logo_geo
„ასტრაზენეკაში“ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
- +

20 მარტი. 2021. 13:14

 

კომპანია „ასტრაზენეკა“ საქართველოში მომხდარ ლეტალურ შემთხვევასთან დაკავშირებით ექსკლუზიურად Pia.ge-სთან საუბრობს. კომპანიის წარმომადგენლები ახალციხელი მედდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და მის ოჯახს უსამძიმრებენ.

 

15 მარტს საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ პრეპარატით დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში 18 მარტამდე ჩატარებული 3365 აცრიდან 4 სერიოზული გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა.

 

ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან მე-4 დღეს ლეტალური შემთხვევა მოხდა - 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კოვიდინფექციის საწინააღმედო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა 27 წლის მედდა, რომელსაც, სამედიცინო პერსონალის ცნობით, ზოგადად არ აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები. მიუხედავად ამისა, ვაქცინაციიდან 30 წუთში მას განუვითარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური გამოვლინებები, მდგომარეობა დაუმძიმდა, 19 მარტს კი გარდაიცვალა.

 

ევროპის წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ 18 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ირგვლივ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ოქსფორდ-ასტრაზენეკას სარგებელი მის რისკებს აჭარბებს.

 

ქართველი ინფექციონისტების ცნობით, ანაფილაქსიური რეაქცია ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტია და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.

 

აღნიშნული მოვლენის შემდეგ ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში ბევრი შეკითხვა გაჩნდა, სწორედ ამიტომ, საინფორმაციო სააგენტო PIA.GE „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საქართველოში მომხდარი ფაქტის (ვაქცინაციის ფატალური შედეგი) შეფასების მიზნით, დაუკავშირდა „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის“ ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

 

„Astrazeneka Yukey Limited“ - ის ცნობით, ანაფილაქსიური რეაქციის განვითარება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უხარისხობაზე არ მიუთითებს და მასიური ვაქცინაციის დროს, ამ ტიპის გართულება ზოგადად მოსალოდნელია.

 

- მსოფლიოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინირების შემდეგ რამდენ ადამიანს განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი და რამდენი დამთავრდა ფატალურად?

 

- ანაფილაქსიური რეაქცია არის ყველა სახის ვაქცინის შესაძლო იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ მიანიშნებს ვაქცინის უხარისხობაზე.

 

- როგორ მოქმედებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა?

 

- AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინა ასტიმულირებს გამანეიტრალებელ ანტისხეულებს და უჯრედულ იმუნურ პასუხს COVID 19-ისგან დასაცავად. მისი ეფექტურობის გამოსავლენად ჩატარდა რამდენიმე კლინიკური კვლევა, რომელშიც 60 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ორი სტანდარტულდოზიანი რეჟიმისთვის, ნაჩვენები იყო, რომ დაცვა იწყება პირველი დოზიდან 22 დღის შემდეგ. ასტრაზენეკამ მიიღო WHO-ს დასტური COVID-19 ვაქცინის შესახებ: ვაქცინა ნებადართულია აქტიური იმუნიზაციისათვის 18 წელს ზემოთ, მათ შორის - 65 წელს გადაცილებულ პირებში.

 

- შესაძლებელია თუ არა „ასტრაზენეკას“ შეძენა კერძო სტრუქტურების მხრიდან?

 

- კომპანიის ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მნიშვნელოვან გლობალურ ვალდებულებებზე სახელმწიფოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, პანდემიის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად. ამჟამად კერძო ვაქცინების მომარაგება, რეალიზაცია ან განაწილება არ ხორციელდება.

 

- რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინები (მაგალითად, ბელგიასა და სამხრეთ კორეაში წარმოებულები)?

 

- ვაქცინის წარმოების პროცესის კონტროლი და, შესაბამისად, სერიის გაშვების კრიტერიუმები იდენტურია ასტრაზენეკას მწარმოებლისათვის. თითოეულ სერიაზე წარმოების პროცესის ვალიდაციის შედეგები გვაძლევს სხვადასხვა ქვეყნის წარმოების სარწმუნო შედარებითობის საფუძველს. ასტრაზენეკას ნებისმიერ ქარხანაში, ნებისმიერ ქვეყანაში წარმოებული ვაქცინა გადის თანაბრად მკაცრ, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ კონტროლს. ვაქცინის თითოეული სერია გადის ხარისხის კონტროლის 60-მდე ეტაპს და კონტროლდება 20 დამოუკიდებელ ლაბორატორიაში.

 

- რამდენია იმის ალბათობა, რომ არაალერგიულ ადამიანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შემდეგ განუვითარდეს ანაფილაქსიური შოკი?

 

- მასიური ვაქცინაციის დროს ამ ტიპის გართულების არსებობა ყოველთვის შესაძლებელია.

 

- მუშაობთ თუ არა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ხარისხის გაუმჯობესებაზე, თუ ამ ეტაპზე აქცენტი მხოლოდ წარმოებაზე კეთდება?

 

- „ასტრაზენაკას“ ვაქცინის ეფექტურობა დადასტურებულია. ევროპის წამლის სააგენტომ კიდევ ერთხელ გააკეთა ამაზე განაცხადი. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აკმაყოფილებს ეფექტიანობის და უსაფრთხოების მოთხოვნებს და ამ საკითხებს ამოწმებს და განიხილავს თითოეული ქვეყნის მარეგულირებელი. ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკა“, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს კემბრიჯში, ყოველთვის მოქმედებს მაღალი ეთიკური ნორმებით და პაციენტების უსაფრთხოება კომპანიისთვის უმთავრესია.

 

- „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აცრილი ადამიანი კორონავირუსით ინფიცირდეს?

 

- ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ კვლევის მონაცემების მიხედვით, დაავადება მიმდინარეობს შედარებით მსუბუქი ფორმით: ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებელი მცირდება.

 

- რამდენი ხნით იცავს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ადამიანს კორონავირუსით ინფიცირებისგან?

 

- მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება იმუნიტეტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ამის თქმა დღეს შეუძლებელია, ვინაიდან ვაქცინა ახალია, ჯერ არ გასულა საკმარისი დრო იმის დასადგენად [MM1], თუ რამდენ ხანს გრძელდება დაცვა.

 

- „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მხოლოდ კორონავირუსის ინფიცირებისგან იცავს ადამიანს თუ სხვა ვირუსებისგანაც?

 

- ასტრაზენეკას ვაქცინა შექმნილია და ნაჩვენებია SARS-CoV-2- ით გამოწვეული კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით და ნაჩვენებია აქტიური იმუნიზაციისათვის.

 

- შესაძლებელია თუ არა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება იმ პირებზე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ? თუ არსებობს რამე სახის კვლევა ამ კუთხით?

 

- ჩატარებულ კვლევებში მონაწილეობდნენ კონტროლირებული თანმხლები ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები და მათზე ვრცელდება ეფექტიანობის ყველა მაჩვენებლი, რომელიც ამ ვაქცინამ მიიღო.

 

- ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინას უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამლების მარეგულირებელმა „ასტრაზენეკას“ გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა, მოსახლეობის დიდ ნაწილში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უნდობლობას იწვევს. ხომ არ გეგმავს კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უსაფრთოხების შესახებ მოსახლეობის დამატებით ინფორმირებას?

 

- მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დაავადების კონტროლის ცენტრთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ვაქცინის შესახებ. სამკურნალო საშუალების რეკლამის შესახებ კანონის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, ეს სპეციალისტების საქმეა.

 

- როდის შემოვა საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზები და კიდევ რა რაოდენობის შემოტანა იგეგმება?

 

- ვაქცინების განაწილება კოვაქს პლატფორმის საშუალებით ხდება და ჯანდაცვის სამინისტრო კოორდინაციას უწევს აღნიშულ საკითხს. უახლოეს პერიოდში ელოდებიან ვაქცინის ახალ რაოდენობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მოსახლეობის სრულყოფილი იმუნიზაცია. უკვე ვაქცინირებული მედპერსონალისთვის მეორე დოზის ინექცია 4-12 კვირის ინტერვალშია მიზანშეწონილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი