logo_geo
მანუჩარ მაჩაიძე: ამის ლაპარაკის გამო, თავის დროზე, კინაღამ დამიჭირეს და ეს შობელძაღლი ქართული ფეხბურთის სპეციალისტები დღემდე მდევნიან!
- +

3 დეკემბერი. 2020. 15:39

 

 

ქართული ფეხბურთის კრახი და შერცხვენა იმითაც კი არ დასრულებულა, რომ 2020 წლის  12 ნოემბერს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყოვლად უსახური მატჩი ჩაატარა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული მნიშვნელობის მარცხი განიცადა.

 

მორიგი იმედგაცრუება და თავლაფი სამი დღის შემდეგ – 15 ნოემბერს ვიწვნიეთ, როცა იმავე „დინამო არენაზე“ მეზობელ სომხეთს დავუხვდით და „ერთა ლიგის“ C დივიზიონის გადამწყვეტ მატჩში 1:2 დავმარცხდით, არადა, ისედაც სუსტი მეტოქე საკუთარი ლიდერისა და თანამედროვე სომხური ფეხბურთის უპირველესი ვარსკვლავის ჰენრიხ მხითარიანის გარეშე გვეთამაშებოდა.

 

აღარაფერს ვამბობთ 18 ნოემბრის თბილისურ მატჩზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა აწ უკვე გადამდგარი მთავრი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის გარეშე ჩაატარა, მაგრამ ზეუსუსურ ესტონეთის ნაკრებს მთელი თამაშის განმავლობაში ხეირიანად ერთხელაც ვერ შეუტია და ნულოვან ფრეს დასჯერდა.

 

რა უბედურება სჭირს ქართულ ფეხბურთს და რა გზა არსებობს, რომ პერმანენტულ წარუმატებლობას თავი დავაღწიოთ? – ამ თემაზე ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თბილისის „დინამოს“ ყოფილ კაპიტანს მანუჩარ მაჩაიძეს ვესაუბრებით:

 

– 12 ნოემბერს ძალიან მძიმე მარცხი განვიცადეთ, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო და არ გამკვირვებია! დიახ, კიდევ ერთხელ ახდა ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდი: სანამ ქართული ფეხბურთი შემოქმედებით, ტექნიკურ სტილს არ დაიბრუნებს და მომავალ ფეხბურთელებს ბავშვობიდანვე სწორად არ აღზრდიან, მანამდე არაფერი გვეშველება!

 

– ფეხბურთელების არასწორ აღზრდაში რას გულისხმობთ?

 

– რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში ბავშვებს საშინლად უფერულ და სწორხაზოვან ფეხბურთს ასწავლიან. დღეს ჩვენს ფეხბურთელებს ბევრი ადანაშაულებს, რომ პატრიოტიზმი არ გააჩნიათ, მაგრამ არა მგონია, ამ ბიჭებს სამშობლო არ უყვარდეთ, უბრალოდ, მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან? რაც პატარაობიდანვე ასწავლეს და როგორც აღზარდეს, ისეთ ფეხბურთს თამაშობენ – ბურთის დაჭერა, მეტოქის მოტყუება, შეტევაში წასვლა და კარში დარტყმა არ იციან. 40 წელია, რაც ქართულმა საფეხბურთო სამყარომ ომი გამომიცხადა, გამრიყეს, დღემდე მლანძღავენ და აი, შედეგიც – ქართული ფეხბურთი დაღუპულია!

 

– ე.ი. საქართველოში არასწორ ფეხბურთს თამაშობენ და შედეგსაც ამიტომ ვერ ვაღწევთ?

 

– დღეს ფეხბურთში დასაქმებული ვაი-სპეციალისტები უმთავრეს რამეს არ ითვალისწინებენ – ჩვენ სამხრეთული ქვეყანა და სამხრეთული მენტალიტეტის ხალხი ვართ, რომლისთვისაც ჩრდილოური, რუსული ფეხბურთი არაორგანულია! თავის დროზე, როცა რუსულ საფეხბურთო სტილს ვაკრიტიკებდი, იმას კი არ ვგულისხმობდი, რომ რუსები ცუდი ფეხბურთელები არიან! არა, ბატონო, ძალიან კარგები არიან, მაგრამ ჩრდილოური მენტალიტეტი აქვთ და ფეხბურთსაც შესაბამისად თამაშობენ – ხისტს, ძალისმიერს, არა ტექნიკურს! კიდევ ერთხელ ვაცხადებ – სანამ ქართული საფეხბურთო ფილოსოფია მთლიანად არ შეიცვლება, მანამდე მუდმივი წარუმატებლობისთვის ვართ განწირული!

 

– იმის თქმა გინდათ, რომ დღეს საქართველოს ნაკრები საბჭოურ ფეხბურთს თამაშობს?

 

– დიახ, სწორედ რომ საბჭოურ ფეხბურთს თამაშობენ, თანაც, რუსულ სტილში! ერთი თავდამსხმელი არ გვყავს, რომელსაც 2-3 კაცის მოტყუება და გოლის გატანა შეუძლია, რადგან ბავშვობიდანვე არასწორად ზრდიან, ბურთის ტარებას, დრიბლინგს უკრძალავენ და ფანტაზიას უკლავენ.

 

– კი მაგრამ, ლეგენდარული თბილისის „დინამო“, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელიც თქვენ ხართ, სწორედ საბჭოთა კავშირის დროს არ ქუხდა?

 

– ჩვენ საბჭოთა კავშირში ვთამაშობდით, მაგრამ საბჭოთა ფეხბურთი არასოდეს გვითამაშია! მაშინდელი თბილისის „დინამო“ სამხრეთული ფეხბურთის მიმდევარი იყო, რაც სანახაობრივ, ტექნიკურ თამაშს გულისხმობდა და შემტევ ფილოსოფიას ემყარებოდა. ჯერ კიდევ ოთხი ათეული წლის წინათ, როცა მე ომი გამომიცხადეს და ქართული ფეხბურთიდან გამაგდეს, ამით სწორედ შემტევი და შემოქმედებითი ფეხბურთის წინააღმდეგ გაილაშქრეს. მოკლედ, ქართული საფეხბურთო სკოლა მოიშალა და აი, შედეგიც!

 

– ისე, სატელევიზიო სივრცეში ხშირად ჩანან სახელოვანი ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებსაც სპორტულ გადაცემებში იწვევენ და აზრს ეკითხებიან, თქვენ კი მართლაც არსად გეძახიან. ნუთუ თანამედროვე ქართული ფეხბურთისათვის მანუჩარ მაჩაიძის აზრი საინტერესო არ არის?

 

– საქმე ის არის, რომ ქართული ფეხბურთიდან ჩემი განდევნის პროცესი დღემდე გრძელდება და პერსონა ნონ გრატად ვყავართ გამოცხადებული, მაგრამ ამით მანუჩარ მაჩაიძე კი არა, ქართული ფეხბურთი ზიანდება!

 

– ბევრი იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელები, თბილისის „დინამოს“ ვეტერანები ქართული ფეხბურთის დღევანდელ პრობლემებზე საუბრისაგან თავს იკავებენ, მწვავე განცხადებების გაკეთებას ერიდებიან და ამით ქართულ ფეხბურთსავე უწევენ დათვურ სამსახურს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

 

– ქართული ფეხბურთიდან სწორედ ჩვენმა ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა გამაძევეს, რომელთა უმრავლესობაც თვლიდა, რომ მანუჩარ მაჩაიძე „არასწორი ფეხბურთის“ მქადაგებელი იყო, თუმცა, მათმა „სწორმა ფეხბურთმა“ დღევანდელ კატასტროფამდე მოგვიყვანა. ვეტერან ფეხბურთელებს შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ჩემს შეხედულებას იზიარებენ, მაგრამ პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული, რადგან საერთო აზრის წინააღმდეგ წასვლა არ უნდათ.

 

– ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას სად და რაში ხედავთ?

 

– კობიაშვილი და ის ბიჭები, რომლებიც დღეს ფედერაციას ხელმძღვანელობენ, კარგი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ იმ დონის სპეციალისტები არ არიან, რომლებსაც ქართული ფეხბურთის ფილოსოფიის შეცვლა შეუძლიათ, ამის გარეშე კი არაფერი გამოვა. ფედერაციამ ნაკრების სათავეში როგორი მაღალი დონის მწვრთნელიც არ უნდა მოიყვანოს, შედეგის მომტანი მაინც ვერ იქნება, რადგან დღეს, საფეხბურთო თვალსაზრისით, არასწორად აღზრდილი თაობები გვყავს. სანამ ახალი თაობა სწორი საფეხბურთო ფილოსოფიით არ აღიზრდება და ბავშვებს ტექნიკურ ფეხბურთს არ ასწავლიან, საქმეს არაფერი ეშველება. ამის ლაპარაკის გამო, თავის დროზე, კინაღამ დამიჭირეს და ეს შობელძაღლი ქართული ფეხბურთის სპეციალისტები დღემდე მდევნიან!

 

 

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი