logo_geo
განო მელითაური: შვილები ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაა
- +

3 აპრილი. 2017. 13:15




ტელეწამყვან განო მელითაურსა და მსახიობ კოტე თოლორდავას სამი შვილი ჰყავთ - 8 წლის ანასტასია, 5 წლის თარაშ-თომა და 1,6 წლის ელენე-ლოლა თოლორდავები... კოტე თოლორდავას პირველი ქორწინებიდან ჰყავს 17 წლის ბუკა თოლორდავა.


განო მელითაური: 21 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი. სულ მინდოდა, პირველი გოგო მყოლოდა და ტასო დამერქმია. კოტეს სანამ გავიცნობდი, ორი წლით ადრე ანაპაში ფესტივალზე ვიყავი, სადაც თოჯინა შევიძინე და ტასო დავარქვი. როცა დავოჯახდი, ოცნება ამიხდა და პირველი გოგო შეგვეძინა. მეორე ბიჭი მინდოდა და ასეც მოხდა. თარაშს რომ დავარქმევდით, ესეც ვიცოდი, რადგან მე და კოტე ამაზე შეთანხმებულები ვიყავით. მესამე შვილი კი ორივესთვის დიდი მოულოდნელობა იყო.


- როგორც ვიცი, მესამე ფეხმძიმობა ძალიან რთული გქონდათ...


- დიახ, ასეა. ექიმებს რამდენიმეჯერ ეგონათ, რომ ორსულობა შეწყვეტილი იყო და ცოცხალი ბავშვით გამიშვეს აბორტზე. ბოლოს ჩემმა ექიმმა ჩამომისწრო უცხოეთიდან და გვითხრა, რომ ბავშვი ცოცხალი იყო... მთავარია, დღეს არსებობს ლოლიტა, რომელმაც გადამარჩინა.


- კოტეს გარდაცვალება ლოლამ გადაგატანინათ?


- არა, ლოლამ სიკვდილს გადამარჩინა... იმ პერიოდში ვერაფერზე ვფიქრობდი. პროტესტი მქონდა, რომ ორსულად ვიყავი და ამის გამო კოტეს მოსკოვში ვერ გავყევი. რთული ფეხმძიმობა და გრაფიკი რომ არ მქონოდა, კოტეს გავყვებოდი და მგონია, მის გვერდით რომ ვყოფილიყავი, ყველაფერი სხვანაირად დასრულდებოდა, თუმცა მერე გავაანალიზე, რომ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. უფალმა უკეთ იცის... გახსენებაც არ მინდა, იმ დროს რას განვიცდიდი. ჩემი ცხოვრების ის წიგნი კოტესთან ერთად დავხურე. ცხოვრებას ვაგრძელებ, ვცდილობ, ვიყო ბედნიერი, ყოველი დღე საინტერესო იყოს და ჯანმრთელობა მქონდეს. ცოტა ხნის წინ მოულოდნელად ოპერაცია დამჭირდა. ბრმა ნაწლავი და კისტა ერთდროულად გამისკდა. ექიმ ნოდარ ხმალაძეს მადლობას ვუხდი, რომ გადამარჩინა.


- სამი შვილის მარტო აღზრდა, ალბათ, ძალიან რთულია...


- კი, ძალიან დავიღალე... სამი შვილის მარტო გაზრდა რთულია, თუმცა ჩემს მშობლებს, რომლებიც ძალიან მეხმარებიან, დიდ მადლობას ვუხდი. კოტეს გარდაცვალების შემდეგ, ერთი წელი არავის დანახვა არ მინდოდა. ბავშვებთან ერთად მარტო ვცხოვრობდი. ახლა კი მშობლებთან ერთად ვარ. დღეს შვილები ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ვიცი, რომ რთული ცხოვრება შემხვდა. შეიძლება, მეც მქონოდა ოცნებები, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩემი შვილების უზრუნველყოფაზე, სიამოვნებასა და დღესასწაულებზე მაქვს აწყობილი. დღევანდელობაში სამი შვილის რჩენა ძალიან რთულია.


- კოტე როგორი მამა იყო?


- ძალიან მაგარი! შვილების გამო ღამეებიც უთენებია. თარაშს საწოვარათი ვერ ვაჭმევდი, მეშინოდა და 3 თვემდე კოტემ გაზარდა. ემოციებს განსაკუთრებულად გამოხატავდა! ორივე მშობიარობას დაესწრო და პატარებს ისე ეფერებოდა, მთელი სამშობიარო ფეხზე იდგა ხოლმე!


- ხასიათებით ან გარეგნულად რომელი ჰგავს მამას?


- ლოლა ჰგავს მამას, თუმცა ზოგჯერ, რომ ვუყურებ, მგონია, ჩემს თვალებში ვიხედები. მე ყველაზე მეტად თარაში მგავს. ტასო ძალიან თვითმყოფადი ადამიანია და უნდა, რომ ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონდეს. გამუდმებით გვეწინააღმდეგება. მეშინია, შვილების აღზრდაში რამე არ გამეპაროს. სირთულეებით და მსოფლმხედველობით მამას საოცრად ჰგავს! კოტე ძალიან გულჩვილი იყო, მისთვის გულის ტკენა მარტივად შეიძლებოდა. ტასოც ასეთია და მამამისივით ისეთი კომუნიკაბელურია, შეუძლია, გული ყველას გადაუშალოს. მეც ასეთი ვიყავი. მერე მე და კოტემ ერთმანეთი დავაბალანსეთ. ქმარი დიპლომატიას მასწავლიდა და მეუბნებოდა, რომ გონებითაც უნდა მემოქმედა. ტასოს მამასავით მსახიობობა სურს და ამის მონაცემებიც გამოხატულად აქვს.

 

- ბავშვები მამასთან დაკავშირებით თუ გესაუბრებიან?


- ჩემს შვილებს მამა ძალიან აკლიათ და სჭირდებათ. რთული პერიოდი აქვთ, ხასიათების ხშირი ცვლილებით. ტასო კოტეზე ბევრს არ მელაპარაკება, რადგან იცის, რომ ეს საკითხი ტკივილს მაყენებს. 6 წლის იყო, როცა ვუთხარით, რომ მამა აღარ ჰყავდა. გონება დაკარგა... მერე ეს ამბავი თავდაცვის მექანიზმით მიაძინა. თარაში მამას ფანჯარასთან დიდხანს ელოდა, თუმცა მისთვის არაფერი დამიმალავს. ამასწინათ ტაძარში რომ მივედით, ეგონა, მამა იქ დახვდებოდა. მოძღვართან ერთად ავუხსენი, რომ მამასთან მხოლოდ ემოციური, სულიერი კავშირი შეიძლება ჰქონდეს. ლოლას მამა არ უნახავს, თუმცა მამამისის ფოტოთი იძინებს, იღვიძებს და ელაპარაკება. ჩვენს ოჯახში ამ თემას ტაბუ არ ადევს. ვცდილობთ, კოტე ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყოს.


- დღეს რას საქმიანობთ?


- ამაჟამად ტელეკომპანია „კავკასიაზე" მიმყავს გადაცემა „შუა დღე". ჩემი ძირითდი დრო კი მიაქვს მუშაობას სამეცნიერო ნაშრომზე ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის mba-ს მაგისტრის ხარისხის მისაღებად, რომელსაც PR აკადემია წარმოადგენს. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო PR აკადემიას და პირადად ნათია გოცაძეს. გარდა ამისა, საკუთარ საქმეს ვიწყებ და მალე საზოგადოებისთვის საინტერესო პროექტს გავაჟღერებ. როგორც იქნა, ბავშვობის ოცნებას თავი დავადგი! საინტერესო სიურპრიზს გიმზადებთ!


 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი