logo_geo
როდის გააცნობიერა ექიმთან ვიზიტის აუცილებლობა თაკო ცქვიტინიძემ და რატომ გაატარა ერთი თვე ჩაკეტილ სვანეთში
- +

20 ნოემბერი. 2020. 13:18

 

 

თაკო ცქვიტინიძე სერიალში „ქიმია“ ენამწარე გოგოს როლს თამაშობს, რომელიც მზრუნველობის მიზნით, ხანში შესულ დედას დიაგნოზს უმალავს... თავდაპირველად თურმე თაკოს სხვა როლისთვის მოიაზრებდნენ, მაგრამ საპილოტე სერიის გადაღების მერე, სიტუაცია შეიცვალა.

 

– სერიალში კასტინგის მერე მოვხვდი, თავდაპირველად სხვა პერსონაჟს ვასახიერებდი, საპილოტე სერია საინტერესო გამოვიდა. ჩემმა შესრულებულმა როლმა სცენარისტებს პერსონაჟის შეცვლის საშუალებაც მისცა – „გადათამაშება“ მოხდა. შემდეგ პანდემიის გამო, გადაღება შევწყვიტეთ... სიტუაციის შემსუბუქების მერე, მუშაობა განახლდა. „დედაჩემის“ როლს უსაყვარლესი მსახიობი – ქალბატონი ქეთევან შერვაშიძე ასრულებს. ის თეატრის სცენაზეც ჩემთან ერთად თამაშობს. მასთან პარტნიორობა, ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. თან, ვმეგობრობთ, ქალბატონი ქეთი მიყვარს, გამიხარდა მისი შვილის როლი რომ უნდა შემესრულებინა. ჩემი პერსონაჟის შესახებ ვერ ვიტყვი, – კარგი გოგოა-მეთქი თავისი უცნაურობებით. ამბიციებით, ცოტათი გადაპრანჭული და ენამწარეა. ასეთი თვისებები ჩემს პიროვნებას არ შეესაბამება. რამდენიმე ეპიზოდის გადაღებისას, პროტესტის გრძნობაც კი გამიჩნდა, – ეს როგორ უნდა ვთქვა-მეთქი?! შემდეგ გამოჩნდება, რომ ასეთი ცუდიც არ არის (იღიმის)... გადაღება, სხვადასხვა თეატრის მსახიობებთან კონტაქტი ნამდვილად საინტერესო და სახალისოც კია. გამოცდილებაც მივიღე, სერიალზე მართლა ფანტასტიკური გუნდი მუშაობს...

 

– როცა შეიტყვეთ, რომ კასტინგი ამ სერიალისთვის იმართებოდა, თქვენი პირველი რეაქცია, შთაბეჭდილება როგორი იყო?

 

– საპილოტე სერიაში ავადმყოფის როლი შეასრულე, რასაც ახლა მაყურებელი უყურებს, პავილიონშია გადაღებული, მაგრამ საპილოტე ვერსია მართლა საავადმყოფოში, ქიმიოთერაპიის ნამდვილ კაბინეტში გადავიღეთ. მსახიობები თითქმის მდუმარედ ვისხედით, საუბრის სხვა თემაზე გადატანას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვდიოდა, თუმცა ეს დამთრგუნველი არ ყოფილა, ალბათ, ეს რეჟისორის და სცენარისტის დამსახურება იყო, სერიალი კარგი საშუალებაა საიმისოდ, რომ ქალბატონებმა გაიაზრონ, სკრინინგი აუცილებელია. ადამიანი ექიმთან მხოლოდ მაშინ კი არ უნდა მიხვიდე, როცა ცუდად გახდები და რამე შეგაწუხებს, 6 თვეში ერთხელ მამოლოგთან, გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. ბევრმა ახლობელმა მითხრა სერიალი ვნახე თუ არა, მაშინვე დავფიქრდი და ექიმთან ვიზიტზე ჩავეწერეო. თუ რამდენიმემ მაინც ეს ნაბიჯი გადადგა და ჯანმრთელობის შესამოწმებლად წავიდა, ე.ი. ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ძალიან კარგია, როცა სერიის დასასრულს, ტიტრების დროს ის ქალბატონები საუბრობენ, ვინც ეს დაავადება რეალურად გადალახეს, კიბოს დიაგნოზს სასიკვდილო განაჩენივით არ უნდა შევხედოთ. ეთერში რაც უფრო მეტი სერია გადის, მაყურებლების გამოხმაურებით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ყველაფერი სწორად „წავიდა“...

 

– ჯანმრთელობის შესამოწმებლად, ექიმთან პერიოდულად თუ მიდიხართ?

 

– რამდენიმე წლის წინ გავაცნობიერე, რომ ეს აუცილებელია. ჩემ გარშემო ისეთი არაფერი მომხდარა, რომ იმას ზეგავლენა მოეხდინა. უბრალოდ, „შეგნებაში მოვიდა“ – ექიმთან ბოლო წამს რატომ მივიდე-მეთქი? თუნდაც, დანტისტთან მხოლოდ იმიტომ ხომ არ უნდა მივიდე, რომ კბილი ამტკივდა? სანამ ამტკივდება, სიტუაცია მანამდე უნდა გადავამოწმო და ვიმკურნალო... სერიალმა კი ეს აზრი გამიმტკიცა.

 

– როცა ექიმი ერთ-ერთ პერსონაჟს სკრინინგის გაკეთებას ურჩევს, პერსონაჟისთვის ეს თითქმის დაავადების ტოლფასია. ჯანმრთელობის შემოწმებისას თუ ძალიან არ ღელავთ, ალბათ, ნერვიულობთ მაინც?

 

– კი, ადამიანის ბუნება ასეთია, ვერ ვიტყვი, რომ ვინმე არ ნერვიულობს, როცა ანალიზის პასუხს ელოდები, გულის სიღრმეში მაინც გაგკრავს – იქნებ, პასუხი დადებითიაო? ალბათ, არ არსებობს ვინმე, ვისაც ამაზე არ უფიქრია. დავუშვათ, დაავადება მეც მაქვს, როგორი რეაქცია მექნებაო? ამ საკითხთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგრამ ერთ ამბავს გავიხსენებ, როდესაც სპექტაკლში „მე ვხედავ მზეს“ ხატიას როლს ვასრულებდი. ერთ–ერთ რეპეტიციაზე გადავწყვიტე, თვალი არ გამეხილა – მაინტერესებდა, როგორი შეგრძნება დამეუფლებოდა... რაღაცნაირად, ნერვები მომეშალა. გულწრფელად გითხრათ, დავიბოღმე, რადგან ზუსტად იმ ეპიზოდს „გავდიოდით“,როცა ხატიას თანაკლასელები გაკვეთილზე „მაიმუნობენ“, იცინიან... ამას ვერ ვხედავდი და განვიცადე...

 

სერიალში კომიკური სიტუაციაცაა: ერთ–ერთ პერსონაჟი ამბობს, ჩემი დიაგნოზის გაგებისას, პირველი რაც ვიფიქრე – რემონტის გაკეთება მომინდაო... თუ დავფიქრდებით, მწარე, გულდასაწყვეტ რამეს ამბობს, მაგრამ ეს დრამატიზებული არ არის, რაც ამ სერიალში ყველაზე მეტად მომწონს.

 

– თქვენი პერსონაჟი თითქოს დედაზე ზრუნავს, როცა დიაგნოზს არ უმხელს... როგორ აფასებთ მის ამ საქციელს?

 

– ამის შესახებ გადაღებისას ბევრი ვისაუბრეთ. აზრები თანაბრად გაიყო: ნაწილი ამბობდა, როცა ადამიანი ხანში შესულია, ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც დამძიმებული აქვს, სიმართლის გაგებამ კი შეიძლება სიტუაცია უფრო გაუუარესოს და ჯობია, სიმართლე არ გაუმხილოო. თუმცა, ყველას აქვს უფლება საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სიმართლე იცოდეს, რადგან იქნებ, რამე აქვს სათქმელი, გასაკეთებელი, მოსასწრები? ასეთ სიტუაციაში ბევრი ფაქტორი იჩენს თავს. ჰუმანურად რომ ვიფიქროთ, ალბათ, ჯობია ადამიანმა იცოდეს, რა პრობლემის წინაშე დგას, როგორ იბრძოლოს... ამ გაგებით, ჩემი პერსონაჟი მაინც არასწორად იქცევა...

 

– სხვა დროს ამ დაავადებასთან შეხება იმ დონეზე თუ გქონიათ, რომ დეტალებს ჩაღრმავებოდით?

 

– ეს დაავადება ჩემს ბაბუებს დაუდგინეს, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ სიმსივნე კი არა, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა იყო. როგორც ვხვდები, ექიმებმა კარგად ვერ გაიგეს, რა სჭირდათ. ახლა დაავადების გამოსაკვლევად მეტი საშუალება არსებობს, სამწუხაროდ, ჩემი ბაბუების შემთხვევაში შეცდომები იყო დაშვებული და ვეღარ უშველეს.

 

– მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ხართ. ახლა თეატრის გარეშე თავს როგორ გრძნობთ?

 

– არა მხოლოდ მე, არამედ მთელი თეატრალური სამყაროს წარმომადგენლები თავს ცუდად ვგრძნობთ. მოუთმენლად ველით სცენაზე გასვლის სამზადისს როდის დავიწყებთ. არაერთი პროექტი გვქონდა, თეატრის შენობის გარეთ. სპექტაკლში ბევრჯერ ვითამაშეთ, მაგრამ შენობაში შესვლა, ჩვეულ რიტმში დაბრუნება ძალიან გვინდა. მაყურებლებისგან ესემესები მივიღეთ, ისე ვართ მონატრებული, რომ მგონი ყველა სპექტაკლს ვნახავთო.

 

– ამჟამად რას საქმიანობთ?

 

– სხვადასხვა ქართული ბრენდის ფოტოსესიაში ვმონაწილეობ, ასევე, ახლახან მესტიის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გვქონდა – გარე ჩვენება გაიმართა. საინტერესო პროექტი იყო ერთი თვე ჩაკეტილ მესტიაში ვიყავი დარჩენილი, 28 დღის განმავლობაში, თეატრშივე ვცხოვრობდი. სარეპეტიციო განრიგი გვქონდა. მესტიის კულტურისა და ხელოვნების ახალგახსნილმა ცენტრმა თავის პირველ, დამოუკიდებელ სპექტაკლში – „ბეთქილი“ სათამაშოდ მიმიწვია. ქალღმერთ დალის როლს ვთამაშობ, ამ საოცარი პერსონაჟის განსახიერება საოცარ გარემოში, ვარსკვლავთა და მთების გარემოცვაში მომიხდა.

 

– როგორ შეგხვდნენ მაყურებლები?

 

– ოთხივე საპრემიერო დღეს ბევრი ხალხი მოვიდა, ფეხზე იდგნენ, რადგან სკამები არ ეყოთ. სპექტაკლის პირველ დღეს მოსული ხალხი სხვა დღეებშიც გვესტუმრა, მოდიოდნენ და სხვები მოჰყავდათ. თან სპექტაკლში ასახული მითი სვანებისთვის ძალიან საყვარელია, ჩვენ კახა ბაკურაძის საინტერესო ინტერპრეტაცია შევთავაზეთ.

 

– როგორც ვიცი, 17 წლის შვილი გყავთ...

 

– კი, სანდრო მალე 17 წლის გახდება, აბიტურიენტია. კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ემზადება.

 

– მოზარდ შვილს და ახალგაზრდა დედას როგორი ურთიერთობა გაქვთ?

 

– მეგობრული, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ჩვენ შორის 17-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ყოფილა შემთხვევები, როცა ისე გვიკამათია, დაგვვიწყებია, რომ დედა-შვილი ვართ, და-ძმას უფრო ვგავდით (იცინის), ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით, შეიძლება რაღაც დაქალს, მშობლებს არ ვუთხრა, მაგრამ სანდროს გავანდო. მას ყოველთვის თანატოლივით ვესაუბრებოდი. რჩევაც ბევრჯერ მიკითხავს, გარკვეული თვალსაზრისით, სიმკაცრე კარგია, მაგრამ ურთიერთობაში პატივისცემა უფრო სწორ მიდგომად მიმაჩნია, მერე რა, რომ პატარა ასაკისაა?

 

– თქვენი პირადი ცხოვრების მიმართ შვილს ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს?

 

– აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს, ბევრ საკითხზე მისი შეხედულება ძალიან მომწონს. პრაგმატული ადამიანია, მისგან მაგალითსაც ხშირად ვიღებ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე საკითხზე ჩვენი აზრი გაიყო და პრობლემა შეგვექმნა.

 

ეთო ყორღანაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი