logo_geo
გოჩა კაპანაძე: არა მარტო „კოვიდია“ საშიში ვირუსი, არამედ სულის გაუხეშებაც, რომელსაც მე „გულგრილობის ვირუსი“ დავარქვი
- +

8 იანვარი. 2021. 11:57

 

  

მსახიობი, რეჟისორი და ცხინ­ვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე თვლის, რომ ხელოვანს მუდმივად აქვს პროტესტის გრძნობა, ყოველთვის არის მეამბოხე და გრძნობს, რაზე ფიქრობს მაყურებელი. დედის რომელი დარიგება ახსოვს დღემდე? რატომ აღმოჩნდა მისთვის ნაყოფიერი კარანტინის პერიოდი? რას მიიჩნევს ქართველი პოლიტიკოსების ნაკლად? – რეჟისორმა ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხა.

 

 

ხშირად ვფიქრობთ წარსულზე და ბევრ რამეზე გულიც გვწყდებათქვენ რა გასწავლათ განვლილმა წლებმა?

 


ბევრი რამ... გადაფასებისა და მოთმინების უნარი შევიძინე, მოვლენებს უფრო გონების თვალით ვაფასებ, ვიდრე ცხელი გულითა და ემოციებით, განვლილ ცხოვრებაში რაც კარგი იყო, იმის დანახვაც შევძელი და შეცდომებისაც. შეცდომაც და წარმატებაც ჩემი ცხოვრების ნაწილია და მიხარია, რომ მნიშვნელოვანი შეცდომები არ დამიშვია, ამიტომაც მხოლოდ პატარ-პატარა კორექტივებს თუ შევიტანდი წარსულში. მთავარია, შენი ცხოვრების წესით ახლობლებს ტკივილი არ მიაყენო.

 

 

განსაკუთრებული ადამიანი, ამბავი, რომელიც დღემდე გახსოვთ...

 

 

დედა, ბებია, მამიდამათგან ბევრი ადამიანური თვისება გამომყვა.

მათი დარიგებები­ დღემდე მახსოვს. პროფესიონალურ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გიზო ჟორდანიამჩემმა­ პედაგოგმა და მთელმა თეატრალურმა სამყარომ. ჩემი სტუდენტობის პერიოდი ოქროს ხანა იყო, რადგან არაერთი არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა. ოჯახზე მეტ დროს ინსტიტუტში ვატარებდი. ხშირად მითქვამს, რომ ბატონი გიზო მამად მიმაჩნდა. სამყაროს აღქმასა და საინტერესო მხრიდან დანახვაში, გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ასევე გენიალურმა კინოოპერატორმა ლომერ ახვლედიანმა და მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნანა ავალიშვილმა. შეიძლება ითქვას, მათ ოჯახში დავღვინდი. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს მწერლებმა, მხატვრებმა, რეჟისორებმა, მუსიკოსებმა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, როგორს გაგაჩენს განგება და როგორს მიიღებ სამყაროს, რომელიც ძალიან ლამაზია თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით.

 

 

პრინციპი, რომელსაც არასდროს ღალატობთ...

 

 

არ მიყვარს ღალატი, ტყუილი, სიტყვის გატეხა. თუ ვინმეს რამეს დავპირდები, უნდა გავაკეთო. სუფთა ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს, მათგან მუდმივად რაღაცას ვსწავლობ. ერთ­ხელ დედაჩემმა მითხრა, არ უსურვო ადამიანს ის, რაც არ გინდა, შენ გაგიკეთონო. სულ ვცდილობ, ასე მოვიქცე... დღეს საუბედუროდ, გაუხეშდნენ, გაცივდნენ ადამიანები, თითქოს შევეჩვიეთ სიკვდილის­ გამოცხადებულ ქრონიკას. ჩვეულებრივ სტატისტიკად იქცა ვიღაცის გარდაცვალება, დაგვიჩლუნგდა აღქმისა და ემოციების გამოხატვის­ უნარი. ყოველდღე კო­ვიდით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას ვისმენთ, მაგრამ ეს რიცხვები თითქოს მხოლოდ მათემატიკაა და მეტი არაფერი. ეს საშინელებაა! ამ რიცხვების უკან ხომ ადამიანური ტრაგედიები და უდიდესი ტკივილია... არ ვიცი, საით მივექანებით, ან სად მიგვიყვანს ასეთი უგულობა. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც ფასი ჰქონდა დედმამიშვილობას, ნათესაობას, მეზობლობას, მეგობრობას. ასე გავიზარდეთ ყველა. დღეს კი შეიძლება იცხოვრო კორპუსში ისე, რომ მეზობელს არც კი იცნობდე. თუმცა, მე ყველა მეზობელს ვიცნობ და ვცდილობთ, ერთმანეთს რთული პერიოდი გადავატანინოთ. გულღია ადამიანი მეტ ურთიერთობას ითხოვს, ჩაკეტილს კი მხოლოდ საკუთარი პრობლემები აღელვებს, მისთვის ურთიერთობა ზედმეტი ტვირთია.

 

 

ვფიქრობ, პანდემიამ უფრო გამოკვეთა ეს პრობლემა...

 

 

ასეა. გამოკვეთა ადამიანების სიმარტოვის, თვითგადარჩენისა და სხვის მიმართ გულგრი­ლობის პრობლემაც, თუმცა, საბედნიეროდ, არის სხვა მაგალი­თებიც, ერთმანეთზე ზრუნვის. არა მარტო კოვიდია საშიში ვირუსი, არამედ სულის გაუხეშებაც, რომელსაც მეგულგრილობის ვირუსიდავარქვი. გულგრილი ადამიანი, მგონი, ყველაზე უბედურია. შეიძლება ყველაფერზე არ გქონდეს რეაქცია, მაგრამ არის რაღაც, რასაც გვერდს ვერ აუვლი. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ალბათ, უფრო საინტერესო იქნება ცხოვრება, ტექნოლოგიები განვითარდება, ადამიანური თვისებები კი, რითაც ჩვენ ცხოველებისგან გამოვირჩევით, შეიძლება მთლად ნიველირდეს. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ სამყარო თითქოს აქეთ მიემართება. იმედი მაქვს, განგება მთლად არ გაგვწირავს.

 

 

საინტერესოა, თქვენს სათქმელს როდის ამბობთ უკეთმსახიობის თუ რეჟისორის ამპლუაში?

 

 

მთავარ სათქმელს რეჟისორი ამბობს, მსახიობი კი პერსონაჟის ხასიათს ქმნის. როდესაც სპექტაკლს დგამ, პიესის არჩევიდანვე ჩანს შენი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, ჩანს შენი პროტესტი თუ ლოიალობათუ დგამ კლასიკას, ისეთს, როგო­რიც არისყვარყვარე თუთაბერი“, ხდები გლობალურიყვარყვარიზმისგამხმოვანებელი, მაგრამ თუ ყვარყვარეს როლს თამაშობ, მხოლოდ ამ პერსონაჟს განასახიერებ და ამას აკეთებ ისე, როგორც გენიალურმა დრამატურგმა­ პოლიკარპე კაკაბაძემ დაწერა, ან თამაშობ პერსონაჟს რობერტ სტურუას დადგმული სპექტაკლიდან, როდესაც ყვარყვარე ხან ჰიტლერია, ხანნაპოლეონი, ხანსტალინიდიქტატორების, მედროვეთა­ მხატვრული გალერეა შექმნა რეჟისორმა. ამიტომაც მგონია, სათქმელის თქმა რეჟისორის ამპლუაში უკეთესად შეიძლება.

 

 

ალბათ, ძალიან მოგენატრათ თეატრი, კოლეგები...

 

 

მარტო მე კი არა, ყველას­ მოგვენატრა. ეს არის ჩვენი პროფესია, ადგილი, სადაც ერთმანეთსა და ჩვენს საქმეს სიყვარულს ვუხსნით. დარწმუნებული­ ვარ, კვლავ ბევრი საინტერესო სპექტ­აკლი დაიდგმება. ვფიქრობ, ვაქცინის გარდა ბევრი სხვა აღმოჩენაც­ იქნება მედიცინაში და მალე არაერთი უკურნებელი სნეულება დამარცხდება. კმაყოფილი ვარ, რომ ეს პერიოდი უქმად არ გამიტარებიახშირად ვსაუბრობდი კოლეგებთან, ბევრი ახალი წიგნი წავიკითხე და ბევრი იდეაც გამიჩნდა. ვფიქრობ, ამ მხრივ კარანტინის პერიოდი ნაყოფიერიც კი იყო.

 

 

როგორია თქვენი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი?

 

 

პოლიტიკოსებმა ხშირად რომ იფიქრონ, როგორი ქვეყნის აშენება გვინდა, კარგი იქნება. ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი მხოლოდ საკუთარ კუჭზე ფიქრობს, თავისი ჯიბიდან იყურება და ავიწყდება ხალხი, ქვეყანა, იდეოლოგიაის ფუნდამენტური საფუძველი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყანა. შეჭირვებულ ხალხს მოთმინების ფიალა თუ აევსო, უმართავი გახდება, ეს კი არავის სურს. სამწუხაროდ, ხანდახან ჩვენი პოლიტიკოსები საკუთარ ამბიციებს აყოლებენ ყველაფერს. მესმის, შეიძლება ადამიანებს ერთმანეთის არ ესმოდეთ, ერთმანეთი არ მოსწონდეთ, მაგრამ დგება გადამწყვეტი მომენტი, როცა პოზიციაც და ოპოზიციაც ერთმანეთის გვერდით უნდა დადგეს ქვეყნის საკეთილდღეოდ. ეს არ გვესმის, არ ვითვალისწინებთ არც იმ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომელშიც ვართ და არც ჩვენი დიდი მეზობლის პოლიტიკურ ინტერესებს. გასათვალისწინებელია ქართული ბუნებაც, რომელსაც შეუძლია შვას გენიალური რუსთაველიც, ფიროსმანიც, გალაკტიონიც და სტალინი და ბერიაც... ჩვენი ხასითის ორპოლუსიანობა ძალიან საგულისხმოა, ამიტომაც ყველამ უნდა დავივიწყოთ საკუთარი ამბიციები და მივხედოთ ქვეყანას!

 


ნინო ჯავახიშვილი

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი