logo_geo
მერი ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილის მინიატურების სამყარო
- +

27 ნოემბერი. 2020. 14:15

 

 

მისი შექმნილი მინიატურები პირველივე ნახვისას დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. გაგაოცებთ როგორ შეიძლება ასეთი მცირე ზომის ნივთების შექმნა, რომელიც რეალურს არაფრით ჩამოუვარდება. რუბრიკაში #გაიცანითხელოვანი გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ ,,მინიატურების სამყაროს” შემქმნელი მერი ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი და გაგვეგო როგორ ახერხებს ასეთი საოცარი ნამუშევრების შექმნას.

 

 

 

 

პროფესიით ფილოლოგი ხართ. იყავით საკმაოდ წარმატებული კონდიტერი. რატომ დაანებეთ თავი ამ პროფესიას?

დიახ, სამწუხაროდ ჩემი ჯამრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარ შევძელი გაგრძელება. ეს უკავშირდება დედის გარდაცვალებას. ვიყავი საშინელ დეპრესიაში.

ხელოვნებასთან პირველი შეხება როდის გქონდათ?

ზოგადად ხელოვნებასთან ახლოს ბავშობიდანვე ვიყავი. მამა მხატვარი, მოქანდაკეა და ვუყურებდი როგორ ხატავდა და ძერწავდა ქანდაკებებს. მოგვიანებით ჰობის დონეზე დავიწყე აქსესუარების გაკეთება. ვაკეთებდი ჩემთვის და მეგობრებისთვის. ძალიან მომწონდა ფოტოების გადაღებაც.

მინიატურების შექმნის იდეა საიდან წამოვიდა?

თავადაც არ ვიცი და მიკვირს. ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მე ასეთი პატარა ნივთების გაკეთებას შევძლებდი და ეს ჩემთვის განტვირთვა იქნებოდა.

 

 

 

რატომ მაინცდამაინც მინიატურები?

არ ამომირჩევია, თავისით მოხდა ეს ყველაფერი… თუმცა ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება ბავშობის წლების ზეგავლენაცაა. მამას საძერწ მასალას ვიღებდი. ვაკეთებდი პატარა ადამიანებს, სახლს, ავეჯს, ჭურჭელს ანუ რაც სახლში რეალურად გვაქვს, მხოლოდ ეს ყველაფერი იყო ნაცრისფერი, ფორმებს ვაძლევდი და ვთამაშობდი.

საიდან მოდის ინსპირაცია, წინასწარ იცით რას გააკეთებთ?

ჩემი ინსპირაცია თავიდან იყო დედა, ბებია, მათი მონატრება. ახლა კი ლამაზი ისტორია, სიხარულიც და ტკივილიც. ყოველთვის რასაც ვაკეთებ, შინაგანად უნდა ვხედავდე, არ შემიძლია დავიწყო და არ ვიცოდე რა გამოვა. ამიტომ თუ რამის გაკეთებას ვაბირებ, შინაგანად „ვსწავლობ“ როგორი იქნება, რა მოუხდება, შემდეგ კი რეალობაში გადმომაქვს

 

 

 

როგორ ახერხებთ, რომ ასეთი მცირე ზომის ნივთები რეალურს დაამსგავსოთ?

ალბათ ეს ჩემი კულინარიისადმი სიყვარულმა გამოიწვია, უნდა იცნობდე ინგრედიენტებს, მის ტექსტურას, და შემდეგ ეცადო გადაიტანო ეს თიხაში. რა თქმა უნდა მქონია ჩავარდნები, მაგრამ იმდენჯერ მიცდია, სანამ რეალურს არ მიმიმსგავსებია.

ყველაზე მეტად როგორი მინიატურების შექმნა გიყვართ?

ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანების შექმნა. ძალიან ემოციურია ჩემთვის. კეთების დროს ბევრჯერ მიტირია კიდეც. თითოეულს აქვს თავის ისტორია. ბევრი თოჯინები არც მაქვს შექმნილი, რადგან თუ შინაგანად ვერ დავინახე, არაფერი გამომდის… ასევე მიყვარს მინიატურული კერძების შექმნა…

 

 

 

 

როგორც ვიცი ამჟამად ესპანეთში ცხოვრობთ. რას საქმიანობთ და თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

დიახ, ცოტა ხნის წინ გადმოვედით ესპანეთში. მანამდე ვცხოვრობდით ინგლისში. ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ დაკავებული ვარ მინიატურებით. ჩემი ოცნებაა საქართველოში დაბრუნება და იმის განხორციელება, რაც ჩაფიქრებული მაქვს.

 

 

 

 

თუ იღებთ შეკვეთებს და სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების შეძენა?

ძირითადად შეკვეთით ვმუშაობ, ვცდილობ ავიღო ისეთი შეკვეთა, რაც ჩემთვისაც საინტერესო იქნება, ასე მთელ ჩემს დადებით ენერგიას ვდებ.

მაქვს სოც ქსელში ჩემი გვერდი My Tiny World. აქედან მიკავშირდებიან. მე ვაკეთებ და შემდეგ ვუგზავნი დამკვეთს.

დაასახელეთ ხელოვანი, ვისი შემოქმედებაც ყველაზე მეტად მოგწონთ.

– ძალიან მომწონს ძველი კლასიკოსი მხატვრები მოქანდაკეები.. ქართველი ახლანდელელ მხატვრებიდან გამოვარჩევდი ლ.თევდორაძეს, გ.ზაქარიშვილს, დ.მარტიაშვილს. დ.ჯალაღონიას. ბევრი ნიჭიერი ხელოვანი გვყვავს.

უპასუხეთ რუბრიკის წინა სტუმრის სალომე საჩიშვილის შეკითხვას: რა შეიძლება იყოს ის მთავარი ფასეულობა, რისთვისაც იბადება ადამიანი დედამიწაზე?

სიყვარული, ამის გარეშე არაფერი არ იქმნება. ყველაფრის საწყისი სიყვარულია.

რას ჰკითხავდით რუბრიკის შემდეგ სტუმარს?

– წარსულში დაბრუნების საშუალება რომ ჰქონდეს, რას შეცვლიდა თავის ცხოვრებაში?

 

 

წყარო:https://www.artubani.ge/meris-miniaturebi/ 

 

 

 

big_banner
არქივი