logo_geo
„სააკაშვილმა ჩემს გასანადგურებლად ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენა“ - სად არის და რას საქმიანობს ლევან მამალაძე
- +

22 იანვარი. 2021. 11:53
"80 წლის დედა მყავს საქართველოში და ამ ჟამიანობისას მის გვერდით რომ არ ვარ, ეს მიკლავს გულს"
 
 
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი­ ლევან მამალაძე 2003 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის გაასამართლეს. სასამართლომ­ მაშინ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.­ თავად ამბობს, რომ სააკაშვილმა შავი პიარით მისი განადგურება დაგეგმა: "ოქროს ზოდებისა და რაშების შესახებ ყურისმომჭრელი ჭორები გამივრცელეს მოსყიდული მედიით, რომ გაბრუებული საზოგადოება ჩემს
 
განადგურებას ოვაციებით შეხვედროდა".


ლევან მამალაძე ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. შეწყალების თხოვნით არაერთხელ მიმართა პრეზიდენტს, მაგრამ უშედეგოდ. მისი "ფეისბუკის" სტატუსიდან ჩანს, რომ მოუთმენლად ელოდა ამნისტიასაც, მაგრამ იმედი ისევ გაუცრუვდა."ახალი წელიც ისე მოვიდა, რაიმე ხალისის განწყობა არ მქონია, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ქმნიდნენ საახალწლო გარემოს! 

 

საღამოობით დედაჩემის გამოგზავნილ გურულ სანთლის არაყს შევექცეოდი და თუ ფიქრების გაღრმავების სურვილი მიჩნდებოდა, ნაზი დეიდას მეგრული ჭაჭით ვახერხებდი ამას!.. შარშან მთელი წლის განმავლობაში ვეცადე, როგორმე მიმეღწია სამართლიანობისთვის. მრავალგზის მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. იმედი მქონდა, გაითვალისწინებდა ჩემი ოჯახის მდგომარეობას და პანდემიის პირობებში მაინც მომეცემოდა საშუალება 80 წლის დედის გვერდით ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, მისი ყურადღება ვერაფრით მივიქციე. ყურადღებით წავიკითხე ამნისტიის პროექტიც, მაგრამ რა ვქნა! დეზერტირი არ ვყოფილვარ, ტრანსპორტით არავინ დამიზიანებია, უკანონოდ თევზი არ დამიჭერია და საბუღალტრო წიგნები არ შემიდგენია, არც ძლიერმოქმედი პრეპარატები დამიმზადებია და გამისაღებია. ასე რომ, კოდექსის 194-ე და 338-ე მუხლებს, იმას, რაც სააკაშვილმა გააფორმებინა სასამართლოს 17 წლის წინ, ამნისტიის ახლანდელი პროექტი არ ითვალისწინებს!.. მაგრამ არ ვარ პესიმისტი, მაქვს იმედი, რომ სამართალი თავის გზას იპოვის და 2021 წელს თქვენთან ერთად ვიქნები!". "კვირის პალიტრა" ლევან მამალაძეს დაუკავშირდა:

- 18 წელია, ველოდები სამშობლოში­ დაბრუნებას და საშველი არ დაადგა. პანდემიამ უამრავი ადამიანი შეიწირა. 80 წლის დედა მყავს საქართველოში და ამ ჟამიანობისას მის გვერდით რომ არ ვარ, ეს მიკლავს გულს. ამნისტიას ველოდი, მაგრამ­ ამაოდ. იქ ისეთი მუხლებია, ვერც კი დავიჯერებდი, რომ ამისთვის ვინმე ციხეში ზის. უკანონი თევზჭერა, ნადირობა, საბუღალტრო წიგნის არასწორი წარმოება - ეს ჯარიმებით უნდა გვარდებოდეს. ამნისტია პოლიტიკური აქტია და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნისა და ხელისუფლების ვალდებულებების შესატყვისი უნდა იყოს. "ოცნებამ" უმთავრეს ამოცანად ტირანიის დამარცხება და სამართლიანობის აღდგენა­ გამოაცხადა. სააკაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებდა, რამდენი ადამიანი მოკლეს, აწამეს და გააუბედურეს!

 

ივანიშვილმა შეუძლებელი შეძლო და მოძალადე მმართველობა ქვეყანას ჩამოაშორა, სამართლიანობაც აღადგინეს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე. იმედი მქონდა,­ რომ ახალი პარლამენტი სამართლიანობის აღდგენის პროცესს დაასრულებდა. თეა წულუკიანის განცხადებამაც დამაიმედა, ახალი ამნისტიის პროექტი უნდა გაფართოვდეს და მუხლები დაემატოსო. მე იურიდიული განათლება მაქვს და მოვამ­ზადე დასამატებელი მუხლების რამდენიმე ვარიანტი. ამნისტია უნდა შეხებოდა ყველა იმ მსჯავრდადებულს, ვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაც ძალაში შევიდა 2012 წლის 11 ოქტომბრამდე, ანუ სააკაშვილის პერიოდში გასამართლებულებს, გარდა იმ პირებისა, ვინც ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა, ტერორისტული აქტი, ან საზოგადოებისთვის საშიში სხვა დანაშაული. ასევე­ ნასამართლობა უნდა მოეხსნათ მათთვის, ვინც 2012 წლის 28 დეკემბრის პირველი ამნისტიით გათავისუფლდნენ. მიუხედავად პარლამენტარების მცდელობისა, ეს წინადადება არ გაიზიარეს. უცნაური ვითარება შეიქმნა - იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტარი თეა წულუკიანი არ იყო ჩართული კანონის შედგენაში. მან მოინდომა კანონპროექტის დახვეწა, მაგრამ მისი გაფართოება ვერ მოახერხა!.. სამართლიანობის აღდგენის დასრულება კი ახალარჩეულმა პარლამენტმა არ მოინდომა...

 

- პრეზიდენტ ზურაბიშვილს არაერთხელ­ მიმართეთ შეწყალების თხოვნით, ცნობილმა ადამიანებმაც მიმართეს... პასუხი არ მიგიღიათ?

- გახსოვთ, ალბათ, მკვლელების შეწყალების გამო საზოგადოებამ უკმაყოფილება­ გამოთქვა და პრეზიდენტმა მკვეთრად შეკ­ვეცა შეწყალების აქტების გამოცემა, მაგ­რამ საზოგადოებას არ უთქვამს, საერთოდ აიკრძალოსო. ოპერატიულად გაფორმდა შეწყალებები ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების მოთხოვნით. ამ ნაბიჯებმა გამიღვივა იმედი, რომ თუკი პრეზიდენტი­ საზოგადოების მხარდაჭერას დაინახავს, გაუადვილდება ჩემი შეწყალება. ჩვენ არ მიგვიმართავს­ არც აშშ-ის კონგრესისა და არც ევროპარლამენტისთვის! სამ დღეში 4 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, პეტიცია მიეწოდა პრეზიდენტს, მას მიმართეს ცალკეულმა ჯგუფებმა, პარლამენტარებმა,­ საზოგადო მოღვაწეებმა, მაგრამ მისი ყურადღება ვერაფრით მივიქციეთ. ახლაც მგონია, მან ერთი განცხადებაც რომ წაიკითხოს, დარწმუნდება, რომ ჩემი საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორების კლასიკური მაგალითია, გულთან მიიტანს თხოვნას და ამ პანდემიის პირობებში მომცემს საშუალებას, დედის გვერდით ვიყო.

- როგორც ვიცი, პრეზიდენტ გიორგი­ მარგველაშვილს პირადად ესაუბრეთ ამ საკითხზე... მან რა გიპასუხათ?

- არც კი მინდა გავიხსენო­. მითხრა, შეწყალებას ლმობიერებისთვის ვიყენებ და პოლიტიკურ თემებს ვერ შევეხებიო. სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სტრუქტურებში დღესაც სააკაშვილის თანამოაზრეები არიან და ჩემი საკითხის განხილვას­ ყველა თავს არიდებს. ეშინიათ, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და რეპრესიებისთვის ზოგიერთი ჩინოვნიკის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. ეს ავუხსენი მარგველაშვილს, მაგრამ როგორც დრომ გვიჩვენა, თვითონ აღმოჩნდა ძალადობრივი რეჟიმის თანამოაზრე...

- პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა, თქვენ და თქვენი ოჯახი როგორ ცხოვრობთ?

- პანდემიამ მართლაც ყველაფერი­ შეცვალა... ჩემი ოჯახიც იმ წესით ცხოვრ­ობს, რასაც კარ­ანტინი ითვალ­ისწინებს,­ მაგრამ, ვირუსი­ არც ჩვენ აგვცდა. მე ცოტა მძიმედ გად­ავი­ტანე,­ შვილებმა და მეუღლემ - მსუბუქად. ღვთის წყალობით, ახლა კარგად ვართ!

 
- სად ცხოვრობს და რას საქმიანობს დღეს ლევან მამალაძე?

- ბევრი სირთულე გადავიტანეთ ოჯახმა, ადგილსამყოფლის შეცვლაც ხშირად­ გვიწევდა. ამჟამად ტეხასში ვარ, ამერიკაში. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ექსპერტი ვარ და, ძირითადად, კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე ვმუშაობ. ასევე ვარ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი.

- სტატუსში წერთ, საღამოობით დედაჩემის გამოგზავნილ გურულ სანთლის არაყს შევექცევი და თუ ფიქრების გაღრმავების სურვილი მიჩნდება, ნაზი დეიდას მეგრული ჭაჭით ვახერხებ ამასო, საქართველოდან ხშირად­ ჩამოგდით ნობათი? გვიამბეთ დედაზე, ნაზი დეიდაზე და იმაზე, რაზეც ყველაზე ხშირად ფიქრობთ. რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

- ნობათს იშვიათად ვიღებთ, რადგან­ გამოგზავნა გართულებულია. საახალწლოდ მივიღე მჭადის ფქვილი, სანთლის არაყი, თაფლი, ჭაჭა და ჩურჩხელ-ჯანჯუხები. წაბლის თაფლი მიყვარდა ბავშვობაში და დედაჩემმა სწორედ ასეთი გამომიგზავნა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, სამშობლოს სურნელი ტრიალებდა და მოგონებები მიღრმავდებოდა. ქალბატონი ნაზიბროლა ქობალია ჩვენი ახლობელია, უკეთილშობილესი ადამიანია, რომლისთვისაც სიკეთის კეთება ცხოვრების მთავარი წყაროა. სამართლიანობის აღდგენაზე გული მქონდა აცრუებული და სწორედ ნაზი დეიდას დამსახურებაა, რომ იმედი დამიბრუნდა. მისი გამოგზავნილი ჭაჭა ისეთია, მკვდარს გააცოცხლებს, ასე რომ, წამლად მაქვს შემონახული... ძალიან განვიცდი, რომ ამ პანდემიის დროს ასაკოვანი დედის გვერდით არ ვარ. დედამ პრეზიდენტს რამდენჯერმე მიმართა, რეაგირება რომ არ მოჰყვა, ამბობდა, მაგას წერილი არ წაუკითხეს, თორემ­ ასეთი უგულობა გამორიცხულია. წავალ და მის ადმინისტრაციასთან დავჯდები, როგორ არ შემხვდება 80 წლის ქალსო! ძლივს გადავაფიქრებინეთ. ვერ ვიჯერებთ, რომ ამდენი მიმართვის შემდეგ პრეზიდენტი დუმს. განვიცდი, რომ დედაჩემს ვერ ვეხმარები, სულ იმის მეშინია, რამე არ მოხდეს...

ლევან მამალაძე დედასთან ერთად
 
- თქვენი ოჯახის წევრები თუ ჩამოდიან საქართველოში?

- ჩემს უფროს ვაჟს, ნიკას, 18 წელი რომ შეუსრულდა, საქართველოში წავიდა.­ მისთვის ეს სანუკვარი­ ოცნება იყო. თბილისის აეროპორტში, როგორც ფილმ "ფესვებშია" ისე დახვდნენ ჩვენი­ ახლობლები... ჩემმა მეუღლემ სამივე ისე გაზარდა,­ ქართუ­ლად გამართულად ლაპარაკობენ. სამშობლო მათთვის ყველაზე წმინდაა. ანა-მარია იურიდიულ კომპანიაში მუშაობს და ადვოკატის კვალიფიკაციის მისაღებად ემზადება, ნიკა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი გახდა და ახლა საერთაშორისო არბიტრაჟის განხრით დოქტორანტურაში სწავლობს, უმცროსი ვაჟი ლეგა უნივერსიტეტში მე-3 კურსზეა, ტურიზმისა და სასტუმრო მენეჯმენტს სწავლობს.

- ბევრჯერ გითქვამთ, რომ თქვენ მიმართ გამოთქმული ბრალდებები სიცრუეა და რომ სააკაშვილმა რეპრესიები მოუწყო თქვენს ოჯახს. იმასაც ამბობდით, მას ჩემი ლიკვიდაციაც სურდაო, როგორ ფიქრობთ, რა არ გაპატიათ?

- სააკაშვილი ყოველთვის კონკურენტად აღმიქვამდა, სამჯერ გამექცა პირდაპირი ეთერიდან დებატებისას. მე ვითხოვდი­ ყველა დეპუტატობის კანდიდატის ფსიქიატ­რიულ და ნარკოლოგიურ შემოწმებას. ამის გარეშე მანქანის მართვის უფლებას ვერ მიიღებთ და ქვეყნის მართვა ხომ უფრო საპასუხისმგებლოა?! მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი იყო. როცა იუსტიციის მინისტრი იყო, ჩვენ არ მივეცით­ საშუალება, სახელმწიფო საწარმოები - მადნეულ-კვარციტი გაეკოტრებინა და უცხოელებისათვის მიეცა. მას ამაში რამდენიმე მილიონი ჰქონდა აღებული. ჩვენ სახელმწიფოს შევუნარჩუნეთ ეს საწარმოები, სააკაშვილმა კი პრეზიდენტობის მეორე დღესვე 1 ლარად რუსულ კომპანიას­ გადასცა მადნეულ-კვარციტი, ბიძამისი ოფშორის მეშვეობით წილში ჩაუსვა, მე კი მოსყიდული­ მედიით ოქროს ზოდებსა და ნიანგებზე ჭორები გამივრცელა, ზოგს დღესაც სჯერა ამ ზღაპრების. სააკაშვილმა ჩემს გასანადგურებლად ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენა, გაუგონარი ტყუილები დამაბრალა, ჩემი ოჯახის მიმართ სისხლიანი რეპრესიები განახორციელა, რასაც მამაჩემის, ჩემი ბიძის და ახლობლების სიცოცხლე შეეწირა. მეუღლე მცირეწლოვანი ბავშვებით ქუჩაში გამომიგდო და ჩემი უკანონო დევნა დაიწყო. შანტაჟის და მუქარის გამო იძულებული გავხდი, ოჯახი საქართველოდან გამეხიზნა. არავის ვუსურვებ, გამოცადოს ის, რაც ჩვენ გავიარეთ... ახლა მიშა ყველაფერზეა წამსვლელი, სკამი­ რომ დაიბრუნოს, არც ქვეყანას დაინდობს და არც ხალხს!

- ცნობილია, რომ ინტერპოლმა წლების წინ შეწყვიტა თქვენი ძებნა. დღეს გაქვთ პოლიტიკური დევნილის სტატუსი?
- დევნილის სტატუსი 2004 წლის 2 აგვისტოდან მაქვს. როცა ჩემი საკითხი­ შეისწავლეს, უკრაინამ მომანიჭა ეს სტატუსი.­ მიუხედავად ამისა, 2012 წლის ბოლოს, როცა საქართველოს პარლამენტში პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სია დგებოდა, მე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ამომიღეს ამ სიიდან. ინტერპოლმა თვითონ გააუქმა ძებნა, როცა ჩემს საქმეს გაეცნო. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი დამოკიდებულება ვერავისგან დავინახე, არადა, ყველას განვუცხადე, რომ პოლიტიკა და თანამდებობრივი ლტოლვა არ მაინტერესებს, მე მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება მინდა.
 
big_banner
არქივი