logo_geo
აკაკი კუჭუხიძე: ვერიკოს აკვიატებული ჰქონდა, ინსულტი რომ მომივიდეს, მომაკვდინებელი ნემსი გამიკეთეთო!
- +

14 ოქტომბერი. 2020. 19:42

 

 

არ უნდოდა, ვინმეს უმწეო და ფორმაშეცვლილი ენახა!

 

6 ოქტმობერს (ძვ.სტ. 23 სექტემბერი) ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. ოფიციალური ინფორმაციით, დიდი მსახიობი დაბადებული იყო 1900 წელს. თუმცა, მისი დისშვილის, რეჟისორ გია დანელიას მოგონებების მიხედვით, ვერიკოს წლები ჰქონდა მოკლებული. ამის მიხედვით, ირკვევა, რომ ვერიკო დაბადებული იყო არა 1900, არამედ 1897 წელს. ამის დასტურად გთავაზობთ გია დანელიას მოგონებას დედისა და დეიდის – დებ მერი და ვერიკო ანჯაფარიძეების დიალოგზე თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში:

 

გია დანელიამ ინსულტგადატანილ დედას – მერი ანჯაფარიძეს მოსკოვიდან წამალი ჩამოუტანა. 75 წლის დედამ შვილს ლუღლუღით უთხრა – წამალი რაღაც მინდა, უკვე მოხუცი ვარ, სიკვდილი დამაცადეო. შვილმა უსაყვედურა – რატომ მოხუცი, შეხედე ვერიკოს, შენზე ოთხი წლით უფროსია, მაგრამ მხნედაა, ყოველდღე ფეხით მოდის, შენთვის საჭმელი და ხილი მოაქვს, საღამოს სპექტაკლში თამაშობსო... დედამ შეუსწორა: ოთხი კი არა, ვერიკო ჩემზე შვიდი წლით უფროსიაო, ოთახში მყოფმა ვერიკომ დასჭექა: შვიდი კი არა, ოთხი წლით ვარ უფროსი! მაგრამ მერი თავისას არ იშლიდა: შვიდი წლით არის ჩემზე უფროსიო! ვერიკო პალატიდან გავარდა, თუმცა, ხუთ წუთში დაბრუნდა, კოვზი აიღო და დას საჭმელი საკუთარი ხელით აჭამა. როგორც გია დანელია წერდა, ვერიკოს ნამდვილ ასაკზე მართლაც 3 წელი ჰქონდა მოკლებული. ამის მიხედვით, მას 123 წელი შეუსრულდა.

 

დიდი ვერიკო ანჯაფარიძის არააფიშირებულ ამბებზე გვესაუბრება ვერიკო ანჯაფარიძის უმცროსი მეგობარი აკაკი კუჭუხიძე:

 

– დიდი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. არსებული მდგომაროების გამო, მართალია, ეს თარიღი ფართოდ არ აღნიშნულა, მაგრამ, არაუშავს, ვერიკო იმდენად დიდია, მისი დავიწყება შეუძლებელია!

 

– ვერიკოს საფლავთან მთაწმინდის პანთეონში თაიგულით ახვედით...

 

– დიახ, ყოველთვის ავდივარ როგორც დაბადების, ისე გარდაცვალების დღეს. ახლაც ყვავილებითა და შამპანურით მივედი, წვიმდა, მარტო ვიყავი შარშან ვერიკოს დაბადების დღეზე საოცარი რამ მოხდა – დიდი ჭრელი პეპელა მოფრინდა, მხარზე დამასკუპდა, მერე ვერიკოს საფლავზე დაფარფატდა და გაფრინდა. ეს, ალბათ, იმის ნიშანი იყო, რომ ვერიკომ ჩემი მისვლა გაიგო...

 

– მთაწმინდის პანთეონში საფლავზე ვერიკო-ივდითის ქანდაკება დგას. ვერიკო ანჯაფარიძე თეატრალური კოსტიუმით დაიკრძალა?

 

– არა, მას ვერცხლისფერი სირმებით გაწყობილი შავი ზედა და ქვედაბოლო ეცვა, იწვა თეთრ კუბოში. ეს იყო მისი ქალიშვილის – სოფიკოს გადაწყვეტილება, დედა უკანასკნელ გზაზე გამორჩეულად და განსხვავებულად გაეცილებინა.

 

– გაიხსენეთ ვერიკოს ბოლო შეხვედრა საზოგადოებასთან, რა ითქვა სახალხოდ, რა – კულისებში?

 

– 1986 წლის დეკემბერში ლიტველი მსახიობები ჰყავდა სტუმრად. როგორც სჩვეოდა, ისე უმასპინძლა. 1987 წლის 27 იანვარს თავში სისხლი ჩაექცა, 30–ში გარდაიცვალა, 3 თებერვალს დავკრძალეთ... ბოლო პერიოდში რატომღაც აკვიატებული ჰქონდა, ინსულტი რომ მომივიდეს, არ დამზოგოთ და მომაკვდინებელი ნემსი გამიკეთეთო. არ უნდოდა, ვინმეს ლოგინში მწოლიარე, უმწეო და ფორმაშეცვლილი ენახა. რა თქმა უნდა, მის ამ სურვილს ხმამაღლა არავინ ამხელდა.

 

გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე, 7 იანვარს – შობას დამირეკა. თეატრში ვიყავი, პატრიარქმა საშობაო წირვაზე დამპატიჟა, მაგრამ ვერ მივედი, ახლავე ჩემთან ტაქსით გამოემართე, სიონში უნდა წავიდეთო... ყველაფერი მივატოვე და წავედი ვერიკო გამზადებული დამხვდა. საღამოს 9 საათისთვის ტაძართან მივედით, ეკლესიაც დაკეტილი იყო და პატრიარქის რეზიდენციის კარიც, სინათლეც ყველგან ჩაექროთ. რეზიდენციის ბაღში შევიპარე, კიბეებზე ავედი და კარზე მორიდებულად დავაკაკუნე ახალგაზრდა ბერი გამოვიდა – დღეს, საშობაოდ, პატრიარქს ვერიკო ანჯაფარიძე ჰყავდა დაპატიჟებული, მაგრამ დღისით მოსვლა ვერ შეძლო და თუ შეიძლება, პატრიარქს გადაეცით, ქალბატონი ვერიკო გეწვიათ-თქო. ერთი წუთითო, – მითხრა. დავბრუნდი თუ არა ვერიკოსთან, ჯერ ნათქვამიც კი არ მქონდა მისთვის – ბერს მოვახსენე თქვენი მოსვლის შესახებ-მეთქი, რომ უცებ პირველი სართული გაჩახჩახდა, მეორე სართულზეც აბდღვრიალდა ჭაღები, გაიღო დიდი კარის ორივე ფრთა და ქალბატონი ვერიკოს პატივსაცემად ჩამწკრივებული ბერმონაზვნები დავინახეთ – ერთ მხარეს – ქალები, მეორე მხარეს – მამაკაცები! ერთი მორჩილი მოგვიახლოვდა: პატრიარქი გელოდებათო. ხელი მოვკიდე ვერიკოს და ბაღში შევედით, გრძელი განათებული დერეფანი გავიარეთ, კიბემდე მივედით. ვერიკოს ასვლა გაუჭირდა. ორმა ბერმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდა და როგორც ტახტრევანზე, ვერიკო ხელებზე ისე დაისვეს და მეორე სართულზე აიყვანეს. კიბის თავთან პატრიარქი იდგა, ფირუზისფერი ხალათი ეცვა. ეს ყველაფერი იყო დაუვიწყარი სანახაობა.

 

– რაზე ისაუბრეს?

 

– პატრიარქი ვერიკოს გადაეხვია და დარბაზში შეგვიძღვა. ვერიკომ ჩემი თავი წარუდგინა. სასადილო ოთახში სუფრასთან მიგვიწვია. მარხვა გადასული იყო, სუფრა ათასი ნუგბარითა და სხვადასხვა კერძით იყო გაწყობილი. პატრიარქი სუფრის თავში დაბრძანდა, თავისი ხელით გადმოგვიღო ხაჭაპურის ნაჭრები, წითელი ღვინო დაგვსხა. ვერიკომ საჩუქრად მიართვა სხვადასხვა ფერის მინით შეკრული, მაღალ ფეხზე მდგარი ბოკალი. პატრიარქმა იმ ბოკალში დაისხა ღვინო და ჩვენი სადღეგრძელო შესვა. შემდეგ თავისი ხელით დაწერილი ხატები გვაჩვენა – წმინდა გიორგისა და იესო ქრისტესი. ახსენა ჩინგიზ აითმატოვის ერთი ნაწარმოები, რომლის დასაწყისშიც ქრისტიანებზეა საუბარი. თურმე, პატრიარქს აითმატოვისთვის ნათქვამი ჰქონია, რადგან ქრისტიანებზე ასეთი სიყვარულით წერთ, თქვენს წინაპართაგან ვინმე აუცილებლად ქრისტიანი იქნებოდაო. ვინ იცის...

 

პატრიარქმა ვერიკოს მაცხოვრის ხატი უსახსოვრა, მე – ჯვარი, რომლის ერთ მხარეს გამოსახული იყო ღვთისმშობელი, მეორეზე – ჯვარზე გაკრული მაცხოვარი.

 

იმ საღამოს ვერიკო ეზიარა კიდეც, ერთ-ერთ მღვდელს აღსარებაც ჩააბარა. იმ მღვდელმა შემდეგ თქვა – მსგავსი აღსარება არ მომისმენიაო... მე და ვერიკო გამთენიისას წამოვედით პატრიარქისგან, თავისი მანქანით გამოგვაცილა. ამ შეხვედრიდან 213 დღის მერე ვერიკო გარდაიცვალა.

 

– ვერიკოს თავისი გარდაცვლილი ვაჟი არ უხსენებია?

 

– პატრიარქს უთხრა – თქვენმა ღმერთმა შვილი წამართვაო. პატრიარქმა უპასუხა – წაგართვა, მაგრამ უკეთეს ადგილას წაიყვანა, ღმერთი კი სანამ ჩემი გახდებოდა, ის თქვენი ღმერთი იყოო... მოგეხსენებათ, ვერიკო გაცილებით უფროსი იყო პატრიარქზე, სიტყვებში „თქვენი ღმერთი იყოო„, პატრიარქმა ეს იგულისხმა!

 

– ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრება ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი, სხვისი გამკლავებაც უწევდა და თვითონაც იბრძოდა...

 

– ვერიკოსთან ურთიერთობა და მეგობრობა მქონდა მისი სიცოცხლის ბოლო 13 წლის განმავლობაში. ის იყო დემოკრატი, მიმნდობი და მოსიყვარულე ადამიანი, თავისი გამოკვეთილი შეხედულებები ჰქონდა თეატრზე, ადამიანებზე და, საერთოდ, სამყაროზე, მწვავე წლებიც გაიარა და თეატრში ეპოქაც შექმნა. ვერიკო იყო კოტე მარჯანიშვილის პირველი მსახიობი და შემდეგ სწორედ ვერიკოზე აშენდა ქართული თეატრი.

 

– ვერიკო თავის პირველ მეუღლეს შალვა ამირეჯიბს ახსენებდა? შარშან ქვიშხეთში მოვინახულე ტაძარი, სადაც მან და შალვა ამირეჯიბმა ჯვარი დაიწერეს, ამბობენ, რომ ბოლო წლებში ვერიკო ქვიშხეთში ხშირად ჩადიოდა, ნოსტალგია ჰქონდა?

 

– ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის ოჯახის სასახლე და ბაღი გადაცემული იყო ქართველი მწერლებისთვის. ვერიკოსაც ჩაჰყავდა თავისი შვილიშვილი სანდრო. იქვე არის ყიფიანების სწორედ ის ეკლესიაც, სადაც ვერიკომ და მწერალმა შალვა ამირეჯიბმა ჯვარი დაიწერეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული წასვლია. მათ ერთად ვერ გააგრძელეს ცხოვრება, შალვა გაცილებით უფროსი იყო მეუღლეზე, დინჯი და სერიოზული კაცი, ხოლო ვერიკო – ახალგაზრდა და თეატრზე უზომოდ შეყვარებული. შალვა ემიგრაციაში წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ აღარასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე უყვარდა ვერიკო და ლექსებს უძღვნიდა. ამის მერე ვერიკო მიხეილ ჭიაურელზე გათხოვდა.

 

– მარჯანიშვილის თეატრში ვერიკოს საგრიმიორო ოთახი შენარჩუნებულია?

 

– მისი ოთახი პირველ სართულზე იყო, როგორც კი სცენიდან გადიხარ, პირდაპირ. იმ ოთახში იკეთებდა გრიმს სესილია თაყაიშვილი და შემდეგ, მერი დავითაშვილი. როცა ვერიკო გარდაიცვალა, ოთახის კართან მემორიალური დაფა გავაკეთებინე ვერიკოს – ივდითის ოცხელისეული ესკიზით, მაგრამ ოთახის იმ სახით შენარჩუნება, როგორიც ეს ვერიკოს დროს იყო, ვერ მოხერხდა, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველო ბედნიერია, რომ ჰყავდა დიდი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.

ასმათ ტყაბლაძე, მსახიობი, ვერიკო ანჯაფარიძის უმცროსი მეგობარი: – სცენაზე დედოფლებს თამაშობდა, მსოფლიოს 19 ტრაგიკოს მსახიობთა შორის იყო დასახელებული, მაგრამ სახლში გახლდათ სრულიად უბრალო და თავს გაგიტოლებდა. ჩვეულებრივი დიასახლისივით იქცეოდა, ჩემთვის ხშირად უთქვამს – ნუ გერიდება, აქ მასპინძელი მე ვარ, მაგრამ დაიმახსოვრე, ვინ გემსახურებაო! მე მაინც მერიდებოდა და თავს გათამამების უფლებას არ ვაძლევდი.

 

– რომელ კერძებს ამზადებდა?

 

– ქართული სამზარეულოს კერძებს, მაგრამ არასოდეს დამინახავს, როგორ ამზადებდა, მხოლოდ იმას შევსწრებივარ, სუფრას როგორ შლიდა. მისგან სრულიად განსხვავებული იყო სოფიკო, ვერიკო თუ მოკრძალებულად აწყობდა კერძებს, სოფიკო ერთბაშად და მრავალფეროვნად – ერთდროულად ამზადებდა გოჭსაც, თიკნის ხორცსაც, ცხვრისას, ხბოსას და სუფრაზე ალაგებდა. სუფრის სიუხვის სიყვარული ჭიაურელებისგან ჰქონდა.

 

– ამბობენ, დიდი ვერიკო ბოლოს თავის გმირს დაემსგავსა სპექტაკლიდან „გვირილა“...

 

– ასე იყო, ბოლოს „გვირილაში“ ითამაშა, თუმცა, უხმო სცენა ჰქონდა, მაგრამ იცეკვა. სიკვდილი არ უნდოდა, როცა ასაკში შევიდა და თავს შეუძლოდ გრძნობდა, თავის დისშვილს გია დანელიას მისწერა:  Как хочется жить ინსულტი ორჯერ დაემართა და რაც უნდა გაგიკვირდეთ, ორჯერვე მათთან ვიყავი. პირველად მსუბუქად, მალევე გამოჯანმრთელდა, მეორედ –ვეღარ გადაიტანა. წავიყვანეთ საავადმყოფოში, სამი დღის მერე გარდაიცვალა, გონზე არ მისულა.

 

ბოლოსთქმა: წლების წინათ, როდესაც ფიქრის გორაზე ვერიკო ჯანფარიძისა და მიხეილ ჭიათურელის სახლში კოტე მახარაძესთან ინტერვიუზე მივედი, მან სიამაყით მაჩვენა პირველ სართულზე ვერიკო ანჯაფარიძის მოკრძალებული ოთახი, სევდით გაიხსენა. დიდი ვერიკო და თან იამაყა, რომ თავის მიერ შექმნილ ერთი მსახიობის თეატრს „ვერიკო“ დაარქვა, სწორედ მაშინ მითხრა: ვერიკოს მეუღლის – მიხეილ ჭიათურელის გარდაცვალების მერე – 1974 წლიდან გაუჩნდა ნაოჭები, ყოველ საღამოს მეორე სართულზე ადიოდა და მიშას, როგორც ცოცხალს, წერილებს სწერდა – უამბობდა იმ დღის, ოჯახისა თუ თეატრის ამბებსო. ერთი წერილი მახსოვს, ასე იწყებოდა: „მიშა, შენ გენაცვალე“...

 

ქეთევან ხამიცაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი