logo_geo
რუსუდან ფეტვიაშვილის სახლი-სახელოსნო და მოხატული კედლები
- +

3 აპრილი. 2017. 02:22


 

რუსუდან ფეტვიაშვილის სახლი „ლისი ვერანდაზე", ამავდროულად მხატვრის სახელოსნოცაა. ხელისგულზე გადაშლილი სივრცე და სიმშვიდე, ამ ადგილის ერთ-ერთი უპირატესობაა.


პატარა სახლია, დუპლექსი - ოთხი ოთახით, თუმცა ღია აივნები, დიდი ზომის კარ-ფანჯარა და ბუნებრივი განათება მას გაცილებით დიდს აჩენს. მინიმალისტური სტილის ინტერიერი არც ავეჯის სიმრავლით გამოირჩევა და არც სხვა ნივთების. სახლის პატრონი ამაზე აქცენტს არ აკეთებს და ალბათ არც არის საჭირო, როცა სახლში რუსუდან ფეტვიაშვილის კომპოზიციებია „მიმოფანტული".



- მინდოდა, სადა და მარტივი სახლი მქონოდა, ყოველივე ზედმეტის გარეშე, ამიტომ რემონტის დროს განსაკუთრებული არაფერი ჩაგვიდენია. პროექტში რაღაცები შევცვალეთ. მაგალითად, მისაღებ ოთახში, რომელიც ამავდროულად გალერეაცაა, ტიხრები მოვხსენით, რომ მართკუთხედი ფორმა მიგვეცა. კედლები თეთრია, ერთი მხარე მუქი, რომ ოთახს სიღრმე ჰქონდეს. სხვათა შორის, თავიდან მთლიანად თეთრი იყო, მაგრამ პატარა ჩანდა. ფერების ამგვარმა თამაშმა კი სივრცე "გახსნა" და ფართობი გაზარდა.


ეს ოთახი გვინდოდა, სასტუმროც ყოფილიყო და საგამოფენო დარბაზიც, ამიტომ განათებაც ისეთი შევარჩიეთ, როგორც გალერეებშია. ფარდებიც ღია ფერისაა, ბუნებრივი ნაჭრის, სადა და მარლასავით გამჭვირვალე. შინ ოთხი ნამუშევარი მაქვს, რომლებიც ძალიან მიყვარს. ისინი ადრეულ ბავშვობაში მაქვს გაკეთებული. ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი "გემია", რომელიც 15 წლის ასაკში დავხატე. პარიზში ერთ-ერთმა ხელოვნებათმცოდნემ დაითვალა და ის 800 ფიგურისგან შედგება. ამ ნამუშევრებს გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს სახლში.



ზამთარში აივნებს მზე ადგას და თუ კარგი ამინდია, თავისუფლად შეიძლება იქ ყოფნა. პატარა ეზოც მაქვს, რომელიც ჯერ დასამთავრებელია, თუმცა, ზაფხულში იქ ვსხედვართ ხოლმე, გრილი ადგილია და თან მზეს ორი ქოლგა გვიჩრდილავს.


სახლისთვის ახალი ავეჯი შევიძინეთ და მხოლოდ ის, რაც ძალიან მჭირდება. შესარჩევად ხან ჩემი მეუღლე დამყვებოდა, ხან - ბიძაშვილი, ხან - და-ძმა. თუმცა, ფერები, განწყობა და გამა ჩემი სურვილით შეირჩა. სახლში არ მაქვს კარადა, კამოდი, განჯინა და ა.შ. მხოლოდ მაგიდები, სკამები, სავარძლები, ნახატების სადგარები, ტორშერები, ისიც რამდენიმე, რომელიც ძალიან მომწონდა, მაჩუქეს. სულ ესაა.


- მისაღებ ოთახში თქვენი ნახატებია გამოფენილი, მაგრამ ამის გარდა, კედელიც მოგიხატავთ...


- დიახ. თეთრი კედლები სპეციალურად ამისთვის დავტოვე. ჩემი ბიძაშვილი სადა შპალერის გაკვრას მირჩევდა, სახლი თბილი და მყუდრო რომ ყოფილიყო, მაგრამ არ დავუჯერე. სახელოსნოშიც კედლები თეთრად იმიტომ შევღებეთ, რომ როცა მომინდება, მასზე ხატვის საშუალება მქონდეს. ჯერჯერობით ყველაფერი მოხატული არ არის, რაღაც-რაღაცები დაწყებული მაქვს და ნელ-ნელა დავასრულებ. როცა დიდი ფართობის ათვისება მინდება, ეს კედლები ამ სურვილის დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. ჩემი დიდი ზომის ტილოები უმთავრესად საზღვარგარეთ კერძო კოლექციებშია. მაშინ, მათ რომ ვხატავდი, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ახალ ტილოზე ხატვა მომნდომებია და ცარიელი ვერ მიპოვია. ახალი ნახატი გადამიღებია, გრუნტისთვის თეთრი ან სხვა ფერი დამიდვია და ზემოდან მეორე დამიხატავს. თუ რაღაცის გაკეთების სურვილი მიჩნდება, ეს იმ წამსვე უნდა გავაკეთო. ლოდინი არ მიყვარს.


 

- ხომ შეიძლება, კედელზე თქვენი ნახატი მოგბეზრდეთ, გადაღებავთ და ახალს დახატავთ?

 

- არ გადავღებავ. მუშაობაში დიდ ენერგიას, სიყვარულს და შინაარსს ვდებ. ეს ჩემთვის სერიოზული და მნიშვნელოვანია. ტილოს გადაღებვაზე რომ გესაუბრეთ, ეს იგივე შემთხვევა არ არის. ტილოზე პირველი ნახატი მაინც რჩება და არ იკარგება. დროთა განმავლობაში შეიძლება გაშუქდეს, მეორე ფენა აიღო, პირველი გამოჩნდება და ორი ნახატი გექნება. დღეს ტექნიკა ისეთ დონეზეა, რომ ამის საშუალება არსებობს.  როცა ჩემი ნახატები კერძო კოლექციებში მიდის, სულ ვფიქრობ, როგორ მოუვლის ის ადამიანი ნახატს, იქნება თუ არა მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ჩემთვის.


- ალბათ ყველაზე დიდ დროს სახელოსნოში ატარებთ...


- ასე ვერ ვიტყვი, სახლში საყვარელი ადგილი მისაღები და სახელოსნოა, მაგრამ სამზარეულოშიც ხშირად მიწევს ყოფნა, რადგან როგორც წესი, დილიდან საღამომდე ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს, ახლობლები, მეგობრები და მათ დასახვედრად ვემზადები. თუმცა, არის საათები, როცა ვმუშაობ და მაშინ არავინ მაწუხებს ხოლმე. დილით მეუღლეს საუზმეს რომ ვუმზადებ, კარგა ხანს მიწევს სამზარეულოში ტრიალი. მერე სამსახურში ვისტუმრებ, მე მეორე სართულზე სახელოსნოში ავდივარ და მუშაობას ვიწყებ. საღამოს 8-9 საათის შემდეგ სტუმრები მოდიან.

 

 

 

- ავეჯზე ხატვა გიცდიათ?


- დიახ. ძველ სახლში მქონდა მოხატული კარი და სხვა რაღაცები, რომელიც ახლა აღარ არსებობს. სხვათა შორის, ახლა ჩემს უმცროს ძმას აქვს წაღებული ჩემი მოხატული მუხის მრგვალი მაგიდა, რომელიც ძალიან პატარაა, მაგრამ 16 კაცზე იშლება. დაბადების დღეებსა და წვეულებებზე სულ იმ მაგიდას ვშლი ხოლმე. საახალწლოდ უნდა დამიბრუნოს, რადგან დამჭირდება. კედლებიც მაქვს მოხატული, რომელიც შემდეგ ჩემმა ძმამ ამოჭრა და ახლა ისინი სხვადასხვა ოფისშია განთავსებული. ჩემი ძმა მოქანდაკეა, ხეზე ჭრის და ჩვენ ბევრი ასეთი პროექტი გვაქვს გაკეთებული, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

 

- სამზარეულოშიც ორი ძირითადი ფერია - თეთრი და ლურჯი. არსებობს თუ არა რომელიმე ფერი, რაც ინტერიერში გაღიზიანებთ?

 

- არ მიყვარს, როცა სახლში, ან თუნდაც ერთ ოთახში რომელიმე ფერი "ამოვარდნილია", რაღაც კავშირი უნდა არსებობდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ვეცადე, რომ ფერები ერთმანეთისთვის შემეწყო. მაგალითად, ყავისფერი და ჩალისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი და ა.შ.


პირველ და მეორე სართულს ხის პატარა კიბე აკავშირებს. სახელოსნოში კედლებზე დასასრულებელი კომპოზიციებია, ისევე როგორც სამუშაო მაგიდაზე. პალიტრას ვერ ვხედავ. საღებავის ყუთები და ფუნჯები დიდ თეთრ ლანგარზე აწყვია. თუმცა, პირველი რაც თვალში მხვდება, ისაა, რომ მხატვრის სამუშაო მაგიდა და მთლიანად სახელოსნო ძალიან მოწესრიგებულია, არ ჰგავს ბევრი სხვა მხატვრის სამუშაო სივრცეს...

 

 

- საერთოდ, მიყვარს სივრცის მინიმალისტურად გამოყენება, ჩემი საღებავები ძალიან დიდ ადგილზე არ არის გაშლილი. პალიტრას არ ვხმარობ. მოლბერტი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიყენებ, რადგან აბრეშუმზე ვმუშაობ. ბავშვობიდან ვერ ვიტან უწესრიგობას. მხატვრისთვის უცნაური თვისებაა, რადგან როგორც წესი, ეს არ აწუხებთ ხოლმე, მაგრამ ჩემზე ძალიან მოქმედებს და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მცირე ადგილი დავიკავო. თან მიყვარს, როცა საღებავები და ფუნჯები რაიმეზე აწყვია. უცბად აღებამ რომ მომიწიოს, რაღაცას გადააფარებ და უკვე წესრიგია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს რომელიმე მაგიდაზე რამე ზედმეტი არ დევს, მაგრამ ვცდილობ, ისინი მაინც კომპაქტურად განვათავსო. გაშლილი რომ იყოს, ნამდვილად ცუდად გავხდები.

 

- და მუშაობის დროს სამოსი რომ დაგესვაროთ?

 

- ყველაფერი დასვრილი მაქვს. ყველაფერს სადღაც მცირე თუ დიდი ზომის საღებავის ლაქა მაინც აქვს. "საშინაო" და "საგარეო" ტანსაცმელი არ მაქვს. საერთოდ, შინ ჩასაცმელი სამოსი არასოდეს მქონია, რადგან ყველგან მაცვია ის, რაც მომწონს. ამიტომაც, როცა რაღაც მესვრება, გადაყრა მიწევს. სინთეტიკაზე ალერგია მაქვს, ბუნებრივი ქსოვილები მიყვარს.

 

- თქვენი სამუშაო მაგიდა მრგვალია და ისიც, რაც პირველ სართულზე მისაღებში დგას. სამუშაო მასალების გარდა, ჩამოთვალეთ ის ნივთები, რომელიც ყოველთვის გვერდით გიდევთ და არ იშორებთ...


- სამზარეულოში, მისაღებში, სახელოსნოში და ეზოში მრგვალი მაგიდები დგას. ჩემი მოხატული მაგიდაც, რომელიც ახლა ჩემს ძმას აქვს წაღებული, ასეთი ფორმისაა. რატომღაც ვერაფრით ავიტანე ოთხკუთხედი ფორმა. სახლისთვის მაგიდებს რომ ვარჩევდით, მინდოდა, ყველა მრგვალი ყოფილიყო. რაც შეეხება ნივთებს, მაგიდაზე მხოლოდ ის მიწყვია, რაც ძალიან მიყვარს და ჩემთვის ახლობელია: ჩემი ერთ-ერთი პირველი - 8-9 წლის ასაკში გაკეთებული ნახატი, სახარება, ლოცვები, ხატი, საკმეველი, ზღვაზე ნაპოვნი ორი ქვა - ერთი დედაჩემის ნაპოვნი, მეორე ჩემი მეუღლის, მამას ნამუშევარი წმინდა გიორგის თემაზე და ა.შ. საერთოდ, თუ რამე ნივთი გაქვს, ნატიფი და გამორჩეული უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ძვირფასი ნივთები, ოქროულობა, არც ბეჭდები მაქვს და არც სხვა სამკაული. რაც ქორწილში მაჩუქეს, სულ დავარიგე. გავურბივარ ყველაფერს, რამაც შეიძლება ადამიანი შეჭამოს, გადააჭარბოს ან თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს. ასეთი ნივთები არ მინდა და თუ მაქვს, მათგან ვთავისუფლდები.


- ვთქვათ, ხატვისას ტელეფონი რეკავს, ან ტელევიზორის ხმა გესმით. ეს დისკომფორტს გიქმნით?


- როგორც წესი, როცა ვმუშაობ, ტელეფონი სხვა ოთახში გამაქვს და თან ხმას ვუთიშავ. როცა ხატვას ვასრულებ და სახელოსნოდან გავდივარ, 800 შემოსული ზარი მხვდება (იღიმის). რა თქმა უნდა, თუ მათ შორის ნაცნობები არიან, ვურეკავ. თუმცა, ჩემმა თითქმის ყველა ახლობელმა იცის, რომ თუ არ ვპასუხობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვმუშაობ. ტელევიზორს არ ვუყურებ. მეორე სართულზე არ მაქვს, მხოლოდ პირველზე დგას გალერეაში. არც იქ მინდოდა, მაგრამ იმ ახლობელ ადამიანებს გავუწიე ანგარიში, ვინც მსტუმრობს. იქ, სადაც ვმუშაობ, წარმოუდგენელია ტელევიზორი დავდგა, მაგრამ ჩემმა ბიძაშვილმა თავისი დაჟინებული მოთხოვნით კაბელი მაინც გამოიყვანა. რა იცი, იქნებ მომავალში სახლის განლაგება შეცვალო და იყოსო, ამიტომ არის, თორემ ისე ტელევიზორი და მუშაობა ერთად გამორიცხულია. სამაგიეროდ, მუსიკა თითქმის სულ ჩართული მაქვს, ძირითადად კლასიკა - მოცარტი, ბეთჰოვენი. ზოგჯერ ქართულ ხალხურ სიმღერებსაც ვუსმენ. მუსიკა ხატვისას ხელს არ მიშლის, პირიქით.

 

 

- ხშირად მოგზაურობთ. თუ გიგრძნიათ რომელიმე ქვეყანაში და ადგილას თავი ისევე, როგორც შინ?


- ასეთი განცდა ყოველთვის მეუფლება საფრანგეთში, კერძოდ პარიზში. ეს მაშინვე მოხდა, როცა იქ პირველად დედაჩემთან ერთად 12 წლის ასაკში ჩავედი და პირველი გამოფენა მქონდა. ძალიან მომეწონა იქაურობა. იმ დროს პარიზში საქართველოს კულტურის დღეები ტარდებოდა. მაშინ ჩაეყარა საფუძველი "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების გაფორმების შემოთავაზებასაც, ბატონი გასტონ ბუაჩიძისა და გამომცემლების ქალბატონ და ბატონ სიფერების მიერ.

 

- ეს იმიტომ, რომ პარიზი მხატვრების ქალაქად ითვლება, თუ?..


- ალბათ პირველი ეფექტი იმდენად ძლიერი იყო, რომ დღემდე პარიზს იმავე შთაბეჭდილებით ვუყურებ. მაშინ საბჭოთა კავშირის დრო იყო, აქ ყველაფერს ნაცრისფერი ედო, ხალხი დაბღვერილი დადიოდა. რუსების გავლენის ქვეშ ყველაფერს გემო ჰქონდა დაკარგული და ამ დროს პარიზი ფერადი დამხვდა, ადამიანები კეთილგანწყობილი, მომღიმარი, საქმიანი, ცოცხალი, მობილიზებული... პარიზს დღემდე ასე ვხედავ.


- ქმნის თუ არა ხატვისთვის სასურველ განწყობასა და ატმოსფეროს თქვენი ახალი გარემო?


- ეს ადგილი მე ავარჩიე, რადგან მომწონს ეს მთა. შეიძლება სხვა სახლებიდან უკეთესი ხედია, მაგრამ კუთხის შენობაზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ კედლები ჰქონოდა გახსნილი და სინათლე ბევრი ყოფილიყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემი სახლი მომწონს.


ანა კალანდაძე


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი