logo_geo
თამუნა გომართელი: მე და ჩემს ქმარს ბედნიერების ორი კვირა მხოლოდ ზაფხულში გვქონდა
- +

3 იანვარი. 2021. 00:02

 

 

თამუნა გომართელი რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ ტელევიზიას დაუბრუნდა, მაგრამ უჩვეულო სამუშაო გარემოში, სადაც ნიღბებით, ფარებით უწევს ყოფნა და ზრუნვა იმაზე, რომ დაზაფრული ადამიანები ცოტათი მაინც გაახალისოს, დადებითი განწყობა შეუქმნას.  პანდემიამ თამუნა სხვა გამოწვევის წინაშეც დააენა, ქმართან ხშირი განშორებები უწევს. როგორ უმკლავდება წყვილი ამ სირთულეს, ამის შესახებ თამუნა გვიამბობს.

 

– თამუნა, სულ რამდენიმე თვეა, რაც ტელევიზიაში დაიწყეთ მუშაობა. მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით „მაესტროს“ დილის გადაცემაში.

 

– ხომ არის ჩვენს ცხოვრებაში დღეები, რომლებიც ძალიან სასიამოვნო კადრებად გვრჩება გონებაში და ყოველი გახსენებისას ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს პეპლები დაფრინავენ მუცელში. აი, ზუსტად ასეთი დღე იყო პირველი ოქტომბერი, ეთერში ჩემი დაბრუნების პირველი დღე. „მაესტროზე“ მუშაობის დაწყება ორმხრივი სურვილის შედეგია, როგორც ჩემი, ასევე ტელეკომპანიის ხელმძღვანელების, ჟურნალისტობა არა მარტო საქმე და პროფესიაა, ის გაცილებით მეტია, ცხოვრების წესია. თითქმის 10 წელი ამ საქმესთან დისტანცირება მომიწია, რასაც ძალიან ვნანობ, თუმცა შეცდომების გამოსასწორებლად გვიანი არასოდეს არის და ეს მე შევძელი.

 

– ტელეეთერიდან საკმაოდ ენერგიულ და ხალისიან განწყობას ქმნით. როგორც ჩანს, არ გაგიჭირდათ ძველი ამპლუაში დაბრუნება.

 

– ნამდვილად ისე ვარ, როგორც თევზი წყალში. ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. როგორიც ცხოვრებაში ვარ, ზუსტად იგივენაირი ვარ ეთერში – ნატურალური, „ბიო პროდუქტი“ ზედმეტი ხელოვნურობისა და დეკორაციების გარეშე. ალბათ, ბუნებრიობაა ის, რაც მაყურებელს ჩემგან მოსწონს, ელის და იღებს. მათგან ყოველთვის განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობდი და ახლაც ასეა. ჟურნალისტისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

 

– დილის ეთერისთვის თავად ირჩევთ თემებს?

 

– ახლა დადებითი ემოცია მართლა ჰაერივით გვჭირდება. დილის ეთერში გასვლა ზოგს იოლი ჰგონია, არადა ურთულესი საქმეა. თემები დიდი სიფრთხილით უნდა დაიგეგმოს, ოპტიმალური შუალედი უნდა დაიჭირო – არც დაამძიმო, არც გააყვითლო, არც გადატვირთო და არც გამოაცარიელო.

 

ამ საკითხების გადაჭრისთვის საუკეთესო გუნდთან ერთად ვმუშაობ. როცა შენს ეთერს დღეში მილიონნახევარი ნახვა აქვს, ეს კარგი დაგეგმვის შედეგია.

 

– ალბათ, არაფერი უნდა გკითხოთ კონცერტებზე, რომლებიც თქვენ მიგყავდათ, რადგან კოვიდ პანდემია ყველაზე მწვავედ შოუბიზნესს, კულტურის სფეროს შეეხო და ყველაფერი შეჩერდა.

 

– ამ მხრივ, სრული ლოკდაუნია. ბოლო კონცერტი ზუსტად ერთი წლის წინ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე წავიყვანე. 2020 წელს ერთადერთი კონცერტი მქონდა ზაფხულში, ივლისში, რომელიც თბილისის მერიისა და კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის ორგანიზებით ღია ცის ქვეშ გაიმართა. პანდემიამ შოუბიზნესი ძალიან შეაფერხა, მაგრამ პლანეტის მტერს მალე დავამარცხებთ და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ. ზოგჯერ რაღაცის ფასი რომ გავიგოთ, განსაცდელი უნდა გამოვიაროთ.

 

– საკუთართან ერთად ახლობლების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც გვიწევს, როგორ იცავთ მშობლებს კორონავირუსისგან?

 

–  ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა, მთელი ზამთარი მშობლებთან ჩახუტება მენატრებოდა. კარანტინის დროს ფეხით ბევრს დავდიოდი. ჩემი სახლიდან სეირნობით მივუყვებოდი გზას მშობლების სახლისკენ, მაგრამ არ ავდიოდი, აივნიდან გადმომდგარებს შევცქეროდი და ეს ერთადერთი შვება იყო ჩემთვის. ახლა მშობლებთან კონტაქტს ისევ მაქსიმალურად ვერიდები, ტელეკომპანია მაინც სახიფათო ზონაა, უამრავ ადამიანთან გვაქვს ხშირი შეხება. მუდმივად ნიღბებით, ფარებით აღჭურვილები დავდივართ, ყველაფერი კონტროლდება, დეზინფექცია უტარდება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ.

 

– მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ყოველთვის ამბობთ, რომ სტრესსა და დეპრესიას არ ცნობთ.

 

– ნამდვილად ასეა, დეპრესია ჩემთან ვერ მეგობრობს, უკანმოუხედავად გარბის, სრული ექსტრავერტი ვარ – ხმაურიანი და ემოციური. დარდს და წუხილს მირჩევნია, იმაზე ვიფიქრო, რითი გავხადო ჩემი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო და სასიამოვნო.

 

– პანდემიის გამო ხშირად ქმრის გარეშე გიწევთ თბილისში ყოფნა, როგორ ეგუებით ამას?

 

– ჰო, ეს ჩემი ყველაზე სუსტი წერტილია, როცა მარტში პანდემია დაიწყო და ჩვენს ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, ჩემი მეუღლე თავის საფეხბურთო საქმეებზე მივლინებით იყო წასული ჯერ ავსტრიაში, შემდეგ – თურქეთში, მნიშვენლოვანი შეხვედრები ჰქონდა კლუბებთან, კოლეგა სკაუტებთან და ფეხბურთელებთან. საკმაოდ დიდხანს ჩარჩა იქ, ჩამოსვლის შემდეგ სავალდებულო კარანტინი გაიარა და ისევ ცალ-ცალკე ვიყავით.

 

ერთადერთი ბედნიერი ორი კვირა გვქონდა ზაფხული და ზღვაზე ერთად გავატარეთ. ამის შემდეგ ისევ გაფრინდა მივლინებით და ორ თვეში დაბრუნდა.

 

ამჟამად თბილისშია, მაგრამ ახალი წლის შემდეგ კვლავ წასვლა მოუწევს. სხვა გზა არ არის, ცხოვრების ამ წესს ვეგუებით. არც მეუღლე მზღუდავს, როცა საქმე ჩემს პროფესიას ეხება და არც მე ვზღუდავ თავის საქმიანობაში. ვფიქრობ, ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა, ალბათ ამიტომ გვიყვარს და გვენატრება ერთმანეთი სულ პირველ დღესავით.

 

ხათუნა მაღრაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი