logo_geo
დავით კობეშავიძე: პირდაპირ ვაცხადებ, რომ აბორტი არის მკვლელობა!
- +

30 მარტი. 2017. 14:06




სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი ილია მეორე სახელმწიფოს აბორტის ამკრძალავი კანონის მიღებისაკენ მოუწოდებს. პატრიარქის ინიციატივას აბორტის აკრძალვის თაობაზე მრავალი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამის შესახებ მეან-გინეკოლოგები და მათი აზრით, რა შედეგების მომტანი იქნება კანონმდებლობით აბორტის აკრძალვა. აღნიშნული საკითხის შესახებ სამშობიარო სახლ „იმედის კლინიკის" დირექტორი, მეან-გინეკოლოგი დავით კობეშავიძე საუბრობს.


- ბატონო დავით, რას ფიქრობთ პატრიარქის ინიციატივის შესახებ და თქვენი აზრით, კანონით აბორტის აკრძალვა რა შედეგს გამოიღებს?


- მინდა, მივესალმო პატრიარქის ეპისტოლეში გამოქმულ ბრძნულ აზრს. სიტყვა „აბორციო" მოკვდინებას ნიშნავს. აბორტი მართლაც დასაგმობი მოვლენა და ღვთისა და ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, თუმცა, მის კანონით აკრძალვასთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს. სანამ ქვყანაში არ მოწესრიგდება დასაქმების პრობლემა, ერის გონებრივად და სულიერად აღზრდის საკითხი, იქამდე აბორტების აკრძალვამ შესაძლოა მხოლოდ უარყოფი შედეგი მოგვცეს. სტატისტიკურად, უკანონო აბორტების რიცხვი მაღალია გავითარებად და ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებში. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, აბორტი, როგორც სამედიცინო მანიპულაცია, კეთდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ანომალიებთან, შეწყვეტილ ან დედის სიცოცხლესთან შეუთავსებელ ორსულობასთან. სხვა შემთხვევაში, ძალიან მაღალ დონეზეა კონტრაცეფცია და დაუგეგმავი ორსულობა განვითარებულ ქვეყნებში პრაქტიკულად გამორიცხულია. გარდა სოციალური მდგომარეობისა, აბორტების რიცხვის შემცირებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიას, სულიერებას და განათლების დონეს. მოგეხსენებათ, აკრძალული ხილი უფრო გემრიელია და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, აკრძალვამ აბორტების იატაკქვეშეთში გადატანა გამოიწვიოს. მე მახსოვს, სამედიცინო მოღვაწეობის დასაწყისში, „აბორტმახერები" ხშირად იყვნენ საშუალო და დაბალი მედპერსონალი, დამწყები ექიმები, ექთნები და ბებიაქალები. ამ პერიოდში მაღალი იყო დედათა სიკვდილიანობის დონეც. სწორედ ეს მაფიქრებს და ვშიშობ, რომ შესაძლოა, აბორტის კანონით აკრძალვამ დედათა სიკვდილიანობა გამოიწვიოს. ისედაც ხშირია ნორმალურ გარემოში და პროფესიონალების მიერ გაკეთებული აბორტების გართულების შემთხვევები, რასაც მოჰყოლია საშვილოსნოს დაკარგვა, სეფსისი და ა.შ.


თავი და თავი აბორტების კეთებისა არის დაბალი სულიერება, არაეკლესიურობა და საშინლად დაბალი დონე ჰიგიენურ-სანიტარული განათლებისა. საქმე ძალიან რთულადაა. ადვილი არაა, შევუცვალოთ ცნობიერება დედას,  რომელიც შეგნებულად მიდის საკუთარი შვილის სიკვდილზე. წარმოიდგინეთ, ახლა მე ექიმის ხალათით თბილისის ქუჩებში რომ დავდგე, დავიჭირო ხელში თოფი და დედების თანხმობით დავხოცო ბავშვები. მაინტერესებს, რა განსხვავებაა?! რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოკლავ ბავშვს  -მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადებისთანავე თუ ქუჩაში მოსიარულეს? 7-8 კვირის ნაყოფი უკვე სრულფასოვანი ადამიანია, რომელიც მხოლოდ ზომაში და განვითარებაში ჩამოგვრჩება დანარჩენებს. ამდენად, პირდაპირ ვაცხადებ, რომ აბორტი არის ჩვეულებრივი მკვლელობა, საკუთარი შვილის მოკვდინება. თუ ამ კუთხით მივუდგებით, მკვლელობა, რასაკვირველია, კანონით უნდა აიკრძალოს, მაგრამ აქაც უნდა მოხდეს დიფერენცირება. აბორტი არსებობს ხელოვნური და თვითნებითი. ამ შემთხვევაში ჩვენ ხელოვნურ აბორტზე ვსაუბრობთ.

 

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ აბორტის აკრძალვამ უკუშედეგი არ მოგვცეს?


- დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა ერთჯერადი აქტით ვერ მოხერხდება. ვგულისხმობ მშობიარობის დაფინანსებას, აბორტის აკრძალვას და ა.შ. უმნიშვნელოვანესი საკითხია უფასო კონტრაცეფცია და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ვფიქრობ, მოვიდა დრო, აბორტთან ბრძოლის პარალელურად კონტრაცეფცია უფასო გახდეს. მართალია, არც კონტრაცეფცია არის ეკლესიურად მიღებული, მაგრამ მოკვდინებას არჩასახვა სჯობს. ამგვარი მიდგომით უამრავ პრობლემას ავიცილებთ თავიდან. დემოგრაფიული განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესია ეკონომიური საკითხი. პრობლემის არსი აბსოლუტურად სწორად შენიშნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ამ საქმეში მართლაც უმთავრესია ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, დასაქმება, შემოსავალი. ძალიან ხშირად დედა აბორტის მიზეზად ასახელებს მატერიალურ გაჭირვებას. უბედურებაა, როცა დედა ბავშვს არ აჩენს და აბორტს იკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცის, ამ ბავშვს რა უყოს, თუმცა, არც აბორტის გაკეთება უნდა. უფასო კონტრაცეფციისა და ოჯახების მატერიალეური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო იზრუნებს ბავშვების გაშვილებაზე გაჭირვებული ოჯახებიდან. ხალხი შვილის აყვანაზე ოცნებობს. დღეს საქართველოში უამრავი უშვილო წყვილია. ქართველი უშვილო წყვილები სიამოვნებით იშვილებენ და გაზრდიან ქართველ ბავშვებს, რომელთა მშობლებს მათი აღზრდის საშუალება არ აქვთ.  სწორად გამიგეთ, ეს საკითხი სახელმწიფო და საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს. უმჯობესი იქნება, თუკი ამ საკითხში საპატრიარქო ჩაერთვება და პატარებს მაღალი სულიერი ფასეულობების და ჯანმრთელი ფსიქიკის უშვილო წყვილებს მიაშვილებენ.


თუკი ზემოჩამოთვლილი ნაბიჯები ერთობლივად გადაიდგმება სახელმწიფოსა და ეკლესიის მხრიდან, აბორტების რიცხვი ავტომატურად მინიმუმამდე შემცირდება.


ამ ღონისძიებების გარეშე, ხელაღებით აბორტების აკრძალვა კატასტროფას გამოიწვევს. კიდევ ვიმეორებ,  მიწის ზევიდან, აბორტების კეთება მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს. გახშირდება კრიმინალური აბორტები თავისი გართულებებით, საშვილოსნოს დაკარგვითა თუ დედების სიკვდილიანობით. ეს საკითხი ძალიან  ფაქიზია და პროფესიონალების, ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლების ერთობლივი მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს.


- ბატონო დავით, თქვენ თუ აკეთებთ აბორტებს?


-  სამწუხაროდ, ჩემი კარიერის დასაწყისში, როდესაც ყველაფერი მაინტერესებდა, როდესაც არ ვიყავი რწმენაში გაძლიერებული და ამას ჩემს ექიმურ მოვალეობად ვთვლიდი, ვაკეთებდი.  დღეს ჩემთვის ყველაზე მძიმე ტვირთია ის დაღუპული ბავშვები, რომელთაც საკუთარი ხელით მოვუსწრაფე სიცოცხლე. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე და ძალიან ვნანობ. უკვე მეთერთმეტე წელია აბორტი არ გამიკეთებია. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ დროულად მიმახვედრა უფალმა, რას ჩავდიოდი. დღეს შეწყვეტილ ორსულობაზეც კი ვეღარ შევდივარ. აღარ შემიძლია ამის გაკეთება... ახალგაზრდა გინეკოლოგებს მინდა ვურჩიო, ნუ გაიწაფებიან აბორტების კეთებაში, რადგან მოვა დრო, როდესაც ეკლესიისაკენ შემოტრიალდებიან და მერე თითოეული აბორტის გახსენება დატანჯავთ.


- როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აბორტი აღარასოდეს გაგეკეთებინათ?


- ერთ დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მივდიოდი. ზუსტად ოპერის წინ დავინახე, რომ დედას მოჰყავდა პატარა ულამაზესი გოგონა. უცებ წარმოვიდგინე, ახლა თოფი რომ მქონდეს, მივიდე და ვუთხრა დედას, თანახმა ხარ, რომ შენი შვილი მოვკლაო? იმ მომენტში მკვლელად ვიგრძენი თავი, ბოლომდე გავაცნობიერე, რასაც ვაკეთებდი. მივხვდი, რომ ჩემი დახმარებით და უშუალო მონაწილეობით, ასეთი მშვენიერი ბავშვები ვეღარ მოევლინენ ამ ქვეყანას და ვერ გაიზარდნენ...


- ბატონო დავით, რას გრძნობს ბავშვი აბორტის დროს?


- ახლა მე იარაღი რომ ამოვიღო და მოგაბჯინოთ, ამას ღიმილით შეხვდებით? რა თქმა უნდა, შეგეშინდებათ და ეცდებით, გაიქცეთ. აბსოლუტურად იმავეს გრძნობს ნაყოფი აბორტის დროს. ემბრიონი ისეთივე ადამიანია, როგორც თქვენ და მე. იგი ცდილობს. გაიქცეს, დაემალოს „მკვლელის" იარაღს. გაურბის ზონდს, ჩხირს, კოვზს. მაქიმალურად ცდილობს, სადმე დაიმალოს დედის ორგანიზმში. ეს მისტიკის სფერო არა რის. ეს რეალობაა. დედებს ვურჩევ, რომ მამა თავმას ჩოხელის ლექსი წაიკითხონ, რომელიც ჩვენი სამშობიაროს ფოიეშია გამოკრული და ბევრ ქალს გადააფიქრებინა აბორტის გაკეთება. დიდი იმედი მაქვს, საქართველოში დადგება დრო, როცა ეს იქნება სირცხვილი და სამარცხვინო ბოძზე გაკვრის ტოლფასი. მჯერა, რომ ისევ დავუბრუბდებით სულიერებას. ღმერთმა იმიტომ გააჩინა ქალი, რომ ერი ამრავლოს და არა აბორტები იკეთოს. ქალებო, დაფიქრდით, ვის კლავთ! შვილის მკვლელ დედებს და მამებს მალე ჩვენს საზოგადოებაში ადგილი აღარ ექნებათ!


ბოლოთქმა: დავით კობეშავიძის კაბინეტიდან გამოსულმა, „იმედის კლინიკის" ფოიეში გამოკრული მამა თავმას ჩოხელის სულისშემძვრელი ლექსი წავიკითხე. ამ ლექსმა შეძლო და ბევრ დედას აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა. მათი არასასურველი ორსულობა მშობიარობითა და კიდევ ერთი პატარა ქართველის დაბადებით მრავალჯერ დასრულდა „იმედის კლინიკის" კედლებში, სადაც თითოეული ახალშობილის ამქვეყნად მოვლინებას მრავალჟამიერის გუგუნით ეგებებიან!



2017 წლის 4 იანვარი.




ნუ მომკლავ, დედა

(ეძღვნება მუცლადმოწყვეტილ ჩვილებს)


ნუ მომკლავ, დედა, მინდა ვიცოცხლო,

და ქართველობის ვწიო ჭაპანი,

გპირდები, ჩემით იამაყებენ

ჩემთვის უცნობი მამა-პაპანი.


ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,

უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,

მინდა გიყვარდე, შევიგრძნო მინდა

შენი ალერსი და შენი სითბო.


იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,

სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,

მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,

ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ!


თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო

სულის ტკივილი, გულის დარდები,

უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა,

უმანკო ჩვილის არდაბადების.


მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,

შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,

იმქვეყნიდანაც დაგეხმარები,

ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი.


თავმას ჩოხელი

ჯვარის მამის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი

2012 წელი. 19 მარტი.



მასალა მოამზადა მეგი საჯაიამ

 

 

big_banner
არქივი