logo_geo
ნინო ვაჩნაძე: ვცდილობ, ნამუშევრებით მნახველს ჩემი სათქმელი მივუტანო და ემოციური განწყობა შევუქმნა
- +

12 ოქტომბერი. 2020. 01:29

 

 

 

ქართველი მხატვარი, ნინო ვაჩნაძე 17 წელია ბარსელონაში მოღვაწეობს და მისი საქმიანობით საქართველოს პოპულარიზაციას, ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი ეროვნული ორნამენტებით, ნაქარგებით და სხვდასხვა ნაკეთობებით ეწევა. მისი ნამუშევრები, საზოგადოებისთვის არაერთი კარგად ნაცნობი ადამიანის სახლს ამშვენებს.

 

 „რეპორტიორი“ ხელოვანთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.

 

- თქვენს შესახებ გვიამბეთ,  როდის დაიწყეთ ხატვა, რამ იქონია გავლენა ხელოვნების ამ სფეროთი დაინტერესებულიყავით?

 

დავიბადე 1977 წელს არქიტექტორთა ოჯახში. ჩემი მშობლები მრავალმხრივი მხატვრული ნიჭით გამოირჩეოდნენ - მამა მერაბ ვაჩნაძე შესანიშნავად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე, დედა კი ხატავდა, ქარგავდა და კერავდა. ასე რომ, მეც შინ და გარეთ შემოქმედებით ატმოსფეროში ვიზრდებოდი.

 

გავლენა მშობლების პროფესიამ იქონია, მათაც სამხატვრო აკადემია დაამთავრეს, არქიტექტურის ფაკულტეტი. მამა ჩინებულად  ხატავდა  და სწორედ მან გადამაწყვეტინა ამ განხრით ამერჩია პროფესია.

 

ბავშვობიდან ვხატავ, კერძოდ დავდიოდი ცნობილ ქართველ მხატვართან ქ-ნ ქეთი მატაბელთან, ვინც მასწავლა პასტელით ხატვა და პირველმა განმაცდევინა შემოქმედებითი პროცესის მიმზიდველი ძალა, რაც გამომყვა ჯერ სამხატვრო სკოლაში, შემდეგ სამხატვრო გიმნაზიაში და ბოლოს სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლისას და დღემდე თანმდევს.

 

- მასწავლებლები, რომლებსაც წვლილი მიუძღვის თქვენს პროფესიულ განვითარებაში?

 

- როგორც გითხარით, თავდაპირველად  ქეთი მატაბელს, ხატვის სკოლაში ლეილა ჩოხელს, სამხატვრო გიმნაზიაში ლევან ლონდარიძეს და სამხატვრო აკადემიაში ცნობილ მხატვარს გივი თოიძეს, ვინც ფერწერა შემაყვარა და არ შემიძლია არ დავასახელო შესანიშნავი გრაფიკოსი ზაურ ჯაფარიძე, კლასიკური აკვარელის დიდოსტატი. მოკლედ, როგორც იტყვიან, გამიმართლა და სახვითი ხელოვნების ყველა დარგის ანბანი შევისწავლე საუკეთესო პედაგოგებთან.

 

- რა მოგცათ სამხატვრო აკადემიამ?

 

- ყველაზე მთავარი: შემოქმედებითი პროცესის სიყვარული და შრომისმოყვარეობის მადლი.

 

 

 

 

- როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო? გვიამბეთ სამუშაო პროცესზე...

 

- სამუშაო პროცესის გაგება, ვფიქრობ, ყველა შემოქმედს თავისებური აქვს. მით უფრო იდეალური  გარემოსთან მიმართებით და მრავალ ასპექტს მოიცავს, ამიტომ ჩემთვის მხოლოდ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს აღვნიშნავ: იზოლირებული ყოფა და საყვარელი მუსიკა(ჯაზი).  ხდება ხოლმე ისეც, რომ ამის საშუალებასაც კი არ მაძლევენ ჩემი ოჯახის ხან  პატარა და ხანაც დიდი წევრები.

 

- რომელიმე ნახატი თუ გიყვართ გამორჩეულად?

 

- გამორჩეულად არა, რადგან მიყვარდება ის ნამუშევარი, რომელშიც უკეთ ვახერხებ საკუთარი ჩანაფიქრის „გამხატვრულებას“, უფრო სწორედ, იდეა-განწყობის ხილული ფორმით წარმოჩენას. ასეთი დადებითი ემოციებით კი ჩემი ბევრი ნამუშევარია დამუხტული, რასაც ვფიქრობ მაყურებელიც აღიქვამს.

 

 

 

- გაგინადგურებიათ თქვენი ნამუშევარი?

 

- ეს წინა კითხვის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს და გეტყვით, რომ ნამუშევარს, სადაც დადებით განწყობას მე თავად ვერ ვგრძნობ ,,ვმკურნალობ,, გადაკეთებით.

 

 ქართველი ხელოვანებიდან ვის შემოქმედებას აფასებთ?

 

- დასაფასებელი  ქართველებს, ჩვენდა საბედნიეროდ, მართლაც ბევრი ხელოვანი გვყავს და არც მათი შემფასებლები გვაკლია, მაგრამ ჩემთვის პიროვნულად ყველაზე ახლოსაა ელენე ახვლედიანის, ირაკლი ფარჯიანისა და მერაბ აბრამიშვილის შემოქმედება.

 

 

 

 

- ყოფილხართ თუ არა რომელიმე მხატვრის გავლენის ქვეშ?

 

- კონკრეტული მხატვრის გავლენას მე ვერ ვგრძნობ. შეიძლება მაყურებელმა ან არტ-კრიტიკოსმა ჩენს  ნამუშევრებში დაინახოს რაიმე სახის ანალოგი რომელიმე მხატვართან, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს, საინფორმაციო ბუმის ეპოქაში ისტორიული მხატვრული გამოცდილების შესწავლის გარეშე შემოქმედებითი საქმიანობა შეუძლებელია. ეს კი მეტწილად ახდენს მრავალგვარ და მრავალმხრივ გავლენას, რაც ჩემს ნახატებშიც იგრძნობა. უფრო მეტსაც გეტყვით, მე არც მინდა გავექცე შემოქმედებითი ზემოქმედების ამ პროცესს, მაგრამ ვცდილობ მხატვრული იზმების უხვ მეთოდებსა და ხერხებში ისე გავიკვლიოთ გზა, რომ მნახველთან მივიტანო ჩემი სათქმელი და შევუქმნა სათანადო ემოციური განწყობა, ანუ დავანახო ,,Nina_Vachika_Art-ი.,,

 

- მინდა ნამუშევრებით მნახველთან ჩემი სათქმელი მივიტანოო თქვი, რისი გადმოცემა გსურს შენი ნამუშევრებით?

 

- ღმერთი არის სიყვარული და რაკი იესო გვეუბნება: ”შენში ვარ და მიპოვეო!” ვფიქრობ, რომ სიყვარულია ჩვენში ადამიანური ღირებულების საზომი და თუკი შევძლებ ამ საკრალური გრძნობის ჩემს ნამუშევრებში მატერიალიზების საშუალებით მაყურებლამდე მიტანას, ჩავთვლი, რომ შესაქმემ ანუ სიკეთის ქმედებამ მიზანს მიაღწია: ადამიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი!

 

 

 

- არიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები, რომლებსაც შეუძენიათ თქვენი ნახატი?

 

-დიახ არიან, პირველ რიგში ცნობილი ფლამენგოს გიტარისტი მუსიკოსი რაფაელ კორტესი, საქართველოს კონსული ბარსელონაში, საქართველოში მუსიკის მცოდნე და ტელეწამყვანი მაია დათუნაშვილი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (გვარის დასახელება არ მინდა) და სხვა კერძო კოლექციებში იზრაელში, რუსეთსა და უკრაინაში.

 

- 17 წელია ბარსელონაში ცხოვრობთ, პროფესიული მიმართულებით რას საქმიანობთ?

 

- გარდა იმისა, რომ ვხატავ, ვაკეთებ აქსესუარებს და ვიღებ მონაწილეობას  სეზონურ გამოფენა - გაყიდვებში, პარალელურად ვმუშაობ თარჯიმნად სასამართლოში.

 

- ბარსელონაში, საკუთარი მაღაზია-სალონი გახსენით, კონკრეტულად რას სთავაზობს თქვენი მაღაზია მომხმარებელს?

 

- ძირითადად ხელნაკეთ აქსესუარებს: თექის ქუდებს და შარფებს, ნახევრად ძვირფასი ქვებით გაწყობილ წინდებს, სამკაულს, ჩემი ფერწერული და გრაფიკული კომპოზიციების პრინტებს მაისურებზე, თეფშებზე, ჩანთებზე... ერთ სიტყვით, ინდივიდუალურ წარმოების სუვენირულ პროდუქციას.

 

 

 

 

 

 

- თუ ცდილობთ თქვენს ნამუშევრებში ქართული დეტალების გამოყენებას?

 

- ქართული ეროვნული ორნამენტის მრავალსახეობა ფარდაგებში, ჯეჯიმებსა და ტანსაცმლის ნაქარგობებში, კერამიკის, ხისა თუ ლითონის ძველ და ახალ ხალხურ ნაკეთობებში იმდენად უხვად არის წარმოდგენილი ჩვენს ყოფაში, რომ ბავშვობიდან გვებეჭდება ცნობიერებაში და შემდეგ ამა თუ იმ სახით აუცილებლად იჩენს თავს შემოქმედებით საქმიანობაში. არც მე ვარ გამონაკლისი, მითუმეტეს, რომ დედაჩემის ხელთქმნილი სხვადასხვა ნაკეთობები დღემდე რჩება ჩემი შემოქმედების ინსპირაციის წყაროდ.

 

 

 

- რთული არ იყო უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?

 

- ემიგრანტობაში თვითდამკვიდრება რომ რთულია, ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ 17 წლის წინ შედარებით ადვილი იყო ყველაფერი, თანაც მე იმთავითვე გამიმართლა: ვითანამშრომლე ცნობილ საქორწილო სახლთან ,,Pronovias-თან,, სადაც ჩემი დიზაინით ვაკეთებდი აქსესუარებს, შემდეგ ამას მოყვა საკუთარი მაღაზიის გახსნა და ცნობილი ფეხბურთელის ლეო მესის მეუღლესთან ანტონელა როკუზოსთან თანამშრომლობა.

 

- პანდემიამ თქვენზე, როგორც ხელოვანზე როგორ იმოქმედა?

 

- ბევრი დრო მომცა ახალი ნამუშევრების დასახატად..

 

- დასასრულ გვითხარი, ახლა  რა თემაზე მუშაობთ, თუ აპირებთ უახლოვეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას და ქართველების თქვენი ნამუშევრებით “განებივრებას”?

 

- ახლა ვემზადები 22-30 ოქტომბერს ვენეციაში “Palacio scuola Sant Teodoro-ში” გამოფენაში მონაწილეობისთვის, ხოლო 3-9 ნოემბერს მოსკოვის Event Hall Danilovky-ში მაქვს მიწვევა, მაგრამ კორონა-ვირუსის ეპიდემიის პრობლემებთან დაკავშირებით რუსეთში ფერწერული ორიგინალების პრინტების გამოფენა გადაწყდა. ქართველები კი, მართლაც, იმდენად “განებივრებული” არიან მაღალმხატვრული ღირებულების ნამუშევრების ხილვით, რომ ჩემთვის ძალიან რთული იქნება უახლოვეს მომავალში მათ სამსჯავროზე საკუთარი შემოქმედების გამოტანა. ორმაგი პასუხისმგებლობაა ფერწერული ტილოების გამოფენა. ვიმედოვნებ, ამის დრო და ვითარებაც დადგება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 


 

 


 

 

 

 


 

 


 

 

 

 

 

big_banner
არქივი