logo_geo
„...მარტო ნუცა რომ დაღუპულიყო და მაია გადარჩენილიყო, თავს არ აპატიებდა, ვეღარ იცოცხლებდა“
- +

11 ოქტომბერი. 2020. 01:15

 

 

შატილის საბედისწერო ექსკურსიას შეწირული დედა-შვილის ტრაგიკული ცხოვრება

დედა-შვილი, მაია მამუჩაშვილი და ნუცა ყანდაშვილი, იმ საბედისწერო ჯგუფში აღმოჩნდნენ, 23 აგვისტოს შატილის გზაზე ავტოკატასტროფას რომ შეეწირა. 80 მეტრი სიმაღლიდან ტურისტებით სავსე მიკროავტობუსის ვარდნამ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

„ჩემი სული სულ აქაა, სულ!“ – ეს ტექსტი წაუმძღვარა ნუცამ სოციალურ ქსელში შატილის ფოტოს. მეოცნებე გოგონას, დედის მსგავსად, მოგზაურობა უყვარდა, შატილს ვერ ელეოდა, მესამედ მგზავრობა შატილში კი საბედისწეროდ ექცა. მაია და ნუცა უნიჭიერესი, შემოქმედი ადამიანები იყვნენ: მაია მხატვრულ ნაწარმოებებს ქმნიდა, ნუცა ხატავდა, ნაირგვარ ნაკეთობებს ამზადებდა. დასანანია, რომ ქვეყანამ ისინი საბედისწერო აღსასრულით გაიცნო და არა მათი შემოქმედებითი საქმიანობით.

მაია მამუჩაშვილი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობით, სულგრძელობით, მაღალი შეგნებით, იდუმალების წვდომით, თავისუფლებისა და მოყვასის სიყვარულით გამოირჩეოდა. მამაცი, მეგობრული, თავდაუზოგავი, თუმცა თავმდაბალი იყო, ღირსებებს არ წარმოაჩენდა. შვილებით ცხოვრობდა და საზრდოობდა, მრავალშვილიან დედას ტრაგიკული ბედი ცხოვრებაში თან სდევდა.

დედა-შვილს „სარკესთან“ მაიას მეგობრები იხსენებენ.

თამარ მაჩაიძე, მაიას ბავშვობის მეგობარი, ნუცას ნათლია (პროფესიით არქიტექტორი, ამჟამად მოყვარული მხატვარი):

– მაიასთან 3 წლის ასაკიდან ვმეგობრობდი, მასთან მთელი ცხოვრება მაკავშირებდა. სკოლა და სტუდენტობაც ერთად გავიარეთ. 24 სექტემბერს 57 წელი შეუსრულდებოდა, ბოლოს 19 აგვისტოს, საღამოს ველაპარაკე, ფერისცვალება მივულოცე. დიდხანს ვისაუბრეთ, არ უხსენებია ტურის შესახებ.

მაიას დედის მონათხრობიდან: მაია და ნუცა შაბათს უნდა წასულიყვნენ სხვა კომპანიით, მაგრამ ის მოგზაურობა არ შედგა. ნუცას მაინც მოუძებნია სხვა ტური კვირისთვის. მაიას არ უნდოდა კვირადღეს მგზავრობა, ორშაბათს დილით სამსახურში უნდა ყოფილიყო. უთხრა ნუცას, კვირას ნუ წავალთო, მაგრამ ნუციკომ დაიჟინა, სთხოვდა დედას, დათანხმებოდა. ბოლოს უთხრა, კარგი, მე წავალ, შენ ნუ წამოხვალო. მაიამ მარტო არ გაუშვა შვილი და გაჰყვა. ახლა დედამისი ტირის, მაია რომ არ გაჰყოლოდა და ნუციკოს ასე დამართნოდა, მაია ვერ გადაიტანდა, ალბათ უფალმა აარიდა მსგავს განსაცდელს და ისიც თან წაიყვანაო.

ჯერ იყო და პირველი შვილი დაეღუპა მაიას, 2 წლისა და 8 თვის გიგა. 1989 წლის 9 აპრილს დაეწვათ მდუღარე წყლით, 15 აპრილს გარდაიცვალა. მაია ამ ტკივილს სიცოცხლის ბოლომდე ვერ ინელებდა.

მაია მაჩაიძე:

– ძალიან ნიჭიერი იყო სკოლაში, უნივერსიტეტშიც. ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მერე გათხოვდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. ფილოლოგად ვეღარ იმუშავა, მასაჟისტის პროფესია შეისწავლა, დახელოვნდა, თავისი კლიენტურა ჰყავდა და ძალიან კმაყოფილი იყო.

სკოლის ასაკში პიონერთა სასახლეში დავდიოდით, ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში. მაიკო ძალიან კარგად წერდა, სერიოზული თხზულებები ჰქონდა. „ცისკარში“ იბეჭდებოდა. გათხოვების შემდეგ ვეღარ იცლიდა, გიგას ტრაგედიის მერე კი განაახლა წერა. არ აქვეყნებდა, არც ვინმეს აკითხებდა.

მისი თხზულებები თავიდანვე იყო ძალიან მძიმე, ძირითადად მიცვალებულებზე, იმქვეყნიურ სიცოცხლეზე წერდა. სულ ვეუბნებოდი, მაია, ვერ ვიგებ, ასეთ მძიმე თემებზე როგორ წერ, თითქოს ოდესღაც უკვე იყავი მკვდარი და ამქვეყნად მობრუნდი-მეთქი.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაიას თავისი ნაწერები სხვაგვარად გაუაზრებია და ნერვულ ფონზე დაუხვევია, გაუნადგურებია. მე მქონდა შენახული მისი ნაჩუქარი ჩანაწერები, ერთი რვეული, გაუხარდა, ჩემთან რომ აღმოაჩინა. წავიღებ, გადავწერ და დაგიბრუნებო, მითხრა. გავატანე, შენთან იყოს-მეთქი, ალბათ ახლა მის ოთახში ინახება.

– მაიას სიცოცხლისმოყვარე, ლაღ და ჰუმანურ ადამიანად იცნობდნენ. ასეთ მძიმე თემატიკაზე წერა თითქოს მის ხასიათს, შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგებოდა.

– ძალიან ადამიანური და გამგებიანი იყო. არ მახსოვს შემთხვევა, მისგან რამე მწყენოდა. სტუდენტობისას ჩაის სახლს ვსტუმრობდით ხშირად, ერთხელ ნატო ჯანხოთელი, მაია და მე ვისხედით, რომელიღაც მწერალს განვიხილავდით. მე და ნატო ვკამათობდით, არც ერთი არ ვთმობდით, მაია დუმდა, ხან ერთს შეგვხედავდა, ხან მეორეს. ცხარედ ვკამათობდით, მერე გავჩუმდით და მაიას შევხედეთ, რაღაცნაირად შეგვრცხვა. კიდევ კარგი, გაგახსენდით, მეც რომ აქ ვიარო, გვითხრა ღიმილით. ასეთი ადამიანი იყო, ძალიან ლმობიერი, გულჩვილი...

მეუღლე წლების წინ გარდაეცვალა, მამაც. ოჯახში დარჩნენ მაიას დედა და მაიას ორი ვაჟი: პაპუნა და გიგი. მაიას დედა, ქალბატონი დოდო, 78 წლისაა, ბუნებით ძლიერი, ფანტასტიკური ადამიანია... ამ ტრაგედიის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაშია.

მაიას ვაჟი, პაპუნა 33 წლისაა, უმცროსმა ვაჟმა, გიგიმ, დედისა და დის ტრაგედიას ვეღარ გაუძლო, მოძღვარმა წაიყვანა მონასტერში, დაკრძალვიდან მე-9 დღეს დაბრუნდა შინ, 21 წლისაა, სტუდენტია.

– როგორც ამბობენ, ნუცა ნიჭიერი მხატვარი იყო, გვიამბეთ მასზე.

– ნუციკომ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ფანტასტიკურად ხატავდა. შესანიშნავ ნაკეთობებს ათასგვარ სუვენირს ამზადებდა. ბუნებით შემოქმედი, მეოცნებე, არამიწიერი, სულიერად მდიდარი, ძალიან საყვარელი გოგონა იყო. ბოლოს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებთან მუშაობდა, ხატვას, ძერწვას, ხელოვნებას ასწავლიდა, ამერიკაში წასვლა უნდოდა, არ დასცალდა, ჩემი ნათლული იყო. 18 ივლისს 31 წელი შეუსრულდა.

 

* * *

ნატო ჯანხოთელი, მაიას თანაკურსელი, მეგობარი (ლენტეხის №1 საჯარო სკოლის დირექტორი):

– მაიასა და ნუცას არა მარტო დედაშვილური, საოცრად მეგობრული დამოკიდებულებაც ჰქონდათ, ნუცაც ჩემსავით „მაწანწალა“ გამოვიდა, სულ ერთად დავდივართ სამოგზაუროდ, მუცოც ვნახე, შატილშიც ვიყავიო, მომწერა მაიამ წლების წინ. ნუცა გარეგნობით და ხასიათითაც დედას ჰგავდა, ძალიან ნათელი, ცოცხალი, ხალისიანი, თბილი და მოსიყვარულე იყო.

მაია ძალიან ძლიერი პიროვნება გახლდათ. არ მახსოვს მისი ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი, გაბრაზებულიც არასდროს მინახავს. კეთილგანწყობილი იყო, სულ იღიმებოდა, საკუთარ თავსა და პრობლემებზე არასდროს ლაპარაკობდა, თავის სატკივარს სხვას არ მოახვევდა. ნუცა რომ დაღუპულიყო და მაია გადარჩენილიყო, თავს არ აპატიებდა, ვეღარ იცოცხლებდა.

პირველი შვილის დაღუპვით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს გულში ატარებდა, სხვას არ დაამძიმებდა, სოფელ დიღომში ცხოვრობდა დედასთან და შვილებთან ერთად. თავად დედისერთა იყო, ხელისგულზე გაზრდილი. ბევრი ტრაგედია გადაიტანა, მაგარმ სულიერ ძალასა და სიმაღლეს არ კარგავდა. სახე სულ უღიმოდა, თუმცა თვალები ჰქონდა სევდიანი.

– დედა-შვილს საბედისწერო შემთხვევაზე რაიმე წინათგრძნობა თუ ჰქონდა?

– ნუციკომ მამის გარდაცვალების შემდეგ დახატა ასეთი სურათი: მუქ ფონზე გამოსახულია მუქი სილუეტები ასაკიანი ქალისა და გოგონასი. შუაში სანთელია, ორივეს უჭირავს. თითქოს წინასწარმეტყველური სურათია. ვინც ნახა, ყველას ეს გრძნობა დაეუფლა.

– რა იყო განსაკუთრებით სახასიათო მაიას პიროვნებისთვის? გვიამბეთ ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან.

– სტუდენტობისას საფარის სამონასტრო კომპლექსის აღდგენით სამუშაოებს ვასრულებდით, მომდევნო წლიდან აწყურში გადავინაცვლეთ.

მაია ძალიან მაგარი გოგო იყო, ყველას უყვარდა. ყველაში გამოირჩეოდა თავისი კულულა თმებით. საფარაში ჩვენმა კურსელმა ვასიკო კუზიბაბაშვილმა რაღაცაზე გაანაწყენა და გაბუტული იჯდა მაია. ვასიკომ შერიგების მიზნით ღამით ციცინათელები მოაგროვა და თმები ჩაუყარა. სასწაული სანახავი იყო, ციცინათელები მაიას თმებში გაიბლანდნენ და ვეღარ გაფრინდნენ, ციმციმებდნენ. მაიას თავი საოცრად ანათებდა. ასე შეირიგა ვასიკომ მაია.

ერთხელ, დაბადების დღეზე უნივერსიტეტის ბაღში ულამაზესი თაიგული, თავისი ეზოს ვარდები მომიტანა, 25 ცალი (25 მაისს დავიბადე)...

სამწუხაროდ, მაიამ არ იცოდა საკუთარი თავის ფასი, ძალიან ნიჭიერი და უნარიანი გახლდათ, შესანიშნავად წერდა, ამას ყველა აღნიშნავდა, მაგრამ თავად არასდროს უცდია საკუთარი ნიჭის წარმოჩენა. უაღრესად მოკრძალებული იყო, მისი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანს სხვა ცხოვრებით უნდა ეცხოვრა, შემოქმედებით უნდა ყოფილიყო დაკავებული და არა, ყოფითი საქმიანობით.

ილია ჭრელაშვილი (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მხატვარ-დიზაინერი):

– ხშირად ვსაურობდით ხან მესენჯერში, ხან ტელეფონით. ერთხელ მითხრა, იშვიათი ჯიშის, გადაშენების პირას მყოფი ფრინველი ყოფილა, მაია ჰქვია, ძალიან მინდა მისი პორტრეტი, თუ შეგიძლია დამიხატოო. ვნახე ინტერნეტში (მითითებულია, რომ არის თავისუფლებისთვის მებრძოლი, წმინდა ჩიტი. – ავტ.), ფერადი, ლამაზი, უცნაური ჩიტია. მალევე დავხატე თაბახის ზომის მუყაოზე, ფოტო გადავუღე და მაიას გავუგზავნე. ძალიან მოეწონა, გაუხარდა. ნახატი ჩარჩოში ჩავსვი და ვკითხე, სად გადმოგცე-მეთქი, ვერ მოახერხა შეხვედრა, ვერ მივაწოდე, ალბათ, სასურველი იქნება მის ოჯახს გადავცე ჩიტი მაიას პორტრეტი.

რამდენიმე თანაკურსელის კარიკატურა, მეგობრული შარჟი შევქმენი, მაიაც დავხატე გაღიმებული, ხელში გვირილა უჭირავს, რომელსაც 2 ფურცელი აკლია, ფურცელს რომ აძრობენ – „ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ“, ეს აზრი ჩავდე. მაია მეოცნებე, მეგობრული, მოსიყვარულე, ემოციური, თბილი ადამიანი იყო, ამ განწყობით შევქმენი მეგობრული შარჟი. ამ ეტაპზე გვირილაზე იმ 2 ფურცლის ნაკლებობა ემოციურად ცოტა მძიმე სანახავია. სამწუხაროდ, ისე დაემთხვა, რომ ორი სიცოცხლე გაფრინდა იმ ოჯახიდან და ძალიან გული დამწყდა.

რუსუდან საღინაძე, მაიას თანაკურსელი, მეგობარი (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი):

– თავისუფლებისმოყვარე სული ჰქონდა, არ ემორჩილებოდა შეზღუდვებს. მახსენდება, 1981 წლის 14 აპრილს, 1978 წლის შემდეგ მეორედ აღნიშნა ქართული ენის დღე გრანდიოზულად. მაშინ პირველ კურსზე ვსწავლობდით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, თამრიკო ჩხეიძის თაოსნობით, წავედით მცხეთაში, სვეტიცხოველში.

ხალხი მოაწყდა მცხეთას, გადაიკეტა გზები. სვეტიცხოველში სტუდენტები დიდი წინააღმდეგობის შემდეგ შეგვიშვეს... ამის გამო სტუდენტებმა ცკ-ის პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძისა და პატრიარქის სახელზე საპროტესტო წერილი დაწერეს. შევარდნაძეს სთხოვდნენ შეხვედრას უნივერსიტეტში. ერთ დღეს ის მოვიდა მოულოდნელად. შეხვედრა შედგა თსუ-ს სააქტო დარბაზში, სადაც შეიყვანეს პროფესორ-მასწავლებლები და 30–მდე სტუდენტი, მათ შორის მოხვდა მაიაც. მხოლოდ რამდენიმე სტუდენტს დაუსვამს შეკითხვა შევარდნაძისთვის. მაიას აფხაზეთის თემაზე უკითხავს, 80-იან წლებში აფხაზეთის ამბები ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი, მაიას შეკითხვის საფუძველი იყო სოხუმში ახალგაზრდა ქართველი ლექტორის მოკვლის ფაქტი, რასაც მოჰყვა შაოსანი დედის ჩამოსვლა თბილისში და მთავრობის სასახლესთან სტუდენტებთან ერთად გამართული საპროტესტო მანიფესტაცია. მაშინ წყლის ჭავლით დაშალეს მანიფესტანტი სტუდენტები.

მაიას საქციელში გამოჩნდა მისი თავისუფლებისმოყვარე ბუნება, გამბედაობა, სიმამაცე, დაუმორჩილებლობა და ეროვნული სული. იმხანად ეს გმირობის ტოლფასი იყო, შეიძლებოდა საფრთხეც კი შეექმნა ამით საკუთარი თავისთვის...

ნუციკო ბავშვობის შემდეგ არ მენახა, ეკრანზე რომ ვნახე ფოტოები, მასში მაიას სული დავინახე. როგორც თქვეს, ნუციკო მესამედ ასულა შატილში. იმ საბედისწერო დღეს კი მოგზაურობიდან რომ ბრუნდებოდნენ, ნუციკოს უთქვამს, ჩემი სული შატილში რჩებაო. სამწუხაროდ, ასეც აცხადდა, უმძიმესი დანაკარგი და ტკივილია! ძალიან ვწუხვარ, ძალიან მენანება დედა-შვილი... ნათელი მათ ლამაზ სულებს!

მაიას კურსელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლია წერეთელმა, მარიამობას „ფეისბუქზე“ მოგონება დაწერა:

„...მაია დამამახსოვრდა ისეთი, როგორიც სტუდენტობისას იყო – ხალისიანი, კეთილგანწყობილი, თავმდაბალი, იმედებით სავსე... პირველ კურსზე ერთ ლექციაზე ჩემ გვერდით რომ აღმოჩნდა, ხელნაწერი რვეული გადმომცა, სახლში წაიკითხე და აზრი მითხარიო, იმ საღამოსვე დავიწყე კითხვა – მოთხრობები და ლექსები იყო. პირველი მოთხრობა წავიკითხე და მეტი ვეღარ გავაგრძელე – ისეთი ტრაგიკული იყო, ისე შემეშინდა, მთელი ღამე ვერ დავიძინე... მალე დავუბრუნე, გამოცდების მერე წავიკითხავ-მეთქი... ნამდვილად კი ისეთი შიშით დაზაფრული დავრჩი, დიდხანს არ გამიარა... მეორე კურსზე ვუთხარი ოთარ ჩხეიძესთან მოდი, წაიკითხე და შეფასდება-მეთქი... მაინტერესებდა, მწერალი რას იტყოდა, მე რომ ასე შემაშინა...

არა, ისეთი არაფერი დამიწერია, მწერალს რომ წავაკითხოო. ბევრჯერ გავუმეორე, მაგრამ ვერ დავითანხმე. თავმდაბალი იყო, განა სხვები რაიმე ისეთს ვწერდით?.. უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდით, გავუბედე: პირველივე მოთხრობამ დამზაფრა, შემაშინა ისე, დღესაც კი მეშინია-მეთქი.

კაფკა მიყვარდა! შთაგონებული ვიყავიო! შვებით ამოვისუნთქე... მე ხომ ისევ მეშინოდა... 90-იან წლებში გავირე, რომ შვილი დაეღუპა და დიდხანს ვდარდობდი... ვერ ამიხსნია, რატომ იყო ასეთი ტრაგიკული ბედის დედა და ადამიანი? პასუხს ვინ მომცემდა გულის წუხილზე და მგონია, რომ იმ ერთადერთ მოთხრობაში, რომელმაც პირველ კურსზე დამზაფრა, მისი ტრაგიკული ბედი იყო გაცხადებული. შემოქმედება, ნაწერი ხომ სულის ერთგვარი რენტგენია... მაინც რა იყო ასეთი, თუ არა ტრაგიკული ბედის სიცხადე – ისე რომ შემაშინა, გავურბოდი ხოლმე... ბედისწერა ყოფილა... ძალიან სამწუხარო, ძალიან ტრაგიკული ბედი“.

 

ნანა კობახიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი