logo_geo
ნუცა ჯანელიძეს გრანდიოზული პროექტი ჩაეშალა
- +

11 ოქტომბერი. 2020. 01:11

 

 

მუსიკოსი, პიანისტი და ვოკალის პედაგოგი ნუცა ჯანელიძე დიდი ხანია, რაც ტელევიზიასა და ტელეპროექტებს ჩამოშორდა, მაგრამ მომავალი თაობების გაზრდას ისევ აგრძელებს. „მუსიკის აკადემიაში“ ამზადებს მოსწავლეებს, რომლებსაც თვითიზოლაციის დროსაც უტარებდა ონლაინ გაკვეთილებს და, სირთულეების მიუხედავად, კარგი შედეგებიც მიიღო. ახლაც მოთმინებით ელოდება იმ პერიოდს, როცა ვირუსი ასე საშიში აღარ იქნება და პროექტების განხორციელების საშუალება მიეცემა.

– ქალბატონო ნუცა, გვიამბეთ, როგორ გაატარეთ პანდემიის პერიოდი, რითი იყავით დაკავებული?

– „მუსიკის აკადემიაში“ ვმუშაობ, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ბატონი ვახო შიუკაშვილი, ცნობილი პიანისტი, იქ მყავს მოსწავლეები და ონლაინ გაკვეთილებს ვუტარებდი ივნისის ბოლომდე. საინტერესო იყო ძალიან, მაგრამ მინუსებიც ახლდა თან. დიალოგის პრინციპი კი არ არის, როგორც სხვა გაკვეთილებია, არამედ უნდა იყოს ჩემი დაკრული და ბავშვის ნამღერი, ჩემი ხმა გვიან მიდიოდა, ტანდემი ვერ შედგა ისეთი, რომლითაც შეიძლებოდა სრულფასოვანი გაკვეთილი ჩატარებულიყო.

ყველაზე მეტად რაც მომწონდა ამ პერიოდში, ეს იყო ბავშვებისთვის გაკვეთილის ჩატარების მოლოდინი. მათი ტვინი სულ მუშაობდა. მერე მოვიფიქრეთ, რომ „ვაიბერში“ გაგვეგზავნა ჩანაწერები. ბავშვები ორი ტელეფონით მუშაობდნენ, ერთით ვუყურებდი და მეორეში ჩემი დაკრული ჰქონდათ ჩართული. აქ სინქრონი უკვე იყო და მესმოდა ყველაფერი. რეპერტუარი საკმაოდ გავამრავალფეროვნეთ, ასე რომ, ამ მხრივ, კმაყოფილი ვარ ნამდვილად.

– გამოდის, რომ მუშაობდით და პანდემიას თქვენთვის ფინანსურად არ „დაურტყამს“.

– ვერ ვიტყვი, რომ სხვებს გაუჭირდათ, ჩემს კოლეგებსაც ჰყავდათ მოსწავლეები ამ პერიოდში. მეც, მართალია, ყველა ბავშვს – არა, მაგრამ 7 მოსწავლეს ვუტარებდი ონლაინ გაკვეთილებს.

– ძალიან აქტიური ქალი ხართ, არ გაგიჭირდათ სახლში ყოფნა კომენდანტის საათის პერიოდში?

– სახლში ყოფნა სულაც არ გამჭირვებია, თავიდან ვიყავი ერთი კვირა ტელევიზორთან – გაკვეთილი, სერიალის ყურება, მერე დავიწყე სახლის დალაგება, ინტერიერის შეცვლა. ერთი ოცნება, რაც ვერ შევისრულე, იყო ის, რომ ძალიან მინდოდა იტალიური ენის სწავლა. ჩემი საოცნებო ქვეყანაა, ძალიან მუსიკალური ენაა, მთელი კლასიკა იტალიურ ენაზე დგას.

– თქვენ გარშემო ვინმეს ხომ არ ჰქონდა ვირუსი ან კარანტინში ხომ არავინ გადაუყვანიათ?

– ჩემი ძმის შვილი მუშაობს ერთ-ერთ პოლიკლინიკაში. იქ მის თანამშრომელს აღმოაჩნდა და ვინც ბოლო დღეებში მასთან იყო კონტაქტში, ყველა ორკვირიან კარანტინში გაუშვეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, მადლობა ღმერთს, ჩემს ძმისშვილს არ აღმოაჩნდა ვირუსი!

– ამ თვეებში ალტერნატიულ შემოსავალზე ხომ არ გიფიქრიათ, საინტერესო იდეები ხომ არ გაქვთ?

– მე და ჩემს ძმისშვილს, ლადო ჯანელიძეს გვაქვს ძალიან საინტერესო იდეები. იწყებოდა კიდეც ამის განხორციელება, მაგრამ პანდემიის გამო გაჩერდა. ახლა კი ისეთი საარჩევნო ციებ-ცხელებაა, რომ არავის არაფრისთვის სცალია. ყველას გაწერილი აქვს თითოეული წუთი.

– საინტერესოა, რის გაკეთებას გეგმავდით.

– ახლა არ დავკონკრეტდები. ეს იყო ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელშიც შედიოდა კონცერტიც, კიდევ ბევრი რამ და უნდა მოდებულიყო მთელ ქვეყანაზე. საკმაოდ საინტერესო იყო, იდეა მოეწონათ ეშელონებშიც, თქვეს კიდეც, ძალიან კარგი პროექტია, იმ მზესუმზირა პროექტებს კი არ ჰგავს, ორი და სამდღიანები რომ არისო. აღნიშნავს, რომ ძალიან საჭირო პროექტია ქვეყნისთვის, სადაც გაერთიანდება იქეთური, აქეთური და ყველანაირი ამბები, ჩვენც ძალიან კმაყოფილები ვიყავით, ვფიქრობდით, რაღაც გამაერთიანებელი იქნებოდა, მაგრამ ღმერთმა არ მოანდომა ალბათ.

– ჯგუფი „ფორტე“ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე?

– ჯგუფს რამდენჯერმე მოუწია წასვლა ბაკურიანსა და საირმეში. ტელეკომპანია „პოსტ.ტვ“-სთან ერთად იყვნენ გადაღებაზე, მერე დაიშალნენ. სახლები და აგარაკები აქვთ რაიონებში, იქ წავიდნენ და დაისვენეს.

– თქვენ როგორ გაატარეთ ზაფხული?

– ივლისში ვიყავი ქობულეთში, მერე ბათუმში, ოღონდ სამუშაოდ. ხუთდღიან მასტერკლასებს ვატარებდი, ასეთი მასტერკლასები მქონდა ბაკურიანშიც ზამთარში, ჩამოდიოდნენ რაიონებიდან პედაგოგები ბავშვებით ან მშობლები ბავშვებით და ვატარებდი ხუთდღიან მასტერკლასებს. ძალიან კმაყოფილი ვარ, ექსპერიმენტები ჩავატარე და ბევრი კარგი ბავშვი აღმოვაჩინე, ეს არის პროექტი, რომელსაც ატარებს ქალბატონი მაია ჯამალაშვილი. მას აქვს ძალიან საინტერესო იდეები და ერთ–ერთი ასეთი ხაზი იყო მასტერკლასების ჩატარება. ხუთ დღეში გავაკეთეთ ის, რასაც ვიღაც აკეთებს ერთი თვე.

ოქტომბრიდან უკვე უნდა დავიწყო ჩემი საქმიანობა ჩვეული რეჟიმით. სახლში ვინც მყავს კერძო მოსწავლეები, ისინი უკვე დადიან გაკვეთილებზე.

– ახალგაზრდა თაობაზე გვიამბეთ, როგორ ატარებდნენ ამ პერიოდს თქვენი ძმისშვილები?

– ლადოზე ხომ გითხარით, ამ პროექტის ორგანიზებაში იყო ჩართული, მოლაპარაკებები ჰქონდა ყველასთან. ჩვენს სახლთან ახლოს არის სატრენაჟორო ტერიტორია, ლადო იქ დადიოდა და ვარჯიშობდა, ასე გაჰყავდა დრო. თუ არა და, ტელევიზორში უყურებდა ფილმებს.

გოგონებს რაც შეეხება, ერთი თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. დილის 10-ზე მიდის და მოდის საღამოს 9 საათზე, პანდემიის პერიოდში კი ზოგჯერ ღამეც მოდიოდა და დილამდე აკეთებდა საქმეს.

მეორე გოგონა მუშაობს მაღაზიაში, ჰყავს თევზები, ჩიტები და ერთობა. როცა გამოაცხადეს მაღაზიები უნდა დაიხუროსო, ნერვიულობდა, რა ეშველებათ ჩემს ჩიტებს და თევზებსო. გოგონებს შვილები ჰყავთ და ცალკე ყურადღება მათზე აქვთ გადატანილი. პატარას ონლაინ გაკვეთილები ჰქონდა და ვიყავით ასეთ რეჟიმში.

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საშინელებაა ეს ონლაინ გაკვეთილები! იტყუებიან ბავშვებიც, გვერდზე უდევთ წიგნი და კითხულობენ გაკვეთილს.

 

ლელა დევდარიანი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი