logo_geo
სალომე გოგიაშვილი: ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?! უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა…
- +

26 ოქტომბერი. 2020. 21:30

 

 

ახლახან, სოციალური ქსელის პირად გვერდზე სალომე გოგიაშვილმა "პოსტი" დაწერა - ვაჟა ექიმი, რომლის გამოც ყველას გული შეგვტკიოდა და მის მდგომარეობას ერთად განვიცდიდით, არაპროფესიონალი აღმოჩნდაო... მოგეხსენებათ, შარშან ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ქართველი ექიმი "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებდა და ცხინვალის სასამართლოში აცხადებდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა...

 

სალომე გოგიაშვილი:

 

- საერთოდ, რითიც კმაყოფილი ან უკმაყოფილო ვარ, იმის შესახებ სოციალურ ქსელში "პოსტს" ხშირად ვწერ, რადგან მიმაჩნია, რომ როცა საჯარო პირი ხარ და ბევრი მიმდევარი გყავს, ვალდებული ხარ, "გამომწერებს" სწორი ინფორმაცია მიაწოდო. ხაზგასმით აღვნიშნავ, ფულის სანაცვლოდ უვარგის პროდუქციას რეკლამას არ ვუკეთებ. რაღაცნაირად, ეს გავითავისე და სულ ამას "ვაწვები", რომ რა თანხაც უნდა შემომთავაზონ, არ "ვაპიარებ", თუ არ მომწონს, რადგან ჩემი 60 ათასამდე "ფოლოვერის" შეცდომაში შეყვანა არ მინდა... ექიმი და ჯანმრთელობა ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. როდესაც ადამიანი, რომელსაც ფინანსურად უჭირს და ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ექიმისგან კონსულტაციის მისაღებად მიდის, რაშიც არცთუ ისე იაფ საფასურს იხდის, მაგრამ ისეთი ვინმე ხვდება, როგორიც ეგ ვაჟა ექიმია, გული ძალიან შემტკივა. "პოსტიც" ასეთი პაციენტებისთვის დავწერე, თორემ პირადად მე, კლინიკაში ექიმს სათანადო პასუხი გავეცი...

 

- რა მოხდა კლინიკაში, ასეთი განრისხებული რატომ ხარ?

 

- კაცს და მით უმეტეს, ექიმს ეთიკა, ზრდილობა, პაციენტთან ურთიერთობის გარკვეული ფორმა მოეთხოვება, ხომ? ჩემთვის უზრდელობა არც ექიმისგანაა მისაღები, არც მეხანძრისგან და არც პოლიციელისგან... როდესაც პაციენტი ექიმთან კონსულტაციისთვის შედის, ვფიქრობ, ექიმმა, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, პაციენტს კორექტული პასუხი უნდა გასცეს. იმიტომ კი არა, რომ სალომე გოგიაშვილი ვარ და მისგან რაღაც ზედმეტი ყურადღება მოვითხოვე. არავითარ შემთხვევაში!.. ჩემს "პოსტს" დიდი გამოხმაურება მოჰყვა - უამრავი წერილი მივიღე. შემიძლია, სათითაოდ გამოვაქვეყნო, თუ რას წერენ ვაჟა ექიმის შესახებ...

 

მასთან კაბინეტში შევედი, რომ ჩემი მეუღლის ფეხის მდგომარეობა გამეგო (მოტეხილი აქვს). ძალიან მოკლედ და უხეშად მიპასუხა. მერე, მაინც მივიჩნიე, რომ შეიძლებოდა, დაღლილი ყოფილიყო და ვუთხარი: ფიქსატორთან ერთად, საფენსაც ვადებ, რომ ადვილად მორჩეს-მეთქი (ამ საფენის შესახებ გამოცდილი ადამიანისგან ვიცი და ოჯახში ვსარგებლობთ ხოლმე. ექიმს აზრი ამიტომ ვკითხე). ამის გამო უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, რომ მართლა უკან მივიხედე - მეგონა, სხვა შემოვიდა და მას გაუბრაზდა. ჯერ ერთი, როგორ ბედავს, რომ უცნობ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს?! მეორეც: ქალი ვარ და წესით, ეგ კაცი უნდა იყოს, და მესამე - საერთოდ, ურთიერთობის რა ფორმა აქვს?! გავოგნდი: - მე მეუბნებით? პაციენტებს ასე ეკონტაქტებით-მეთქი?!.

 

- "პოსტის" დაწერამდე მაგალითად, კლინიკის მენეჯერს თუ დაელაპარაკე?

 

- არა, სამწუხაროდ, რადგან გარეთ მეუღლე მელოდებოდა, მოტეხილი ფეხით... კლინიკიდან წამოვედი. იქ გაჩერების არანაირი სურვილი არ მქონდა. "პოსტის" გამოქვეყნების შემდეგ, მეგონა, კლინიკა თავად დაინტერესდებოდა, რაღაც კითხვას მაინც დასვამდა - რითი ხართ უკმაყოფილო, რა მოხდა ან ეს ყველაფერი რის შედეგად მოხდაო? მსგავსი არაფერი მომხდარა...

 

- ია ფარულავამ აღნიშნა - შეიძლება, ტყვეობაში ნერვები გაუფუჭდაო... "პოსტის" გამოქვეყნებამდე არ გიფიქრია, ვაჟა ექიმის გმირობის ამბავი გაგეთვალისწინებინა?

 

- ვინ თქვა, რომ გმირია? მართლა მაინტერესებს, რომელმა ჭკუათამყოფელმა დაიჯერა, რომ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა დღეს "მოსულა"? რისთვის გადავიდა? დღეს სოხუმში შესვლა რომ მოვინდომო, შევალ?.. ჩემი ყველა განცხადება იქით "მიდის", რომ ამბობენ - აჰ, ბიძინას მომხრეაო. ამ შემთხვევაში, ბიძინა და მიშა რა შუაშია?! ყველა ადამიანს ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია. ჩემი პოზიცია ის იყო, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა - თითქოს ადამიანს უცბად მოუნდა, ხალხს საოკუპაციო ხაზს მიღმა უმკურნალოს და ოსეთში გადავიდა. თავიდანვე ყველაფერი გასაგები იყო...

 

- ის ფაქტი, რომ ბატონი ვაჟა ამბობდა, - საქართველოში ვარ, საზღვარი არ გადამიკვეთავსო, შენთვის არაფერს ნიშნავდა?

 

- ოსეთის "საზღვარს" რომ კვეთს და კიდევ ჰგონია, საქართველოშია, მაშინ საცხოვრებლად იქ გადავიდეს. გათავისუფლებას რატომღა ითხოვდა, მაინტერესებს.

 

- თავად ოსეთს საქართველოდ არ მიიჩნევ?

 

- საქართველოდ მიმაჩნია თუ არა და მიტაცებული ტერიტორიების გამო ვნერვიულობ თუ არა, სხვა საკითხია. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ხალხს რომ აკავებენ, ეს მან ხომ ჩემზე უკეთ იცის, არა? ჰოდა, რის გამო წავიდა? პროვოკაციის გამოსაწვევად...

 

- ალბათ იმიტომ, რომ საჯაროდ კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა, ოსეთი საქართველოა.

 

- ჰოდა, თუ ჯარისკაცია და საზღვარზე დგომა უნდა, წავიდეს და ჯარისკაცად იმსახუროს... 100-მდე წერილი მივიღე, რომელშიც მისი უკმაყოფილო პაციენტები მწერენ.

 

- კიდევ რა იწვევს შენში პროტესტის განცდას?

 

- უხარისხო პროდუქტი, რომელსაც ძალიან ძვირად ყიდიან და არეკლამებენ. ხალხის მოტყუების ყოველთვის წინააღმდეგი ვარ. იყო შემთხვევა, როდესაც გარეკლამებულ-გაპიარებული აპარატი შევიძინე - ძვირი ღირდა. მივხვდი, ჩვეულებრივ "აფიორაში" მოვყევი. სოციალურ ქსელში "პოსტი" "დავდე": მეგობრებო, ნუ მოტყუვდებით, რადგან რეალურად, ეს აპარატი არაფერს შვრება-მეთქი. 1.000 ლარი ხალხს ხელფასი არა აქვს. თვეები მუშაობენ, რომ ეს თანხა გამოიმუშაონ... ამიტომ სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რომ რაღაცის შესაძენად სესხი არ აიღონ, მერე კი შენაძენით უკმაყოფილო არ დარჩნენ...

 

უსამართლობა არ მიყვარს, მით უმეტეს, რომ არსებობენ ტიპები, რომლებიც გიჟდებიან, ისე უნდათ, რაღაცნაირად, დაგაკნინონ, "დაგაჩმორონ"... ასეთი ხალხის მიმართ აგრესია მიჩნდება. რა თქმა უნდა, უსამართლობა არავის მოსწონს, მაგრამ როცა შეგიძლია, ხმა ბევრ ადამიანს მიაწვდინო, ეს უფრო მეტად მაძლევს საშუალებას, ამ პრობლემურ საკითხებს მივხედო. მაგალითად, არის სალონები, რომლებსაც არეკლამებენ - ძალიან კარგიაო, ადგილზე მისული კი საშინელებას აწყდები. უკმაყოფილება როგორ არ უნდა გამოხატო? განა ჩუმად გამოვდივარ და "პოსტებს" ვწერ? ჩემი უკმაყოფილება იქვე გამომიხატავს, ოღონდ - არა ისეთი ფორმით, რომ ვინმე შეურაცხვყო, ვაგინო, ვუკივლო... ჩვეულებრივად, აზრი დამიფიქსირებია, რომ არასწორად იქცევიან და ადამიანების მიმართ მათი ასეთი დამოკიდებულება სირცხვილია. ხშირ შემთხვევაში, ჩემს დამოკიდებულებას სოციალურ ქსელშიც ვაფიქსირებ, რათა ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ დაწესებულებაში მისვლას აპირებენ, ფული ტყუილად არ გადაყარონ. მიმაჩნია, რომ ეს სწორი ფორმაა.

 

- რადგან მომსახურების სფეროზე ვისაუბრეთ, შენი მაღაზიის შესახებაც გვითხარი: პერსონალი როგორ შეარჩიე? უკმაყოფილო მომხმარებლები გყავთ?

 

- უკმაყოფილო მომხმარებელი აუცილებლად იქნება, რადგან გამორიცხულია, ყველა კმაყოფილი იყოს. მთავარია, უკმაყოფილება რითია გამოწვეული - მომსახურებით თუ ადამიანის (რომელსაც არაფერი მოსწონს) პრეტენზიული ხასიათით? კარგია, რომ ჩემს მაღაზიაში მომსახურებით და ხარისხით უკმაყოფილო ჯერ არავინ ყოფილა. ერთმა გოგონამ თქვა, - სალომეს ფოტოებზე და ვიდეოებში ლამაზად რომ აცვია, აქ ასე არ არისო. შენ თუ კონკრეტული სამოსი ტანზე არ გიხდება, ჩემი ბრალია (იცინის)?.. კონსულტანტად არაჩვეულებრივი გოგო - ნანიკო მყავს. საქმეში მთელ სულსა და გულს დებს, თუმცა აუცილებლად აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში კარგი კონსულტანტის მოძებნა სერიოზული პრობლემაა. სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე მუდმივად ვწერ, რომ კონსულტანტს ვეძებ, ადამიანის დასაქმება მსურს. მწერენ - ვაიმე, სამსახური გვინდაო. ადამიანს რომ გგონია, კარგ საქმეს აკეთებ და ვიღაცას ეხმარები, უცბად, ხალხი ისეთი ამბიციით მოდის და მხოლოდ ისეთ ხელფასს თანხმდება, რომ ხვდები, მათ ფინანსურად არ უჭირთ - საშუალოზე მაღალ ხელფასს სთავაზობ, ის კი კვლავ ფიქრს იწყებს... უმეტესობამ უცხო ენა არ იცის და რაც მნიშვნელოვანია, აღზრდის, ზრდილობის საკითხში დიდი პრობლემა გვაქვს, რისი მიზეზიც არ ვიცი. დასაფასებელია, როცა კარგად აღზრდილ პიროვნებას ხვდები...

 

ეთო ყორღანაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი