logo_geo
გიორგი ღოღობერიძე: ასპირინის გამოყენება არათუ იცავს კორონავირუსით გარდაცვალებისაგან, არამედ თავად ხდება პაციენტის სიკვდილის მიზეზი!
- +

27 ოქტომბერი. 2020. 16:11

 

 

 

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, პაციენტების დიდი ნაწილი სახლის პირობებში მკურნალობს, მოსახლეობა ერთმანეთს სოციალური ქსელების დახმარებით რჩევებს აქტიურად უზიარებს.

 

ვინაიდან კორონავირუსით გარდაცვლილთა გარკვეულ ნაწილში ექიმები თრომბოემბოლიით გარდაცვალებაზე საუბრობენ, კატასტროფულად იმატა კოვიდ-ინფიცირებულთა მიერ ასპირინის მოხმარების რიცხვმა.

 

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ექიმი-რეზიდენტი ონოკოლოგიის მიმართულებით, ქართველი ექიმი-ჰაუსის სახელით ცნობილი გიორგი ღოღობერიძე გამოეხმაურა, რომლის ვიდეომიმართვებს  ასიათასობით ნახვა და გაზიარება აქვს.

 

გიორგი ღოღობერიძე ამჯერად მოსახლეობას „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან თვითმკურნალობის შედეგად მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ კატეგორიულად აფრთხილებს! ამავდროულად, ასპირინის მოხმარების სავალალო შედეგებზე და კორონავირუსის დროს თრომბოემბოლიის განვითარების მექანიზმზე დაწვრილებით გვესაუბრება.

 

- ბატონო გიორგი, ბოლო დღეებში თვალშისაცემად მოიმატა  რჩევების რაოდენობამ სისხლის გამათხელებელი საშუალებებით თვითმკურნალობის შესახებ... რა გახდა მოსახლეობაში აღნიშნული რეკომენდაციის გავრცელების მიზეზი?

 

- სამწუხაროდ,  ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობს ასპირინს და მას ექიმის დანიშნულების გარეშე სვამს. ჩემი ინფორმაციით, აფთიაქებში მნიშვნელოვნად შემცირდა ასპირინის რაოდენობა. ამგვარი ქმედებით ადამიანები თავს კორონავირუსის ერთ-ერთი გართულების - თრომბოემბოლიისგან იცავენ, თუმცა, თამამად მინდა განვაცხადო, რომ ასპირინის დიდი დოზით მიღება უკიდურესად საზიანოა ჯანმრთელობისათვის! კორონავირუსული ინფექციის დროს ადამიანს ფილტვები უშუპდება, რაც თავისთავად სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებას იწვევს. თავის მხრივ, ჟანგბადის დაქვეითება ორგანიზმში აძლიერებს სისხლის შედედების პროცესს, ანუ კოაგულაციას. ამავდროულად ჩვენი ორგანიზმი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, გამოყოფს ძალიან ბევრ ციტოგენს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვებში თრომბის წარმოიქმნას.

 

აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა მეხუთედში, სიკვდილის მიზეზი იყო თრომბი. ანუ გარდაცვლილი პაციენტებს ერთ მეხუთედ ნაწილს აღმოაჩნდა დათრომბილი სისხლძარღვები. ვინაიდან ინფიცირებულების სისხლში ქვეითდება ჟანგბადის შემცველობა და ბევრია ციტოგენი, მათი ორგანიზმი ვარდება პროთრომბოზულ ანუ თრომბების წარმოქმნისადმი მიდრეკილ მდგომარეობაში.

 

- საბოლოოდ, როგორი მექანიზმით იწვევს თრომბების წარმოქმნა ადამიანის სიკვდილს?

 

- ძირითადად ფეხის ღრმა ვენებში ყალიბდება თრომბები, რასაც ღრმა ვენების თრომბოზი ჰქვია. შესაძლებელია ღრმა ვენების კედლებზე წარმოქმნილი თრომბი მოსწყდეს კედელს,  ქვედა ღრუ ვენის გავლით აღმოჩნდეს გულში, გულიდან კი მოხვდეს ფილტვის არტერიაში და გაიჭედოს. ამას უკვე ჰქვია დაავადება, რომელიც ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სახელითაა ცნობილი და საკმაოდ მძიმე გართულება გახლავთ კორონავირუსული ინფექციის დროს. თუკი მოწყვეტილი თრომბის ზომა იქნება მცირე, ეს გამოიწვევს ფილტვის სისხლძარღვების დახშობას და ფილტვებში წნევის გაზრდას. თუკი თრომბი იქნება საშუალო ზომის, ამ შემთხვევაში მოხდება ფილტვის რომელიმე წილის დაინფარქტება ანუ კვდომა. დიდი ზომის თრომბი კი გაიჭედება ფილტვის არტერიაში და საბოლოო ჯამში გულის გაჩერებას გამოიწვევს. ეს არის ის მექანიზმი, რომლის გამოც კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთა მეხუთედი კვდება თრომბოემბოლიის ფონზე.

 

- ბატონო გიორგი,  როგორ უნდა მივხვდეთ, რომ პაციენტს აქვს მიდრეკილება თრომბოემბოლიისადმი?

 

- რასაკვირველია, სისხლის ანალიზით, კონკრეტულად კი D-დიმერის საშუალებით. D-დიმერის რიცხვი არის ერთ-ერთი მარკერი, რომელიც ჩვენ გვეუბნება, რომ პაციენტს კორონავორუსული ინფექციის ფონზე აქვს მიდრეკილება თრომბოზებისადმი. სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი შედგება ძირითადად ფიბრინის ძაფებისა და თრომბოციტებისგან. თრომბი, როგორც წარმოიქმნება, ისევე იწყება მისი დაშლა და დაშლის დროს გამოიყოფა ერთ-ერთი პროდუქტი, D-დიმერი. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილებს საკმაოდ მაღალი ჰქონდათ სისხლში D-დიმერის შემცველობა. გაჩნდა აზრი, რომ D-დიმერის მაღალი შემცველობა სისხლში, მაღალ ლეტალობას უკავშირდება.

 

- ძალიან ბევრი ადამიანი მკურნალობს სახლის პირობებში და მათ ექიმები დისტანციურ კონსულტაციას უწევენ. საჭიროა თუ არა, ასეთმა პაციენტებმა შეამოწმონ სისხლში D-დიმერის შემცველობა?

 

- რასაკვირველია, ეს ანალიზი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ანალიზის აღება უნდა მოხდეს ექიმის გადაწყვეტილებით საერთო მდგომარეობის გათვალიწინებით. ჩვენ არ მოვუწოდებთ პაციენტებს, რომ ყოველდღიურად შეამოწმონ D-დიმერის მაჩვენებელი ან პროთრომბინის დონე, ვინაიდან შესაძლოა პაციენტმა იფიქროს, რომ მათ გარდაცვალების მაღალი რისკი აქვთ, რაც არ არის ჯერ საბოლოოდ დადგენილი.

 

- ვინაიდან ხალხმა გაიგო, რომ კორონავირუსული ინფექციის ფონზე ვითარდება თრომბოზის რისკი, თვითნებურად დაიწყეს ასპირინის მიღება. რამდენად გამართლებულია ამგვარი საქციელი?

 

- არავის ვურჩევ ყოველდღიურად ასპირინის მიღებას თრომბოზებისგან თავდაცვის მიზნით. დაიმახსოვრეთ, რომ ექიმები არ ნიშნავენ ასპირინს ღრმა ვენების თრომბოზის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან თუნდაც ინსულტის პრევენციის გამო. აღმოჩნდა, რომ ანტიკუაგულაციურ თერაპიაზე და მის გარეშე მყოფ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებში ლეტალობა გახლდათ თანაბარი რაოდენებით. შესაბამისად, ასპირინის მიღება ჩვენ ვერ დაგვიცავს აღნიშნული გართულებებისაგან. ამ შემთხვევაში ადამიანმა, რომელიც თვითნებურად იღებს ასპირინს, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს საკუთარ ჯანმრთელობას. ფაქტიურად, ასპირინის გამოყენება  არათუ იცავს კორონავირუსით გარდაცვალებისაგან, არამედ თავად ხდება პაციენტის სიკვდილის მიზეზი!

 

- რა ზიანი მიადგება კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმს, თუკი ის ასპირინის ყოველდღიურად გამოიყენებს?

 

- ადამიანი, რომელიც ასპირინს პროფილაქტიკის მიზნით იყენებს, აქვს მაღალი რისკი, რომ მოკვდეს ასპირინით ინტოქსიკაციის ფონზე და არა კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისაგან! იმისათვის, რომ თრომბოციტები ერთმანეთზე მიეწებონ და საბოლოო ჯამში წარმოქმნან თრომბი, აუცილებელია ნივთიერება თრომბოქსანი A2, რომელიც მიიღება ფერმენტის - ციკლოოქსიგენაზას წყალობით. ასპირინი ბლოკავას ამ ფერმენტს, შესაბამისად, თუკი ციკლოოქსიგენაზა დაიბლოკება, აღარ წარმოიქმება თრომბოქსანი A2 და თრომბოციტები ერთმანეთს არ მიეწებებიან. ანუ თავისი არსით ასპირინი წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ის არის ანტიაგრეგანტი.

 

- ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო გახდა ასპირინი პოპულარული...

 

- გეთანხმებით, მაგრამ ასპირინის თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება ქმნის ორგანიზმის ინტოქსიკაციის რისკს. თუკი ჩვენს ორგანიზმში ასპირინის რაოდენობა აღმოჩნდება 150 მილიგრამი 1 კილოგრამზე, პაციენტს დაეწყება გულის რევის შეგრძნება და ღებინება. ეს არის პირველი ნიშანი იმის რომ ასპირინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ! თუ თქვენ ასპირინის მიღებას ისევ გააგრძელებთ და ორგანიზმში დაგროვდება 150-დან 300 მილიგრამამდე ასპირინი ერთ კილოგრამზე, ამ შემთხვევაში დაიწყება ყურებში შუილის შეგრძნება. თუკი ეს სიგნალიც არ შეგაჩერებთ, მერე დაიწყება გულისცემისა და სუნთქვის გახშირება. საქმე იმაშია, რომ ასპირინი აღიზიანებს ადამიანის თავის ტვინში არსებულ სუნთქვის ცენტრს და აიძულებს მას, რომ ადამიანმა ხშირად ისუნთქოს. შენ თუ გაახშირებ სუნთქვას, სისხლის არსებულ CO2 ამოისუნთქავ და სისხლის მჟავიანობის დონე ძალიან შეგიმცირდება. ანუ განვითარდება სუნთქვის ფონზე განვითარებული სისხლის ტუტიანობა და ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.

 

- ბატონო გიორგი, რატომ არის პრობლემა და რა საფრთხეს გვიქმნის სისხლის ტუტიანობის მომატება?

 

- სისხლის მაღალი ტუტიანობის ფონზე გაიზრდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის შლა, გამოიყოფა ძალიან ბევრი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ადამიანი ღვიძლში გარდაიქმნება კეტო-მჟავებად და საბოლოოდ სისხლის მჟავიანობა გაიზრდება და განვითარდება ძალიან მძიმე გართულება - მეტაბოლური აციდოზი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იწვის შენს სხეულში და ვითარდება მაღალი ცხელება. დროთა განმავლობაში ასპირინი ხდება ცხელების მიზეზი. ამავდროულად ასპირინი ძალიან ტოქსიურია ჩვენი უჯრედებისთვის. ის თიშავს მიტოქონდრიებს, სადაც ენერგიის ATF-ის წარმოიქმნება და ახლა მთელი ენერგია გამოიყოფა სითბოს სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფრო და უფრო უმატებს ტემპერატურა. როდესაც პაციენტი არ არის ჩახედული ფარმაკოლოგიაში და არ იცის ასპირინის ხანგრძლივი მიღებით გამოწვეული შედეგების შესახებ, ის იფიქრებს, რომ მაღალი ტემპერატურა გამოწვეულია კორონავირუსული ინფექციის ფონზე.

 

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი ისევ გააგრძელებს ასპირინის მიღებას?

 

- რასაკვირველია, დადგება უფრო მძიმე შედეგი. სხეულში ასპირინის შემცველობის ზრდასთან ერთად, პაციენტს დაეწყება ჰალუცინაციები, კრუნჩხვები და საბოლოო ჯამში განვითარდება კომური მდგომარეობა. ასპირინი საკმაოდ მალე იწვევს კომის განვითარებას და ასეთ პაციენტებში სიკვდილის მიზეზი ფილტვების შეშუპება ხდება. საბოლოო ჯამში ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს არა კორონავირუსით, არამედ ასპირინით, რომელსაც ის კორონავირუსის ფონზე განვითარებული თრომბისაგან თავდაცვის მიზნით იღებდა. ასევე გაფრთხილებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ასპირინი ბავშვებს, რადგან პატარების შემთხვევაში ასპირინი იწვევს ღვიძლის ნეკროზს, რაც ბავშვს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ამიაკის დაგროვებას, თავის ტვინს გათიშვას და მის შეშუპებას გამოიწვევს. ამავდროულად ასპირინი საკუთრივ მოქმედებს კუჭზეც. ჩვენს კუჭში არის ორი ნივთიერება - მარილმჟავა და ლორწო. საქმე იმაშია, როცა შენ სვამ ასპირინს, ბლოკავ ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას, კუჭში ლორწო აღარ წარმოიქმნება, მარილმჟავა მარტივად დაგიზიანებთ კუჭს და ასპირინი გახდება კუჭში სისხლდენის მიზეზი. მტკიცებულება იმისა, რომ ასპირინი დაგიცავთ კორონავირუსის დროს თრომბოზისაგან, არ არსებობს, ხოლო მისი გადაჭარბებული დოზით მიღებით გამოწვეული უკიდურესად მძიმე შედეგების შესახებ კარგად არის ცნობილი ფარმაკოლოგიაში!

 

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი