logo_geo
გოგა პიპინაშვილი: შეიძლება, ძალიან ცუდი კაცი ვარ, პირველად რომ ვამბობ ამას, მაგრამ...
- +

12 აპრილი. 2017. 20:42


გვიშველეთ, დაგვეხმარეთ, ვიღუპებით _ დაახლოებით ასეთია დღეს თეატრალური ბომონდის პათოსი... ქართულ კულტურას დახმარება რომ სჭირდება, უდავოა, თუმცა საკითხავია, რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ ასეთი შემართებით?! შეიძლება იმიტომ, რომ ,,ყელში ამოუვიდათ'', მაგრამ თუ ვიღაცები დღეს ალაპარაკდნენ, თუნდაც თეატრში არსებულ პრობლემებზე, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც ამას მუდმივად აღნიშნავდა. კი ბატონო, არავინ დავობს - პრობლემა უამრავია და მიხედვაც საჭიროა, მაგრამ ქართულ ბომონდს იქნებ ჯერ სარკეში ჩაეხედა და დამნაშავეების ძებნა საკუთარი ანარეკლიდან დაეწყო. ისიც ფაქტია -კულტურა პოლიტიკური სპეკულაციის იარაღად არაერთხელ ქცეულა და სანამ ამ სფეროში ზეგანსწავლული პერსონები დამნაშავეებს გარე-გარე ეძებენ, კინომსახიობთა თეატრის მსახიობი გოგა პიპინაშვილი „ვერსიას" იმ ძირეულ პრობლემებზე ესაუბრება, რომელიც ქართული თეატრის კედლებს დიდი ხანია გასცდა; ინტერვიუში თავისი სტუდიის ბავშვებსა და მათ პრობლემებსაც ეხება, რამდენიმე ხნის წინ ისიც კი თქვა, დავიღალე და სტუდიას დავხურავო, მაგრამ ვერც თავის აღსაზრდელებს უღალატა და ვერც პროფესიას. „მოხდა ისე, ბოლო სპექტაკლი ვითამაშე და დაწყებამდე ვთქვი, რომ ვეღარ გავაგრძელებდი მუშაობას. ვინმეს კი არ დავემუქრე, ოცი წელი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ხელგაწვდილმა არ იარო, არ იმათხოვრო'"... რატომ არ არის დაკავებული არც ერთ სპექტაკლში, რაში ხედავს ხელოვნების გადარჩენას, რას მიიჩნევს ყოველი მოქალაქის ვალდებულებად და რატომ არის შეურაცხყოფილი, „ვერსიას" გოგა პიპინაშვილი ესაუბრება.


გოგა პიპინაშვილი: ეს რომ ჩემი ბიზნესთემა იყოს, აქამდე სხვანაირად მოვუვლიდი, საკუთარს ავაშენებდი, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს სახელმწიფოებრივი საკითხია. ვისი სახელიც გინდა დაერქვას, მთავარია, ეს საქმე არ განელდეს, რადგან ესაა შუალედური რგოლი საჯარო სკოლასა და ზოგად განათლებას შორის.

... ჩემდა გასაკვირად, არის სასიკეთო ძვრები. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა რადგან... თაროზე ერთი საქაღალდე მაქვს, სადაც ყველა მაღალჩინოსნის რეზოლუციაა _ გადაეცით, დაეხმარეთ... ყველას ხელმოწერა მაქვს, გეგონება, მათ ავტოგრაფებს ვაგროვებ.. ფერებში ვერ ვერკვევი, წითელი და მწვანე პასტა რას ნიშნავდა, მაგრამ გადავწყვიტე, აღარავისთვის მეთხოვა დახმარება, რადგან ეს ბავშვები არ იმსახურებენ კარდაკარ სიარულსა და მათხოვრობას. მათი სახე მე ვარ და მე უნდა მეხვეწა... არ გამოვიდოდა ასე და გადავწყვიტე, გამეჩერებინა სტუდია... მაგრამ წინა წლიდან გადმოსული დარჩა 60 ბავშვი. წარმოიდგინეთ, ეს სამოცი ბავშვი, მე, გოგა პიპინაშვილმა დავტოვე ჰაერში... ოცი წელია ამ საქმეს ვემსახურები, თან გადავყევი და იმის გამო, რომ ვიღაცას ჯიბრში ჩავუდექი - არ გინდათ, ნუ გინდათ და დავკეტე კარი, არ გამოვიდოდა.


- არც იქნებოდით მართალი ამ ბავშვების წინაშე.

 

- ჩემ თავთან ვიქნებოდი მართალი იმიტომ, რომ გაგრძელებას აზრი არ აქვს და პერსპექტივას ვერ ვხედავ. ამ ბავშვებს სხვანაირი მოვლა სჭირდებათ. ესაა გარკვეული სპეციფიკა, ერთი მიმართულება. არამც და არამც არ შეიძლება, საგანმანათლებლო სისტემაში არ შედიოდეს ხელოვნების სხვადასხვა სფერო და ესენი არ იღებდნენ ზოგად განათლებას. რამაზ ჩხიკვაძე რომ არ ეცოდინება 17 წლის ბავშვს, რაზე შეიძლება საუბარი. ხომ არ ვახსენებ ხორავას, ვასაძეს, მარჯანიშვილს... გუშინდელი დღე _ სოფიკო ჭიაურელი არ იციან და მაშინ რა აზრი აქვს ჩემი პროფესიის არსებობას, მითხარით! მთელი ცხოვრება დავუთმე ამას და ვარ შეურაცხყოფილი, საშინლად!.. ნებისმიერ მდარე ხარისხის პროდუქტზე, რომელიც ტელევიზიით გადის (არ მინდა, გვარებითა და სახელებით გავყვე), წერია მსახიობი _ ესა და ეს; ამ დროს კი არანაირი კავშირი სამსახიობო ხელოვნებასთან არც ჰქონია, არც აქვს და რატომ დაირქვა მსახიობი, არ ვიცი. პარალელურად, ზურა ყიფშიძეც მსახიობია, ლაურა რეხვიაშვილიც, რამაზ იოსელიანიც... ამიხსენით, ეს რას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ცოტა გაბრაზებულიც ვარ და აღარ მინდა ამ თემაში მონაწილეობა.


- არმონაწილეობა გამოსავალია, ბატონო გოგა?

 

- მახსენდება პატარები ჩემს თეატრში... მაყურებელი, ანთებული თვალებით და მე მათთან ერთად დავბერდი თეატრში. ახლა ის ადამიანები შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად მოდიან. მათ ისეთივე თეატრის მოთხოვნა აქვთ, სამაგიეროდ კი იღებენ სხვას და შესაბამისად, ბავშვს ეცვლება დამოკიდებულება _ ეს არის, რასაც მეუბნებოდი? ამიტომ აღარ მინდა რა!


ჩემს პროფესიას მივეცი საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდი წილი. ჩემ შვილსა და ჩემს ოჯახს გამოვგლიჯე ხელიდან ის ყველაზე საჭირო დრო, რომელიც მათთან უნდა გამეტარებინა და დავუთმე თეატრს, ნათენები ღამეებით, სახლში არწასვლით, თეატრში ცხოვრებით და რა მივიღე შედეგად?!


დეგრადირდა ყველაფერი.. გადახედეთ სპექტაკლებს _ იქ რაიმე ხარისხი და რაიმე მაჩვენებელი თუა. ერთი ზურაა, ყიფშიძე, რომელიც მაღალი რანგის პროფესიონალია და აკეთებს თავის საქმეს, დანარჩენი, გაიხედგამოიხედეთ, ვინმე რამეს თამაშობს?


უნიჭიერესი ახალგაზრდები არიან, უნიჭიერესი მსახიობები ჰყავს ჩემს თეატრს და სად არის სპექტაკლები? სად ქრება ის სული, რაც თეატრს ახლავს?


...შეიძლება, ძალიან ცუდად ენიშნოთ ჩემს კოლეგებს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და ნახავენ, რაშიც არის საქმე. ვიღაცას თუ წარმოუდგენია, მისი შემოქმედება შედევრია, მე არასოდეს მითქვამს ჩემს ნამუშევარზე, რომ ის არის მაღალი ხარისხის. ზრდის პროცესის გაჩერება ნებისმიერი ადამიანისთვის და, მით უფრო, მსახიობისთვის, დასრულებაა ცხოვრების. ამიტომ, რა გითხრათ _ მე ვეღარ ვიზრდები და აღარ მინდა ამაში მონაწილეობა. ვიღაც არის დაკმაყოფილებული _ მე გავიზარდე, ვინ რა უნდა მასწავლოსო და ამიტომაც მივიღეთ ერთი, რუხი ფერი ყველა თეატრში..

 

- ბილეთიც საკმაოდ ძვირია, ყველა ვერ ახერხებს მოსვლას და ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ?

 

- ეგ არაფერ შუაშია! როცა ვიცი, რომ, პირობითად, ჩამოსულია მარლონ ბრანდო და ასი ლარი ღირს ბილეთი, თუ ჩემი ინტერესის სფეროშია, იმ ას ლარს ვიპოვი და მაინც მივალ. თქვენ ის მითხარით, ადამიანი რომ სპექტაკლიდან გაწბილებული გამოდის, იმას რა ემართება? მეორედ მიბრუნება უნდა თეატრში? ესე იგი, მივედით ხარისხთან - ესაა პრობლემა!


- მარლონ ბრანდოსთვის შეიძლება თანხა არც დაენანათ, მაგრამ თქვენ ხარისხი ახსენეთ.

 

- ვთქვათ ბილეთი ძვირია, შესაბამის პროდუქტს ხომ უნდა ახვედრებდე მაყურებელს?


- ხარისხის ვარდნა რამ გამოიწვია, ხომ იგივე მსახიობები დგანან სცენაზე, თუნდაც თქვენი თაობა?

 

- ჩემი თეატრის მსახიობებზე თამამად შემიძლია ვთქვა, არც თავს ზოგავენ და არც ენერგიას, რომ ის ფორმა, ის ხერხი, ის პროფესიონალიზმი შენარჩუნებული იყოს. ასეა ალბათ სხვა თეატრებშიც, მაგრამ... თუმანიშვილის თეატრის მიმდინარე რეპერტუარს რომ გადახედოთ, დაახლოებით, ოცდაათი სპექტაკლია და არც ერთში არ ვარ დაკავებული. რომ დაინტერესდეთ რატომ, გიპასუხებენ, არ უნდა ამ კაცს თამაში და არ თამაშობსო.

 

- შტატში ირიცხებით?

 

- რა თქმა უნდა... აგიხსნით - ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. თეატრში მოვიდა რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორი, რომელსაც უნდოდა, ეცადა, დაედგა სპექტაკლი. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, ვიფიქრე, ახალი კონცეფციაა, ახალი სისხლი, ახალი ხედვა, ენერგეტიკა... მე ვისაც შევეხე, აღმოჩნდა, რომ მოცემულობის, დაწერილი ტექსტის მიღმა, სადაც იწყება ჩემი პროფესია, არც უფიქრიათ, არც ჩაუხედავთ. ამისთვის ხომ ცალკე პროფესია არსებობს - დიქტორები კითხულობენ დაწერილ ტექსტს, მე კი ეს არ მისწავლია, ეს არაა ჩემი საქმე. ამიტომ დაწყებული სამუშაოდან მიწევს გაქცევა. ბოლოს და ბოლოს, ის დაიმალება კულისებში, მე კი უნდა გავბითურდე ჩემს მაყურებელთან, ჩემს პროფესიასთან, ჩემს თავთან და ვიყო საშინლად შეურაცხყოფილი. ვიმეორებ - ცხოვრება დავუთმე თეატრს და ვიღაცა ბიჭუშკამ გამაბითუროს, არ მივცემ ამის უფლებას.

ცოტა მეტს გეტყვით -   ჯგუფში რომ შევდივარ, შეურაცხყოფილი ვარ.. ეს ბავშვები ჩემს პროფესიაში აპირებენ მოსვლას და რომ ვხედავ ჩაყირავებულს მობილურ ტელეფონში, ვერანაირად ვერ ვეგუები. დავუშვათ, მე აღარ ვარ, ასეთი მსახიობებით უნდა დაკომპლექტდეს თეატრი? იგივეა თეატრალურ ინსტიტუტში... ალბათ ჩემი თაობა იყო ყველაზე ბედნიერი, რადგან მაღალი რანგის პედაგოგების მთელი კოჰორტა დაგვხვდა - მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, დოდო ალექსიძე... ახლა არ ვიცი, ვინ ვის რას ასწავლის, მაგრამ იქიდან გამოსული ახალგაზრდა რეჟისორი მოდის ჩემთან, დაწერილ ტექსტზე მელაპარაკება და იმის იქით რა არის თეატრი, აღარ აინტერესებს.


- და გამოსავალი რა არის, ბატონო გოგა?

 

- მე ვერაფერს გამოვასწორებ... ხელოვნება ქვეყნის პრიორიტეტთა შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა, არადა ყველაზე დიდი ინვესტიცია უნდა იდებოდეს და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, მეტი ფული მქონდეს; ეს იმისთვისაა საჭირო, შენმა ქვეყანამ იარსებოს - ასეა ჩემი გადასახედიდან... შეიძლება ვინმე შემედავოს, სხვა დარგებიც მნიშვნელოვანიაო და ვეთანხმები, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც ხელოვნების მოთხოვნილება აქვს, ანგარიში უნდა გავუწიოთ.


არ მგონია, რომ ეს ერთი კაცის გასაკეთებელია, თუნდაც კულტურის მინისტრის. მთელი მთავრობის დასალაგებელი ტაქტიკაა ხელოვნების პრიორტეტად გამოკვეთა იმიტომ, რომ ნებისმიერი მინისტრი მთავრობიდან იღებს დავალებას, მთავრობას კი ხალხმა უნდა დაუკვეთოს ის, რისი მოთხოვნაც აქვს.


- იცით მთავრობა, რომელიც ხალხის დაკვეთას ასრულებს?

- სწორედ ესენი უნდა იყვნენ ჩვენ სამსახურში და არა ჩვენ ვიყოთ ყველას სამსახურში... ყველა ხელისუფალს აქვს ვალდებულება, იყოს ხალხის სამსახურში. ესაა კომპლექსურად გადასახედი _ განათლების სამინისტროდან მოყოლებული, აუცილებელია ყველა სამინისტროს ჩართულობა. მე რამდენიმე აქცია გავაკეთე და მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამეხმარა _ 2500 ნერგი მაჩუქეს და დაგვეხმარნენ, დაგვერგა თბილისის ზღვაზე.


- ესე იგი, ქალაქის ხელისუფლება მილიონი ხით რომ იქადნება, თქვენი წილიცაა იქ?

 

- არ გჯერათ ჩემი? ერთი და სამი აქცია კი არ გამიკეთებია...


თქვენ გგონიათ, ადამიანებს, მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდიათ, ქვეყანაში რა მოხდება? - არ არის ასე. ,,გახსენით'' ის ადამიანი და ნახავთ, რომ აქვს სურვილი ხის დარგვისაც, წყლის დასხმისაც. ახლა რომ სანქციები შემოიღეს ნაგვის დაყრაზე, ნამწვის გადაგდებაზე, ძალიან კარგია და შეიძლება მეტი სიმკაცრეც საჭიროა, მაგრამ მთავარი ის კი არაა, დასაჯო, მთავარია, სურვილი გააჩინო, მოუაროს ამ ქალაქს და არ დაანაგვიანოს.


- თაობების ცვლა, თუნდაც თეატრში რთული პროცესია. თქვენნაირი ადამიანები არსებობენ, ვინც სიამოვნებით უთმობს გზას ახალგაზრდას?

 

- ყველაფერს თავის სახელი რომ დავარქვა, მე 20-21 წლის ასაკში მოვედი თეატრში და დამხვდა იცით, ვინ? ჩემი წინა თაობა - მურმან ჯინორია, ლაურა რეხვიაშვილი, ზურა ყიფშიძე... მათ ისე შემიფარეს, ისე მომიარეს, არც მიგრძნია, რომ სხვაგან მოხვდი.


- ვფიქრობ, თქვენ უბრალოდ გაგიმართლათ.

 

- უდავოდ გამიმართლა... ჩემი თეატრის დირექტორი იყო ეროსი მანჯგალაძე... მესმის, ცხოვრება თავისი გზით მიდის, აღარ არის ეროსი, რამაზი... მაგრამ მათგან ნასწავლი ადამიანები ხომ არიან... ზურა ყიფშიძე ახალგაზრდების სპექტაკლის მერე შევიდა, თითოეულს მოეფერა, ელაპარაკა, მათ კი ყურადღებაც არ მიაქციეს... კარგია თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადადიოდეს ისეთ თავისუფლებაში, როდესაც შენთვის, საკუთარ პროფესიაშიც კი, არ არსებობს ავტორიტეტი... ახლა რომ უხარიათ ვიზალიბერალიზაცია, ეგ არ არის თავისუფლება...

- აბა რა არის?

 

- ევროპასთან უვიზო მიმოსვლა კარგია, მაგრამ ჩვენ იმდენი ცუდი მხარე გვაქვს, რომ ამ ყველაფრის გამზეურება ნამეტანი უხერხულიცაა ხშირ შემთხვევაში. არადა, პირველი სწორედ ეს ნაკადი მოითბობს ხელს. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ჩემზე უკეთ იციან, რასაც ვამბობ...

სხვა ეტაპები და უამრავი საფეხური გვაქვს ასავლელი იგივე ჩემს სფეროში. ეს ბავშვები არიან სადღაც შორს, არადა, ყველას თეატრალური უნდა.


- ამ პროფესიას არასერიოზულად უყურებენ?

 

- ...ეს მოიტანა იმ მსუბუქმა, არაფრისმთქმელმა მონაცემთა ბაზამ, რაც არის ტელევიზიით დღეს ამ ყმაწვილებისთვის. ერთი გადაცემა მითხარით თეინეიჯერებისთვის... რაიმე პროგრამა არსებობს? რით უნდა დაკმაყოფილდეს ეს თაობა - ტელესერიალებით? ამიტომ ის აუცილებლად შეძვრება ინტერნეტში, რაღაცას იპოვის, რომელიც არც ქართული იქნება, არც ეროვნული, არც მისი და არც არანაირ ინტელექტს არ შემატებს.


მესმის, ეს იმდენად მძიმე ტვირთია, ყველას შეიძლება არ ჰქონდეს მისი ზიდვის სურვილი, მაგრამ გვაქვს ვალდებულება, რომ პატარას შესაძლებლობების მაქსიმუმი მივცეთ და ეს ვალდებულება თაობიდან თაობაზე უნდა გადადიოდეს... ხომ ვიწონებთ თავს ქართული კინოთი, თეატრით... იმ ბავშვმა კი ეს არ იცის და კიდევ კარგა ხანს ვერ გაიგებს. ფუძე უნდა ვაჩვენოთ, რაზეც შეიძლება შენობა აშენდეს. საძირკველი თუ არ აქვს, ააშენე ქვიშაზე და რამდენ ხანს გაძლებს, ვნახავ.


არ ვიცი, შეიძლება ვცდები და ძველი, ბებრული აზრები მაქვს... მომიტევოს ყველამ, მკითხველმაც და თქვენც, მაგრამ მე ამ აზრებით ჩავალ სამარეში. ორი დღის წინ 9 აპრილის 28-ე წლისთავი იყო...

 

- იყავით მიტინგზე მაშინ?

 

- ..არ მიყვარს გამოჩენა, ჩუმად ვაკეთებ საქმეს. მეც თანამონაწილე ვიყავი... უბრალოდ, როცა უწმინდესი მობრძანდა, ერიც და ბერიც დაჩოქილი იდგა, ჩემი მეგობარი ცუდად გახდა და ძლივს გამოვიყვანე იქიდან. მანქანას რომ მივუახლოვდით, ის ხმები უკვე ისმოდა. სრულიად შემთხვევით არ ვიდექი იქ დარბევისას და ეს ჩემთვის საშინელება იყო, გავხდი დეპრესიული... ზუსტად ერთი თვის მანძილზე იყო იმ ქართული გენეტიკისა თუ გენის გაფურჩქვნისა თუ აყვავების პატარა ხანა... მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობდნენ ერთმანეთს, პატივს სცემდნენ, თუმცა უბედურება ისაა, რომ ამ ტრაგედიამ ძალიან ცოტა ხნით გაგვაერთიანა; მერე კი ნელ-ნელა, ისევ ჩვენი სენით და დაავადებით, ყველა თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა.


- და ბოლოს ძმათა მკვლელ ომში შევედით...

 

- ეს პიკია ყველაფრის...

იცით, თბილისელობას გარკვეული სტატუსი ჰქონდა. მერწმუნეთ, ნებისმიერ ადგილას მოკრძალება, რიდი ჰქონდათ და მერე ესეც დავკარგეთ იმით, რომ თბილისელებმა ყველა პრობლემა გულთან ახლოს მივიტანეთ, რაც ჩვენს რეგიონებში ხდებოდა გავითავისეთ და ყველას გავუღეთ კარი.


მერე კი მოხდა ის, რომ ადამიანმა სახლი გამიტეხა, ჩემი ძველი ფეხსაცმელი და ტელევიზორი მოიპარა... მაშინ დავინახე, ქუჩაზე რომ გადადიოდა. გავაჩერე და იცით, რა მითხრა? - როგორ მელაპარაკები, იცი, მე ვინ ვარ! ჩემ ეზოში ჩამოვარდა ბომბი, დედაჩემი, მამაჩემი, ძმა, ბებია, ჩემი ცოლი, ორი შვილი... ერთად გაწყდაო...


- თვითონ სად იყო?

 

- ჭუბერზე გადმოვიდა, ჩემი ფეხსაცმლის მოსაპარად და ცხრა გრამი აღარ გამოჩნდა არსად მის გზაზე, რომ თავში დაეხალა! მთელი საგვარეულო თუ იქ დატოვა, რაღად უნდოდა თავი ცოცხალი, ამიხსენით! მაგრამ ჩვენ გავუგეთ, წყნეთშიც პირველი სართული დავუთმე და ცხრა წელი ცხოვრობდნენ, ხოლო როცა ვთქვი, ნამეტანი გავმრავლდით და რაღაც ქენით-თქო, ნაწყენები დარჩნენ. ამაზე არავინ ლაპარაკობს და შეიძლება, ძალიან ცუდი კაცი ვარ, პირველად რომ ვამბობ ამას, მაგრამ... გადით გარეთ და ნახავთ, როგორც მოძრაობს ჩვენი ტრანსპორტი, ეგრე ვცხოვრობთ და ეს ბავშვებიც, არაფერ შუაში რომ არ არიან, ეგრე იზრდებიან. აქედან გამომდინარე, რა გითხრათ, ამ ქვეყანას გოგა პიპინაშვილის ტექსტი ვერ დაალაგებს. ეს ჩემი გულისტკივილია, მე მაწუხებს, დანარჩენი კი, ვფიქრობ, არსებობენ ადამიანები, ვინც ამ საკითხში ბევრად კომპეტენტურია და მათ უნდა იზრუნონ, რომ ეს პატარები მოწყენილები არ იყვნენ... ამ ბავშვების ქვეყნის გაფუჭების უფლება არ გვაქვს!


თამარ ლომსაძე

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი