logo_geo
„თუ პატივს არ ვცემთ დედ-მამას, ჩვენზე არ იქნება ღვთის კურთხევა, დღეს ყველაზე მეტად ეს მცნება არის დარღვეული“
- +

1 აპრილი. 2017. 02:59



მშობლებისა და შვილების ურთიერთობა საკმაოდ რთული და პრობლემებით აღსავსეა. ზრდასრული შვილები და მოხუცი მშობლები, ახალგაზრდა, გამოუცდელი დედ- მამა თუ ასაკობრივ კრიზისში მყოფი მოზარდები ხშირად ტკენენ გულს ერთმანეთს. ოჯახურ ურთიერთობებზე mshoblebi.ge-ს მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის და მულახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლუკა ბუცხრიკიძე ესაუბრა:


- რას გულისხმობს ერთ- ერთი მცნება მშობლების პატივისცემის შესახებ.


-  თუ პატივს არ ვცემთ ჩვენს მამას, ჩვენს დედას ჩვენზე არ იქნება ღვთის კურთხევა, არც კეთილი მოგვეგება და არც დღეგრძელები ვიქნებით. ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე მეტად ეს მცნება არის დარღვეული. სამწუხაროდ, ყველა თაობის ადამიანი საკუთარ დედაზე იგინება. ისეთი საშინელი გინებაც გამიგია, რომ მისი მოსმენა შეგაძრწუნებს. პირველი დარღვევა ათი მცნებისა სწორედ რომ სიტყვიერადაა, როდესაც ადამიანი საკუთარი ნებით, უმიზეზოდ საკუთარ დედას აგინებს და საშინებლი სიტყვებით წაბილწავს. მშობლების სიტყვით შეურაცხყოფას მოყვება საქმითაც შეურაცხყოფა. დღევანდელ ცხოვრებაში შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდობა საშინლად არის ეგოიზმით მოცული, დღევანდელი ახალგაზრდები აღარაფერზე არ ფიქრობენ განსაკუთრებით კი მშობლებზე. მარტო იმაზე ფიქრობენ, რით ასიამოვნონ საკუთარ თავს. რამდენი ადამიანი ტანჯავს საკუთარ მშობლებს იმის გამო, რომ ის ნარკოტიკს იკეთებს ან კაზინოში თამაშობს. წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში აგდებენ ასეთი ადამიანები მშობლებს. როგორცკი რჩევას მისცემს მშობელი, არ ღებულობენ, პირიქით, ლაძღვა- გინებაზე გადადიან. დედ- მამის შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ხელით შეხება, ლანძღვა- გინება არის ისეთი ცოდვა, რომელიც ღმერთს შურისგებისთვის შეჰღაღადებს.


-  დღეს ძალიან ბევრ ბავშვს ძიძა ზრდის, მშობლებს აღარ ჰყოფნით დრო, შვილებისთვის ყურადღების მისაქცევად...


- მართალია ჩვენს სჯულში უფალმა მოგვცა მშობლების პატივისცემა,მაგრამ ახალი აღთქმიდან პავლე მოციქული მშობლებს ეუბნება- მშობლებო, ნუ განარისხებთ შვილებს. ნუთუ შვილები ასეთი ცუდები არიან? რა თქმა უნდა ყველაფერი არ არის მარტო შვილების ბრალი, ბავშვი სუფთა ქაღალდია და რასაც გინდა იმას დაწერ. ვინ წერს ამ სუფთა ქაღალდზე? მისი მშობლები. სამწუხაროდ, მშობლებიც ხშირად აძლევენ ცუდ მაგალითს. ღვთის დავიწყება და მარტო საშოვარზე, მატერიალურზე ზრუნვამ, რომ შვილები მშობლების სითბოს და სიყვარულის გარეშე ცხოვრობენ. თითქოსდა ერთგვარი გაუცხოვება ხდება, მშობლებსა და შვილებს შორის. ამ გაუცხოვებიდან გამომდინარე თუ შენს შვილს არ მიაწოდე საკვების გარდა სულიერი და მორალური საკვები, მხოლოდ პირუტყვებს მიემსგავსებიან. პირუტყვს მარტო საჭმელი და ბინა სჭირდება რომ დაწვეს და შემდეგ ჭამოს, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, მას ხომ მხოლოდ ხორციელი საკვები არ სჭირდება? პირველ რიგში სულიერ საკვებზე უნდა ვიზრუნოთ. მშობელი და შვილი მხოლოდ მატერიალურ საკვებზეა გადაგებული და არც სულიერს და არც მორალურს, ინტელექტუალურსაც არ აწვდის. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები იზრდებიან პირუტყვის პირობებში და ამიტომაც არის რომ სჩადიან პირუტყვულ საქციელს. არამარტო ახალგაზრდები არიან დამნაშავეები, არამედ თვით მშობლებიც. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით. თუ შვილი ძალიან ცუდია, ეს არ არის მარტო შვილის ბრალი, უმეტეს შემთხვევაში მშობლის ბრალია. ასეთი შემთხვევებიც იყო. როდესაც კარგი მშობლებს უზნეო შვილები ყავდათ, მაგრამ ასეთი ადამიანები კარგი მშობლების ლოცითა და ვედრებით დიდი წმინდანები გამხდარან.


როდესაც ადამიანი მოდის ჩემთან აღსარებაზე და მეუბნება მშობელს შევურაცხყოფ. პირველ რიგში ვეუბნები, ვერ გაზიარებ, ვერ შეგინდობ ამ ცოდვას, ვიდრე არ მიხვალ სახლში და მშობლებს შენდობას არ სთხოვ. არამარტო მშობელს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ვაწყენინებთ, ყველასგან შენდობა უნდა ვითხოვოთ.

 

- უწმინდესმა ასეთი კურთხევა მისცა შვილებს, სახლიდან გასვლის წინ მშობლებისგან ლოცვა- კურთხევა მიიღონ, თავი დაალოცვინონ და ხელზე ემთხვიონ.

 

- ეს არ არის გარეგნულად გამოხატული პატივისცემა მშობლის მიმართ. ეს არის დალოცვა, ლოცვა- კურთხევის მადლი მის შვილს იფარავს დღის განმავლობაში ეშმაკის მოწეული მახისაგან და სხვადასხვა ხიფათისაგან. რა არის ლოცვა? ლოცვას აქვს თავისი ძალა, მისტიური ძალა, მადი, რომლითაც იფარავს ამათუიმ ადამიანს, რომელზედაც ჩვენ ვლოცულობთ . უწმინდესი ძალიან დიდი სულიერების მქონე ადამიანია და მას ეს გაცნობიერებული აქვს, ის ხედავს ამ ლოცვა- კურთხევის მადლს და ამიტომაც ურჩევს ახალგაზრდობას ეს შეასრულონ.

 

- ვისაც არ ჰყავს მშობლები, ვისგან უნდა აიღონ ლოცვა-კურთხევა?


- ისევ უწმინდესის ქადაგებას, შეგონებას დავუბრუნდები, რომელიც ასეთ რამეს გეუბნება, მიდით თქვენი გარდაცვლილი მშობლების საფლავებთან და მათ ელაპარაკეთ როგორც ცოცხლებს, როგორც შენ მიხვიდოდი მათთან გაჭრვების დროს და მას მოუყვებოდი შენს გასაჭირს, შენს მწუხარებას, ასევე მიდი და მოუყევი იქ მათ და ისინი შეგეწევიანო. ადამიანი ხომ უკვდავი არსებაა, ადამიანი ხომ სიკვდილით არ ასრულებს სიცოცხლეს, არამედ გარდაიცვლება. როგორც მაცხოვარი გვეუბნება, სიკვდილისაგან ცხოვრებად ანუ ადამიანი სიკვდილის მეშვეობით გარდაიცვლება იმ მარადიულ სამყოფელში. თუ ჩვენი მშობლისგან სიცოცხლეში ვიღებდით ლოცვა- კურთხევას და მათი ლოცვა- კურთხევა გვიფარავდა, იგივე გრძელდება შემდეგშიც. როგორც უწმინდესი ამბობს, არსებობს სულთა კავშირი, ცოცხალი ადამიანები არ ვწყვეტთ მიცვალებულებთან კავშირს, ისინი ჩვენსკენ არიან მომართულნი, ჩვენ პირიქით მათკენ. ადამიანი რომელიც სულიერად და ზნეობრივად ცხოვრობს ამას აშკარად დაინახავს პირად ცხოვრებაში.


თეა ცაგურიშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი