეში ლიმფური ჯირკვლები დიდდება და წარმოიქმნება ე.წ. ბუბონები. ეს რომ თვალში საცემი არ ყოფილიყო, შექმნეს მაღალი საყელოები. რემბრანდტის ცნობილ სურათზე „ჯერარდ დე ლერესი“ გამოსახულია მხატვარი ჯერარდ დე ლერესი, რომელსაც ცხვირის ძგიდე არა აქვს. აშკარაა, რომ ეს ათაშანგის „ნამოღვაწარია“, რადგან ისტორიულად ცნობილია, რომ მხატვარი დე ლერესი, რომელიც ათაშანგით იტანჯებოდა, ბოლოს დაბრმავდა კიდეც...

 

ცნობისთვის: ათაშანგს იწვევს ე.წ. მკრთალი ტრეპონემა, რომელიც, ძირითადად, ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებში ბინადრობს. საკმარისია მიკროტრავმა, ანუ კანის მცირედი დაზიანებაც კი, რომ იგი ორგანიზმში აღწევს და მრავლდება. ამისთვის მას სჭირდება სითბო, ტენიანობა და სიბნელე, რისთვისაც ადამიანის სხეული იდეალურია... ცნობილი ნორვეგიელი მხატვრის ედუარდ მუნკის სურათზე „მემკვიდრეობა“ გამოსახულია ახალშობილი, რომელსაც ასევე ათაშანგისთვის დამახასიათებელი გამონაყარი აქვს... ასე რომ, ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებული და ცნობილი იყო მსოფლიოსთვის, რომელსაც ვერ შველოდნენ და ერთადერთი საშუალება, რითიც ებრძოდნენ, ვერცხლისწყალი გახლდათ! არადა, ვერცხლისწყალი, მოგეხსენებათ, ტოქსიკური ნივთიერებაა, რაც პაციენტებზე უკიდურესად უარყოფითად აისახებოდა და ძალიან ბევრი იხოცებოდა კიდეც.

 

– პირდაპირ გკითხავთ: თუ დედას ათაშანგი აქვს, ბავშვიც ათაშანგიანი დაიბადება?

 

– დიახ, ამის ალბათობა ძალიან მაღალია! ახალშობილთა ათაშანგი კიდევ სხვა უბედურებაა... ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, სიყრუე ახასიათებთ, რაც მათ სიმუნჯესაც განაპირობებს. ათაშანგიან ბავშვებს ასევე ახასიათებთ „ჰაჩისონის კბილები“ და თითქმის განადგურებული მხედველობაც... მათი მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ გამოჯანმრთელების შანსები, ფაქტობრივად, ნულია!

 

– როგორ უნდა გავიგოთ, რომ ადამიანი ათაშანგით არის ავად? რა გარეგნული ნიშნები ახასიათებს?

 

– საერთოდ ათაშანგი არამხოლოდ სქესობრივი კონტაქტით, არამედ ტუჩებში კოცნითაც გადადის. ტუჩების კუთხეები ათაშანგის „საყვარელი“ ლოკალიზების ადგილია, სადაც წარმოიქმნება უმტკივნეულო, შეუხორცებადი წყლული. მისი ძირი არის გლუვი, ხოლო წყლულის გარშემო ყალიბდება მყარი გარსი, რომელსაც მაგარი შანკრი ეწოდება. ე.ი. როგორც კი ადამიანს ტუჩთან გაუჩნდება წყლული, რომელიც უმტკივნეულოა და არ ხორცდება, მაშინვე ეჭვი უნდა მივიტანოთ ათაშანგზე. ხშირად ათაშანგიანი პაციენტი ონკოლოგიურ პაციენტში ერევათ...

 

– მაგარი შანკრი მხოლოდ ტუჩზე ჩნდება?

 

– იგი შესაძლოა გაჩნდეს სასქესო ორგანოზეც. თუ ამ ყველაფერს ავადმყოფი არ მიხედავს, მაგარი შანკრის ახლომდებარე ლიმფური ჯირკვლები გადიდდება. სამი-ოთხი კვირის შემდეგ დაიწყება მეორე სტადია, ხოლო მკერდისა და ზურგის არეში ლაქები და გამონაყარი გაჩნდება. ამ გამონაყარს სხვანაირად ვენერას სამკაულს ეძახიან და პირველი გენერალიზებული გამონაყარი ეწოდება. თუ პაციენტს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევენ, ჩნდება უკვე მეორე გენერალიზებული გამონაყარი – პაპულები და ორეოლები მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ამის შემდეგ უკვე დაავადება გადადის ლატენტურ, ანუ ფარულ ფორმაში, რომელსაც არავითარი გამოვლინება არა აქვს. ათაშანგის ფარული ფორმა შესაძლოა გაგრძელდეს ერთიდან სამ წლამდე ანდა ათწლეულის მანძილზე. ათაშანგი აზიანებს აბსოლუტურად ყველა ორგანოს, პირველ რიგში, კი ზურგისა და თავის ტვინს, რის შედეგადაც ვითარდება ნაიროსიფილისი! ათაშანგიან ადამიანს ძვრება კბილები, ცხვირის ძგიდე...

 

– სიფილისით, თუ არ ვცდები, ლენინი იტანჯებოდა!

 

– დიახ, როგორც ცნობილია, ლენინს ათაშანგი ნადეჟდა კრუპსკაიამ გადასდო, ხოლო კრუპსკაიას ეს საშინელი და ვერაგი სენი სიმონ ტერპეტროსიანმა, ანუ იმავე „კამომ“ აჰკიდა... ნეიროსიფილისმა, ანუ ათაშანგის უკანასკნელმა სტადიამ ლენინის თავის ტვინში წარმოშვა ათაშანგური გუმა, ქსოვილის გარკვეული მასა, რომელიც საგოზავივით ნივთიერებაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ლენინს საშინელი ჭკუასუსტობა ტანჯავდა. ლენინი იმდენად მოწყვეტილი იყო რეალობას, სტალინის ბრძანებით მისთვის გაზეთი „პრავდის“ ერთი ეგზემპლარი ცალკე იბეჭდებოდა, რომელიც ორიგინალი ნომრისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა.

 

– ავადდებიან თუ არა ათაშანგით ცხოველები?

 

– არა, ათაშანგი ცხოველებში არ ვრცელდება, მაგრამ ადამიანის მსგავს მაიმუნებს ეს არ ეხებათ! ილია მეჩნიკოვმა, რომელმაც ფაგოციტოზის მოვლენის აღმოჩენით ნობელის პრემია მიიღო, მილიონერ სავა მოროზოვის დაფინანსებით შიმპანზეები ათაშანგით დაასნებოვნა და დაამტკიცა, რომ ფაგოციტოზი ათაშანგის წინააღმდეგ არ მუშაობს, ანუ როგორც კი მკრთალი ტრეპონემა გნებავთ, სპიროქეტა ორგანიზმში შეიჭრება, იმუნური სისტემის ფაგები მაშინვე შემოსაზღვრავენ უცხო აგენტის შეჭრის ადგილს, მაგრამ ბაქტერია დაუმარცხებელი რჩება.

 

– როგორ იკურნება ათაშანგი?

 

– ჯერ კიდევ 1963 წლამდე საბჭოთა კავშირში ათაშანგს ვერცხლისწყლით მკურნალობდნენ, რაც ხშირად ინტოქსიკაციასა და ადამიანის გარდაცვალებას იწვევდა. ცოტა ხნის წინათ სრულიად შემთხვევით ხელში ჩამივარდა 1913 წელს გამოცემული წიგნი სახელწოდებით „ახალი უვნებელი, უოპერაციო და უებარი მკურნალობა – ელექტროჰომეოპათია“. რომლის ავტორი გახლავთ ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი, მას ბრწყინვალედ შეუსწავლია ჰომეოპათია და მთელი 17 წლის განმავლობაში მკურნალობდა ხალხს. ოქრომჭედლიშვილმა ჰომეოპათიური მეთოდით ვაჟა-ფშაველასაც უმკურნალა გულზე და მოარჩინა. ამის შესახებ ვაჟა თავად წერს: მე მოვრჩი და ახლა წამლით ჩემი ცოლიც მკურნალობსო! აღნიშნულ წიგნში ყველაზე მეტად იმან გამაოგნა, რომ დიდი დიმიტრი ყიფიანი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თურმე, უამრავ პაციენტს და მათ შორის ათაშანგიან პაციენტებსაც ჰომეოპათიით მკურნალობდა! ვერცხლისწყალი დღესაც გამოიყენება ჰომეოპათიაში, რომელმაც „მერკურიუსი“ ჰქვია, ჰომეოპათიური ვერცხლისწყალი, ანუ „მერკურიუსი“  აბსოლუტურად უსაფრთხო პრეპარატია, რომელიც ათაშანგის სრულ განკურნებას იწვევს.

 

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ საბჭოთა პერიოდში ათაშანგით დაავადებულებს იძულებით მკურნალობდნენ და მილიციის ძალით ათავსებდნენ სტაციონარებში. ასეთი დაწესებულებები თბილისში კონსტიტუციისა და ნინოშვილის ქუჩებზეც იყო. სიფილისიანებს საგანგებოდ იკვლევდნენ ე.წ. ვასერმანის რეაქციით, ადგენდნენ, ვისთან ჰქონდა სექსუალური კონტაქტი, რათა ასეთი პირები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოეძებნათ და ასევე მოექციათ იზოლაციაში იძულებითი და არცთუ დამზოგავი მეთოდებით მკურნალობისთვის. არსებობდა ათაშანგიანების უმკაცრესი აღრიცხვა, ფაქტობრივად, ასეთ ხალხს საზოგადოება ძალიან გაურბოდა, რადგან ითვლებოდა, რომ სიფლისიანებთან (გნებავთ, განკურნებულებთან) დაოჯახება ადრე თუ გვიან სულაც რამდენიმე თაობის შემდეგ უსათუოდ გამოიწვევდა ამა თუ იმ პათოლოგიას, თუნდაც – სიმახინჯეს ახალშობილებში. დღეს სიფილისი და მისი მკურნალობა აღარ ექვემდებარება ასეთ იძულებით ღონისძიებებს და, ამდენად, მისი გავრცელების მასშტაბებიც შედარებით უცნობია!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი