logo_geo
ერეკლე საღლიანი: მწერალი და პოეტი კაცი პოლიტიკაში მოსვლას რომ გადაწყვეტს, ეს არის დიდი უბედურება
- +

9 დეკემბერი. 2020. 20:21

 

 

„თუ მოვიწადინეთ, უსაშველო არაფერია. ჩვენ ადამიანობა, პასუხისმგებლობა, სამშობლოს სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვაკლია. ყველა პოლიტიკოსმა თავის კრედოდ უნდა აქცი ოს აქილევსის სიტყვები, აგამემნონს რომ მიმართავს, შენ იბრძვი ძალაუფლებისთვის, მე ღირსებებისთვისო. ღირსებისთვის ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლებისთვის, ჩვენს ხელისუფლებას მინდა ვუსურვო პოლიტიკური სიქველე, რომელიც ასე საჭირო და აუცილებელია“, – ამბობს ჩვენი სტუმარი პოეტი და მწერალი ერეკლე საღლიანი:

 

– ამ ეპიდემიის დროს ვცდილობ დავიცვა საკუთარი თავი და ოჯახის წევრებიც, იშვიათად გავდივართ გარეთ, ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას და ჯერჯერობით შევძელით თავის დაცვა... ვფიქრობ, მსოფლიო პანდემია შემთხვევითი არ არის, იყო ძნელბედობა ჩვენს ისტორიაში, მაგალითად მოვიყვან მონღოლების ხანას, როცა ჩვენი ეკლესიის პოზიცია სწორი იყო – მეთაურები ხალხს ჩააგონებდნენ, რომ ეს იყო ღვთის სასჯელი ჩვენი საქციელის გამო. რაციონალური და ირაციონალური სამყარო არ არის ერთმანეთისგან გათიშული, პირიქით, ერთმანეთს ავსებენ – ანუ კორონავირუსი იმის გამოძახილია, რაც ჩვენ ჩავიდენთ.

მე–20 საუკუნის ერთ-ერთმა დიდმა მოაზროვნემ თქვა, ადამიანი არის ის, რაც არ შედგაო. გარკვეულწილად არის ამაში სიმართლე და იმისთვის, რომ პანდემია გაქრეს, ადამიანი ავის თავს უნდა დაუბრუნდეს. ეს არის პირველი წამალი, თორემ რამდენი ვაქცინაც უნდა გამოიგონონ, არ უშველის. უპირველესად, უნდა გავათავისუფლოთ საკუთარი თავი შემბოჭავი მარწუხებისგან. ცხოვრების წესი, რომელიც დღეს დედამიწაზეა გამეფებული, ადამიანს აიძულებს მოლიპული გზებით იაროს. ეს მის სულში ილექება, ბოლოს კი ცოდვები, რომლებიც ჩვენ გარშემო ტრიალებს, გარსს იკეთებს და სულიერ სამყაროში ადის. ქართველები ბედნიერი ხალხი ვართ იმით, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული აღმსარებლობა გვაქვს. უნდა დავუბრუნდეთ დედაეკლესიას, ვიცხოვროთ ღვთის კანონებით...

– ყველა მოვლენას ახლავს როგორც უარყოფითი, ისე დადებითიც – პოზიტივი თუ მოგიტანათ ეპიდემიამ?

 

– უფრო ჩავუღრმავდი საკუთარ თავს, ჩემს ხარვეზებს, ცოდვებს და ვცდილობ მათ გამოსწორებას. პოზიტიური იყო ისიც, რომ ეს პერიოდი შემოქმედებითად ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, ბევრი ლექსი დაიბადა.

 

– პოლიტეპიდემიის გარდა, კრიზისია თითქმის ყველა სფეროში, როგორ უნდა დაიძლიოს პოლიტიკური კრიზისი?

 

– როცა ხელისუფლების სათავეში ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია – არ შეიძლება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის ხუშტურზე იცეკვო. რასაკვირველია, ოპოზიციამაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს... ყველამ კარგად დაინახა, როგორ ჩატარდა არჩევნები. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ვაჟკაცობა საკუთარი შეცდომების აღიარებაა და ეს ნებისმიერ ხელისუფლებას აკლდა, დათმობაზე უნდა წავიდეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ხომ გახსოვთ გენიალური სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“? ბავშვი თავისკენ უნდა გადაქაჩონ დედამ და ძიძამ და მას ძიძა უშვებს ხელს, გასაგლეჯად ხომ არ გავიმეტებ ბავშვსო... ხელისუფლებას მინდა ვუსურვო იმ ძიძის როლში ყოფნა და არა ვაიმშობელი დედის როლში, რომელმაც გასაგლეჯად გაიმეტა შვილი.

 

– საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ერეკლე საღლიანმა პოლიტიკაში წასვლა?

 

– მწერალი და პოეტი კაცი პოლიტიკაში მოსვლას რომ გადაწყვეტს, ეს არის ქვეყნისთვის დიდი უბედურება. რა თქმა უნდა, ეს საამო გადაწყვეტილება არ ყოფილა. ალბათ, იმიტომ გადავწყვიტე, რომ აუცილებელია პოლიტიკაში ეროვნულმა ძალებმა მოიყარონ თავი. ეს იყო მთავარი მიზეზი და ნამდვილად არ მეპარება ეჭვი, რომ მე ერთ-ერთი ეროვნული კაცთაგანი ვარ.

 

– როგორც ამბობენ, ამქვეყნიური ჭირ-ვარამი ყველაზე მეტად პოეტებში აღიბეჭდება. თქვენში როგორ აღიბეჭდა ეს ყოველივე?

– ერთ-ერთ ბოლო ლექსთაგანს გეტყვით, რომელსაც „ადამიანი“ ჰქვია: „გძრახავს ხმა ცათა ჩენილთა/ ხარ უმწეოც და დიადიც/ გარჯით, ოფლითა შენითა/ უნდა შეირგო ხმიადი/ იტანჯები დ ევნები, /დამცველი მაინც გიცავსა/ ღმერთი გრძნობს/ როცა ცრემლებით/ დაალბობ დედამიწასა“.

პოლიტიკოსების უმეტესობას უსინანულობა ღუპავს, დადიან ეკლესიებში, მაგრამ უფრო ფორმალურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი აუცილებლად მათ ქმედებებში აისახებოდა.

 

ნანა ფიცხელაური

 

 

 

big_banner
არქივი